ნოდარ ნათაძე
ჯერ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია და დაინტერესებულია, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე სავსებით ექსპლიციტურად გაცხადებული ჰქონდეს თავისი იდეოლოგიის, ანუ თავისი მიზანთსახვისა და თავისი ღირებულებათსისტემის ძირითადი მონახაზი, რომელსაც ჩვენ, საქართველოს ეროვნული ძალები, "განათლებული ნაციონალიზმის" სახელით აღვნიშნავთ.
სიტყვა "განათლებული" ამ კონტექსტში იმასვე ნიშნავს, რასაც გამოთქმაში "განათლებული აბსოლუტიზმი" - არა მხოლოდ "ისეთი მეფობა, რომლის ძალაუფლება თავის სახელმწიფოში შეუზღუდველია", არამედ აგრეთვე "ისეთი მეფობა, რომელიც მუდმივად მოქმედებს არა მხოლოდ თავისი კერძო ინტერესების სამსახურში, არამედ ისახავს ზოგად მიზანსაც - საქმე წაიყვანოს ისე, როგორც ამას განათლებულად მოაზრებული სიკეთისა და სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს".
ეს ტერმინი - "განათლებული აბსოლუტიზმი" - ეკუთვნის ევროპული "განმანათლებლობის" (უტდშპრეუტქუტე) ეპოქას. ამ სახის აბსოლუტიზმის პირველი და ქრესტომათიული ნიმუშია ლუი ყ|ქ-ის მმართველობა საფრანგეთში. ჩვენ, თანამედროვე მეცნიერების შესაბამისად, ვიცით და (კომუნისტური და არაერთი სხვა ბნელი იდეოლოგიისაგან განსხვავებით) ვცნობთ, რომ არის ბუნებისა და საზოგადოების განვითარებით წარმოშობილი ფენომენი (მოვლენა) - ერი (ერები) ანუ იმგვარი შიდა-ჯგუფები ადამიანებისა, რომლებიც მისი მონაწილე ადამიანების თვალში სისხლით ერთობას ემყარება (თუმცა, წმინდა სისხლის ერი არ არსებობს), და რომლებიც ამ ადამიანებს უღირთ.
მეცნიერული განმარტებით, ერი არის ძირითადად ამ გენეტური ერთობის (ანუ რომელობრივი ერთობის და არა რაგვარობრივი ერთობის) ცნობიერებაზე დამყარებული ზეღირებულებრივი მაკრო-შიდა-ჯგუფი (შტ-პკწგზ), ანუ ადამიანთა ისეთი ერთობა (ისეთი "ჩვენ"), რომელშიც ნაცნობებთან ერთად შედიან უცნობნიც (ამას მიგვითითებს სიტყვა "მაკრო" - დიდი), რომლის წევრებსაც ეს ერთობა, როგორც მთელი, ჩვეულებრივ, საკუთარ თავზე უფრო უღირთ ხოლმე, როგორც, მაგალითად, თავისი ოჯახი (ამას მიუთითებს სიტყვა "ზეღირებული").
ამ ერთობის რაობა და თვისებები დღეს შესწავლილია და შეისწავლება მეცნიერულად (საქართველოში ამ კვლევებს ძალიან ხანდაზმული ისტორია და ყ|ყ-ყყ საუკუნეებში დიდი ტრადიცია აქვს, ილია ჭავჭავაძით დაწყებული. შემდგომ ამ თემაზე წერდნენ ა. ჯორჯაძე, მ. წერეთელი, ზ. ავალიშვილი და სხვანი).
ამ ერთობას აქვს თავისი ფსიქოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებები. მათი უარყოფა ან უგულებელყოფა, როგორც ფაქტისა, შემეცნების თვალსაზრისით აბსურდია, ხოლო პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით - სიბრმავე. მას აქვს, შესაბამისად, ამ მოთხოვნილებებიდან გამომდინარე მოუშორებადი უფლებები და უფლებებიდან გამომდინარე მოვალეობები.
