რამაზ გახოკიძე, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი
მძიმე მეტალები მაღალი ატომური მასის მქონე ქიმიური ელემენტების ჯგუფია. მრავალი მათგანი, მაგალითად, რკინა, სპილენძი, თუთია, მოლიბდენი, მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში და განსაზღვრული რაოდენობით აუცილებელია ადამიანის, ცხოველისა და მცენარის ცხოველმოქმედებისათვის. მეორე მხრივ, მძიმე მეტალები და მათი ნაერთები მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, გროვდება უჯრედებში და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. მძიმე მეტალებს 40-ზე მეტი ქიმიური ელემენტი მიეკუთვნება. მათ შორის განსაკუთრებული ტოქსიკურობით გამოირჩევა ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი.
ცნობილია, რომ ჩინური ბიჟუტერია კადმიუმს შეიცავს. აშშ-მა აუკრძალა ჩინეთს ტყვიის შემცველი ბიჟუტერიის შეტანა, მათ კი ტყვია კადმიუმით შეცვალეს. კადმიუმის შემცველ ნივთიერებებს იყენებენ ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ საღებავებად. კადმიუმი ტყვიაზე საშიშია, რადგან ყველა მისი ნაერთი ძალიან ტოქსიკურია (მეტალურ კადმიუმს ტოქსიკური თვისებები არ ახასიათებს). აღმოჩნდა, რომ ჩინური ბიჟუტერიის 91% კადმიუმისგან შედგება, რომელიც კუმულაციური შხამია (ორგანიზმში გროვდება). მწვავე მოწამვლის სიმპტომებია: ღებინება, კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი, უნებლიე მოტეხილობები.
კადმიუმს შეიცავს არა მარტო ჩინური ბიჟუტერია, არამედ სათამაშოებიც. საკმარისია, ბავშვმა რამდენჯერმე ჩაიდოს სათამაშო პირში, რომ კადმიუმი აღმოჩნდება სისხლში, რის შედეგადაც ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, ღვიძლი, თირკმლები. კადმიუმის ქრონიკული ზემოქმედება იწვევს ძვლების დაშლას. კადმიუმი უძლიერესი კანცეროგენია, შეუძლია გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებანი. ეს რისკი იზრდება კანთან შეხებით. ზოგჯერ საწამლავი პირდაპირ ცვივა ნაკეთობისგან და კანს ეფრქვევა, პირში ჩადება არც არის საჭირო.
აზიის ზოგიერთ ქვეყანაში კადმიუმს იყენებენ ოქროსა და ვერცხლის შემცვლელ იაფ ანალოგად, ევროკავშირმა გადაწყვიტა აიკრძალოს ევროპაში ჩინეთიდან და ინდოეთიდან ბიჟუტერიის შეტანა. კადმიუმი ჩვენს ორგანიზმში შესაძლებელია მოხვდეს სიგარეტის ბოლის, წყლის, ყავის, ჩაისა და გაბინძურებული პროდუქტების, განსაკუთრებით, რაფინირებული მარცვლოვნების საშუალებითაც. მძიმე მეტალებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კოსმეტიკური და პარფიუმერიული პროდუქტები.
როგორც ცნობილია, სხვადასხვა საკვებში მძიმე მეტალები განსხვავებულად გროვდება. კადმიუმი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყრის თავს ისპანახში, ტყვია კი - სასმელებსა და ხილში, განსაკუთრებით ბევრი (10%-მდე) გროვდება იგი არაქისში. ვერცხლისწყლის ორგნიზმში მოხვედრის საშიშროებას წარმოადგენს ბრინჯი. მეფე-ტირანის ივანე მრისხანეს ნეშტში აღმოჩნდა ვერცხლისწყლის დიდი კონცენტრაცია - 13 მილიგრამი წონის ერთ კილოგრამზე გადაანგარიშებით მაშინ, როცა ადამიანის ქსოვილებში მისი შემცველობა არ აჭარბებს 0,005 მილიგრამს (ე.ი. 2600-ჯერ ნაკლებს), რამაც გამოიწვია ზედმეტი ეჭვიანობა, ძლიერი აგრესია და თავშეუკავებლობა. ერთ-ერთმა მრისხანე გაცხარებამ მეფის შვილის სიცოცხლეც შეიწირა. მეფის ქრონიკული მოწამვლის მიზეზი გახდა სახსრების ტკივილისთვის ვერცხლისწყლის მალამოების გამოყენება. სახლში თერმომეტრი ან ლუმინესცენტური ნათურა თუ გაგიტყდათ, სასწრაფოდ მიიღეთ უსაფრთხოების ზომები. ვერცხლისწყალი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხვდება ატმოსფეროში ნახშირის წვისას ელექტროსადგურებში. სამრეწველო წარმოშობის ამ მეტალის ნახევარი (910 ათასი ტონა) ხვდება ოკეანეში.
