ვახტანგ ჭარაია, თსუ-ს ანალიზისა და პრონოზირების ცენტრის ხელმძღვანელი
ბრიტანეთი - პირველი ქვეყანა, რომელიც 1957 წლის დამფუძნებელთა ექვსეულის შემდეგ, 1973 წელს მის საგარეო ტერიტორიად წოდებულ გიბრალტართან ერთად, შეურთდა მაშინდელ "ევროპულ ეკონომიკურ კავშირს" და მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, საყოველთაო რეფერენდუმზე პირველმა გამოავლინა ნება დაეტოვებინა ევროკავშირი. ეს არ იყო ბრიტანელების გაერთიანებაში დარჩენასთან დაკავშირებული პირველი რეფერენდუმი. მსგავსი გამოკითხვა ბრიტანეთში პირველად 1975 წელს ჩატარდა და 67% დარჩენის მომხრეთა აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის გაწევრიანებამ, საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის ორგზის დაბლოკვის "წყალობით", 12 წელს გასტანა (უფრო მეტ ხანს თურქეთთან თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები - 1987 წლიდან). უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად "ბრექსითს" საფრანგეთის მთავრობა და მოსახლეობის 2/3 ერთხმად ეწინააღმდეგებოდა. ისევე როგორც სხვა ევროპული თუ არაევროპული ქვეყნების და ორგანიზაციების ლიდერები თუ უბრალოდ ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ბარაქ ობამა, ანგელა მერკელი, ჟან კლოდ იუნკერი, დევიდ ბექჰემი და სხვები.
ბრიტანული მიდგომა
იან დუნკან სმითი, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ მოწოდებები ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენასთან დაკავშირებით უადგილოა. აშშ პრეზიდენტი მოუწოდებს ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენისკენ მაშინ, როდესაც მისი საკუთარი მოსახლეობის მხოლოდ 29%-ია თანახმა მისცეს მექსიკელებს უპირობო ცხოვრების და მუშაობის უფლება აშშ-ში, ამერიკელებისთვის მექსიკაში იგივე პირობების უზრუნველოფის სანაცვლოდ; უფრო ნაკლები - ამერიკელების 19% - არის თანახმა ამერიკულ-მექსიკურ-კანადური უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბებისა.
ბრიტანელების ნაციონალისტური ფლანგი უკმაყოფილოა, რომ ადგილობრივი სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებულია ემიგრანტების მიერ (თუმცა არ აღნიშნავენ იმას, რომ თავად ბრიტანელები ამ ტიპის სამსახურზე ძნელად თუ თანხმდებიან).
უკმაყოფილებას იწვევს ცალკეული საკითხების ბრიუსელის კონტროლქვეშ არსებობა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის და საიმიგრაციო პოლიტიკის გარკვეული ასპექტების. მიუღებელია ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილების ევროკავშირის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. სრულ თავხედობად მიიჩნევა ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის მოწოდება, ევროკავშირის არმიის საჭიროებასთან დაკავშირებით, რაც ბრიტანელების აზრით, მათი არმიის გაქრობის წინაპირობაა. საკითხში უფრო გარკვეულები კი საფრთხეებს მაასტრიხტის 1991 წლის ხელშეკრულებაშიც ხედავენ, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების წინაპირობას ჩაეყარა საფუძველი.
ევროკავშირის მიდგომა
გაერთიანებაში გაწევრიანების შემდგომ ბრიტანეთი მუდამ ცდილობდა და ხშირად წარმატებითაც, ბრიუსელისთვის თავს მოეხვია საკუთარი პოლიტიკა:
1. ევროზონაში შეუსვლელობა, რამაც ნაწილობრივ ხელი შეუშალა ევროს, აშშ დოლართან "მსოფლიო ვალუტის" ტიტულისთვის ბრძლოლაში, თუმცა ხელი შეუწყო ბრიტანეთის ეკონომიკას ევროკავშირთან ვაჭრობის ჭრილში;
2. შენგენის ზონის გარეთ დარჩენა, რომლითაც ბრიტანეთმა შეინარჩუნა მესამე ქვეყნებთან საემიგრაციო პოლიტიკის ავტონომიურობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მთავრობა, ინგლისის ბანკი, ბრიტანული ინდუსტრიის კონფედერაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია და სხვები - ერთხმად და არგუმენტირებულად არწმუნებდნენ ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენის უპირატესობებზე, მათი ხმა მაინც ყურად არ იღეს. შესაბამისად, "ბრექსითის" დანაკარგებად და მოსალოდნელ შედეგებად შეგვიძლია მივიჩნიოთ:
