ასასინები უჩვეულო მამაცობისა და შეუპოვარი ხასიათის გამო ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდნენ. დღეს ისინი ტერორისტებთან არიან გაიგივებულნი, თუმცა, მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრემ თუ უწყის, რომ ეს ის დაჯგუფებაა, რომელმაც პირველი უტოპიური, სოციალისტური სახელმწიფო შექმნა XI ს-ში მაჰმადიანურ არეალში.
შუა საუკუნეების ასასინებს ხშირად ჰაშიშინებად მოიხსენიებდნენ, ეს სახელი მათ არაბული ჰაშიშის მიხედვით შეერქვათ, რაც ჰაშიშის მომხმარებელს, ბალახის მჭამელს ნიშნავს.
იდეოლოგიური ქაოსი მაჰმადიანურ სამყაროში
632 წლიდან, ისლამის ფუძემდებლის მუჰამედის სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრეობა გადადის ხალიფებზე, რომელნიც ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს აწარმოებენ და იმ პერიოდის ცივილიზებული სამყაროს საკმაოდ დიდ ნაწილს იპყრობენ. ამ დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. ისლამის რჯული ორ მიმართულებად იყოფა - სუნიტებად და შიიტებად.
მაჰმადიანთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ მუჰამედის მემკვიდრეობა მხოლოდ მის უშუალო ნათესავებს უნდა რგებოდათ. ასეთად მიაჩნდათ ხალიფა ალი იბნ-მუთალიბი, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიძაშვილი და ამავდროულად სიძე გახლდათ. ამგვარად მოაზროვნე ადამიანები გამოდიან სხვა ხალიფების წინააღმდეგ, რომელთაც არაბთა ხალიფატში ქ|| ს-დან მოყოლებული ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. ისინი არ იყვნენ მუჰამედის უშუალო მემკვიდრეები. სწორედ ეს რეალობა იქცა ერთიანი მაჰმადიანური სივრცის ორ ნაწილად გაყოფის საფუძვლად.
თანდათანობით შიიტებში იკვეთება კიდევ ერთი მიმდინარეობა - ისმაილიტიობა. ისმაილიტები ალის და ფატიმას მიმდევრები იყვნენ, თუმცა თვლიდნენ, რომ მათ შემდეგ ძალაუფლება მერვე ხალიფას, ნიზარს უნდა გადაცემოდა. ნიზარი საკმაოდ მცირე ხანს იყო მმართველი, ის მოკლეს სუნიტებმა. სწორედ ამ ფაქტმა მოუტანა ნიზარს განსაკუთრებული პოპულარობა შიიტებს შორის.
ასე ყალიბდება ყ| ს-ში მაჰმადიანურ სივრცეში ახალი იდეოლოგიური მიმდინარეობა.
როგორ ისაკუთრებდნენ ფატიმიდები ბაღდადის ხალიფას ტიტულს
ამ მრავალფეროვანმა იდეოლოგიურმა წიაღსვლებმა განსაკუთრებული ქაოსი გამოიწვია ეგვიპტეში, რომელსაც ჯვაროსნების მოსვლამდე ფატიმიდები მართავენ. სწორედ ფატიმიდების მმართველობისას ვრცელდება ფარაონთა ყოფილ სამწყსოში შიიზმი.
აქ ხდება კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა - ფატიმიდები ამას არ სჯერდებიან და ბაღდადის ხალიფას, რომელიც სუნიტი იყო და ამავდროულად მიიჩნეოდა მთელი მუსლიმანური სამყაროს მმართველად, აშკარად უპირისპირდებიან. ფატიმიდებმა მოახერხეს ხალიფას ტიტულის უზურპირება და მთელი მაჰმადიანური სამყაროს მბრძანებლად მოიაზრებენ თავს.
ქარიზმატული ჰასან იბნ-საბახის ამბიციური მიზნები
ყ| ს-ის 70-იან წლებში ამ იდეოლოგიური ქარტეხილებისას დაწინაურდა ჰასან იბნ-საბაჰი, ტომით არაბი, საკმაოდ ქარიზმატული პიროვნება. ის ეგვიპტელი შიიტების მოდგმას მიეკუთვნებოდა.
ჰასან იბნ-საბაჰი ირანში გადადის, მისი ცხოვრების პირველი წლების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, არც ის ვიცით, რატომ გადაწყვიტა მან სამშობლოს დატოვება და ჩასვლა ირანში, სადაც თავისი ქარიზმატულობით, ორატორული ნიჭის წყალობით, საკმაოდ ადვილად მოიპოვა პოპულარობა ისმაილიტებს შორის და ჩამოაყალიბა სექტა, რომელიც არ ემორჩილებოდა არც ბაღდადის ხალიფას და არც ფატიმიდებს. მისი მიზანი იყო, შეექმნა სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო.
