მოსაზრება
20.06.2016

ნოდარ ნათაძე

გაზეთში "ასავალ-დასავალი" (ა.წ. 14. ყ||) დაბეჭდილია "ნოდარ ნათაძე ის კაცია, რომელიც მეგაფონით ხელში დარბოდა თბილისის ქუჩებში და გაიძახოდა - ხალხო, გამოდით, ზვიად გამსახურდიამ შავნაბადაზე 67 კაცი მოკლაო. სად არის ის 67 მოკლული?"

ეს სიცრუეა. ცუდად ციტირებული სიტყვები "ქუთათელაძემ ტელევიზიის ანძა აიღო და მისი დამცველი 60 ქართველი ბიჭი მოკლა" მე არ მითქვამს. პირიქით: კიტოვანმა თქვა ღამის თერთმეტის ნახევარზე ტელევიზიის წინ შეკრებილი რამდენიმე ათასი კაცისა და ქალის წინაშე და ხალხს ანძაზე იერიშის მისატანად მოუწოდა. ხალხი, რა თქმა უნდა, აღელდა. მე მაშინვე შევხტი ბეტონის დაბალ პარაპეტზე, რომელზეც კიტოვანი იდგა და დავიძახე: "ხალხო, რას შვრებით! ჯერ გავიგოთ, რა მოხდა, და მერე განვსაჯოთ". ხალხი გაჩერდა. გაიგზავნა ელდარ შენგელაია საქმის გასარკვევად ტელევიზიის ანძასთან და ნახევარ საათში ჩამოიტანა ამბავი, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

ამგვარად, სისხლიანი პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა, მე კი არ მოვაწყვე, არამედ ჩავშალე. მომწყობის რეაგირება ამ ჩემს ქმედებაზე მერეღა გავიგე: იმ ღამეს, თურმე, "ვოლგა" დილამდე დარბოდა დოლიძის ქუჩის უბანში და მეგაფონით ღრიალებდა: "ნოდარ ნათაძე ვარ. გამოდით, ხალხო, ბესო ქუთათელაძემ ტელეანძასთან ბიჭები დახოცა".

შემდგომში კიდევ ორი რამ გავიგე იმ ღამისა. პირველი: თურმე ასევე დადიოდა "ვოლგა" ცოტა ზევითაც, იყალთოს გორაზე (სადაც მე ვცხოვრობ) და მეგაფონს აყვირებდა "დავით ხომასურიძე ვარ, "იმედის" თავკაცი, ბესო ქუთათელაძემ ბიჭები დაგვიხოცა ტელეანძასთან და შური ვიძიოთ". მეორე: ეს მეორე სიყალბე თურმე პასუხი იყო იმისა, რომ იმავე ღამეს ტელევიზიის შენობაში გვარდიის მეთაურობამ თათბირი მოაწყო, სადაც ითქვა: "მივდივართ, პარლამენტის შენობა უნდა ავიღოთ", რის შემდეგაც შეკრებილნი სამოქმედოდ აიშალნენ.

ეს განზრახვა ჩაშალა დავით ხომასურიძემ, "ერის ღირსების დამცველთა ასოციაციის - "იმედის" - თავკაცმა. მან თქვა: "მოიცადეთ, არავინ არ გვარტყამს. ჯერ გავარკვიოთ, რა ხდება და მერე გადავწყვიტოთ".

კომენტარისათვის: "იმედი" გვარდიაში შევიდა მისი დაარსების დღიდანვე, რაც მისი მამულიშვილური მოვალეობა იყო, მას ახლდა რკონში (რაც აგრეთვე მისი ჯარისკაცული მოვალეობა იყო) და ტელევიზიაში რკონიდან წამოსვლის შემდეგ (რაც აგრეთვე მისი ჯარისკაცული მოვალეობა იყო).

გაზეთში წერია: "ნოდარ ნათაძემ ჯერ იმაზე აგოს პასუხი, 1992 წლის 6 იანვარს სოფელ აღაიანთან მაგისი ბანდა საცოდავ ბიჭებს რომ ჩაუსაფრდა და ზუგდიდის ბატალიონის მებრძოლები ჩახოცა". ჩემი მისამართით ესეც სიცრუეა.

ის, რომ აღაიანში სისხლი დაიღვარა, მე გამაგებინა ანონიმურმა ზარმა სისხამ დილით. "აღაიანში "იმედის" ბიჭები დახოცესო". რა თქმა უნდა, წამოვვარდი და მივადექი "პუტჩისტების" თავშეყრის ცენტრს რუსთაველის ძეგლთან, მეცნიერებათა აკადემიის შენობაში (მანამდე, "პუტჩის" დაწყების დღიდან იქ, რა თქმა უნდა, სიახლოვეს არ გამივლია). ვერავინ ვერაფერი მითხრა.

ქუჩაში აღელვებული ხალხი და მანქანები ირეოდა. დავინახე ერთი კარგი ნაცნობი, ეროვნული მოძრაობის მონაწილე, თეთრი "ნივით" და ვთხოვე, აღაიანში გავეყვანე. წავედით. შემთხვევის ადგილის ცოტა აქეთ კორდონი იდგა. არ გაგვიშვეს. მაგრამ ხალხი ბევრი იყო, მათ შორის - შემთხვევის ადგილიდან გამოსული თვითმხილველებიც.

