ნოდარ ნათაძე
გამოთქმა "ნაცები" თუ "ქოცები" სწორი არ არის. სწორია "ნაცები" პლუს "ქოცები". დღეს უკვე ნათელია, რომ ეს ორნი სინამდვილეში ერთი არიან. მათი შეუზღუდველი შესაძლებლობები საქართველოს მიზანმიმართული ნგრევისა მათი ფრაქციების რიცხოვნებას კი არ ემყარება ცალ-ცალკე, არამედ ამ ფრაქციების რიცხოვნებათა ჯამს. ერთად აღებულებს, მათ საქართველოს პარლამენტი თითქმის მთლიანად ეკუთვნით. იმედი აქვთ, რომ მანკიერი საარჩევნო პრაქტიკის წყალობით (რბილად რომ ვთქვათ) მათ ეს რიცხოვნება კიდევ განუსაზღვრელი ვადით დარჩებათ, თუმცა შიგნით პროპორციები დროდადრო შეეცვლებათ: დღეს "ნაცებს", 40%, ხოლო "ქოცებს" - 60%, ხვალ - პირიქით და ა.შ.
რამდენი ხელით არიან მართულნი, ეს ცალკე საკითხია. პირადად თქვენი მონა-მორჩილის აზრი ის გახლავთ, რომ მართულნი არიან ერთი ხელით. ეს არის კრემლის ხელი. მაგრამ მისი ნებართვით და მის მიერ დაშვებულ საზღვრებში მართულნი არიან სხვათა მიერაც. ეს სხვანი არიან დასავლეთი (პირველ ყოვლისა), ხოლო შემდეგ სხვანი და სხვანი). პრაქტიკულად მართვის ეს პროცესი ასე მიმდინარეობს: მსოფლიო ნორმები "დასავლური" კურსისა დაცულია, მაგრამ საქართველოს მმართველები შეძლებისდაგვარად გზადაგზა "ტეხავენ" რუსეთის სასარგებლოდ იმდენს, რამდენსაც შეძლებენ. ეს ბრძნული სტრატეგია ჯერ კიდევ შევარდნაძისგან მოდის.
ამ სისტემას თავისი მძიმე სიტყვა საქართველოსა და მისი ისტორიის წინააღმდეგ ჯერ კიდევ სათქმელი აქვს. დღეს ყველაზე კონკრეტულ უშუალო საშიშროებად მიმაჩნია შემ,დეგი:
რუსეთმა 1802 წლიდან 1922 წლამდე იმუშავა იმ მიმართულებით, რომ საქართველოსა და მის გარეთ გაევრცელებინა ჯერ ზედსართავი სახელი "ოსეტინსკი", შემდეგ კი არსებითი სახელი "ოსეტია". ზედასართავს არქმევდა ადმინისტრაციულ ერთეულებს სამხედროს ჩათვლით (მაგალითად, ასე: "ოსეტინსკაია დისტანცია", "ოსეტინსკი ოკრუგ" და ა.შ. "დისტანცია" - ადმინისტრაციული ერთეულია).
ამას არქმევდა ყველა წერტილს, სადაც კი ოსი ცხოვრობდა, რაგინდარა მცირე უმცირესობით, რაჭიდან დაწყებული და საქართველოს სამხედრო გზით დამთავრებული. რუსული ზედსართავი "ოსეტინსკი" ორაზროვანია: იგი ნიშნავს ან "ოსთან დაკავშირებული, ოსის კუთვნილი", ან "ოსეთთან დაკავშირებული, ოსეთის კუთვნილი".
რუსეთის ადმინისტრაციამ ეს გამოიყენა: იგი აღნიშნული ზედსართავის ხმარებიდან თანდათანობით გადავიდა არსებითი სახელის ხმარებაზე და ბუნებაში არარსებული ერთეული "იუჟნაია ოსეტია" შეთხზა. საუკუნის ან საუკუნეზე ცოტა მეტის მანძილზე მან თავისი უზარმაზარი საპროპაგანდო რესურსების გამოყენებით ჩაჭედა ეს ბლეფი, თითქოს ბუნებაში არსებობს "სამხრეთი ოსეთი", ფართო საზოგადოებრიობის ტვინში, თვით ავტორიტეტულ ენციკლოპედიურ გამოცემებშიც კი თავის საზღვრებს გარეთ. განსაკუთრებული როლი ამ სიყალბის გავრცელებაში ეკუთვნოდა რუსეთის ეკლესიასა და მის მიერ შექმნილ "კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელების საზოგადოებას" (იხ. ს. ლეკიშვილის გამოკვლევა კრებულში "ოსეტინსკი ვოპროს", თბილისი, 1992, გამოცემული აკაკი ბაქრაძის ინიციატივით).
რუსეთის ეს საუკუნოვანი ოპერაცია დამთავრდა იმით, რომ 1922 წლის 19 აპრილს საქართველოს მარიონეტული "ხელისუფლების" დეკრეტით #2 საქართველოს მიწა-წყლის ერთი ნაწილისაგან შეიქმნა და ამგვარად უკვე ბუნებაში არსებულ საგნად იქცა "სამხრეთი ოსეთი". (ეს დეკრეტი, რომლის დედანიც რუსულია, იწყება სიტყვებით: "მოეწყოს სამხრეთი ოსეთი"). ეს კომიკურია, ისევე როგორც წითელი რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის მთელი იდეოლოგია, ისტორიის წინაშე, მაგრამ ფაქტია. დეკრეტს ხელს აწერენ ფილიპე მახარაძე, სერგო ქავთარაძე და კალანდაძე.
