შოთა ჩხეიძე, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ხალხის მიერ ე.წ. ვარდების ხელისუფლების ქვეყნის მმართველობიდან ჩამოშორების დროს ხანშიშესული ადამიანების პენსია შეადგენდა 75-125 ლარს თვეში (სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის). ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე პენსია გათანაბრდა და ყველას 150 ლარი დაენიშნა.
ხელისუფლების განცხადებამ, რომ პენსია 2015 წლის სექტემბრიდან მოიმატებდა 10 ლარით, დიდი მითქმა-მოთქმა და მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც მოჰყვა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არაადეკვატური და უხამსი გამოსვლები პრესისა თუ ტელევიზიების საშუალებით, პენსიონერების წაქეზება და სხვა. ეს აჟიოტაჟი შემდეგაც არ შეწყვეტილა და განმეორდა წელსაც, როდესაც პენსია 20 ლარით გაიზარდა.
გაოცებას იწვევს ჩვენი საზოგადოების ზოგიერთ ცნობილ წარმომადგენელის, სერიოზული ექსპერტის მოსაზრება, როდესაც 20-ლარიანი მატება "პენსიონერების აბუჩად აგდებად მიაჩნია", ზოგი კი "ლარის გაუფასურებით გამოწვეული დანაკარგის კომპენსაციად" თვლის.
ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ადეკვატურად აანალიზებს იმ გარემოებას, თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა ქვეყანა ახალმა ხელისუფლებამ და აცნობიერებს იმ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს, რაც ამ 3 წელიწადში გატარდა, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში. პენსიონერთა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილია, ვინც მარტო ცხოვრობს ან მის კმაყოფაზე მისი ოჯახის რომელიმე წევრია. ასეთი კატეგორიის ადამიანებს ხელისუფლებამ სოციალური დახმარება გაუორმაგა. ამასთან, ფულადი დახმარება მისცა გაჭირვებულ ოჯახებსაც.
მინდა მივმართო ქვეყანაში მცხოვრები პენსიონერების დიდ უმრავლესობას, რომლებიც ოჯახში, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ და განსაკუთრებით მათ, ვინც პენსიის მომატებით (რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 250 მლნ ლარი დაიხარჯება) უკმაყოფილოა:
- ოჯახში თუ გყავთ შვილიშვილი ან შვილთაშვილი (ღმერთმა გამრავლოთ!) და საბავშვო ბაგა-ბაღში ფულს აღარ იხდით (საშუალოდ 80-100 ლარს), ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
- თქვენს შვილიშვილს რომ სკოლის სახელმძღვანელოებს (300 ლარის ფარგლებში) უფასოდ აძლევენ, ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
- თქვენს შვილს ან შვილიშვილს უმაღლესში 21 სპეციალობაზე სწავლის საფასურის გადახდა რომ არ მოუწევს (საშუალოდ 2000-2500 ლარი წელიწადში), ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის? (ამასთან, სტუდენტების 50% იღებს შეღავათებს სწავლის საფასურში).
- თქვენი ოჯახის წევრი თუ სკოლის მასწავლებელია, მას რომ თავიდან 80 ლარი დაუმატეს ხელფასზე და მომავალი წლიდან კიდევ 50 ლარს მისცემენ, ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
- თქვენი ოჯახის წევრი თუ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, მას რომ 20-25%-ით გაუზარდეს ხელფასი, ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
- თუ თქვენი ოჯახის წევრი საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებში დაღუპულია, მის ოჯახს რომ ერთჯერადად 100 000 ლარი და 1000 ლარი მისცეს ყოველთვიური დახმარება, ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
- თუ თქვენი ოჯახის წევრი წარმატებული სპორტსმენია, მას რომ მატერიალური წახალისება გადასცა ხელისუფლებამ (სულ გაიცა 17 მილიონზე მეტი ლარი), ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
- თუ სოფლად ცხოვრობთ, თქვენს შვილიშვილს რომ უფასოდ მოემსახურება ავტობუსი, ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის? (1000-ზე მეტ სკოლის 53 000 მოსწავლეს მოემსახურება ავტობუსი).
- თუ თქვენი შვილიშვილი პროფესიულ საჯარო კოლეჯში სწავლობს ან ისწავლის, მას რომ მთლიანად დააფინანსებს სახელმწიფო (უკვე დაფინანსებულია 9000 სტუდენტი), ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
- თქვენი ოჯახი თუ სოფლად ცხოვრობს და თქვენ ისარგებლეთ მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით (ამ 4 წლის განმავლობაში ხომ 4-ჯერ უსასყიდლოდ დაგიხნეს მიწა და ასევე უსასყიდლოდ გადმოგცეს თესლი, შხამქიმიკატები, ვეტერინარული პრეპარატები, სასუქები, ასევე აპირებენ ამ ღონისძიებების გაგრძელებას შემდგომშიც), ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
- თუ თქვენ ქალაქში ცხოვრობთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რომ შეღავათით ისარგებლეთ (40 თეთრის ნაცვლად 20 თეთრით), ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
- თუ თქვენი ოჯახი მრავალშვილიანია, ყოველ მე-3 და შემდგომ ბავშვზე, 2 წლის ასაკამდე რომ ოჯახი 200 ლარს (მთაში) ან 150 ლარს (ბარში) მიიღებს, ასევე მშობიარობაც რომ უფასო გახდა, ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
-მთელი თქვენი ოჯახის წევრები რომ უფასო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს (ვიზიტი ექიმთან, ანალიზები, დიაგნოსტიკური კვლევა, ოპერაცია 15 ათასი ლარის ფარგლებში) და მომავალში კიდევ უფრო ფართო სამედიცინო მომსახურებაა დაგეგმილი, ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის? (უფასო საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა ბევრ განვითარებულ სახელმწიფოებსაც კი არა აქვთ, ეს ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული მოწადინებით მოხდა).
- ყველა პენსიონერს რომ წელიწადში ერთხელ შეუძლია 100 ლარის საფასურის მედიკამენტების შეღავათიან ფასებში მიღება, ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
- თუ თქვენ მთიან რეგიონში ცხოვრობთ, პენსია დაგენიშნებათ 216 ლარი, შეღავათიან ფასებში მიიღებთ ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს; თუკი ხელს მოკიდებთ სამეწარმეო საქმიანობას, არ გადაიხდით გადასახადებს, ეს თქვენი პენსიის მომატება არ არის?
სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. მე ჩამოვთვალე მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც უშუალოდ სოციალურ სფეროს: ფულით დახმარებას ან მის დაზოგვას ეხება.
უამრავია ის ღონისძიებები, რაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას ემსახურება: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება (გაზის გაყვანა, ელენერგიით მომარაგება, იქ სადაც საერთოდ არ იყო, გზების დაგება, წყლის არხების რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა, რომლებზეც მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა). აღსანიშნავია აგრეთვე რამდენიმე ათასი ლტოლვილისათვის და სოციალურად დაუცველთათვის უსასყიდლოდ ბინების გადაცემა, ფულადი დახმარებები და სხვ.
რაც შეეხება საერთოდ პენსიას, ის, რასაც ჩვენი ხანშიშესულები იღებენ, ეს პენსია საერთოდ არ არის. ეს თავისებური შემწეობაა, რადგან პენსია, როგორც ასეთი, უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას, რაც გულისხმობს: ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში დაბალანსებულ კვებას, გადასახადების გადახდას, ჩაცმა-დახურვას, კულტურული ღონისძიებებით სარგებლობას, ნორმალურ დასვენებას და სხვ. პენსია არ უნდა ჩამორჩებოდეს საარსებო მინიმუმს. ჩვენთან საარსებო მინიმუმი თითქოს 165 ლარამდეა და პენსიაც მას გაუტოლდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ხელოვნურადაა შეკვეცილი (კასტრირებული). ნორმალური პენსია 10-ჯერ და მეტჯერ გადააჭარბებს აღნიშნულ სიდიდეს, რასაც ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს მთელი რიგი რეფორმების გატარების შედეგად.
მაგალითად, საფრანგეთში, გერმანიაში და ბევრ ევროპულ ქვეყანაში პენსია ჩვენი ვალუტით 2500-3000 ლარს აჭარბებს, ლუქსემბურგში კი - 7700 ლარია(!). საარსებო მინიმუმი ნორვეგიაში - 2100 ევროა, აშშ-ში - 900 დოლარი, ჩვენთან კი - 164 ლარი.
როგორც ხედავთ, ჩვენ ძალიან შორს ვართ სასურველ ცხოვრებასთან. აფწ-ს მონაცემებით (2011წ.) საქართველოში 80% ღარიბ-ღატაკია (45% - ღარიბი, 35% - ღატაკი). ჩვენ უღარიბესი ქვეყნების მე-6 ბოლო ჯგუფში ვართ ნიგერიასთან და უგანდასთან ერთად (2011წ.). ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანმრთელობა დაინგრა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღებიდან საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებთან და ცენტრთან ინტეგრირებული სისტემისა და დაფინანსების მყისიერი მოშლის შედეგად. განსაკუთრებით რღვევის პროცესი გაღრმავდა 90-იანი წლების პირველ ნახევარში (სამოქალაქო ომი, ეთნოკონფლიქტები და სხვ.). 1997-98 წლიდან დაიწყო ქვეყნის რეაბილიტაციის პროცესი, რომელმაც გაგრძელება ვერ ჰპოვა ვერც ერთ დარგში "ვარდების ხელისუფლების" პერიოდში, პირიქით, ყველაგან მოხდა უკუსვლა და მივედით ზემოაღნიშნულ მდომარეობამდე.
