მოსაზრება
01.08.2016

კომუნისტური რეჟიმის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნები დემოკრატიული მმართველობის ფორმასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით. იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობა ახალი წესწყობილებისადმი მზაობას დიდი ენთუზიაზმით გამოხატავდა, გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური არასტაბილურობა არასასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. საქართველოს განვითარების მთავარ პრობლემად ექსპერტები სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარების მოკლე ისტორიას მიიჩნევენ. ხალხი ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას მოუთმენლად ელოდება, მაგრამ როგორ, რა ვითარებასა და დროში დამკვიდრდება ევროპული წესრიგი, ეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული.

"კარგი მმართველობის" (Good Governance) სამთავრობო მმართველობის ახალი კონცეფციის მიხედვით, ეფექტური სახელმწიფოს მმართველობა განიხილება როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ხელისუფლების განხორციელება ყველა დონეზე. მმართველობა, რომელიც ძალაუფლების დაყოფის პრინციპზე, ხალხის მმართველობაზე, არჩევითობაზე და უმაღლეს თანამდებობრივ პირთა ცვლილებაზე, გამჭვირვალობაზე, მონიტორინგზე და მასობრივი საშუალებებების დამოუკიდებლობაზე შენდება.

ამ კონცეფციის ავტორები ფიქრობენ, რადგანაც დღესდღეობით კაცობრიობას უკვე შეუძლია ყველა უმთავრესი და ჩვენამდე მოსული მმართველობის ნიმუშის სისუსტისა და სიძლიერის გარკვევა, ჩვენ ხელგვეწიფება იმ მოდელის შექმნა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, 21-ე საუკუნის საკუთარი, კარგი მმართველობის სუპერმოდელი შვქმნათ!

მსოფლიო ბანკი "კარგი მმართველობის" განვითარებას მთელ მსოფლიოში იკვლევს და შედეგს საკუთარ ვებ-გვერდზე რეგულარულად აქვეყნებს.

მსოფლიო ბანკის "კარგი მმართველობის" 6 მაჩვენებელი:

"ხმა და ანგარიშვალდებულება" - არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, გამოხატვის და მედიის თავისუფლება;

"პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა";

"მთავრობის ეფექტურიბა" - საზოგადოებრივი სერვისების ხარისხი, პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფლება, პოლიტიკის ფორმულირებისა და იმპლემენტაციის, მთავრობის პოლიტიკისადმი სანდოობა;

"მარეგულირებელი ხარისხი" - მთავრობის მიერ ხმის მიცემის პოლიტიკისა და კერძო სექტორის განვითარებისთვის საჭირო რეგულაციების და იმპლემენტაციის შესაძლებლობის აღქმა;

"კანონის უზენაესობა";

"კორუფციის კონტროლი"

კვლევების თანახმად, მოწინავე პოზიციაზეა ჩეხეთი, რომელსაც უნგრეთი მოჰყვება. საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა კანონის უზენაესობის მხრივ მხოლოდ სომხეთს უსწრებს.

ცოტა ხნის წინ სომხეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე "სამოქალაქო მონიტორინგისა და კარგი მმართველობის შეფასება: მეთოდოლოგია და საშუალებები", რომლის ორგანიზატორები იყვნენ "დემოკრატიული ტრანზიციის საერთაშორისო ცენტრი" და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი". შეხვედრას უნგრელი და ჩეხი ექსპერტები უძღვებოდნენ.

სომეხმა არასამთავრობოებმა განაცხადეს, რომ მათ მთავრობა სხვადასხვა სახელისუფლებო პრობლემის განსახილველად იწვევს, თუმცა რჩევნებს არ ითვალისწინებს. არასამთავრობოების თქმით, სომხეთში გამჭვირვალობის სერიოზული პრობლემაა, რომელიც სამსახურში აყვანიდან იწყება და ბიუჯეტის, ტენდერებზე ინფორმაციის გაუმჭვირვალობით სრულდება. მედია თავისუფალი არაა და სამოქალაქო საბჭოების ურთიერთობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაურეგულირებელია. იმის გამო, რომ მედიისა და არასამთავრობოების გავლენა არც ისე ძლიერია, ერთ-ერთმა სომეხმა მონაწილემ იდეა წამოაყენა, ახალი კანონები და განკარგულებები უბრალო მოქალაქეებისათვის გასაგებ ენაზე მიეწოდებინათ.

ქართულმა მხარემ სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების პრობლემებად პოლიტიკური არასტაბილურობა, ნეპოტიზმი, სატენდერო პროცესების გაუმჭვირვალობა, დამოუკიდებელი აუდიტორული ორგანოს და ორგანიზაციების საქმიანობაში გარემოს დაცვის მიმართულებით კანონების არარსებობა დაასახელა.

თამარ ფეიქრიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×