მოსაზრება
13.07.2016

როგორც მთელი საქართველოს ისტორია, ხევსურების ისტორიაც ერთი მთლიანი ბრძოლის ისტორიაა. ჩრდილოეთი საზღვრისპირა კუთხე მუდამ მზადყოფნაში იყო და თავიანთი ცხოვრების წესიც ამ ტრადიციებზე ჰქონდათ მოწყობილი. ხევსურების ცხოვრების წესი ბუნებრივი ქართველი მესაზღვრეების ცხოვრების წესია, რომლის დავიწყება და უგულელებყოფა ნამდვილად არ შეიძლება.

საქართველოს წარსულის ცხოვრებიდან ხევსურების აქტიურობა ყოველთვის საინტერესოდ იყო წარმოდგენილი. ქართულ გენოფონდშიც მთიელი მოსახლეობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და უნდა შეასრულოს მომავალშიც. მთის მოსახლეობა მტკიცედ იცავდა ძველ ტრადიციებს და ძველი ქართული კულტურის, სხვადასხვა სფეროს ცოცხალი მატიანეა დღემდე.

თავისუფლების მოყვარე ეთნიკური ქართველები, ხევსურები (ადრე ფხოველები) თავისი უძველესი მონოთეისტური იბერიულ-ქართული რწმენის დასაცავად შუა საუკუნეების ფეოდალების წინააღმდეგაც გამოდიოდნენ და ქართული სახელმწიფოსთვის ბრძოლაშიც ბევრი წვლილი მიუძღვით.

გიგაურთა გვარი გამოდიოდა: ქართლის სამეფოს ლაშქრის მემარჯვენედ და მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა და შუაგულ სადროშოებში, კახეთის სამეფოს ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

მამა-პაპეული მიწა-წყალი მუდამ აძლევდა ადგილობრივ ხალხს თავისი არსებობის მთავარ სასიცოცხლო დვრიტას.

სხვა ხევსურებთან ერთად სოფელ ბლოს გიგაურებიც მუდამ აქტიურები არიან. სოფელ ბლოს სამი მნიშვნელოვანი სალოცავია - "მუხის წმიდა გიორგი", "მიქაელ-მთავარ ანგელოსი" და "გიორგი მგზავრის ანგელოსი" (ხალხის შემოწირულებით ორი სალოცავის დარბაზი აშენდა და გადაიხურა კიდეც).

გადმოცემით ყოფილან ოთხი ძმანი: ზვიადა, გიგა, თეთრა, წოწკა. ამ სახელებიდან წამოსულია სხვადასხვა ხეობის გვარები, რომელთაც დასაბამი დაუდეს კიდევ სხვა გვარებს. არსებობდა ტრადიცია "საგიგაურო", რომელთა შემოწირულობით აშენებულია გორში, სოფელ ბერბუკში მთავარანგელოსის ეკლესია. გიგაურების ბუდე სოფელია ბლო, რომელიც პირაქეთ ხევსურეთის არხოტის მთის სამხრეთ მხარესაა. იგი წყალსიქითის თემს ეკუთნის.

გველეთელი და ბლოელი გიგაურების განაყარი შტოებია ქსანში: თორელაშვილები, მაწიაშვილები, მამამთავრიშვილები, როსტევანიშვილები, გათენაშვილები, ჭოხურები, გაბრიელაშვილები, ხრიკულები, პავლიაშვილები.

არაგვზე: ჩიტაურები, ჯიქურაულები, ციხელაშვილები, კოტორაშვილები, პაპიაშვილები, გოგიშვილები, შალვაშვილები, ბუჩაშვილები, გუდაშვილები, ქადაგიშვილები, პირმისაშვილები, ჯიქურები, ნამგალაურები, ჩანადირები, ჯანგირაშვილები, ლაშაურები ბუჩაშვილები.

ფშავში: ანთაურები.

ცნობილია ისტორიული მებრძოლო ბლოელი გიგაურები: ბიტურათ აბა (ნიახურას ბრძოლის გმირი მე-18 ს.), ბერდია მამუკაური (ოსებთან ბრძოლის გმირი), მალოდინა (ცნობილი ლეკებთან ბრძოლებში), აფშინათ აბა (პირველი მსოფლიო ომის გმირი, "გიორგის ჯვრის" კავალერი). 1924 წლის მოვლენების გამო დასჯილი და ციხეში დაკარგულია 19 წლის გიგი ომიკას ძე გიგაური. გიგაურები მონაწილეობდნენ 1990-იან წლებში საქართველო-რუსეთის სამამულო ომშიც (აფხაზეთი), სადაც დაიღუპა ერთი მებრძოლი - კობა გოგიას ძე გიგაური (დედოფლისწყარო).

სოფელი ბლო პირაქეთ ხევსურეთის სოფელ როშკიდან 5 კილომეტრშია და დღევანდლამდე სამანქანე გზის გარეშეა დამრჩალი. 1926 წლის აღწერით ამ სოფელში 28 კომლი ცხოვრობდა (111 სული).

1949 წლიდან სოფ. ბლოს ერთი მცხოვრები იყო შემორჩენილი (ჩაჩაურ გიგაური), რომელიც ერთი იმედიღა იყო დამრჩალი, ჩამოსახლებული ბლოელი გიგაურებისთვის და არა მარტო მათთვის. კომუნისტების მიერ ჩამოსახლებული ხევსურები და მათ შორის ბლოს მცხოვრებლები მწარედ იხსენებენ მიტოვებულ მამა-პაპეულ სახლ-კარს.

1988 წელს იმდროინდელ გზათა მოწყობის სამინისტროში (მინისტრი ი. სარალიძე) შევიტანეთ ხალხის ხელმოწერილი თხოვნა, რათა ბლოს სამანქანო გზა ასულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ასევე უყურადღებოდ დარჩა რამდენჯერმე სარაიონო დონეზე დასმული საკითხი ამავე საქმესთან დაკავშირებით.

2005 წლიდან უგზოობისა და უყურადღებობის გამო ჩაჩაურ გიგაურიც ჩამოსახლდა დაბა ჟინვალში. ერთერთი უძველესი მებრძოლი გვარის სოფელი მიტოვებული გახდა დღეს და შველას ითხოვს. ამ სოფლისთვის გზის გაყვანა ნამდვილად დააბრუნებს რამდენიმე ოჯახს და ისევ სიცოცხლე დაბრუნდება შავი არაგვის სათავესთან, იმ სოფელში, სადაც ბევრი ნასახლარი და რამდენიმე უბანი არსებობდა - აბაბუხნა, ქალქვისთავი, ჭალაისკარი. სოფლის ტერიტორიაზე შეიძლება ელექტროჰესების აგება და სასოფლო მცირე მეურნეობის მოწყობა.

სოფლის ერთ-ერთი უბანი, ქალქვისთავი ალპურ ზონაშია და გამოირჩევა ბუნებრივი წყაროებით და აქვს თავისი საძოვრები. ამ სოფელში გზის მიყვანა ბევრად წაადგება ამ გვარის წარმომადგენლებს და მთლიანად ხევსურეთსაც. ამ სოფელში გზის მიყვანა არ გააფუჭებს ბუნებრივ ლანდშაფტს და არ დააზიანებს ტყეებს (გზის მარშრუტი: როშკა-ბლოღელე-ქალქვისთავი).

სოფელთან გზის მიაახლოების მომხრეა მთელი მოსახლეობა, რომელიც გაფანტულად ცხოვრობს კახეთის სხვადასხვა რაიონში. ჩვენი მონაცემებით - 78 ოჯახი.

თითოეულ გვარს, ღრმა წარსულიდან, თავისი მითოსი და ტრადიციები აქვს შემონახული, რომელიც მთლიანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი თხოვნაა, რომ ხევსურეთის სოფ. ბლოს მეტი ყურადღება მიექცეს, რათა დღევანდელმა დღის სიკეთემ აქაც იზეიმოს და ხალხსაც აგრძნობინოს მხარში დგომა.

პატივისცემით,

გიორგი გიგაური

ხელოვნებათმცოდნე-სკრიპტოგრაფი, ე. თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი

წერილს დამატებული აქვს 50 მდე ხელომოწერა.

P.S.. ეს წერილი თავისი ხელმოწერებით რამდენიმე სამთავრობო სამსახურში იქნა შეტანილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ბიუჯეტზე არავინ იფიქრა. მთაში ხალხის დაბრუნება და მთის რეგიონის სწორად გაძლიერება მთელი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება და იმედია, ამაზე მომავალში მაინც იფიქრებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×