ია აბულაშვილი
30.06.2016

 არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების მოწამებრივი სიკვდილის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება.

დღევანდელ სტატიაში ჩვენს მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი მათი ცხოვრებიდან, რომელიც ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში დაუწერიათ, თუმცა ძველმა თხრობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია, სადღეისოდ კი ცნობილია მე-12 საუკუნეში შექმნილი მათი "ცხოვრება", რომლის ავტორიც ძველ წყაროებს ეყრდნობა.

იქ აღწერილია, თუ როგორ შეებრძოლნენ არაგვეთის მთავრები ქართველთათვის დაუნდობელ მტერს, არაბთა ერთ-ერთ სარდალ მურვან ყრუს, როგორ არჩიეს ძმებმა მოწამებრივი სიკვდილი სამშობლოს ღალატს, როგორ დაკრძალეს ისინი მდინარე წყალწითელას ნაპირზე, სადაც შემდეგ მათ სახელზე ააგეს მოწამეთა ეკლესია.

"ცხოვრება დავით და კონსტანტინე მხეიძეებისა"

"მე-8 საუკუნის დამდეგს არაბებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი მთელ საქართველოში, განსაკუთრებით მძიმე ქართველთათვის ის პერიოდი აღმოჩნდა, როცა არაბთა ხალიფამ საქართველოში მონა ქალისგან ნაშობი თავისი ძე მასლამა გამოგზავნა.

მასლამა მკაცრი და დაუნდობელი მმართველი იყო და მისი მრავალრიცხოვანი ჯარი ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლას და ხარაზებთან ბრძოლასაც ახერხებდა.

როცა მასლამა ხალიფამ დამასკოში გაიწვია, მან თავის ნაცვლად კავკასიაში ხალიფას ბიძაშვილი მურვან იბნ-მუჰამედი დატოვა, რომელსაც დაუნდობელი ხასიათის გამო ქართველებმა ყრუ უწოდეს.

სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ქართველი მთავრები მხეიძეთა გვარიდან, დავით და კონსტანტინე. ისინი არგვეთს ფლობდნენ. ძმები უშიშარი მეომრები იყვნენ, გარეგნობაც წარმოსადეგი ჰქონდათ, წაბლისფერი თმა და წვერი ამშვენებდა მათ სახეს. დავითი უფროსი ძმა იყო.

სამცხეში მტრის შემოსვლის ამბავი რომ შეიტყვეს, შეკრიბეს ლაშქარი, გაამხნევეს ერი, ახსენეს ღმერთი და მტრის შესახვედრად მოემზადნენ. გაიმართა ბრძოლა, მუმლივით შემოსეული მტერი სულ ერთიანად განდევნეს, ცოცხლად დარჩენილები კი ეახლნენ მურვან ყრუს და შეშფოთებულებმა მოახსენეს მოწინავე ჯარის ამოხოცვის ამბავი. "ვინ გაბედა წინ აღდგომოდა მაჰმადს, დედის ძმას ჩემსას, და მის მოდგმას!" - მძვინვარებდა მურვან ყრუ, რომელმაც სასწრაფოდ შეკრიბა ურიცხვი ლაშქარი და კვლავ არგვეთისკენ გააგზავნა.

არაბებმა ააოხრეს იქაურობა, მოსახლეობა ტყეს აფარებდა თავს, ძმები მხეიძეები კი მხლებლებითურთ შეიპყრეს.

დავითისა და კონსტანტინეს დატყვევების ამბავი რომ გაიგო, მურვან ყრუ სიხარულით ცას ეწია. ბრძანა, მისთვის ეახლებინათ ტყვედპყრობილი ძმები, რომლებიც ხელშეკრული შეიყვანეს მბრძანებელთან. მურვანმა აათვალიერ-ჩაათვალიერა ისინი, ხმამაღლა გაიცინა და უთხრა: "ვინ ხართ თქვენ, ქვისა და ხის მსახურები, რომ ასე გაკადნიერდით და ჩემთან ბრძოლა გაბედეთ? განა არ იცით, რომ მე დიდი მოციქულის, მაჰმადის დისწული ვარ, იმ მაჰმადისა, რომელსაც ემონება არაბეთი, სპარსეთი და მთელი აღმოსავლეთი?".

ძმებმა მშვიდად უპასუხეს: "შენი სიცილი და ქადილი ამაოა. წარმავალია შენი დიდებაც, ჩვენ დავმარცხდით არა მაჰმადის ძლიერების გამო, არამედ ღმერთს სურს თქვენი ხელით ჩვენი გამოცდა და განმტკიცება"; ამის გამგონე მურვანმა განრისხებულმა გასცა ბრძენება სახეში ეცემათ და ჯოხის კვრით დაესაჯათ დავითი და კონსტანტინე.

მტარვალები მანამდე ურტყამდნენ მათ, ვიდრე თავად არ დაიღალნენ. შემდეგ კი ნაცემი ძმები მიწაზე დააკრეს. დავითი და კონსტანტინე ღირსეულად ითმენდნენ გასაჭირს და ევედრებოდნენ უფალს, შესწეოდა მათ. გაგულისებული მურვანი კი რისხვით ეუბნებოდა: "თქვენ ამომიხოცეთ მოწინავე ჯარი, თან აგინებდით მაჰმადს, მოციქულს ჩვენსა".