როგორ დაიფრინა საბაჰმა თურქ-სელჩუკები
ყ| ს-ის 80-ისნი წლებისთვის საბაჰის მომხრეთა რაოდენობა ათასამდეა, 1090 წელს ჰასან იბნ-საბაჰს საკუთარი არცთუ მრავალრიცხოვანი შეიარაღებული რაზმი მიჰყავს დასავლეთ ირანში მდებარე, აღმოსავლეთის ყველაზე მიუვალ ალამუთის ციხესთან. ალამუთი საკმაოდ მაღლა, მთებში მდებარეობს და სპარსულად არწივის ბუდეს ნიშნავს.
ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიოს აზანზარებენ თურქ-სელჩუკები, მათ დაიკავეს ირანი, ასევე წმინდა მიწა, იერუსალიმი. დაიპყრეს მთელი წინა აზია, საიდანაც ავიწროვებენ ბიზანტიის იმპერიას. საქრისტიანოს ერთადერთ იმედად საქართველოღა რჩება, თუმცა, გადამწყვეტ ბრძოლამდე, დიდგორამდე, ჯერ კიდევ 31 წელია.
სწორედ ალამუთის ციხესთან ხდება არაბი ჰასან იბნ-საბაჰის პირველი გამოცდა. ჰასანმა ყველაზე რთულად მისასვლელი ციხე აირჩია (ალამუთი ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს), ამ ციხეს სელჩუკთა მცირე რაოდენობა იცავს, რამდენადაც ისინი იერუსალიმის მისადგომებთან ებრძვიან ბიზანტიის იმპერატორ ალექსი || კომნენოსს და ამ მიზეზით ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ თავიანთი ციხეების დაცვას.
ალამუთის აღებას სულ რამდენიმე ათეული სელჩუკის განადგურება დასჭირდა, საბაჰმა თითქმის უბრძოლველად დაიკავა მეტად მნიშვნელოვანი და ბუნებრივი მდებარეობით რთულად მისაღწევი სიმაგრე. ამ წარმატებამ მისი მომხრთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.
როგორ გააუქმა ჰასან იბნ-საბაჰმა მაჰმადიანური რელიგიის ყველა კანონი
იმავე 1090 წელს, ჰასან იბნ-საბაჰი ოფიციალურად აუქმებს მაჰმადიანური რელიგიის, შარიათის ყველა კანონს, რასაც მოსდევს ისმაილიტების დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადება. ახალი სახელმწიფოს ცენტრი ალამუთია.
ეს მაჰმადიანურ სამყაროში მანამდე გაუგონარი საქციელი გახლდათ, რამაც ნამდვილი შოკი გამოიწვია. მაჰმადიანებისთვის წარმოუდგენელი იყო შარიათის კანონების გაუქმება, მაგრამ უფრო გაუგონარი და სენსაციური ამბავი წინ ელოდა მუსლიმანურ სამყაროს.
ისმაილიტებს საბაჰმა უპრეცედენტო, იმ დროს გაუგონარი იდეოლოგია დაუწესა ალამუთელებს - ყველას ერთნაირად უნდა ეცხოვრა, მოკრძალებულად. იკრძალებოდა ფუფუნება და მრავალცოონიანობა, ასევე არ შეიძლებოდა ტყვის ყოლა, ადამიანებს უნდა ემუშავათ და ერთმანეთის დახმარებისთვის უნდა ეზრუნათ, უნდა ჩამოყალიბებულიყო საზოგადოება, სადაც არც ღარიბი იქნებოდა და არც მდიდარი, თანაბრად უნდა განაწილებულიყო არსებული პროდუქტი...
ამ რეალობამ კიდევ უფრო დიდი პოპულარობა შესძინა ჰასან იბნ-საბაჰს, ეს იყო უტოპიური სახელმწიფოს შექმნის პირველი მცდელობა, აქ გაცხადებული იყო ის პრინციპები, რაც რვაასი წლის შემდგომ სოციალისტური სახელმწიფოს იდეოლოგიური საფუძველი გახდება. არადა, საცნაურია, რომ ეს ხდება ყ| ს-ის ბოლოს და თანაც ისეთ კონსერვატორულ სივრცეში, როგორიც მუსლიმანური სამყაროა.
როგორ ესმოდა ჰასან იბნ-საბახს მაჰმადიანურ რწმენის ერთგულება
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჰასან იბნ-საბაჰის ამგვარ გადაწყვეტილებას მუსლიმანი მმართველების კონსოლიდაცია მოჰყვა ისმაილიტების წინააღმდეგ. ყველანი ზიზღით იყვნენ გამსჭვალული საბაჰის მიმართ.
