ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი
2016 წლის 18-19 ივლისს თსუ-ის აკადემიური საბჭო კანცლერობის კანდიდატებს გაესაუბრება, რის შემდეგაც ყველაზე ღირსეულს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს. თავი ვალდებულად ჩავთვალე, ერთ-ერთი კანდიდატის თაობაზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის გამეცნო.
ორი წლის წინ სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 16 იანვრის განკარგულების ბათილად ცნობა მოვთხოვე, ვინაიდან არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ვახტანგ მჭედლიშვილი ამავე ფაკულტეტის დეკანის, ირაკლი ბურდულის მიერ გაყალბებული რეკომენდაციის საფუძველზე დაინიშნა.
სარჩელის ძირითადი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ მიმეპყრო საზოგადოების ყურადღება საქართველოში იურიდიული განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და სამართლებრივი კულტურის დეფიციტზე.
თსუ-ის წარმომადგენლები სასამართლოს სხდომებს რომ დასწრებოდნენ, თავადვე დარწმუნდებოდნენ, თუ რა მასშტაბები მიიღო ქვეყანაში სამართლებრივმა ნიჰილიზმმა (სამართლის ნორმების არცოდნამ და/ან აბუჩად აგდებამ), რაზეც მნიშვნელოვანწილად "ცოდნის ტაძრის" იურისტები არიან პასუხისმგებელნი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დასანიშნად იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორს, ამავე ფაკულტეტის დეკანმა პირადად, ამასთან, რატომღაც "ფაკულტეტის საბჭოს სახელით" გაუწია რეკომენდაცია, ხოლო შესარჩევი კომისია, ამავე ფაკულტეტის, ფაქტობრივად, მხოლოდ ორი პროფესორისგან შედგებოდა, გამოდის, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში "შიდასაფაკულტეტო არჩევნები" გამართულა და, როგორც ეს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზეა დამკვიდრებული, კონკურსში გამარჯვებული წინასწარვე ყოფილა ცნობილი.
დარწმუნებული ვარ, თუ კონკურსებისა და ყოველგვარი არჩევნების ჩატარების სფეროში არსებული განუკითხაობით აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მედიასაშუალებები არ დაინტერესდნენ და ერთობლივი ძალისხმევით ვითარება არსებითად არ გამოსწორდა, ევროკავშირს ვინ ჩივის, შეიძლება ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკაროს...
ამასთან, თუ საქართველო იუგოსლავიასავით არ დაიშალა, საფრთხეა იმისა, სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად ისევ სააკაშვილის დანატოვარი სასამართლოს ბუტაფორიულფასადიანი პლუტოკრატიული ტირანია (ძალადობასა და თვითნებობაზე დაფუძნებული რეჟიმი) შეგვრჩეს ხელში, რომლისთვისაც ადამიანის უფლებების ნაცვლად პრიორიტეტული მმართველი პარტიის ან, კიდევ უარესი, რომელიმე ერთი "მოქალაქის" ინტერესები იქნება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2014 წლის 22 ივლისს განცხადებებით მივმართე თსუ-ის აკადემიურ და იურიდიული ფაკულტეტის საბჭოებს (#22645/02 და #3101/479). ვთხოვე ემსჯელათ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ ოფიციალურად გაცემული რეკომენდაციის თაობაზე, ხოლო დეკანის ქმედებაში თვითნებობის, უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის, დოკუმენტის გაყალბების ნიშნების გამოვლენის ან მისი მხრიდან თუნდაც მხოლოდ პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მიეღოთ საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული ზომები.
ფაქტობრივად, წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე ვითხოვდი იურიდიული ფაკულტეტის დეკანისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
გაყალბებული რეკომენდაციის გაცემის ფაქტზე რეაგირების ნაცვლად 2014 წლის 8 აგვისტოს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, ხოლო 2014 წლის 1 სექტემბერს თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ხელმოწერით გამომეგზავნა იდენტური პასუხები (#6408/31-05 და #1024/01-07-09), რომლებშიც მხოლოდ ის მაცნობეს, რომ "იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მხარდასაჭერად გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი თანხვედრაშია როგორც უნივერსიტეტის, ისე იურიდიული ფაკულტეტის საუკეთესო ინტერესებთან"...
აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, უშუალოდ რექტორისთვის მიმემართა. ვთხოვე გასცნობოდა აკადემიური საბჭოს სახელზე შეტანილ ჩემს განცხადებას, მასზე გაცემულ პასუხს და მიეღო შესაბამისი ზომები. იმავე მოთხოვნით მივმართე თსუ-ის ეთიკის კომისიას.
ორივე განცხადებაზე მხოლოდ ერთი პასუხი ისევ თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტიდან მივიღე (#1151/01-01-02). ამჯერად დეპარტამენტის უფროსმა არჩილ კუკულავამ მიპასუხა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა მირჩია...
მაშინ დავრწმუნდი, რომ ჩემს განცხადებებს ადრესატებამდე არ მიუღწევიათ და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის "რეკომენდაციებს" არა მარტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უწევენ ანგარიშს...
ვინაიდან ნამდვილად არ მინდა თსუ შპს-ს ("შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას...") დაემსგავსოს და მისი მესვეურები (განსაკუთრებით, იურისტების აღმზრდელები) თავად არღვევდნენ კანონს ან პროფესიული ეთიკის ნორმებს, იმედი მაქვს, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების განახლებული შემადგენლობები მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებებს, ხოლო პირველი ქართული უნივერსიტეტი განთავისუფლდება მათგან, ვინც უპასუხისმგებლოდ ეკიდება დაკისრებულ მოვალეობებს და გაყალბებული დოკუმენტის ოფიციალურად გაცემით ან ამ ფაქტის დაფარვით ხელყოფენ უნივერსიტეტის ღირსებას.
მიუხედავად იმისა, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განხორციელდა თსუ-ს მიზანმიმართული ნგრევა ("ჩარეცხვა"), ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ უნივერსიტეტელები დღესაც შესამჩნევად გამოირჩევიან ცოდნა-განათლებით, პიროვნული თვისებებით და, რაც მთავარია, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე "აუდიტორია 115-ში" გაერთიანებულმა სტუდენტებმა, ჩვეულებისამებრ, ხმა აიმაღლეს უსამართლობის წინააღმდეგ და ეფექტურად დაიცვეს საკუთარი უფლება, სამართლიანი კონკურენციის პირობებში აერჩიათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი.
ვუერთდები რა ახალი თაობის უნივერსიტეტელების მოწოდებას "ავტონომია უნივერსიტეტს!", პოლიტიკური გაერთიანებების მესვეურებს ვთხოვ, ნუ ჩაერევიან თსუ-ს საქმეებში, ხოლო პროფესორებს ვურჩევ, მიბაძონ სტუდენტებს, ხმის მიცემისას მხოლოდ საკუთარი ნება გამოხატონ, ღირსება აღიდგინონ და პირველი ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელადაც და რექტორადაც ყოველმხრივ ღირსეული პიროვნებები აირჩიონ.