თანაც მზაკვრული ცბიერებით ეუბნებოდა დავითს - "გამიგია, გონიერი და ბრძოლაში გამოცდილი კაცი ხარ, თანაც ამ ქვეყანას განაგებ. უარყავი შენი რწმენა, აღიარე მაჰმადი და დიდ პატივსა და განცხრომაში გამყოფებ; სპარსეთისა და არაბეთის მთავრად დაგსვამ და მთელი ჩემი ლაშქრის სარდლობას ჩაგაბარებ. კონსტანტინეს კი სამუდამოდ ჩემთან დავიტოვებ და აქ დიდებულებთან ერთად მოლხენით იცხოვრებს".

დავითმა პირჯვარი გამოისახა და მშვიდად მიუგო ცბიერ მურვანს: "იმის იმედი ნუ გექნება, ბოროტო და მოძალადევ, რომ ნათელს დავტოვებთ და ბნელს შემოვუდგებით. მზად ვართ, ცეცხლით, წყლითა და მახვილით ტანჯვა ავიტანოთ იესო ქრისტესთვის, რომელმაც გვიხსნა კერპთა მონობისაგან. მისმა მოწაფეებმა გვიქადაგეს ქრისტეს ქვეყნად მოსვლა, რომელიც ჩვენი ხსნისთვის ჯვარს ეცვა და ამაღლდა ზეცად. იგი კვლავაც მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად, ამიტომ ჩვენი სარწმუნოება ქრისტიანობაა".

დავითისგან გაწბილებული მურვანი კონსტანტინეს გადაბირების იმედს არ კარგავდა, მაგრამ აქაც ვერაფერს გახდა, განრისხებულმა ურჯულომ დაუნდობელ და უმოწყალო ჯალათებს უხმო და უბრძანა, არც პური და არც წყალი არ მიეცათ მათთვის, ეტანჯათ და ეწამებინათ, ვიდრე არ აღიარებდნენ მაჰმადს. მაგრამ ძმები ლოცვითა და ღვთის ვედრებით ითმენდნენ შიმშილს, წყურვილსა და გვემას.

ათი დღის შემდეგ მურვანმა სპარსელი მოგვები მიაგზავნა დავითთან და კონსტანტინესთან, რომლებიც ცბიერებითა და მოჩვენებითი გულისტკივილით ცდილობდნენ მათ გადაბირებას, თითქოს ჯალათებიც კი დატუქსეს, ძმებს შესთავაზეს, წამებით სიკვდილი გაეცვალათ სპარსეთისა და არაბეთის ამირას სამსახურში განცხრომით სიცოცხლეზე, მაგრამ უარი მიიღეს.

გაწბილებულები ეახლნენ მურვანს და მოახსენეს, რომ იმედი არ უნდა ჰქონდეს ამ კაცთა გადაბირებისა, ვინაიდან მათ არც ტანჯვის და არც სიკვდილის ეშინათ, მტკიცედ იცავენ საკუთარ რწმენას. მაშინ მურვანმა გასცა ბრძანება, თავდაღმა ჩამოეკიდებინათ დავითი და კონსტანტინე, უმოწყალოდ ეტანჯათ და შემდეგ მდინარე რიონში ჩაეყარათ.

მურვან ყრუს განაჩენითა და ბრძანებით დავითი და კონსტანტინე მიიყვანეს იმ ტბასთან, სადაც აგებული იყო ტაძარი წმინდა კოზმან და დამიანესი. მურვანის ბრძანებისამებრ ძმები გააშიშვლეს, თავდაღმა დაკიდეს და უმოწყალოდ სცემეს დიდი ჯოხებით. შემდეგ ჩამოხსნეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და ყელზე მძიმე ლოდები ჩამოჰკიდეს.

დავითმა და კონსტანტინემ ზეცისკენ აღაპყრეს თვალები, ლოდის სიმძიმის გამო მუხლი ვერ მოიყარეს, მაგრამ მხურვალე გულით შეჰღაღადეს ღმერთს "ჰოი, უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, როგორც შეისმინე ჩვენი თხოვნა და ღირს გვყავ შენი სახელისათვის საწამებლად, ასევე გევედრებით, წამების შემდგომაც გაუხრწნელად და დაურღვეველად დატოვო ჩვენი გვამები და ვინც შენი სახელით ჩვენს სახელებს მოუხმობს, მოუვლინე მათ წყალობა და ცოდვათა შენდობა. ჩვენს სხეულს კი მიანიჭე ძალა სენისა და უძლურების განკურნებისა".

ამ დროს ზეციდან მოესმათ მათი თხოვნის აღმასრულებელი ხმა, მურვან ყრუს ჯალათებმა ძმები ტბაში კი ჩაყარეს, მაგრამ ზეციური ხმისგან შეშინებულნი გაიქცნენ. იმ ღამესვე მოხდა საოცრება და სასწაული, დავითის და კონსტანტინეს გვამებს ტბაში დაადგათ ნათლის სამი სვეტი და ამ ცეცხლის მსგავსი სვეტისგან განათდა ტყე და ველი, გვამებს შეკრული ხელ- ფეხი გაეხსნათ და ყელიდან ლოდი მოშორდათ.