- ლონდონის მიერ ევროპის ფინანსური ცენტრის პოზიციის დაკარგვა (სავარაუდოდ, ფრანკფურტის სასარგებლოდ) და უძრავი ქონების ბაზრის ჩამოშლა;
- ინგლისური ენის სტატუსის დაკნინება, რომელიც აღარ იქნება ევროკავშირის ოფიციალური ენა, რაც მძიმე დარტყმაა ბრიტანული ეგოს მიმართ;
- ევროკავშირის მკაცრი პოზიცია - არავითარი პრეფერენციები ბრიტანეთისთვის, რათა მსგავსი ნაბიჯები: "ფრექსითი", "გრექსითი", "ნექსითი" და სხვები არ წახალისდეს;
- ბრიტანეთის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე: შოტლანდიის მთავრობა ახალი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლება წევრები ირლანდიასთან გაერთიანებაზე ალაპარაკდა, რომელიც არ არის ბრიტანეთის ნაწილი და ევროკავშირის წევრია. გიბრალტარზე პრეტენზიას ესპანეთი გამოხატავს;
- გაურკვეველი მომავალი 3 მილიონი ევროკავშირელისთვის რომელიც პერმანენტულად ცხოვრობს და მუშაობს ბრიტანეთში; აგრეთვე 1.2 მილიონი ბრიტანელისთვის, რომელიც იგივეს ახორციელებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
- ბრიტანელი ჩინოვნიკების მიერ სამუშაო ადგილებს და მნიშვნელოვან პოზიციებს დაკარგვა ევოკავშირის სხვადასხვა ორგანიზაციებში (მაგ.: ევროპარლამენტი, ევროკომისია და ა.შ.);
- სხვა ტიპის ზარალი: ბრიტანული საგარეო ვაჭრობის ნახევარი ევროკავშირზე მოდის; პირველივე დღეს ფუნტი 30-წლიან მინიმუმს დაუბრუნდა; საშუალოდ 21%-ით გაუფასურდა მსხვილი ბრიტანული ბანკების აქციები; 3 ტრილიონი დოლარით იზარალა საფონდო ბირჟებმა; აქტიურობის შენელებას აპირებენ საერთაშორისო კომპანიები და ეს არ არის სრული ჩამონათვალი...
ნეიტრალური მიდგომა
2014 წლის შოტლანდიური რეფერენდუმისგან განსხვავებით, 2016 წლის "ბრექსითზე" ხმის უფლებით გამოირჩეოდნენ მხოლოდ 18 წლისკ და უფროსი ასაკის მოსახლეობა და უუფლებოდ განისაზღვრნენ 16-17 წლის ასაკის ახალგაზრდები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენის მომხრეებად განიხილებოდნენ. ეს სწორედ ის კონტინგენტია, რომელმაც შოტლანდიის ბრიტანეთში დარჩენის საკითხში გარდამტეხი (პოზიტიური) როლი შეიტანა და არ იქნა გამოყენებული "ბრექსითის" შემთხვევაში. აღნიშნულ ქმედებას ორმაგი სტანდარტი ეწოდება, რაც ასე მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
"ბრექსითი" - ეს ასაკოვანი მოსახლეობის გამარჯვებაა ახალგარზდებზე; ნაკლებად განათლებულების - განათლებულებზე; ნაციონალისტების - კოსმოპოლიტებზე, ღარიბების - მდიდრებზე; რადიკალების - რაციონალებზე... რაც უდიდესი გამოწვევაა, ისტორიული თვალსაზრისით ჯერ კიდევ ახალგაზრდა ევროკავშირისთვის.
შედეგები საქართველოსთვის
ქართულ ბრიტანული ურთიერთობის ბოლო 5 წლის გასაშუალოებული სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით შემდეგნაირია:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - საშუალოდ 100 მილიონი დოლარი; საქართველოს ექსპორტი ბრიტანეთში - საშუალოდ 22 მილიონი დოლარი ყოველწლიურად; ფულადი გზავნილები - საშუალოდ 14 მილიონი დოლარი ყოველწლიურად. გარდა ამისა, ბრიტანეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ევროკავშირის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი იყო დასავლური ქვეყნების რიცხვიდან, რომლებიც, ძირითადად, სკეპტიკურად არიან განწყობილნი პატარა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის მიმართ. უფრო მეტიც, ბრიტანეთი 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რიგგარეშე ევროკავშირის წევრად მიღებასაც კი ითხოვდა, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მეშვეობით.
მეორე მხრივ, ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან არის სერიოზული დარტყმა ამ უკანასკნელის ეკონომიკისთვისაც, რაც, თავის მხრივ, საქართველოზეც ჰპოვებს ასახვას. თუმცა, სიტუაცია ტრაგიკული ნამდვილად არ გახლავთ და საქართველოს შესწევს უნარი გადალახოს ზემოთჩამოთვლილი მოვლენების ნეგატიური ეფექტები.