ძველი ეგვიპტის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ძალიან მცირე ცნობები მოგვეპოვება, თუმცა მრავალრიცხოვანი პაპირუსების, სამარხების, მუმიების საშუალებით შეგვიძლია ჩავწვდეთ იმდროინდელი ყოფისა და აზროვნების ფორმებსა და ნიმუშებს. სწორედ მათი წყალობით აშკარა ხდება, რომ ძველი ეგვიპტის კულტურა სიკვდილის ფენომენს ეფუძნება.
ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რა წერია მარადისობის შესახებ ძველ და ახალ აღთქმაში, ყურანში - ამ რელიგიურ ტექსტებში იმქვეყნიურ სამყაროს განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ფაქტია, რელიგიები არ აღმოცენებულა ჯადოსნური ჯოხის დაქნევით, ისინი კაცობრიობის სულიერი განვითარების ხანგრძლივი პროცესის შედეგად მივიღეთ. "მიცვალებულთა წიგნი", რომლის უადრესი ვერსია ქრისტემდე ყქ ს-ში შეიქმნა, ერთ-ერთი პირველი ეტაპია, როცა ადამიანებმა დაიწყეს გარდაცვალების შემდეგ არსებულ ცხოვრებაზე ფიქრი.
როგორ აღმოჩნდა პირამიდების რელიგიური ტექსტები "მიცვალებულთა წიგნის" წინამორბედი
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ "მიცვალებულთა წიგნი" პირველ პრეცედენტს მაინც არ ქმნის, მისი წინამორბედია ეგვიპტის უადრესი რელიგიური ტექსტები, რომლებიც პირამიდებზე იწერება ქ დინასტიის მმართველობისას, დაახლოებით ჩვ.წ-აღ-მდე 2300 წელს. შემდეგში ეგვიპტის მმართველთა გადაწყვეტილებით ეს წარწერები კეთდებოდა სარკოფაგების შიგნით. ეს ტექსტები ცნობილია როგორც სარკოფაგის ტექსტები.
ახალი სამეფოს დროიდან, როცა მხატვრული ლიტერატურული ძეგლები განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა, ჩნდება დამკრძალავი ლიტერატურა, რომელიც აერთიანებს ყველა ლოცვასა თუ მაგიურ შელოცვას პაპირუსის ერთ გრაგნილში. მას მუმიასთან ერთად ინახავდნენ. ეს "მიცვალებულთა წიგნებია". ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ მიცვალებულთა წიგნის ილუსტრაციებს მაგიური თვისებები ჰქონდათ და ადამიანის ბედის განსაზღვრა შეეძლოთ.
სწორედ "მიცვალებულთა წიგნის" მეშვეობით იქნა მოღწეული ყ||| ს-ის ერთ-ერთი რიგითი ეგვიპტელის, ანის ცხოვრების დეტალები. ანის შეძლებლობისა და მაღალი გემოვნების წყალობით გახდა მისი პაპირუსი ყველაზე ცნობილი "მიცვალებულთა წიგნი", რომლის ტექსტი და მხატვრული გაფორმება ყველა მსგავსი წიგნისგან გამორჩეულია.
და ეს უნიკალური პაპირუსი იქმნება ეგვიპტური კულტურის გაფურჩქვნის ხანაში. ანი სწორედ ამ დროს, ახალი სამეფოს პერიოდში ცხოვრობდა.
როგორ დაიწყეს ძველმა ეგვიპტელებმა ფილოსოფიური აზროვნება
ყქ||-ყ||| ს-ში ფარაონებმა დაიპყრეს მიწები ნუბიიდან სირიამდე, ისეთმა მმართველებმა, როგორიც სეთი და რამსეს || იყვნენ, ააშენეს გრანდიოზული ნაგებობები, რომელთა შორის რელიგიურ ტაძრებს გამორჩეული ადგილი ჰქონდათ განკუთვნილი. ანის მართლაც რომ გაუმართლა - ის ეგვიპტის ისტორიის ყველაზე წარმატებული პერიოდის თანამედროვე იყო, მხოლოდ ასეთი ეკონომიკური აღმავლობის ხანაში იწყებს ცივილიზაცია ფიქრს ფილოსოფიურ საკითხებზე - მათ შორის იმაზე, თუ რა არის სიკვდილი და სიცოცხლე.
