ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი მეუფე ისაია მრავალი წლის წინ ბ-ნი ოტია იოსელიანის ოჯახში გავიცანი. ის დაუვიწყარი დღე აღვწერე წიგნში" ჩვენი ოტია". ახლახან, სულთმოფენობას, რადიოში მოვისმინე მეუფე ისაიას შესახებ, რომელმაც ამაფორიაქა. მეუფე ისაია ახალგორში დარჩენილა მცირერიცხოვან თანამოძმეებთან ერთად, რადგან თუ ახალგორს დატოვებს, უკან ვეღარ შებრუნდება.
უჩვეულო დღე (ფრაგმენტი წიგნიდან "ჩვენი ოტია")
ერთხელ ჩემმა მეგობარმა, გეოლოგმა და ჟურნალისტმა ივანე ჯაფარიძემ ტელევიზიის პროგრამა "ირაოს" გადამღები ჯგუფი ჩამოიყვანა წყალტუბოში. მღვიმის გადაღება სურდათ. ცხადია, ბატონ ოტიასთან შეხვედრის შანსს როგორ გაუშვებდნენ ხელიდან.
"მოდით, დილით ადრე მივიდეთ. სანამ მასპინძელი გაიღვიძებს, სახლს და ეზოს გადავიღებ. თან ინტერვიუს ჩასაწერად ადგილს შევარჩევ", - გვთხოვა რეჟისორმა რეზო შალიბაშვილმა.
დილის სისხამზე ჭიშკარს რომ მივადექით, კუნაპეტივით შავი მოზვერივით ნაგაზი გამოგვენთო. სახელი რომ დავუძახე, ბუხუიამ მიცნო, დაწყნარდა, მშვიდად შეხვდა სტუმრებს.
ჟურნალისტები განცვიფრდნენ - ბატონი ოტია შარვლის ტოტებაკარწახებული, უკვე ყანაში იდგა და სიმინდს მარგლიდა.
ბიჭები დაფაცურდნენ - აპარატურა გაამზადეს - ბარემ აქვე გადავიღებთო, უკეთეს ნატურას ვერც ვინატრებდითო...
- ვინ დაიჯერებს, რომ ეს კადრები დადგმული არაა? - თავს იქნევს ვანო ჯაფარიძე.
გადაღება რომ დაასრულეს, ბატონმა ოტიამ ჟურნლისტები სუფრასთან მიიწვია. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ - წინა დღით თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს დედქალაქის ახალ ამბებს უყვებოდა მასპინძელი...
ყველაზე უფრო ის მიკვირს, მთელი დღის ნაჯაფარი, წერას როდისღა ასწ რებს? არადა, ქალბატონი ნანა მისი ხელნაწერების ბეჭდვას ვერ აუდის...
- უკვე ყოველღამ ველოდები მეუფე ისაიას ჩამობრძანებას, - მითხრა ბატონმა ოტიამ დამშვიდობებისას, - გული მიგრძნობს, მალე უნდა ჩამობრძანდეს.
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე ისაია ნიქოზისა და ცხინვალის მთავარ-ეპისკოპოსია. ჯერ არ შევხედრილვარ, მაგრამ ბატონმა ოტიამ იმდენჯერ მიხსენა, ისეთი პატივისცემით საუბრობს მასზე, რომ მეც მოუთმენლად ველოდები.
ოტია იოსელიანი სახლიდან სანატორიუმ "საართველოს" კოტეჯამდე, სადაც დროებით ვცხოვრობ, ხუთი წუთის სავალია. კოტეჯში შუაღამეს დავბრუნდი.
დილაადრიან კვლავ ბატონ ოტიასთან მივდივარ, როგორც წუხელ დავთქვით. ეზოში უცხო მანქანა შევნიშნე.
- მეუფე ისაია ჩამობრძანდა მორჩილთან ერთად! - მახარა ბ-ნმა ოტიამ.