ახალი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად შეინიშნება წინსვლა სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 3 წელიწადში პენსიონერთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ადგილი აქვს მათ რაოდენობრივ ზრდას, რასაც უფასო საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის ხელმისაწვდომობას უნდა ვუმადლოდეთ. პენსიონერთა რიცხვი გაიზარდა 40 ათასით, ეს ხომ ის კონტიგენტია, რომელიც უსახსრობის გამო ვერ მიიღებდა სამედიცინო მომსახურებას და განწირული იყო სასიკვდილოდ. სპეციალური, უფასო სამედიცინო პროგრამის განხორციელების შედეგად სიკვდილს გადაურჩება და ნორმალურ ცხოვრებას განკურნებული დაუბრუნდება ს ჰეპატიტით დაავადებული 200 ათასი საქართველოს მოქალაქე (თითოეული ავადმყოფის განკურნება 80-100 ათასი დოლარი ჯდება)!
აღსანიშნავია აგრეთვე უპრეცედენტო ფაქტი, რომ 2016 წლის ბიუჯეტის მესამედი სოციალურ პროექტებს ეთმობა.
მიუხედავად აღნიშნული ღონისძიებებისა, ჩვენი ქვეყანა ამერიკული კომპანიის "გელაპის" კვლევების მიხედვით ცხოვრების დონის მხრივ 135 ქვეყანას შორის სირიის, ავღანეთის, ჰაიტის, კონგოს, უგანდას გვერდით აღმოჩნდა.
ამრიგად, ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ კეთილდღეობისგან და ცხოვრების ნორმალურ დონესთან, მაგრამ რაც მთავარი და აღსანიშნავია, ცხოვრების დონის ზრდის ტენდენცია ნამდვილად შესამჩნევია, რაც უკეთესი მომავლის იმედს გვაძლევს.
უნაკლო ან უშეცდომო საერთოდ არავინაა. მეც მაქვს გარკვეული შენიშვნები ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით სამართლიანობის დამკვიდრების გაჭიანურებისა და ზოგიერთი ღონისძიების მიმართ, მაგრამ სოციალურ სფეროში (კერძოდ, პენსიონერთა, სოციალურად დაუცველთა, ლტოლვილთა მიმართ) ძალიან ბევრი გაკეთდა და მათ პრეტენზიებს და მოუთმენლობას უმადურობად ვთვლი.
ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ მე ხელისუფლების წარმომადგენელი არ გახლავართ, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, გული მატკინა ზოგიერთის უმადურობამ, რაც ამ საკითხში მათი გაუთვითცნობიერებით უნდა აიხსნას. ინფორმაცია, რაც მოგაწოდეთ, ხელმისაწვდომია ყველასთვის, იწერება გაზეთებში, არის ინტერნეტში მოთავსებულ წლიურ ანგარიშებში და დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ იხილოთ.
მოგიწოდებთ, რომ არ აჰყვეთ პროვოკატორებს, რომლებმაც აირჩიეს ახალი ხელისუფლების კომპრომენტირების, საკუთარ ხალხში და მსოფლიოს თვალში სახელის გატეხვისა და დამცირების გზა მოგონილი, უსაფუძვლო ცილისწამებისა და ლანძღვა-გინების გამოყენებით, რითაც შეცდომაში შეჰყავთ უცხოეთის პასუხისმგებელი, ავტორიტეტული პირები. მათი დახმარებით ხელს უშლიან ხელისუფლების მიერ სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას, დამნაშავეთა დასჯას, ყოველივე ეს კი ამუხრუჭებს და აფერხებს ქვეყნის განვითარებას.
უდავოა ის ფაქტი, რომ მძიმე ავადმყოფი ურთულესი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მეორე, მესამე დღესვე ფეხზე ვერ დადგება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის რეანიმაციის, შემდეგ კი რეაბილიტაციის პროცესებს გადის. აი, ამ პირობებშია დღეს ჩვენი ქვეყანა, რომელმაც ძალზე მძიმე ავადმყოფობა, ურთულესი პერიოდი გაიარა.
ჩვენი ვალია ობიექტურად შევაფასოთ საქართველოს მდგომარეობა და ხელისუფლების ხვედრი, თავი დავანებოთ უსაფუძვლო ბრალდებებს, ყველანი ჩავერთოთ დაწყებულ ქვეყნის აღმშენებლობაში და გავხადოთ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.