30 ივნისს, 5 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო ავთანდილ კახნიაშვილის მიერ მერიისა და შსპ "სი-ტი პარკის" ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით შეტანილ საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
მოსაზრება
29.06.2016

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

როდესაც დედალაქის მერის შეცვლის შემდეგ, 2015 წლის დასაწყისში, პოლიტიკოსებმა და თბილისის საკრებულოს წევრებმა ხმა აიმაღლეს შპს "სი-ტი პარკის" თვითნებობის წინააღმდეგ, გადავწყვიტე, გვერდში დავდგომოდი. იმედი მქონდა, საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთვებოდა და ერთიანი ძალისხმევით ავტომობილების დგომა-გაჩერების სფეროში მაინც "აღვადგენდით სამართლიანობას".

მედიასაშუალებებით მოვუწოდე მძღოლებს, აღარ გადაეხადათ ე. წ. პარკირების საფასური, ხოლო საჯარიმო ქვითრები ჯერ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში, შემდეგ კი სასამართლოში გაესაჩივრებინათ, რაც დავების განმხილველი ორგანოების პარალიზებას გამოიწვევდა. გარდა ამისა, საჭირო იყო მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვა, რაც ხელისუფლებას აიძულებდა, წინასაარჩევნო დაპირება შეესრულებინა და აღეკვეთა პარკირების სფეროში არსებული განუკითხაობა.

ამასთან, მერიის მაღალჩინოსნებისთვის უნდა შეგვეხსენებინა, რომ მოქალაქეები ხელფასს ქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ვუხდით და არა "პერსონალური" კაბინეტების მოსაწყობად და ახლობლების დასასაქმებლად.

ერთ-ერთი აქცია 2015 წლის 5 მაისს, 5 საათზე პარლამენტის წინ დაიგეგმა. ავტომობილებს რუსთაველის გამზირზე უნდა ემოძრავათ და 5 წუთის განმავლობაში ჩართული მაშუქებითა და ხმოვანი სიგნალებით მიეპყროთ ხელისუფლების ყურადღება.

დათქმულ დროს, თბილისელი მძღოლების კითხვებზე პასუხის გასაცემად დედაქალაქის მერიც მობრძანდა, თუმცა "სი-ტი პარკის" საქმიანობის მიმართ მხოლოდ რამოდენიმე ათეული მანქანის მძღოლმა გამოხატა პროტესტი სიგნალის მიცემით, ხოლო პარლამენტის წინ მხოლოდ ორი ანტიკვარული მანქანა გაჩერდა... დავით ნარმანიასთან გასაუბრების შემდეგ "აქცია" დაიშალა... რამოდენიმე თვეში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 1936 წელს გამოშვებული "იქც"-ს მფლობელი, დედაქალაქის კოლორიტი და ღირსეული თბილისელი კაცი ვაჟა მინდაძე ინფარქტით გარდაიცვალა, როდესაც გაიგო, რომ მის ასაკოვან მეგობარს "სი-ტი პარკისთვის" 10 ლარის გადაუხდელობისთვის, აღსრულების "ეროვნულმა" ბიურომ, ჯერ 180 ლარის გადახდა მოსთხოვა, შემდეგ კი სოლოლაკში საცხოვრებლი ბინა დაუყადაღა...

მერიის ყოფილ მაღალჩინოსანთა და შპს "სი-ტი პარკის" ხელმძღვანელთა ქმედებების სამართლებრივად შესაფასებლად საქართველოს მთავარ პროკურატურასაც მივმართე, წარვუდგინე კონკრეტული მტკიცებულებები (მათ მოძიებაში საკრებულოს წევრი, ბატონი შალვა ოგბაიძე დამეხმარა) და მოვითხოვე კორუფციული (სისტემური) დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებაში ბრალეულ პირთა მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას სავარაუდო დამნაშავეებიც დავუსახელე, მხოლოდ ის მაცნობეს, რომ შპს "სი-ტი პარკის" საქმეზე 2013 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება...

2015 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანე და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო მოვითხოვე თბილისის მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის ##23.21.754 დადგენილებისა (არსებითი დარღვევებით ჩატარებული აუქციონის შედეგები დამტკიცდა) და თბილისის მერიასა და შპს "სი-ტი პარკს" შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აგრეთვე-თბილისის მერიის დავალდებულება განეხორციელებინა ქმედება - თბილისში კანონდარღვევით განთავსებული შპს "სი-ტი პარკის" ფირნიშების დემონტაჟი.

საქმის განხილვა გაუმართლებლად გაჭიანურდა. პირველი მოსამზადებელი სხდომა 2014 წლის 4 ინვარს ჩატარდა, ხოლო 10 ივნისს, როგორც იქნა, ძირითადი სხდომაც გაიმართა. ცხადია, სასამართლომ მოპასუხესაც მოუსმინა და "მესამე პირად" სასამართლოს ინიციატივით ჩართულ შპს "სი-ტი პარკსაც", რომელმაც შესაგებელი ლათინურასოებიანი ფორმით წარმოადგინა... მერიისა და მისი უცხოელი "პარტნიორის" წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად, მხოლოდ იმით იმართლეს თავი, რომ "ნაციონალური" პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვილებების საფუძველზე მოქმედებენ და "პარკირების სფეროსაც" თბილისელების მიერ არჩეული თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი წესებით "არეგულირებენ".

2016 წლის 30 ივნისს, 5 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას საჯაროდ გამოაცხადებს. მიმაჩნია, რომ სასამართლოს მიეცა შანსი, პარკირების სფეროში მაინც აღდგინოს სამართლიანობა, მერიასაც დაეხმაროს დაპირების შესრულებაში და მოქალაქეების ნდობაც დაიბრუნოს.

ვინაიდან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნებზე არიან გადართული, თუ სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს მეტყვის, როგორც ჩანს, ისევ მარტო მომიწევს ზემდგომ ინსტანციებში "სამართლიანობის აღდგენის" მცდელობა... ამასთან, დარწმუნებული ვარ, თბილისელ ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ის პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, რომელიც ყველაზე უფრო დამაჯერებლად დაჰპირდება მათ "ქუჩებში მოთარეშე უცხოტომელი ყაჩაღების" დედაქალაქიდან განდევნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ მოქალაქეებს და მოვუწოდებ, ვისაც ღირსება შერჩენია და საშუალება ექნება, 30 ინისს, 5 საათზე მობრძანდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში და კანონით დაშვებული ნებისმიერი ფორმით გამოტახონ დამოკიდებულება შპს "სი-ტი პარკის" მიმართ.

იქნებ ერთობლივი ძალისხმევითა და სამოქალაქო აქტიურობით მაინც მივაღწიოთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუფციული სქემის ("სისტემური დანაშაულის") მოშლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან განვლილი თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში დედაქალაქში საგზაო ნიშნებისა და პარკირების საკითხიც კი ვერ მოვაწესრიგეთ, მერწმუნეთ, ევროკავშირში კი არა, ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკარებს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×