სასტუმრო ოთახიდან მთავარეპისკოპოსი გამობრძანდა. ბატონმა ოტიამ წარმადგინა. ხელზე ვეამბორე. პირველივე წუთებიდან მოწიწებით აღვივსე. მეტად უშუალო ბრძანებულა.
- წუხელ გვინ ჩამოვედითო, - ბრძანა მეუფემ, - ალბათ, პირველი საათი იქნებოდა, ზარი რომ დავრეკეთ. ბატონი ოტია აივანზე გადმოდგა.
- მეუფე ისაია ვარ-მეთქი.
- ოჰ! აგაშენოთ ღმერთმა! - თქვა და გამოგვეგება, - გელოდებოდითო!
- აქ ყოველთვის გვიან გვიწევს ჩამოსვლა, მაგრამ ბატონი ოტია მუდამ გულთბილად, სიხარულით გვხვდება; ამიტომ ჩვენც მასთან მოგვიხარია, - ბრძანა მეუფემ.
- მოზარდებს პატრაობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ღვთის სიყვარული, ათი მცნება, რათა ჯანსაღი სულის ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, - ბრძანებს მეუფე, - ბატონი ოტია მთელი სიცოცხლე ამას ქადაგებს. უფრო სწორად, თავისი ცხოვრების წესით ამკვიდრებს, რომ გიყვარდეს სამშობლო, გიყვარდეს შრომა, გიყვარდეს ადამიანი...
ბატონი ოტია სასტუმრო დარბაზში საუზმეზე გვეპატიჟება. მეუფე ისაიამ სუფრა აკურთხა. ჩემს ცხოვრებაში მეორედ ვზივარ უმაღლესი მღვდელმთავრის ნაკურთხ სუფრასთან. რამდენიმე წლის წინათ ბატონმა ოტიამ, მისმა მეგობრებმა და თანამდგომებმა იავარქმნილი გვიშტიბის ეკლესია აღადგინეს, რომელიც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა. მასპინძლებმა ეკლესიის კურთხევაზე მობრძანებული მრევლის პატივსაცემად ტრაპეზი გამართეს. სუფრაც მეუფე კალისტრატემ აკურთხა.
ის დღე სამუდამოდ დამამახსოვრდა. დღესაც ირგვლივ ყველაფერი უჩვეულოდ მეჩვენება. ამ ვრცელ დარბაზში ბევრჯერ შევსწრებივარ ხალხმრავალ სუფრებს ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების, მეცნიერების, ხელოვნების მუშაკების, მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების მონაწილეობით, მაგრამ დღევანდელი დღე ჩემთვის გამორჩეულია, განსაკუთრებული....
ბატონი ოტია ჩაცმა-დახურვისადმი და კოპწიაობისადმი გულგრილია, მაგრამ დღეს ახალი ფეხსაცმელებითა და შარვალ-ხალათით გამოგვეცხადა... მე და მორჩილი ხმაგაკმენდილები ვსხედვართ სუფრასთან. ჭარმაგი გვიშტიბელი მინდია და ახლაგაზრდა, ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელსაც სახეზე ნათელი გადასდის, დინჯად საუბრობენ ქვეყნის სატკივარზე....
გლობალისტები გააფთრებით უტევენ მართლმადიდებლობას, რომელსაც უკანასკნელ ზღუდედ მიიჩნევენ ერთიანი მსოფლიოსკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ამაოა მათი გაწიწმატება, - დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ძლიერია, როგორც არასდროს! იგება ახალი ტაძრები, მონასტრები, ღვთის სახლები მორწმუნე მრევლს ვერ იტევს. არსდება ახალი ეპარქიები, რაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოღვაწეობას უკავშირდება.
საუბარში ისეთ ურთიერთპატივისცემა იგრძნობა, სული სიამით მევსება... მას შემდეგ თითქმის ხუთი წელი გავიდა, მაგრამ ვიდრე სული მიდგას, ის უჩვეულო დღე არასდროს დამავიწყდება.
ჯუმბერ ჯიშკარიანი
2006 წელი, 11 თებერვალი