ზოგიერთი ბაქტერია ვერცხლისწყლის ტოქსიკურ მარილებს (ქლორიდები) გარდაქმნის კიდევ უფრო ტოქსიკურ მეთილვერცხლისწყლად. ვერცხლისწყლის ნაერთებს დიდი რაოდენობით აგროვებს ზღვისა და მტკნარი წყლის მრავალი ორგანიზმი. საკვებად თევზისა და ზღვის პროდუქტების გამოყენება არაერთხელ გამხდარა მოსახლეობის ვერცხლისწყლით მოწამვლის მიზეზი.
ერთ-ერთი ძლიერი ტოქსიკური ლითონია ტყვია, რომელიც გარემოში ხვდება ე.წ. ეთილირებული ბენზინის საშუალებით. ბენზინს, ხარისხის გასაუმჯობესებლად, უმატებენ ტეტრაეთილტყვიას, როგორც ანტიდეტონატორს. ძრავას ცილინდრში ჰაერისა და საწვავის არასწორი განაწილება იწვევს არათანაბარ წვას (დეტონაცია), რასაც შეუძლია ცილინდრის კედლებისა და დგუშის დაზიანება.
ტეტრაეთილტყვიის ანტიდეტონაციური ეფექტი აღმოჩენილ იქნა 1921 წელს აშშ-ში, "ჯენერალ მოტორსის" ფირმაში. ამ გამოგონების ავტორმა თომას მიდგლმა შესანიშნავად იცოდა ტყვიით მოწამვლის საშიშროების შესახებ. წარმოებაში თითქმის მაშინვე გამოვლინდა მუშების წონასწორობისა და ფსიქიკის დარღვევის შემთხვევები. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. ადამიანის ორგანიზმში ტყვია ხვდება როგორც წყლისა და საკვების, ისე ჰაერის საშუალებით. ტეტრაეთილტყვიას და მისი გარდაქმნის პროდუქტს უკავშირებენ ტყეების გადაშენებას, რადგან მათ ადვილად შთანთქავს ტერპენები - წიწვოვან მცენარეთა ფისის კომპონენტები, რის გამოც ზიანი ადგება ტყეს.
ადამიანის ორგანიზმში ტყვიის გაზრდილი დონე იწვევს ავთვისებიან სიმსივნეებს, მიოკარდის ინფარქტს, ზრდის შეჩერებას, სმენის დაქვეითებას, ინტელექტუალურ დეგრადაციას. იმ რაიონებში, სადაც გარემო ტყვიით არის გაბინძურებული, ოთხჯერ მეტია დანაშაული, ვიდრე იმ რაიონებში სადაც ტყვიის კონცენტრაცია მინიმალურია. ტყვიით მოწამვლის რისკი ბავშვებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე მოზრდილებისთვის, რადგან ნივთიერებათა ცვლის პროცესები ბავშვებში ბევრად ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსწავლეთა ცუდი მოსწრება და აგრესიული ქცევა დაკავშირებულია ტყვიის დაგროვებასთან.
როგორც ამერიკელებმა დაადგინეს, არათუ ატმოსფეროში მყოფი ტყვია, არამედ საკვებ პროდუქტთა შესაფუთ ზოგიერთ ქაღალდსა და მუყაოში უმცირესი რაოდენობით შემავალი ტყვიაც კი გადადის საკვებში და დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ტყვია, ძირითადად, შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტითა და სასუნთქი გზებით. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ტყვიის შეწოვა ძლიერდება კალციუმისა და რკინის ნაკლებობის შემთხვევაში. სასუნთქი გზებით ტყვიის შეწოვა დამოკიდებულია მეტალის როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე (ორთქლი თუ მყარი ნაწილაკები), ისე მის კონცენტრაციაზე. მყარი ნაწილაკების სახით ტყვია 90%-ით შეიწოვება სასუნთქ გზებში. ტყვიის 99% სისხლში უკავშირდება ჰემოგლობინს და მხოლოდ 1% იჭრება პლაზმიდან ქსოვილებში, განსაკუთრებით, ღვიძლსა და თირკმლების ეპითელიუმში. დროთა განმავლობაში მეტალი გადანაწილდება და გროვდება ძვლებში (95%), კბილებსა და თმებში.