ამ დროს ღვთის განგებით გამოჩნდა დავითისა და კონსტანტინეს ორი მსახური, რომლებიც ძმებს თან ახლდნენ ტანჯვა-წამების ჟამს, ისინი გადარჩენილიყვნენ და დამალულიყვნენ ტყეში. მიუახლოვდნენ წყალს, ამ დროს მოესმათ ხმა, "აიღეთ წმინდანთა გვამები და წაიღეთ ტყის მხარეს აღმოსავლეთისკენ, სადაც გათენდეს, იქ დაკრძალეთ, რადგან ამგვარია უფლის ბრძანება".

ამ სასწაულის მოწმენი შიშით და კრძალვით მიუახლოვდნენ გვამებს, მოწიწებით აიღეს და წავიდნენ. განთიადის ჟამს მივიდნენ იმ კედლის თავზე, რომელსაც ძირს ჩამოუდის მდინარე წყალწითელა. ადრე აქ, ციხე-ქალაქში, მრავალი ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ დაუნდობელმა მურვანმა აიკლო, ააოხრა და გადაწვა აქაურობა. ეკლესიები დაცარიელებული იყო. მოწამეთა გვამები დაკრძალეს ეკლესიის ქვემოთ, აკლდამაში.

სამასი წლის განმავლობაში დიდი ხელმწიფის, ბაგრატ მეოთხის დრომდე წმინდანთა გვამები საიდუმლოდ იყო დაცული. გმირთა განსასვენებელ ადგილას ღვთის შთაგონებით მეფემ ააგო მონასტერი. ათას ორმოც წელს მოწამეები დავითი და კონსტანტინე ჩვენებით გამოეცხადნენ მეფე ბაგრატს და ითხოვეს წმინდა ნაწილების ეკლესიაში დასვენება.

მეფემ წმინდა მოწამეთა სახელზე განაახლა ძველი ხარების ეკლესია, ჩაასვენა მათი უხრწნელი გვამები სამარხ კიდობანში და დაასვენა ეკლესიაში. ამ დროიდან მას დაერქვა მოწამეთას მონასტერი. დავითი და კონსტანტინე აწამეს 741 წლის 2 ოქტომბერს".

რა ბედი ეწია მურვან ყრუს

"არგვეთის მთავრების, დავითის და კონსტანტინეს წამების შემდეგ მურვან ყრუ იმერეთიდან სამეგრელოსკენ გაეშურა და იქ დაბანაკდა, ორი მდინარის ჭალაში, ერთის ნაპირზე სახლობდა აბაშთა ტომი, მეორესთან კი მისი ცხენები და საბრძოლო აღჭურვილობა იყო განლაგებული.

სწორედ ამ ადგილებში ღვთის რისხვა მოევლინა ურჯულოს. უეცრად ატყდა ქუხილი, ელვა- ჭექა და თქეში. მიწა გაიპო და წყალმა ამოხეთქა. ქვეყანა ზღვას დაემსგავსა. ადიდდა მდინარეები და ნაპირებზე გადმოვარდნილმა წყალმა წალეკა აბაშთა ტომი, ამ მდინარეს აბაშა უწოდეს; მეორე მდინარემ კი ორმოცი ათასი ცხენი წარღვნა და ამ მდინარეს ცხენისწყალი უწოდეს.

ამის შემდეგ მურვანი განერიდა ამ ადგილებს და ზღვისპირეთში შეიჭრა. მან მიაღწია ანაკოფიის ციხეს, ქალაქ ცხუმს. აქ შეხიზნული იყვნენ ვახტანგ გორგასლის შთამომავლები, მეფეები მირი და არჩილი, ისინი მცირე ლაშქრით შეებრძოლნენ მტერს და ამოწყვიტეს არაბთა ურიცხვი ლაშქარი.

მურვან ყრუ იქიდანაც აიყარა, ჩაიარა ზღვის პირი, დაიპყრო ციხექალაქები, ზღვისპირეთი ააოხრა და დაარბია. შემდეგ გაეცალა აფხაზეთს, დაბანაკდა ქალკიდონს, სადაც არის ვიწრო სრუტე მარმარილოს ზღვისა.

უგუნურმა და უგვანო მურვანმა განიზრახა ქვით ამოევსო ეს ზღვა, ლაშქარი ფეხით გაეყვანა და კონსტანტინოპოლი დაეპყრო, მაგრამ მოწყალე ღმერთმა გაუცუდა ეს განზრახვა და მოუვლინა მას თავისი რისხვა.

იგი საღამოს სრულიად ჯანმრთელი დაწვა, ხოლო დილით მკვდარი იპოვეს, ყველასგან მოძულებული და დავიწყებული. ეს რომ იხილა მისმა ლაშქარმა, დაიფანტა და თავისსავე ქვეყანაში განივლტო. ასე დასრულდა მურვანის განმგებლობა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×