ანი საკმაოდ ბევრს ფიქრობდა თავის იმქვეყნიურ ცხოვრებაზე და სიკვდილისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. ესეც ბუნებრივი იყო - ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, თუკი ადამიანი მოუმზადებელი ხვდებოდა გარდაცვალებას, მისი შანსი მარადიულ სამოთხეში მოხვედრისა მიზერული გახლდათ.
როგორ ემზადებოდა ანი მარადისობისათვის
თუ როგორი სერიოზულობით ემზადებოდა ანი მარადიული ყოფისთვის, ის პაპირუსი მიგვანიშნებს, რომელიც მან შეუკვეთა "მიცვალებულთა წიგნის" სახით. როგორც ირკვევა, ანი ტაძრის გადამწერი გახლდათ, ის ფარაონის მწერალია, მისი მოვალეობა იყო აღერიცხა ის შემოწირულობა, რომელიც მოსახლეობას მოჰქონდა ღმერთებთან, ტაძრები არა მარტო რელიგიური, არამედ ეკონომიკური ინსტიტუტები იყო, შემოწირულობებიც ამიტომ უნდა აღრიცხულიყო ზუსტად. ანი ხელმძღვანელობდა ასევე ტაძარში მცხოვრებთაც.
ანი ეგვიპტის წარჩინებულთა ფენას ეკუთვნოდა. ის ფიქრობდა, როგორი იქნებოდა სიკვდილის შემდეგი ცხოვრება - მარადიული სასუფეველი ხომ მხოლოდ "მიცვალებულთა წიგნის" მფლობელს შეეძლო დაემკვიდრებინა. ამიტომაც შეუკვეთა გადამწერებს 24 მეტრიანი პაპირუსი, რომელიც უნიკალურია დღემდე მოღწეულ პაპირუსთა შორის.
ძველეგვიპტელთა დილემა - ამქვეყნიური ყოფიერება თუ მარადისობა
პაპირუსი ცოლ-ქმრისთვის იყო განკუთვნილი. პირველი ანის მეუღლე გარდაიცვალა, თუმცა, პაპირუსი მისთვის არ ჩაუტანებიათ. პაპირუსში ანისთან ერთად მისი მეუღლის სახელიც იყო მოხსენიებული, შესაბამისად, ანის შეკვეთილი "მიცვალებულთა წიგნი" მის მეუღლესაც დაეხმარებოდა როგორც საწვერეების გადალახვაში, ასევე ანისთან იმქვეყნად ლელქაშის მინდორზე შეხვედრაში.
ანის პაპირუსიდან ვიგებთ, რომ მის მეუღლეს ტუტუ ერქვა, სწორედ მეუღლეთა შეთანხმებით გადაწყდა, რომ ოჯახს ეს უნიკალური პაპირუსი შეეკვეთა, რაც არ იყო იოლად მისაღები გადაწყვეტილება, რადგანაც პაპირუსი ძალიან ძვირი ჯდებოდა და ამიტომაც ოჯახს ერთად უნდა გაეკეთებინა არჩევანი - ფული ყოფითი პრობლემების მოგვარებაში დაეხარჯა, თუ იმქვეყნიური მარადისობა უზრუნველეყო. საქმე ის იყო, რომ პერსონალური წიგნისთვის მფლობელს თავისი სტატუსის შესაბამისი ნახევარი წლის ჯამაგირი უნდა გადაეხადა.
ჩვენ არ ვიცით, როგორ გარდაიცვალა ანი, მაგრამ შეგვიძლია უმნიშვნელო დეტალების გათვალისწინებით წარმოვიდგინოთ მისი დაკრძალვა. როგორც მეფის მწერალი, ანი ელიტას ეკუთვნის, მისი დაკრძალვის ცერემონიალი უმნიშვნელო დეტალების გათვალისწინებითაც კი იყო წინასწარ გათვლილი, რაც საკმაოდ ძვირი ღირდა.