რატომ იყო რუსეთი ოსების მფარველი? პასუხი არსებობს: იმიტომ, რომ ოსები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის ერთადერთი ხალხი, რომელიც რუსეთს ემხრობოდა მის დაპყრობით ომებში კავკასიის წინააღმდეგ. ოსური მოსახლეობის სახით, რომელსაც გაამრავლებდა (და გაამრავლა კიდეც) რუსეთი ქმნიდა თავის მომხრე მოსახლეობას საქართველოში.
ეს პასუხი სწორია, მაგრამ უკმარისია. ახლა უკვე ჩანს (და რეტროსპექტულადაც ჩანს ისტორიაში), რომ რუსეთის მთავარი სტრატეგიული მიზანი იყო და არის "სამხრეთ ოსეთის" მიერთება, ანუ ანექსია, რითაც რუსეთი უნდა გახდეს ამიერკავკასიის მეოთხე სახელმწიფო, რათა ამის შემდეგ მსოფლიოს სხვა ძალებს - თავის მეტოქეებს - ამიერკავკასიის თემებზე ელაპარაკოს როგორც "აქაური" "არააქაურებს".
საქართველოს ფლობა ამისთვის არ კმარა. საქართველო ისტორიულად ტრადიციული სახელმწიფოა, რომელიც რუსეთის მიერ თავისი მეტროპოლიისათვის ოფიციალურად მისაერთებელ ტერიტორიად ძნელად თუ იქნება აღიარებული. ამიტომ რუსეთს ამ შეთხვევაში სახელი "ოსეთი" უფრო უღირდა და უფრო უღირს, ვიდრე თვით სახრავი (ამ თეზისის მტკიცებულებებს აქ არ ვასახელებ ადგილის ეკონომიის მიზნით). ჩემი შიში დღეს ის არის, რომ "ნაცების" ან "ქოცების" ძმური ტანდემი საქართველოს პარლამენტის რომელსამე აქტში ვითომ "გაუფრთხილებელი" გამოთქმით დააკანონებს საქართველოში "სამხრეთ ოსეთის" არსებობას, როგორც ფაქტს, და მსოფლიოს "ორად გაყოფილი ერისა და ქვეყნის გაერთიანების" კეთილშობილური ამოცანის წინაშე დააყენებს.
ეს საშიშროება კმარა იმისთვის, რომ ამ დაპირისპირების მოსიმულიანტე ტანდემის "ნაცი-ქოცი" განუყოფელი ბატონობის გაგრძელება პარლამენტში დაუშვებლად ჩაითვალოს. უფულო და უიარაღო ქართველი ერის ერთგული უფულო პოლიტიკური კოალიცია, რომელიც უახლოეს კვირებში გამოჩნდება, როგორც საარჩევნო სუბიექტი, თავის ერთ-ერთ ამოცანას იმაში ხედავს, რომ გზა გადაუღობოს პარლამენტის მიერ უახლოეს ხანში საქართველოსთვის სასიკვდილო ამ ნაბიჯის და რამდენიმე სხვა ნაბიჯის გადადგმას. ამისთვის კმარა პარლამენტში სულ ერთი-ორი ინტელექტუალურად გამართული და საქართველოსადმი ერთგული ადამიანის ყოფნა, რომელიც დაგეგმილ დივერსიას დროზე შენიშნავს და თავის სათქმელს პარლამენტის ტრიბუნიდან იტყვის.
ამ ტიპის ადამიანს, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებში, საკანონმდებლოს ჩათვლით, ამჟამად არ არსებობს, პარლამენტში დასაქმებადი ყველა სხვა ტიპისაგან განსხვავებით, ორი სპეციფიკური მახასიათებელი აქვს:
1. იგი ინტელექტუალურად მაღალხარისხოვანია და ერთგულია. ამიტომ მას შეუძლია სიტუაციის სწორად შეფასებაც, საჭირო ნაბიჯის სწორი მოაზრებაც და საქართველოს ინტერესებისათვის თავისი პირადის ხარჯზე საჭირო მსხვერპლის გაღებაც (რა თქმა უნდა, სიცოცხლის ჩათვლით). საქართველოს მოსახლეობის ის ფენა, რომელსაც ჰქვია ინტელიგენცია ამ სიტყვის ნამდვილი აზრით, და საქართველოს ინტელექტუალური ელიტა ყველა ასაკისა, ამ ტიპის ადამიანებს ეკუთვნის;
2. ამ ტიპის ადამიანს არც, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ბნელ ძალებთან ბრძოლისა ეშინია, არც, ისევ მეტაფორულად, ნათელი და შედარებით ნათელი ძალების მძიმე და უმძიმეს შეცდომებთან ბრძოლისა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მიმართ წარმოებული (უმთავრესად, იდეოლოგიური) პოლიტიკის სფეროში, ვინაიდან მას ძალუძს ყველა საჭირო პუნქტში (ასეთი პუნქტები თითებზე ჩამოსათვლელია) დაუპირისპირდეს თავის მოკავშირეს და კამათი მშრალი ანგარიშით მოუგოს, რაზეც "ნაცები" და "ქოცები" ვერც იოცნებებენ მათი ინტელექტუალური და ნებელობითი რესურსის საამისოდ ვერგაწვდომის გამო.
საქართველოს შეუვალი თავდაცვა - ანუ არც ერთი მილიმეტრით უკან არდამხევი და არც ერთი მილიგრამის არდამთმობი თავდაცვა - ეხება ორ პუნქტს: ერთია უკომპრომისობა სწორი, მყარი და ქმედითი კანონმდებლობის არდათმობა, ანუ ჩვენი სახელმწიფოს პარალიზაციის არდაშვება, მეორე კი ეხება სახელმწიფოს არც ერთი იურიდიული კაპიტულაციის არდაშვებას, ანუ ჩვენი ქვეყნის პოზიციის მტრისათვის არჩაბარებას, რაგინდარა ფაქიზი დეტალების ჩათვლით.