არსებითია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული კიბერდანაშაულები მიმართულია მასობრივი ქაოსის, მმართველობითი და პოლიტიკური კრიზისის შექმნის, პოლიტიკური ნდობის შემცირების, სახელმწიფო სისტემის მდგრადობის შესუსტებისკენ.
სამწუხაროდ, მსოფლიოში შეუძლებელია ზუსტად შეფასდეს კიბერკრიმინალის შედეგები, მონაცემთა დაკარგვის მასშტაბები, კიბერთავდასხმის შედეგად მიყენებული მორალური თუ მატერიალური ზიანი, პოლიტიკური თუ ფინანსური მიზანი, თაღლითობისა და კიბერშეტევების ზუსტი სტატისტიკა (თუმცა კვლევა და ანალიზი მუდმივად წარმოებს). საქართველოში კი არც ვიცით კიბერპრობლემების სრული სურათი, არც კიბერგარემოს კვლევა და ანალიზი არ წარმოებს.
მაშინ, როდესაც კიბერკრიმინალი მყარად იდგამს ფესვებს, სახელმწიფო უწყებები, სამართალდამცავი ორგანოები, კერძო და სამოქალაქო სექტორი ერთიანი ძალისხმევით უნდა იბრძოდნენ კიბერუსაფრთხოებისათვის. ამიტომ, საჭიროა ქვეყანაში მუდმივადწარმოებდეს კიბერ რისკების კვლევა და ანალიზი, მათ შორის:
- კიბერდანაშაულების შემთხვევების რაოდენობისა და მონაცემთა დაკარგვით გამოწვეული ზიანის ოდენობის აღრიცხვა;
- კიბერ ტერორიზმისა და კიბერთავდასხმების პრეცედენტების გავლენა ქვეყნის იმიჯზე;
- კიბერსაფრთხეებთან ბრძოლის მექანიზმების ფორმირებისათვის საჭირო რესურსი;
- ინტერნეტ-ბიზნესის უსაფრთხოებისათვის საჭირო რესურსი (ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ადამიანური);
- სახელმწიფოს კიბერუსაფრთხოებისათვის საჭირო საბიუჯეტო რესურსი (აშშ-მა კიბერუსაფრთხოების მიზნით, 2016 წელს 14 მლრდ დოლარი გამოყო).
ჩვენ კარგად გვესმის, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ბიუჯეტი მცირეა. შესაბამისად, კონკრეტული მიზნების შესრულებისათვის (ამ შემთხვევაში კიბერთავდაცვის მიზნით)ბიუჯეტიდან თითოეული ლარის გამოყოფამდე ბიუჯეტი ჯერ წყაროების მოძიებას ითხოვს. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის ბიუჯეტი დიდი ხანია კარგავს იმ სოლიდურ შემოსავლებს, რაც ინტერნეტ-ბაზრის ათვისებით შეიძლება მიეღო ქვეყანას (რაც ჩვენ მიერ აღნიშნულ მოცემულობაში ბიუჯეტის შევსების წყაროს წარმოადგენს).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კიბერსივრცის სრულფასოვანი დაცვის მიზნით, საჭიროა ქვეყანაში დამკვიდრდეს მეცნიერ-მკვლევარებთან თანამშრომლობის პრაქტიკა, რაც უნდა გამოიხატებოდეს შემდეგში:
- სახელმწიფოსა და სამეცნიერო სექტორის თანამშრომლობით წარმოებდეს კიბერ საფრთხეების ინტენსიური კვლევა, ანალიზი და შეფასებები;
- სახელმწიფო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შექმნით მუშავდებოდეს ინტერნეტ-ბაზრის განვითარების ხელშემწყობი კონკრეტული პროგრამები (განისაზღვროს პრიორიტეტული მიმართულებები და კონკრეტული პროგრამების შეთავაზებით შემუშავდეს დაფინანსების კონკრეტული მოდელი);
- სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის აქტივიზირების ხელშეწყობით უნდა ხორციელდებოდეს საზოგადოების ინფორმირება და აგიტაცია-პროპაგანდა;
გლობალური კიბერსაფრთხეების გარდა, ხაზგასასმელია აღინიშნოს საქართველოს პოლიტიკური კიბერსივრცის ლოკალური გამოწვევები, მათ შორის:
- ინფორმაციული ზეგავლენის მქონე ტექნოლოგიებით გავრცელებული არაზუსტი ინფორმაციები. ქვეყანაში არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ეთიკური სტანდარტებით ფასდება, ხოლო არაზუსტი ინფორმაციის გამავრცელებელს კანონით არ სჯიან;
- დაბრალება-ცილისწამებისა თუ შანტაჟის ტექნოლოგია, რაც ნეგატიურ პოლიტიკურ კამპანიას მიეკუთვნება. აღნიშნულ მოცემულობას შეცდომაში შეჰყავს ამომრჩეველი და ქმნის პოლიტიკურ ქაოსს. შედეგად კი ისევ ძველი პოლიტიკა სარგებლობს;
- საკადრო პოლიტიკის არაეფექტიანობაზე საუბარი "უსამართლო კრიტიკად" ფასდება. ქვეყანაში აყალიბებენ ერთგვარ აზრს, თითქოს პოლიტიკური გარემო და არსებული პოლიტიკური რესურსი არის შეუცვლელი, ხოლო ახალი პოლიტიკური რესურსი არის გამოუცდელი და მერკანტილური ინტერესების მქონე. ასევე, დაკნინებულია ახალგაზრდა კადრების როლი, იგნორირებულია მეცნიერ-მკვლევართა რესურსი. ჯამში, ვერც თვითონ ქმნიან მძლავრ სახელმწიფო სისტემას და არც სხვას აძლევენ გასაქანს;
- პოლიტიკური და ადმინისტრაციული ქაოსის გადაფარვა ხდება მოძველებული პოლიტიკური ტექნოლოგიებით, გაძლიერებული აგიტაცია-პროპაგანდით, ახალი პოლიტიკური რესურსის იგნორირებით, "ტაშ-ფანდურითა და პოლიტიკური შეფასებების" საფუძველზე პოლიტიკურად სასურველი აზრის ჩამოყალიბებით;
- ჯამში, ძველი პოლიტიკური ტექნოლოგიების შედეგს წარმოადგენს საზოგადოების უნდობლობა, გაუფასურებული პოლიტიკური რესურსი და სიტყვა.
ჯამში, როგორც სახელმწიფოს კიბერსივრცის თავდაცვისუნარიანობის ზრდის მიზნით, ისე საზოგადოების უსაფრთხოებისა და გარემოს გაჯანსაღებისათვის, საჭიროა:
- კიბერსივრცის საფრთხეებზე ზრუნვა საზოგადოების სამივე სექტორის თანამშრომლობით:
- სახელმწიფოს კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთი უწყება (რომელიც საზოგადოებას კიბერგამოწვევებზე გაუწევს კონსულტაციას, გამოიძიებს ინტერნეტ-კრიმინალს, შეამოწმებს საეჭვო საიტებს, ბავშვებს დაიცავს არასასურველი კონტენტისაგან, დაიცავს ინტერნეტ-მომხმარებლების უფლებებს);
- კიბერპატრულის, კიბერრეზერვისა და კიბერარმიის შექმნა, რომლის კოორდინაციაც უნდა განახორციელოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა;
- მკაცრი საკანონმდებლო კონტროლი განხორციელდეს კიბერაქტივობაზე, კიბერკრიმინალის მასშტაბისა და დონის შესაბამისად;
- ინტერნეტ-საზღვრების იურისდიქციის პრობლემების გადაჭრისათვის საჭიროა საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა (მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ მხოლოდ სხვა ქვეყნების იმედად ვიყოთ);
დაბოლოს, ქვეყანაში საუბრობენ მხოლოდ კიბერსივრცის თავდაცვით ღონისძიებებსა და პრევენციის მექანიზმებზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს ასევე სჭირდება კიბერთავდასხმისა თუ თავდაცვის გეგმა ქვეყნის უსაფრთხოების ძლიერებისათვის (მხოლოდ კიბერკრიმინალთან და კიბერტერორიზმთან ბრძოლის მიზნით).
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძე