თვალსაჩინო მეცნიერმა, სასახელო პიროვნებამ, აკადემიკოსმა ომარ ქეშელაშვილმა მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერთა შორის და დიდი ავტორიტეტიც მოიპოვა.
1968 წელს დაიცვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1978 წელს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მინიჭებული აქვს პრო-ფესორის წოდება. 1995 წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1966 წლიდან მუშაობდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილედ. 2006 წლიდან დირექტორად, 2007 წლიდან 2011 წლამდე აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორია, შემდეგ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმღვანელი.
1991-2011 წლებში იყო, მის მიერვე დაფუძნებული საქართველოს ბიზნესის უნივერსიტეტის რექტორი.
ამჟამად არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყო-ფილების აკადემიკოს-მდივანი, ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიის ჟურნალ "მოამბის" პასუხისმგებელი რედაქტორი.
აკადემიკოსმა ომარ ქეშელაშვილმა, თავისი გამოკვლევებით ახალი მიმართულებები შექმნა ქართულ აგრა-რულ-ეკონომიკურ მეცნიერებაში. მან, პირველმა მოგვცა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ქიმიური საშუალებების გამოყენების ეკონომიკური შეფასება და დაადგინა მცენარეთა მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვრები. მან საფუძელი ჩაუყარა სოფლის მეურნეობაში სამეურნეო რისკის მართვის პრობლემების კვლევას.
აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის ზონალური სქემის შედგენაში. მის მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევების საფუძველზე, 2009 წელს, საქართველოს ტერიტორია სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის თვალსაზრისით დაიყო 13 ზონად და 8 ქვეზონად.
მისი თანახელმძღვანელობით, უშაუალო მონაწილეობითა და რედაქტორობით მომზადდა და გამოიცა ავტორთა კოლექტივის კაპიტალური ნაშრომი "რეკომენდაციები საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემების შესახებ"; "სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემების რეკომენდაციები" საქართველოს 15 ტიპიური სასოფლო-სამეურნეო საწარმოსათვის. ამ ნაშრომისათვის მიენიჭა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პირველი ხარისხის პრემია.
2006-2011 წლებში აკად ო.ქეშელაშვილის ხელმძღვანელობით დამუშავდა მრავალწლიური პრიორიტეტული პრობლემა: "საქართველოს აგრარული სექტორის ეკონომიკური ზრდის რესურსული და ინსტიტუციონალურ-მარკეტინგული, ზონალურ-დიფერენცირებული სტრატეგიული სისტემა".
ორიგინალურია და დიდი მოწონებით სარგებლობს მის მიერ მომზადებული და გამოცემული სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები: "აგროსამრეწველო ინტეგრაცია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში", "ბიზნესის ორგანიზაცია"; "ვინ იცის ეკონომი-კა?", "ფემერული მეურნეობის მენეჯმენტი", "ინტელექტუალური საუბრები", "ვერბალური მართვა"; "საქართველოს აგრარული სექტორის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიული სისტემა", "რისკის მართვა ფერმერულ მეურნეობებში", "სამთო სოფლის მეურნეობა (განვითარების სტრატეგია და პრიორიტეტები"; "ბიზნეს გეგმის შედგენის თეორია და პრაქტიკა"; "ეკონომისტისა და ბიზნესმენის ცნობარი", "ეკონომიკური ცოდნის საგანძური", "ინოვაციური სამეცნიერო-გამოყენებითი პროექტები სოფლის მეურნეობის მგრადი განვითარებისათვის"; "საქართველოს სოფლის მეურნეობის ზოგად-ეკონომიკური დახასიათება და სტრატეგიული მიმართულებები"; "სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვი-თარების პროგნოზი".
წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში. აღზრდილი ჰყავს 31 აკად. დოქტორი.
აკად. ო.ქეშელაშვილს გამოქვეყნებული აქვს 750-მდე სამეცნიერო, თეორიულ-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომი, აქედან 40 მონოგრაფია, 9 სახელმძღვანელო. 32 შრომა გამოცემულია საზღვარგარეთ.
აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილის ღვაწლის აღიარება იყო ის, რომ 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2013 წელს მიენიჭა აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის საპატიო წოდება-ეკონომიკის დარგში.
ვულოცავთ ბატონ ომარს საიუბილეო თარიღს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდ შემოქმედებით წარმატებებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია