მოსაზრება
29.07.2016

ოთარ შავიშვილი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის დევალვაცია აშკარა და თვალშისაცემია. წლის დასაწყისში ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებით შეადგინა 2,49. ამჟამად, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, 1 აშშ დოლარი 2,34 ლარს შეადგენს.

ვალუტის კურსის შემდგომი გამყარებისათვის სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ოქროსა და დოლარის მარაგი, ასევე კონკურენტუნარიანი საქონელი. აქედან ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულ კონკურენტუნარიან საქონელს.

ეკონომიკის გამოცოცხლებისათვის აუცილებელია საგადასახადო განაკვეთების შემცირება და მათი დაყვანა ოპტიმალურ დონემდე. მეტი სტიმული უნდა მიეცეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ქართული ბიზნესის გამოცოცხლების მიზნით, საყურადღებოა, მოგების დაბეგვრის სფეროში მოსალოდნელი ცვლილებები, რომლებიც ესტონური მოდელის ანალოგიურია. ამ მოდელის მიხედვით, იურიდიული პირი, რომელიც საკუთარ მოგებას ჩადებს ინვესტიციებში (ახალი ტექნიკის შეძენა და სხვ.), არ იხდის მოგების გადასახადს. მოგების გამოყენების ესტონური მოდელი საქართველოში უნდა დაინერგოს 2017 წლის პირველი იანვრიდან.

ლარის კურსის გამყარებაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული აშშ დოლარის მასას. კერძოდ, 2016 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან გადმოირიცხა 105 მლნ დოლარზე მეტი, რაც წელიწადში შეადგენს 1 მლრდ დოლარზე მეტს.

ზოგიერთი ეკონომისტი თვლის, რომ დოლარის მობილიზების მიზნით, პრივატიზაციის პროცესი საქართველოში კიდევ უნდა გაგრძელდს. ჩვენი აზრით კი, პირიქით, ის პრივატიზებული ობიექტები, რომლებიც ვერ ფუნქციონირებენ კერძო საკუთრების პირობებში, სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს. პრივატიცაზია წარმოადგენს ერთჯერად აქტს. ამიტომ სავალუტო წონასწორობის საკითხში მის იმედად ყოფნა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.

მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტრადიციული აგრარული სექტორისა და მისი შესაბამისი გადამამუშავებელი (კვებისა და მსუბუქი) მრეწველობის განვითარებას. მთავარია კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის წარმოება, რომლის ათვისება არაა ადვილი საქმე, მაგრამ ამ კუთხით აქცენტის გამახვილება და მასზე ორიენტაცია აუცილებელია.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სოფლის მეურნეობა თითქმის ყველა ქვეყანაში დოტაციურია. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა გაეწიოს მას და მეტი ფინანსური დახმარება უნდა წარიმართოს სოფლის მეურნეობაში.

საჭიროა მარკეტინგული კვლევის გაძლიერება ჩაისა და ღვინის ბაზრის შესწავლასთან დაკავშირებით. ქართული ჩაი არაფრით ჩამოუვარდება ინდურს. მთავარია, ჩაის ნედლეული იყოს სტანდარტული და მის გადამამუშავებელ ფაბრიკებში დაცული იქნეს ტექნოლოგიური რეჟიმი. ქართულმა ჩაიმ უნდა განდევნოს უცხოური ჩაი საქართველოს ბაზრიდან და ამასთან ერთად, უნდა განხორციელდეს მისი ექსპორტი. ამრიგად, ჩაის მზა პროდიქციის რეალიზაციამ საზღვარგარეთ უნდა მოიტანოს სავალუტო შემოსავალი.

თხილის ბიზნესიც ვალუტის მომტანია, მაგრამ უნდა განვითარდეს მისი ადგილზე სამრეწველო გადამუშავება. ასევე წინ უნდა წავიდეს ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის საქმე. სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა განხორციელდეს ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქციის წარმოებით. საქართველოში მომრავლდა დაბალი ხარისხის მქონე თურქული და ჩინური (კარტოფილი, პომიდორი, ნიორი, ვაშლი და სხვა) საქონელი, რომელიც თავისი სასარგებლო თვისებებით ბევრად ჩამოუვარდება ანალოგიურ ქართულ პროდუქციას. ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა არის ზომაზე მეტად ღია. იმპორტის (საბაჟო) გადასახადის განაკვეთი (0, 5 და 12 პროცენტი) არის ძალიან დაბალი, რომლის გადიდება ძნელია, რადგანაც საქართველო 2000 წლიდან გაწევრიანებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

ამჟამად საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტურიზმის დარგს, საიდანაც ჩვენს ქვეყანაში რჩება სავალუტო შემოსავალი. ტურიზმის შემდგომი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მისი (ტურიზმის) ინფრასტრუქტურის სფეროს სრულყოფას, რათა მეტი სავალუტო სახსრები დარჩეს საქართველოში.

ამრიგად, დოლარის მობილიზაცია და ლარის კურსის განმტიკიცება უპირატესად უნდა განხორციელდეს კონკურენტუნარიანი საქონლის (მომსახურების) წარმოების განვითარებით. საგადასახადო განაკვეთების შემცირებით მეტი სტიმული მიეცემა მცირე და საშუალო ბიზნესს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×