მოსაზრება
27.06.2016

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი, დავით აღმაშენებლის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მართალია, პირველი "სახალხო-დემოკრატიული აჯანყების" შემდგომი სრული ჩამობნელებისაგან განსხვავებით, "ვარდების რევოლუციამ" თბილისი "სინათლის ქალაქად" აქცია, მაგრამ სამართლებრივი კულტურის მხრივ რომ ქვეყანაში წყვდიადმა დაისადგურა, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული მოვლენებიც ადასტურებს. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მრავალმილიონიანი ვალები აპატია და გაკოტრებას გადაარჩინა, "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზიამ ეფექტურად გააგრძელა საზოგადოების დეზინფორმირება.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის მესაკუთრეებს შორის დავა "ნაციონალების" მიერ თანამდებობებზე გამწესებულმა მოსამართლეებმა განიხილეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იურისტმა (ყოფილმა იუტიციის მინისტრმა) ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების თანდასწრებით ტელეეთერით გააცნო მოქალაქეებს ამონარიდი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან და ხელისუფლებას "აჯანყების უფლების" გამოყენებით დაემუქრა...

სხვათა შორის, ქართველი იურისტებიდან პირველმა, 1991 წლის დეკემბრის "სახალხო-დემოკრატიული აჯანყება (რევოლუციის)" სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად ("გასაპრავებლად"), ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა მოიშველია. 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დღეებში კი პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ზოგიერთი "ახალგაზრდა იურისტი" ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრა "აჯანყების უფლებით" გაემართლებინა.

ვინაიდან, მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ "რუსთავი 2" კვლავ რევოლუციურ განწყობას ამკვიდრებს და "სტაჟიანი მეამბოხეებიც" მორიგ "სახალხო აჯანყებაზე" ალაპარაკდნენ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, უკვე არაერთგზის მოტყუებული "გამარჯვებული ხალხისთვის" კიდევ ერთხელ ამეხსნა "აჯანყების უფლების" არსი.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე გაეროს მიერ მიღებულ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში ხაზგასმულია, რომ "აუცილებელია ადამიანის უფლებები დაცული იყოს კანონის ძალაუფლებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი იძულებული არ იყოს, სხვას რომ ვერაფერს გააწყობს, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ აჯანყების გზას დაადგეს".

ანუ, განვითარებულმა სახელმწიფოებმა სწორედ იმიტომ აღიარეს ადამიანის ძირითადი უფლებები (მათ შორის, სიცოცხლის, სამართლიანი არჩევნების, აზრის გამოხატვის, შეკრების...) და აიღეს ვალდებულება, კანონის ძალით უზრუნველეყოთ მათი დაცვა, რომ ადამიანი იძულებული არ გამხდარიყო, "ტირანიის" (ძალადობაზე და თვითნებობაზე დაფუძნებული რეჟიმის) წინააღმდეგ აჯანყების გზას დასდგომოდა.

ამასთან, მხოლოდ მას შემდეგ, რაც "სხვას რომ ვერაფერს გააწყობდა"... უფრო მარტივად რომ ავხსნა, სახელმწიფომ ადამიანს უნდა შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პირობები (მაგ., უზრუნველყოს სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვებით), რათა იძულებული არ გახადოს მაგ., შიმშილის გამო, "სხვას რომ ვერაფერს გააწყობს" (ანუ, გასაჩივრებისა და პროტესტის სხვა ფორმების გამოყენების შემდეგ), საჭმელი მოიპაროს ან სხვა ადამიანი მოკლას. ცხადია, ამ დანაწესიდან არ გამომდინარეობს, რომ ადამიანს ქურდობის ან სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება აქვს.

ამდენად, დეკლარაციაში საკმაოდ გასაგებად არის მინიშნებული სახელმწიფოთა ვალდებულებაზე, დაიცვან ადამიანის უფლებები სწორედ იმ მიზნით, რათა ადამიანები იძულებულნი არ გახდნენ, სხვა მხრივ რომ ვერაფერს გააწყობენ, აგრესია უკიდურესი ფორმით გამოავლინონ და "ტირანიისგან" აჯანყების გზით განთავისუფლდნენ...

ამდენად, როდესაც უმრავლესობა ირჩევს ხელისუფლებას, საარჩევნო პროცედურის მიმართაც არ უჩნდება პროტესტის გრძნობა, და მხოლოდ უფლებამოსილების მიწურულს აცნობიერებს, რომ "ტირანი" ("დიქტატორი", "ოლიგარქი", "გიჟი" ან "ქაჯი"...) მოუყვანია ქვეყნის სათავეში, არაგონივრულად (ამორალურადაც) მიმაჩნია პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური ფორმების გამოყენებამდე, თანამოქალაქეებს ან თუნდაც მხოლოდ თანამშრომლებს მოუწოდო, არარსებული "აჯანყების უფლებით" ისარგებლონ.

გარდა ამისა, საერთაშორისო სამართალში მართლაც რომ არსებობდეს "აჯანყების უფლება", საქართველოს "უზენაესი კანონის" მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ ხელისუფლება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ხორციელდება და "არავის აქვს უფლება, მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება". შესაბამისად, ყველა ის ქმედება და მოწოდებაც კი, რომელიც ხელისუფლების ძალადობის (რევოლუცია-აჯანყების) გზით შეცვლისკენ არის მიმართული, სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი.

ცივილიზებულ სახელმწიფოში არა მარტო ხელისუფლების ცვლის მექანიზმი, არამედ მოქალაქეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებიც კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული, ხოლო აჯანყება-გადატრიალებით რუსეთში "ბოლშევიკები" გაბატონდნენ. მათი მთავარი იდეოლოგი - ლენინი, 1917-ში გვარამიასავით "მოძღვრავდა" გაუნათლებელ მასებს: "რევოლუცია - კანონით შეუზღუდავი ძალაუფლებააო!"

როგორც ჩანს, ქართველი იურისტების ერთ ნაწილს დემოკრატიაზეც და აჯანყებაზეც ერთობ სპეციფიკური წარმოდგენა აქვს. არც საერთაშორისო და არც შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ სივრცეში "აჯანყების უფლება" არ არსებობს და ეს "ნოვაცია" ჩვენი "ტელეპოლიტიკოსების" რევოლუციური თვითშემოქმედების ნაყოფია, რომლის კიდევ ერთხელ პრაქტიკაში განხორციელება ქართულ სახელმწიფოებრიობას საერთოდ მოუშლის ისედაც მორყეულ საძირკველს.

ამდენად, საზოგადოება არ უნდა აჰყვეს პროვოკაციებს ყოფილი ხელისუფლებისა თუ ფსევდო-ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან და საპროტესტო აქციები მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში უნდა წარმართოს. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ცივილიზებული ერი ვართ და ვიცით, სად გადის ზღვარი საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებასა და დანაშაულს ("აჯანყებას", "რევოლუციას") შორის.

განვლილი "აჯანყება-რევოლუციებიდან" საზოგადოებამ სათანადო დასკვნები თუ არ გამოიტანა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე არ აიღო ორიენტირი, "ხუთჯვრიან სტადიამდე" მისულ ქვეყანას ვეღარაფრით განვკურნავთ და დემოკრატიული რესპუბლიკის ნაცვლად, მართლაც კარიკატურული ტიპის პლუტოკრატიული ტირანია შეგვრჩება ხელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×