ტყვიით მოწამვლის პირველი ნიშნებია: მწკლარტე, მეტალური გემოს შეგრძნება პირში, წყურვილი, მუცლის ტკივილი და პირღებინება. გულისრევის შედეგად ამოღებული მასა მოთეთრო-რძის ფერია მასში ტყვიის ქლორიდის შემცველობის გამო. ტყვიის სულფიდი განავალს შავად ფერავს. ხშირია ფაღარათი ან ყაბზობა. სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს შოკი და ერთ-ორ დღეში სიკვდილი. ტყვიით მოწამვლის ადრეული სიპმტომებია: თავის ტკივილი, უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, მხედველობის დარღვევა. ყველაზე საშიშია ტყვიის ხანგრძლივი ზემოქმედება, რადგან მას ახასიათებს კუმულაციური თვისებები, ე.ი. შეუძლია, დაგროვდეს და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.
ტყვიით მოწამვლის ძირითადი წყაროა საღებავები (ტყვიის თეთრა, ტყვიის სურინჯი). ასეთ საღებავებში ტყვიის რაოდენობა მერყეობს 5-დან 40%-მდე. ასეთი საღებავებით ღებავდნენ ავეჯს, ფანჯრის რაფებს, სათამაშოებს. ტყვიით მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს ძველი შენობა-ნაგებობების დანგრევის შედეგად გაფანტული მტვერი ან ბოლი, ასევე მხატვრული ტილოები, საიუველირო ნაკეთობათა ნარჩენები, საყოფაცხოვრებო აკუმულატორები და ტყვიის შრიფტები.
ეთილირებული ბენზინის წვის შედეგად გამონაბოლქვ აირებში შემავალ ტყვიას ადვილად ითვისებს მცენარეები, ამიტომ ავტოტრასებთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო კულტურები ადამიანისთვის მავნეა. მთელ რიგ განვითარებულ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ეთილირებულ ბენზინს არ იყენებენ, საგზაო მოძრაობის წესებით აკრძალულია მანქანის გაჩერება ჩართული ძრავათი ეზოებში, ბავშვთა დაწესებულებებთან, სავადმყოფოებთან და ა.შ. არ შეიძლება საჭმლის მომზადება და შენახვა დეკორაციულ ფაიფურის ან კერამიკის ჭურჭელში, რადგან ხშირად მინანქარი, განსაკუთრებით ყვითელი და წითელი ფერის, შეიცავს ტყვიის მარილებს, რომლებიც ადვილად გადადის საჭმელში. ლითონის ტარაში დაკონსერვებულ პროდუქტებში (ჯემი, ტომატის პასტა და სხვ.) ტყვიის შემცველობა, შესაძლოა, 10-ჯერ გაიზარდოს ბუნებრივ დონესთან შედარებით. მართალია, კონსერვის ქილებს ფარავენ სპეციალური ლაქით, მაგრამ ეს ყოველთვის არ იცავს მომხმარებელს.
აყურადღებით იყავით სასმელ წყალთან. რაც უფრო მაღალია წყალში ტყვიის კონცენტრაცია, მით უფრო დიდი რაოდენობით ხვდება იგი სისხლში. ტყვია ადვილად გადაეცემა ძუძუთა ბავშვებს დედებისგან. პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა, სახლის ყოველღიური დასუფთავება ნესტიანი ჩვრით, შენობაში შესვლისას აუცილებელია ფეხსაცმლის (სასურველია ტანსაცმლისაც) გამოცვლა. არ უნდა მივიღოთ საჭმელი ქუჩაში. სახლში დაბრუნებისას დაიბანეთ ხელები. საკვებ რაციონში უნდა შედიოდეს რკინით მდიდარი პროდუქტები. ყოველიდღიურად მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები.
