საქართველო შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე
ეკატერინე ბასილაია
20.07.2016

 თურქეთში სამხედრო ამბოხის მცდელობის მონაწილეებისა და მათთან კავშირში ეჭვმიტანილთა, ისევე როგორც პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკური და იდეოლოგიური ოპონენტების მასობრივი დევნა-დაპატიმრება გრძელდება და ისევ კეთდება განცხადებები სიკვდილით დასჯის აღდგენაზე. ამის პარალელურად, გრძელდება გამოუცხადებელი კონფლიქტი დასავლეთსა და თურქეთს შორის, რის ფონზეც შეინიშნება ანკარა-მოსკოვის ურთიერთობების დათბობა.

პოლიტოლოგების აზრით, თურქეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე აშკარაა, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური სურათი ნელ-ნელა იცვლება და თან, საქართველოსთვის არცთუ სასიკეთო მიმართულებით.

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის შემთხვევაში საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს სცენარს, სადაც ანკარა-მოსკოვი ერთ გეოსტრატეგიულ პოლიტიკურ ჯგუფში შეიძლება, ვიხილოთ და თუ ასე წავიდა საქმე, საქართველოს ირგვლივ რუსული პოლიტიკის ქვეყნების რკალი იქნება, რაც ჩვენთვის ძალიან სახიფათოა.

"თუ ჩვენ ირგვლივ თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი ერთიან გეოსტრატეგიულ პოლიტიკაში ჩაჯდა, ჩვენ რა პერსექტივა გვექნება? არანაირი. ამისათვის საკმარისია, რუკას შევხედოთ და ყველაფერს ვნახავთ," - აღნიშნავს ხუხაშვილი.15 ივლისის გადატრიალების მცდელობიდან 5 დღის შემდეგაც არ შენელებულა თურქეთში ამბოხებულთა "მკაცრად და სამაგალითოდ დასჯის" სურვილი, არც ხელისუფლებიდან და არც ხელისუფლების მხარდამჭერი იმ მოსახლეობის მხრიდან, რომლებიც ოპოზიციისაგან განსაკუთრებული მკაცრი რელიგიურობით გამოირჩევიან.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სასამართლომ 278 ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერია; სასამართლო განხილვა 9322 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს. სტამბოლის პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, 900-ზე მეტი დაკავებულის დაკითხვა ჯერ კიდევ გრძელდება; გამოძიება "სახელმწიფოს წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა" და "შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის" ბრალდებით მიმდინარეობს.

დაპატიმრებების გარდა გრძელდება სამსახურიდან გათავისუფლებაც. სასამართლოებიდან და ძალოვანი სტუქტურებიდან 8777 თანამშრომელია გაშვებული. ასევე გუშინ აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ გავლენიან სასულიერო ლიდერთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, საგანმანათლებლო სექტორიდან გაუშვეს 15 200 ადამიანი და მათ მიმართ სს-ის გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, იგეგმება ყველა უნივერსიტეტის ყველა დეკანის გათავისუფლებაც.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიულენის მხარდამჭერებს ძირფესვიანად ამოძირკვავდა.

ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებულია ის ორი მფრინავი, რომლებმაც 2015 წელს თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

ქვეყნის მთიან რეგიონში კი 25 სამხედრო პირს ეძებენ, რომლებსაც, გადატრიალების დროს, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მკვლელობა ჰქონდათ დავალებული.

ერდოღანი მთ დასავლეთი

დასავლეთის ერთგვარი მუქარის მიუხედავად, რომ ვერც ევროკავშირის და ვერც ევროსაბჭოს წევრი ვერ იქნება ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს, ერდოღანმა გუშინ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება ამ ნორმის აღდგენაზე. რატომ უნდა შეინახოს წლობით ციხეში ის ათასობით ადამიანი, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის დააკავეს, მაშინ როდესაც "თურქი ხალხი" სიკვდილით დასჯას ითხოვს? - კითხულობს ერდოღანი. "ეს ტერორისტები ადგილზე უნდა განადგურდნენ. თურქი ხალხი სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. რატომ უნდა შევინახო და ვკვებო ისინი ციხეში წლების განმავლობაში? ამ კითხვას ხალხი სვამს."