ჰასან იბნ-საბაჰი საკმაოდ მოკრძალებული, შავი ტანსაცმლით დადიოდა, ესეც საკმაოდ კარგად იყო გათვლილი - შავი ტანსაცმელი ეცვა წინასწარმეტყველ მუჰამედს, მისი დროშის ფერი იყო ასევე შავი, შავი ფერისაა მაჰმადიანთა უდიდესი სიწმინდე - ქვა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, გაბრიელ მთავარანგელოზმა ზეციდან ჩამოუტანა აბრაამის შვილს, ისმაილს, არაბთა მამამთავარს (მწვანე ფერი მაჰმადიანურ სამყაროში თურქ-ოსმალების დროიდან მკვიდრდება).
მაჰმადიანური ფერის, შავისადმი პატივისცემით ჰასან იბნ-საბაჰი მიანიშნებდა ისლამის რელიგიური საფუძვლებისადმი ერთგულებას, რაც მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ისმაილიტების სახელმწიფოს ფარგლები მალე ფართოვდება იმ უბრალო მიზეზით, რომ ღარიბი მაჰმადიანები საბაჰის მხარეს გადადიოდნენ და ისმაილიტები ხდებოდნენ.
წარმოუდგენელი სიტუაცია შეიქმნა - ჰასან იბნ-საბაჰი ფუფუნების წინააღმდეგ გამოდიოდა, ამასთან, თავის მომხრეებს მიანიშნებდა, თუ რატომ უნდა გაძლიერებულიყვნენ. ჩვენ არავის ვუყვარვართ, უფრო მეტიც - ვძულვართ, ამიტომაც უნდა ავაშენოთ ციხესიმაგრეები, გავიყვანოთ გზები, - ასეთი იყო ალამუთის მმართველის მთავარი მოწოდება, რომელიც საკმაოდ რეზონანსული გახდა.
ადამიანებს მიჰქონდათ შესაწირი იმისათვის, რომ მათი სახელმწიფო გაძლიერებულიყო. ამ შესაწირით საკმაოდ დიდი თანხა გროვდებოდა, რაც იმის საშუალებას იძლეოდა, რომ მოეწვიათ იმ პერიოდისთვის საკმაოდ ცნობილი ინჟინრები, მათ შორის ბიზანტიელები, რომელნიც თავდაცვით ნაგებობებს აპროექტებდნენ, ასევე გზების გაყვანაში ეხმარებოდნენ ისმაილიტებს. გარდა ამისა, ამ ნებაყოფლობითი შენაწირით საბაჰმა რამდენინე ციხესიმაგრე იყიდა ირანში, სირიასა და ლიბანში.
თავად იბნ-საბაჰი საკმაოდ მდიდარი და განათლებული არაბი იყო, იცოდა რამდენიმე ენა. მან თავისი ქონება ემისრებს მისცა, რომელნიც მოგზაურობდნენ მაჰმადიანურ ქვეყნებში, ასევე ბიზანტიაში, საიდანაც უნიკალური წიგნები ჩაჰქონდათ, იბნ-საბაჰს უნიკალური ბიბლიოთეკა ჰქონდა, ეს ბიბლიოთეკა განადგურდა მაშინ, როცა მონღოლებმა 1258 წელს აიღეს ალამუთის ციხე.
მკვლელობა, რომელიც პირველი ტერორისტული აქტის საბაბი გახდა
ალამუთის სამეფოს ორიოდ წელი მშვიდობიანი გარემოში მოუწია არსებობა, თუმცა, ცხადი იყო, რომ მუსლიმანთა საყოველთაო ზიზღი ალამუთისადმი ადრე თუ გვიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, რამდენადაც არავინ მალავდა იმ აზრს, რომ ალამუთი უნდა დაცემულიყო.
მანამდე კი იყო მშვიდობიანი ქადაგება, რაც მაჰმადიანურმა გარემომ ვერ აიტანა. ქალაქ სავაში მცირე აზიაში მდებარე თურქ-სელჩუკთა ქალაქში 1092 წელს სუნიტების ბრბომ ცოცხლად ჩაქოლა ისმაილიტი, რომელიც მოუწოდებდა ხალხს, გადასულიყვნენ იბნ-საბაჰის მხარეს და ალამუთში დაედოთ ბინა.
სწორედ ეს მკვლელობა გახლდათ მთავარი გამოწვევა, რისთვისაც ჰასან იბნ-საბაჰს და ალამუთის სამეფოს პასუხი უნდა გაეცა. სწორედ ამ გარემოში მზადდება პირველი ტერორისტული აქტი თურქ-სელჩუკების მთავარი იდეოლოგი და უაღრესად პროგრესული და განათლებული მოღვაწე ნიზამ ალ-მულქი რომ შეიწირა...