გასულ საუკუნეში საქართველოში შეიქმნა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა "ალაზანი", რომლის მიზანი იყო კახეთის რეგიონში რამდენიმე ასეული ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისგან დაცვა, რაც შეფასდა იმდროინდელი მთავრობისა და მეცნიერების დიდ მიღწევად. სინამდვილეში კი, სამწუხაროდ, ამ ნოვაციამ გამოიწვია მოსავლის მასივური ქიმიური გაბინძურება ტყვიის იოდიდით, რომლის მოცილება ურთულესი საქმეა. ამან განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ღვინის ხარისხს, შესამჩნევად იმატა ონკოდაავადებებმა.
საბჭოთა კავშირში ყოველწლიურად ქვეყნდებოდა გარემოს დაცვის ანგარიში. ბოლო ანგარიში გამოქვეყნდა 1990 წელს, სადაც აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის საქართველოში (კერძოდ, ალაზნის ველზე) საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან ყველაზე უფრო გაბინძურებულია ტყვიით. ზემონახსენებ ტექნოლოგიაში, რომელიც უმაღლესი სამეცნიერო პრემიითაც აღინიშნა, სამწუხაროდ, არ იყო გამოყენებული სისტემური მეცნიერული მიდგომა. მიზანი ყოველთვის არ ამართლებს ნებისმიერ საშუალებას. გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ტყვიის მავნე გავლენა ადამიანსა და გარემოზე, ასევე შორეული უარყოფითი შედეგები. ცნობილია, რომ ტყვია წარმოადგენს რადიოაქტიური დაშლის საბოლოო პროდუქტს და იგი, პრაქტიკულად, არ იშლება.
ერთ-ერთი საშიში მეტალია ასევე ალუმინი, რომელსაც ფართოდ იყენებენ კვების მრეწველობაში. ალუმინის ტარაში ან ფოლგაში მოთავსებული საკვები ათასჯერ უფრო მეტ მავნე ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე ახალი პროდუქტები. ალუმინი ნაწილობრივ იხსნება საკვებში და შეუძლია გამოიწვიოს კიბო, გულსისხლძარღვთა დაავადებები, მამაკაცთა უნაყოფობა, ართრიტი, თავის ტკივილი, აღგზნებადობა, უძილობა, ნაადრევი სიბერე, ჭკუასუსტობა. ალუმინს შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების პროვოცირებაც (გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ალცჰაიმერით დაავადებულთა ტვინი შეიცავს ალუმინის მომატებულ რაოდენობას). ხანგრძლივი შენახვით ან გაცხელებით ალუმინის ტარაში მოთავსებულ საკვებში მეტალის რაოდენობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი.
ალუმინი განსაკუთრებით აზიანებს ბავშვებსა და ხანდაზმულებს. ბავშვებში ალუმინის სიჭარბე იწვევს ანემიას, რაქიტს, თირკმლების და ღვიძლის დაავადებებს, აგრესიასა და მეხსიერების დაქვეითებას. ალუმინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შედის საფუარებში, სინთეზურ საღებავებსა და საკვებ დანამატებში (უ520-523). მათ გარეშე კი არ მზადდება ძეხვები, კონსერვები, საფუარიანი პური (განსაკუთრებით თეთრი) და სხვა პროდუქტები. აღმოჩნდა, რომ ლუდში შედის ნივთიერებები, რომელთაც, სხვა სასმელებისგან განსხვავებით, შეუძლია ალუმინის მარილების გამოტანა. მიუხედავად ამისა, მაინც გირჩევთ, მოერიდოთ ალუმინის ქილებს.
ხშირად გვეკითხებიან, არსებობს თუ არა ორგანიზმში მძიმე მეტალების შემცველობის სწრაფი შეფასების მეთოდი? თმების მულტიელემენტური ანალიზით შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და მავნე მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობის განსაზღვრა ორგანიზმში. თმები იდეალური ობიექტია კვლევისთვის. რამდენიმე სანტიმეტრი თმის მოჭრა ძირში მარტივიცაა და უვნებელიც. თმებში გროვდება ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ყველა ქიმიური ელენმენტი. ე.ი. თმის მინერალური შედგენილობა როგორც სარკე, ასახავს ადამიანის ორგანოების, ქსოვილების, სისხლის მიკროელემენტურ ბალანსს. საკმარისია სულ 5 მილიგრამი თმა, რომ რენტგენ-ფლუერესცენტული ანალიზით 10 წუთში მიღებულ იქნას ჩვენს ორგანიზმში ელემენტთა ბალანსის "პორტრეტი".