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯის შემოსაღებად საჭირო იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად და ის ამ ცვლილებას ხელს აუცილებლად მოაწერს.

საგულისხმოა, რომ ორშაბათს ამერიკულმა "ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა, თითქოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თურქეთს მიანიშნა ნატო-ს წევრობის შესაძლო დაკარგვაზე, თუ პროცესებს არადემოკრატიულად წარმართავდა, თუმცა მოგვიანებით გამოცემამ ინფორმაცია გაასწორა და მხოლოდ ის დაიწერა, რომ ნატო კრიტიკულად დააკვირდება თურქეთის ქმედებებს, იქნება თუ არა სამხედრო გადატრიალების მცდელობა გამოძიებული დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად. კერისგან გასხვავებით კი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ თურქეთს ბევრად მკაცრად მიუთითა იმაზე, რომ აჯანყებულები სიკვდილით არ დასაჯოს. მისივე თქმით, ევროგაერთიანებაში იმ ქვეყნის ადგილი არაა, რომელსაც სიკვდილით დასჯა დაკანონებული აქვს. ამ ერთგვარი გაფრთხილების მიუხედავად ერდოღანი დათმობას არ აპირებს და აშშ-ისგან გიულენის გადაცემას კატეგორიულად მოითხოვს. "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში მან თქვა, რომ ადრე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირადად თხოვა გიულენის ექსტრადირება, ახლა კი თურქეთი ვაშინგტონს ოფიციალურად მიმართავს.

წინასწარი ცნობით, გიულენის გადაცემას ამერიკა არ აპირებს.

თურქული მედია წერს იმასაც, რომ პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყანას, რომელიც გიულენს უჭერს მხარს.

ერდოღანი გიულენის სახელობის სასწავლებლების წინააღმდეგ?

თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში უპირობოდ ადანაშაულებს ამჟამად აშშ-ში, პენსილვანიაში მცხოვრებ მუსლიმ სწავლულს, ფეთჰულა გიულენს, მიუხედავად იმისა, რომ თავად გიულენმა სამხედრო გადატრიალება დაგმო, მასთან ნებისმიერი კავშირი უარყო და მისი საქმის გამოძიებისთვის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. გიულენი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მეგობარი და მოკავშირე იყო, თუმცა მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიულენმა ერდოღანის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.

გიულენი რამდენიმე სამეცნიერო წიგნის ავტორია და მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არსებული ბევრი საშუალო და უმაღლესი სასწავლებელი. ამბოხის მეორე დღეს ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა განაცხადა, რომ ბათუმის შაჰინის მეგობრობის ლიცეუმში "ტერორისტებს ზრდიან". მართალია, თურქეთის საელჩომ და საქართველოს საგარეო უწყებამ მოგვიანებით ყველაფერი ჟურნალისტის ინტერპრეტაციას გადააბრალეს (მოგვიანებით 25-ე არხმა გაავრცელა ფირი, სადაც კონსულის განცხადება დასტურდება), თუმცა საქართველოში მაინც დაიწყო იმაზე მსჯელობა, ოფიციალური ანკარა დიპლომატიურად მოთხოვდა თუ არა თბილისს ამ სასწავლებლების აკრძალვას. ჯერჯერობით, თბილისის მხრიდან მსგავსი მინიშნებები არ გაკეთებულა.

გუშინ ანკარაში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა. კვირიკაშვილმა თურქეთს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა და კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს გარდაცვლილთა გამო. შემდეგ კი საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება, მათ შორის სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

რისკები საქართველოსთვის

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებლის, გია ხუხაშვილის თქმით, დღეს დასავლეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტში ესკალაციაა და ეს საქართველოსთვის ძალიან შემაშფოთებელია.

მისი თქმით, ის მსოფლიო წესრიგი, რომელსაც სამყარო მიეჩვია, უკვე აღარ მუშაობს და მისი ტრანსფორმირება ხდება, რისი გამოვლინებაა იგივე დონალდ ტრამპის ფენომენი აშშ-ში, ასევე ტერორიზმის აფეთქება და თურქეთში მიმდინარე ბოლო მოვლენები. ამ ყველაფრიდან კი ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი თურქეთსა და დასავლეთს, თურქეთსა და აშშ-ს შორის მორიგი ესკალაციაა.

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ თურქეთი არა მხოლოდ გიულენს, არამედ აშშ-საც განიხილავს ირიბ თანამონაწილედ იმ პროცესებში, რომლებიც თურქეთში ბოლო დროს განვითარდა და შესაბამისად, ამ ესკალაციის კეთილი ფინალი ამწუთას არ ჩანს. ვისურვებდი, რომ ემოციები ჩაცხრეს და ბალანსი შენარჩუნდეს, მაგრამ სამწუხაროდ გაზრდილია იმ სცენარის შანსი, როდესაც თურქეთი საბოლოოდ დაშორდება დასავლეთს და შესაბამისად, რადგან სხვა გზა არ ექნება, ისევ რუსეთთან დაჯგუფდება," - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, "რუსეთთან დაჯგუფების" სცენარისას ეს ორი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, არეალში, რომელიც მათ საკუთარი გავლენის სფეროდ მიაჩნიათ, ერთად მოქმედების გარკვეულ გეგმაზე შეთანხმდებიან, რაც ჩვენთვის საკმაოდ სახიფათო იქნება, რადგან ეს ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტს, რისი იმედიც ვარშავის სამიტის შემდეგ გაგვიჩნდა. "გარდა ამისა, რუსეთ-თურქეთის ტანდემი ჩვენთვის კიდევ ბევრ ნეგატიურ შედეგს მოიტანს, რადგან ამ ორ ქვეყანას საქართველოზე განსაკუთრებული ინტერესთა კვეთა აქვს. საქართველოსთან მიმართებაში რუსეთსა და თურქეთს შორის ინტერესთა შეუთანხმებლობა მუდმივად ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს, ხოლო თუ ახალ საქართველოსთან მიმართებაში ოქროს კვეთა მოძებნეს, ეს ჩვენთვის ძალიან სარისკო იქნება.

"თუ შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის განხორციელებაც შეუძლებელი გახდა, ეს მინიმუმ დამატებით რისკებს შეგვიქმნის.

"ასე რომ, ამ პერიოდში ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ჩვენ. რა კონკრეტული სცენარი შეიძლება განვითარდეს, ამაზე არ გეტყვით. ვიცით, რომ სომხეთი რუსეთის გავლენის სფეროა, აზერბაიჯანი არის თურქეთის უახლოესი მოკავშირე და წარმოვიდგინოთ, თუ ჩვენ ირგვლივ თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი ერთიან გეოსტრატეგიულ პოლიტიკაში ჩაჯდა, ჩვენ რა პერსექტივა გვექნება? არანაირი. ამისათვის საკმარისია, რუკას შევხედოთ და ყველაფერს ვნახავთ. რაც არ უნდა ისურვოს ევროპამ, მას გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოში პლაცდარმის გაკეთების ბერკეტი არ ექნება. ასეთი რაღაცები არ ხდება. ევროპას ამ შემთხვევაში ჩვენი, როგორც პარტნიორის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც კი ძალიან გაუჭირდება. როდესაც დიდი ქვეყნები თანხმდებიან პატარა ქვეყნებთან დაკავშირებით პოლიტიკაზე, მათ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ," - დასძენს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×