მოსაზრება
04.07.2016

დღეს, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ღონისძიების დაწყებამდე ზუსტად 30 დღით ადრე, ბრაზილიას თამამად შეუძლია თქვას: "ჩვენ მზად ვართ, ვუმასპინძლოთ პირველ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს სამხრეთ ამერიკაში".

ოლიმპიური სოფელი, რომელიც 17.000 მონაწილე სპორტსმენს უმასპინძლებს, რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, რომელიც ეს-ესაა გაიხსნა. ყველანაირი სპორტული ნაგებობა თუ აღჭურვილობა, განსაკუთრებით, ბარა და ტიჟუკას ოლიმპიური პარკის შემოგარენი, უკვე მზადაა.

ქვეყანამ მყარი უსაფრთხოების პროგრამა შექმნა, სადაც ფედერალური, სახელმწიფო და მინუციპალური მთავრობიდან 85 000 პერსონალს მოუყარა ერთად თავი იმის საგარანტიოდ, რომ სპორტული ღონისძიებები სრულ სიმშვიდესა და მშვიდობიან გარემოში გაიმართება.

ამ უსაფრთხოების პროგრამის კონტინგენტი ინტეგრირებულად იმუშავებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, სპორტსმენების, მწვრთნელების, სახელმწიფო მმართველების, სამთავრობო წარმომადგენლების, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ჟურნალისტების ზედამხედველობაზე.

ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბრაზილია მთელ მსოფლიოს უჩვენებს, თუ რამდენად თბილად შეუძლია მიიღოს სტუმრები და ამავე დროს წარმოაჩინოს მისი საორგანიზაციო უნარები უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ასეთი საერთაშორისო დონის მეგაღონისძიებების მასპინძლობის დიდი გამოცდილება შეიძინა. ჩვენ ვუმასპინძლეთ მსოფლიო ჩემპიონატს, პანამერიკულ თამაშებს, მსოფლიო სამხედრო თამაშებს, მსოფლიო ახალგაზრდობის დღეს და ფიფას კონფედერაციის თასს.

ყველა მოპოვებულ წარმატებას ჩვენ მივაღწიეთ სრულყოფის, თავდადებისა და ბრაზილიური ხალისიანი ცხოვრების სტილით. ახლა კი კიდევ ერთი წარმატება გველოდება. ეს თამაშები აჩვენებს მსოფლიოს, თუ როგორია ერთ-ერთი უდიდესი გლობალური ეკონომიკის ქვეყანა დემოკრატიის სამსახურში: ქვეყანა, რომელსაც უდიდესი ბიზნესპოტენციალი აქვს და ამავე დროს უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის სტანდარტებით გამოირჩევა.

რიო დე ჟანეიროში დაახლოებით 500 000 ვიზიტორს ელოდებიან ქვეყნის შიგნით თუ გარედან. ამასობაში კი არც სხვა ხუთ საფეხბურთო ქალაქს: სან პაოლოს, სალვადორს, მანაუსს, ბრაზილიასა და ბელო ორიზონტეს დააკლდება ადგილობრივი თუ უცხოელი ფანები. ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა ბრაზილიისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია: პირველი, როგორც კეთილმოწყობის წყარო და მეორე - უდიდესი ეროვნული სიმაყის.

უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიური თამაშების მოწყობაში ჩადებული 7.07 მილიარდი რეალის 60% დაფინანსებულია კერძო სექტორის მიერ. ეს ძალისხმევა და ეს რესურსი მთელ ქეყანას დარჩება, როგორც მონაპოვარი.

მაგალითად, ეს თამაშები მთელ ბრაზილიაში ხელს შეუწყობს სპორტის სფეროსთვის დამახასიათებელი ისეთ ღირებულებების გავრცელებას, როგორიცაა თანამშრომლობა, სოლიდარობა, დისციპლინა და მდგრადობა.

ხოლო, უფრო კონკრეტული სარგებელი ბრაზილიელებისთვის იქნება ის, რომ მთელ ქვეყანაში ხუთ სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში დარჩება მსოფლიო კლასის სპორტული ნაგებობები და მოწყობილობები, რომლებიც შემდგომში ხელს შეუწყობს ეროვნული სპორტის განვითარებას დამწყები თუ მაღალპროფესიული სპორტსმენებისთვის.

საბოლოოდ, რიო დე ჟანეიროში თამაშებმა დიდი გავლენა მოახდინეს საჯარო პოლიტიკის განხორციელებაში, რაც, თავისთავად გამოიწვევს ქალაქის სწრაფ განვითარებას, გაფართოებას და ასევე ბიძგი იქნება ბევრი ახალი მუნიციპალური ინფრასტუქტურული პროექტისთვის. აშკარაა ამ პოლიტიკის პირდაპირი, დადებითი გავლენა ქალაქის მცხოვრებლების ცხოვრების დონეზე.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხმები დადის, რომ შესაძლოა თამაშების დროს გახმაურებული ვირუსი ზიკა გავრცელდეს. ჩვენ შეგვიძლია დაგარწმუნოთ, ისევე, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვარწმუნებს, რომ თამაშების დროს ზიკას გავრცელების რისკი ფაქტობრივად ნულის ტოლია. ისტორიულად, ზამთრის პერიოდში მწერი ფუვუთ ფუპნზეშ-ის მიერ გავრცელებულ დაავადებათა ფაქტების ძალიან ცოტა რაოდენობაა დაფიქსირებული. მართლაც, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული.

გავიხსენებდი მსგავს წინასწარმეტყველებას ეპიდემიის თაობაზე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც 1.4 მილიონი უცხოელი ვიზიტორი მივიღეთ ქვეყანაში. არანაირი ეპიდემია არ ყოფილა. დღესაც ტურისტებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ ოლიმპიური თამაშების დროს მათთვის შექმნილია ჯანმრთელობის ოპტიმალური პირობები.

ბრაზილია მზადაა, მიიღოს ყველა გულშემატკივარი და ვიზიტორი, ვინც სიამოვნებით დაესწრება მსოფლიოს ელიტარული სპორტსმენების თამაშებს. ამავე დროს, რა თქმა უნდა, გვექნება კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ვაჩვენოთ ეს თამაშები ხუთ მილიარდ ადამიანს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ამ ყველაფერს ტელევიზორით ადევნებენ თვალს.

ბრაზილია მთელი გულით გელოდებათ!

მიშელ ტემერი (ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×