"განათლებული" ნაციონალიზმი ისაა, რომელიც ამ უფლებებს იხილავს, როგორც საყოველთაოს, რის გამოც ისწრაფვის, რომ განსაზღვროს სხვადასხვა ერთა ეროვნული მოთხოვნილებების ურთიერთმორგების გონივრული და სამართლიანი წესი. თავისი ერის ეროვნული ინტერესის დაცვას (რომელშიც, რა თქმა უნდა, უკან დამხევი არ არის) ასეთი მიდგომა განიხილავს, როგორც კერძო შემთხვევას ერის უფლების დაცვის ზოგადი ამოცანისა საერთოდ (ეს ზოგადი მიდგომის უნარი საკუთარ და სხვის ინტერესთა განსჯის ამოცანისადმი სწორედ ის უმაღლესი სამეფო ქველობაა, რომელსაც თამარ მეფეს უქებს მემატიანე ყ||| საუკუნეში: მისი სიტყვით, თამარი "ბჭედ ჯდა" (მოსამართლედ იჯდა) თავისთავსა და თავის მეზობლებს შორის).
აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთა უფლებებს ვიცავთ არა ბუტაფორულად "ყველანი ყველგან და ყველაფერში თანასწორნი ვართ", არამედ რეალისტურად და პრინციპულად:
ასე, მაგალითად, ჩვენ ვიცნობიერებთ, რომ ადამიანს - დიდსა თუ პატარას, ცოცხალს თუ გარდასულს, - როგორც მინიმუმი, სამი ფუნდამენტური, ეროვნული მოთხოვნილება აქვს.
პირველი: მას უნდა, რომ თავის ერთან ერთად (თავისი ერის შემადგენლობაში. სხვაგვარად იგი ამას ვერ იზამს) იყოს ერთ-ერთი პრინციპულად თანასწორი სუბიექტი კაცობრიობის ერთიანი სისტემისა: მსოფლიოში "ხმა ჰქონდეს", როგორც თავისი ერის წევრს: ფრანგს, ან სომეხს, ან ამერიკელს, ან ჩერქეზს და ა.შ.
მეორე: მას უნდა, რომ ასევე, თავისი ერის შემადგენლობაში (რადგან სხვაგვარად იგი ვერც ამას შეძლებს) იყოს ერთ-ერთი სუბიექტი ისტორიისა - იმისიც, რომელმაც დღემდე ჩაიარა, და იმისიც, რომელიც ამის შემდეგ ჩაივლის, აწ და მარადის.
მესამე: მას უნდა, რომ აქ, ამ მიწაზე, თავის სამშობლოსა და საცხოვრისში აშენებდეს თავის ყოველდღიურ ცხოვრებას ანუ თავის საზოგადოებას იმ წესითა და სახით, როგორც ამას მისი მოდგმისა და ჩამომავლობის ბუნებრივი მონაცემები, უნარები, მისწრაფებები, გემოვნება და ტრადიციები მოითხოვს.
ეს სამი მოთხოვნილება მისთვის არაა კომფორტის, ანუ ყოფითი კეთილდღეობის საგანი, ამ სიტყვის რაგინდარა ფართო აზრით, არამედ თვით მისი არსებობის, ყოფიერების, სახელდობრ, მისი ზეინდივიდუალური, მაკრო-შიდაჯგუფური ყოფიერების საკითხია (დღევანდელმა მეცნიერებამ, ასი წლის წინანდელისაგან განსხვავებით, ცალსახად იცის, რომ ეს მოთხოვნილება ინდივიდუალური არსებობის მოთხოვნილებაზე არანაკლებ ძლიერია).
ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, ანუ ერის უკვდავყოფას საკუთარ თვალში, ტერიტორია (ანუ სამშობლო) სჭირდება. თვალსაჩინოა და ბუნებრივია, რომ ადამიანმა ეს მოთხოვნილება თავის სამშობლოში უნდა განახორციელოს. ამისთვის მისი უფლებაა, ჰქონდეს სამშობლო, ანუ თავისი სახლობის ადგილი, ანუ ადგილი, სადაც მასპინძელი იგია, და არა სხვა. მაგრამ ასეთი ადგილი მას სჭირდება ერთი, და არა მრავალი, - არა იმდენი, რამდენიც დედამიწაზე თავისი ეთნიკური ანკლავი ეგულება (პუტინის მიერ რუსეთს გარეთ მცხოვრები რუსებისათვის სპეციფიკური უფლებების მოთხოვნა უცხო ქვეყნების შესაბამის ტერიტორიათა მიმართ უმეცრებაა და არა მხოლოდ იმპერიალისტური თავხედობა).
რაც შეეხება ადამიანის ღირსებასა და კეთილდღეობასთან (ამ სიტყვის ფართო აზრით) დაკავშირებულ უფლებებს, ისინი ადამიანის მიუცილებელ უფლებას ყველგან შეადგენენ, სადაც კი იგი ცხოვრობს, მათ შორის რაგინდარა ახალ დიასპორაში.
ინდივიდის ეროვნულ მოთხოვნილებათა და უფლებათა შორის ასეთი ორად-ორია: თავისუფლება დისკრიმინაციისაგან ეროვნული ნიშნით და თავისუფლება იძულებითი (ან სავალდებულო) ასიმილაციის მცდელობისაგან. მესამე, თავისი ეროვნული სამშობლოს გარეთ მყოფი ადამიანისთვის არ არსებობს (კულტურული ავტონომია - და არა ტერიტორიული - ამ ორში შედის).
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე მოდგმასა და ხალხს არ აქვს უფლება, დედამიწაზე ჰქონდეს ერთზე მეტი სამშობლო, რომლისთვისაც სიცოცხლეს დებს, როგორც, მაგალითად, ინგლისურენოვან მოდგმას დღეს აქვს რამდენსამე კონტინენტზე. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ არ არსებობს არავითარი უფლება, რათა "ადამიანის ადამიანურ უფლებათა" (რგქფტ კშპრეთ) სახელით მოთხოვნილ იქნეს მეორე, დამატებითი სამშობლოს შექმნის დასტური გუშინდელი დიასპორისათვის, რომელსაც თავისი ამ ცოტა ხნის წინ მიტოვებული სამშობლო დღეს აქვს, და ეს დამატებითი "სამშობლო" სხვა, ამ მიწის ისტორიული პატრონის მტერმა სუპერძალამ შეუქმნა ადგილობრივი ავტოხთონური ერის მიწაწყლის ხარჯზე, რომელსაც სხვაგან სხვა სამშობლო არა აქვს, ანუ მისი ერთადერთი სამშობლოს ხარჯზე.
ყველაზე მძიმე და ყველაზე ცინიკურ შემოტევებს საქართველოს ტერიტორიაზე დღეს სწორედ ამ უწიგნურ მიდგომაზე დამყარებული არგუმენტაცია აქვს. ამ უკანასკნელის მოსაგერიებლად, სხვა ყოველივეს რომ თავი დავანებოთ, შემდეგი არგუმენტი კმარა: თუ მსოფლიოში დაკანონდა პრეცედენტად ის, რომ დემოგრაფიული დინამიკა რომელიღაცა კონკრეტულ ტერიტორიაზე, ანუ იქ მობინადრე ეთნიკურად განსხვავებულ მოსახლეობათა გამრავლების ტემპი, განსაზღვრავდეს მოცემული ტერიტორიის იურიდიულსა და პოლიტიკურ სტატუსს, ეს იქნება ყველა ეთნიკური ჯგუფის სტიმულირება პანიკური შიშისათვის ყველა სხვა ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე და მათი ცდუნებისათვის, რათა მიჰმართონ ეთნიკურ წმენდას და მის მთავარ იარაღს - გენოციდს - როგორც პროფილაქტიკურ ნაბიჯებს, ყველა კონტინენტზე.
ჩვენთვის, ქართველი ერისათვის ეს არგუმენტი ძალაშია იმიტომ, რომ ჩვენი ნაციონალიზმი განათლებული ნაციონალიზმია, ანუ იმგვარი, რომელიც პასუხისმგებელია თვით იმ პრინციპებზე, რომლებითაც კაცობრიობას ერთაშორისი და ეთნოსთშორისი ურთიერთობების სამართლიან რეგულირებას სთავაზობს.