როგორ უპირისპირებდნენ ეგვიპტელები საიქიო მარადისობას სააქაო ქაოსს
ანისთვის "მიცვალებულთა წიგნი" ერთგვარი რუკაა, რომლითაც ის სამსჯავროს გზაზე იკვალავს ბილიკს, სადაც ღმერთებმა უნდა გაარკვიონ, არის თუ არა გარდაცვლილი ღირსი ლელქაშის მინდვრებში სამარადისო სიცოცხლისათვის. თავად გზა საკმაოდ სახიფათოა, "მიცვალებულთა წიგნის" შელოცვა იცავდა გარდაცვლილს დემონების თავდასხმისაგან
ერთ-ერთი შელოცვა იცავდა მიცვალებულს გიგანტური ხოჭოსგან, რომელიც მიცვალებულებს ხრავდა. იმქვეყნიური სამყარო უჩვეულო ადგილია, რომელსაც ეგვიპტელები ქაოსს უპირისპირებდნენ.
ძველეგვიპტელთა წარმოდგენით, ღმერთების მიერ იქნა შექმნილი მწყობრი გარემო, რომელსაც საბოლოოდ მშვიდ და სანუკვარ მიზნამდე - სამარადისო ცხოვრებამდე მიჰყავდა ადამიანი. მაშინდელი მიწიერი სამყაროს დიდი ნაწილი, ეგვიპტელთა აზრით, ქაოსში აგრძელებდა არსებობას, ამიტომაც იყო არარაციონალურად აღქმული სააქაო ცხოვრება.
რატომ იყო "მიცვალებულთა წიგნი" ეგვიპტელთათვის ფუფუნება
"მიცვალებულის წიგნის" ფლობა მიანიშნებდა ადამიანის განსაკუთრებულ სტატუსს. "მიცვალებულის წიგნი" ჩვეულებრივი ადამიანისათვის ძვირადღირებული ფუფუნება იყო და ეს არქეოლოგიური მონაცემებითაც დასტურდება. ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ თავდაპირველად მიცვალებულთა წიგნებს ფლობდნენ მხოლოდ ელიტარული ადამიანები.
და მიუხედავად ამისა, უძველესი პერიოდის ისტორიიდან მოყოლებული, აშკარა პროგრესი შეინიშნება - მართალია, თავდაპირველად მუმიფიკაცია და ღმერთების გარემოცვაში ცხოვრება იყო მხოლოდ ფარაონთა პრივილეგია, მაგრამ ანის პერიოდისთვის, ყ||| ს-ისთვის, საშუალო ფენა და ზოგჯერ ღარიბებიც იმედოვნებდნენ, იმქვეყნიურ სამყაროში მარადიული ადგილი დაიმკვიდრონ და ამისთვის მზად არიან, სათანადო გასამრჯელოც გაიღონ. ეს მიანიშნებს იმქვეყნიური ცხოვრების დემოკრატიზაციაზე, რამდენადაც ადრე ეს ტექსტები მხოლოდ ფარაონებისათვის იყო განკუთვილი.
შუა სამეფოს პერიოდში "მიცვალებულთა წიგნები" ხელმისაწვდომია დიდგვაროვანთა ფენისთვის, ახალი სამეფოს პერიოდში კი "მიცვალებულთა წიგნის" მფლობელთა წრე საკმაოდ ფართოვდება. ახალი სამეფოს პერიოდში "მიცვალებულთა წიგნი" ყველასთვის იწერება - ისინი აღმოაჩინეს არა მარტო წარჩინებულების, არამედ ხელოსნების საფლავებშიც.
რატომ მარხავდნენ ღარიბებს პირამიდების მახლობლად
გარდაცვლილს საიქიო ცხოვრებისათვის მუმიფიცირებით ამზადებდნენ. უმაღლესი დონის მუმიფიკაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო - ის 272 დღეს გრძელდებოდა, სწორედ ასე იღებდნენ ეგვიპტელები საუკეთესო საფლავებსა და სარკოფაგებს.
მუმიფიცირების დასრულების შემდეგ სხეულს განათავსებდნენ ოთხთვალაზე, რომელსაც ნავის ფორმა ჰქონდა. ხარებს ის გადაჰქონდა ნილოსის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სასაფლაოზე.
დაკრძალვის ამსახველ გამოსახულებებზე ვხედავთ არა მარტო დამწუხრებულ ახლობლებსა და ნათესავებს, არამედ მუსიკოსებს, მოცეკვავეებს, ქურუმებს და ასევე პროფესიონალ მოტირალთ.
დაკრძალვის ცერემონიალის ბოლო რიტუალი გარდაცვლილისთვის "მიცვალებულთა წიგნის" ჩატანება იყო, ამის შემდეგ გარდაცვლილს ყველაფერი გააჩნდა, რაც ახალ სამყაროში მოგზაურობისათვის სჭირდებოდა.
ეგვიპტის ფარაონებს კრძალავდნენ ხელოვნურად მოწყობილ სამარხებში, ამ მიზნენით შენდებოდა პირველი პირამიდები, რომელიც ყყქ|| ს-ით თარიღდება, შემდეგ კი ამ საქმისთვის მეფეთა ველი იყო განკუთვნილი, სადაც ხუთი საუკუნის განმავლობაში იკრძალებოდნენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.
ელიტასა და საშუალო ფენას ძველ ეგვიპტეში საკუთარი სასაფლაო და ინდივიდუალური განსასვენებელი ჰქონდათ, სადაც არაერთი ფასეული არტეფაქტი გახლდათ ჩატანებული, რაც ასე იზიდავდა საფლავების მძარცველთ.
საგულისხმოა, რომ მუმიფიცირების რამდენიმე ვარიანტი არსებობდა მისი ხარისხის შესაბამისად. ღარიბები ყველაზე იაფ ვარიანტს ირჩევდნენ - ამ ვარიანტისას ღარიბი ადამიანის სხეულს ფლავდნენ ქვიშაში მდიდარი ადამიანის საფლავის ან პირამიდის სიახლოვეს. ძველ ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ამგვარად დაკრძალული მათი ახლობელი მდიდარ ხალხთან და ფარაონებთან ერთად შეძლებდა იმქვეყნიური სამყაროს გამოცდის ჩაბარებას.
როგორ დაადასტურა ეგვიპტურმა ყოფამ ბიბლიური სიბრძნე
"მიცვალებულთა წიგნს", სადაც მაგიური შელოცვები და ლოცვები იყო, გადამწერები ამზადებდნენ. უძველეს სამყაროში გადამწერობა ერთ-ერთი დაფასებული ხელობა გახლდათ. ეს ადამიანები ფლობდნენ ცოდნას, ცოდნა კი ძალად აღიქმებოდა. გადამწერად არ ხდებოდნენ შემთხვევითი პირები, ამ ხელობის შეთვისება მხოლოდ დიდი ხნის სწავლის შემდეგ იყო შესაძლებელი, ბიჭებს აგზავნიდნენ გადამწერთა სკოლებში, ანდა, სასახლეებში. ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდნენ ათას სიმბოლოს და იეროგლიფს, ძველი ეგვიპტური ენა ხომ ღვთიური ენა გახლდათ, ის საკმაოდ მომნუსხველია და ადასტურებს ბიბლიაში არსებულ პოსტულატს, რომ პირველად იყო სიტყვა. ეს ენის უმთავრესი პრინციპია. და, ბუნებრივია, ამ პრინციპზე იგება მთლიანად "მიცვალებულთა წიგნიც". საცნაური კი ისაა, რომ "მიცვალებულთა წიგნი" და ადამიანის იმქვეყნიურ სამყარისთან შეხვედრის აქ აღწერილი დეტალები, სიკვდილის ფენომენი, ეგვიპტური კულტურის უმთავრესი გასაღები გახდა.