მომხდარის შინაარსი ძირითად ხაზებში (ხაზს ვუსვამ: მხოლოდ ძირითად ხაზებში და არა დეტალებში) ჩემთვის ნათელი გახდა. მსხვერპლი მომხდარი იყო "კუნგიანი" სატვირთო მანქანის გადახურული ძარისათვის, სადაც ზვიად გამსახურდიას მხარეზე ნაბრძოლი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, ხელის ნაღმმტყორცნის ("მუხას") სროლის შედეგად. ნაღმის აფეთქება მოხდა "კუნგის" შიგნით. აფეთქების შედეგად შექმნილი წნევის ფაქტორი ნებისმიერ შემთხვევაში საკმარისი იყო იქ მყოფ ადამიანთა სიკვდილისათვის, ნამსხვრევებზეც რომ არაფერი ვთქვათ. ფორმიანები და შეიარაღებულები იქ მრავალნი იყვნენ, მაგრამ მათ შორის "იმედელი" ვერავინ ვიცანი, ერთის, დაჭრილის, გარდა.

იმაში, რასაც გაზეთი მაბრალებს - რომ ახალგაზრდები, რომელთა წინაშეც და რომლებთან მიმართებაშიც მე ჩემს თავს მორალურად ვალდებულად ვრაცხდი და ვრაცხ (ლაპარკია "იმედელებზე"), აღაიანში "ჩასაფრდნენ" და ძმათა სისხლი დაღვარესო - მე, როგორც ცილდაწამებულს, უფლება მაქვს, ჩემი სამართლებრივი და მორალური თავდაცვისათვის ყოველგვარი ბრალდებისაგან დაცვის უნივერსალური იარაღი - უდანაშაულობის პრეზუმპცია - გამოვიყენო. ანუ, მე შემიძლია მოვთხოვო გაზეთს "დამიმტკიცეთ, რასაც მაბრალებთ. თუ ვერ დამიმტკიცებთ, მაშინ მართალი ვყოფილვარ".

ამ შემთხვევაში მე ამ იარაღის გამოყენება არ მჭირდება, რადგან შემიძლია ბრალდებას კონკრეტული პოზიტიური არგუმენტით ვუპასუხო.

1: ხელის ნაღმმტყორცნი "მუხა", რამდენადაც ვიცი, "იმედს" შიარაღებაზე არ ჰქონდა.

2: რომც ჰქონოდა, მაშინ, როცა ეს ტრაგედია მოხდა, ხელთ ვერ ექნებოდა, რადგან "იმედი" გვარდიის ოპერატიულ დაქვემდებარებაში ამ დროს მხოლოდ იმიტომ იყო, რომ მას სთხოვეს მონაწილეობა ქალაქის პატრულირებაში მაშინ, როცა ქუჩებში შეიარაღებული განუკითხაობა მძვინვარებდა (იანვრის პირველ რიცხვებში), ხოლო ქუჩების პატრულირებაში ხელის ნაღმმტყორცნი არ იხმარება.

სინათლისათვის უნდა დავძინო: "იმედი" გვარდიასთან (გვარდიის შემადგენლობაში) იყო, როგორც ვთქვი, რკონში ყოფნის დროს, იქიდან მასთან ერთად გადმოვიდა ტელევიზიასთან და მას აჰყვა თბილისის ზღვაზე. ეს ასვლა უხიფათო არ იყო. ხელისუფლების მხრიდან გვარდიაზე დარტყმის საშიშროება არსებობდა და მისი ტრაგიკული გარდუვალი შედეგები ნათლად ჩანდა.

"იმედი" ზღვაზე დარჩა მანამ, სანამ ზღვაზე დაბანაკებული გვარდია იყო კუნძული, რომელიც ყოველდღიურად ელოდა შეიარაღებულ დარტყმას ქვევიდან, ქალაქიდან (იმ დროის საშინელ ეპიზოდებს არ ვახსენებ).

შემდგომში, როცა ვითარება შეტრიალდა, როცა კუნძულის მდგომარეობაში იმყოფებოდა უზენაესი საბჭოს შენობა და დარტყმას ელოდა თბილისის ზღვიდან, ხოლო ჰაერში უკვე შეიარაღებული გადატრიალების ავბედითი სუნი ტრიალებდა, "იმედი" თბილისის ზღვიდან წამოვიდა. დატოვა თავისი იარაღი და წამოვიდა. ეს ნაბიჯი უდავოდ სახიფათო იყო. მე მას შეგნებულად დავესწარი. საბედნიეროდ, ყოველივე იმ დღეს მშვიდობიანად დამთავრდა. იმედელები სახლებში დასხდნენ. გამოვიდნენ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქუჩებში პატრულირება სთხოვეს (იანვრის პირველ რიცხვებში ან ორიოდე დღით ადრე).

შემდეგში "იმედი" გაიყო. აირჩიეს ახალი თავკაცი და მას შემადგენლობის ნაწილი წაჰყვა. ეს ნაწილი წაჰყვა გვარდიას "ლაშქრობაში" დასავლეთისკენ. იმათ, ვიზედაც და ვის წინაშეც მე მორალური პასუხისმგებლობა მქონდა, დასავლეთისკენ ფეხი არავის გადაუდგამს აფხაზეთში ომის დაწყებამდე 1992 წლის აგვისტოში.

ეს ცილისწამება, რაც ზეპირად ვრცელდება პირადად ჩემი მისამართით და "იმედის" მისამართით, მე ძალიან მძიმე ტვირთად მაწევს. ბეჭდური სახით მას პირველად ახლა ვხედავ გაზეთ "ასავალ-დასავალში". ჩემი უფლება და მოვალეობაა, რომ მოვითხოვო ამ გაზეთში გამოქვეყნება წინამდებარე ტექსტის იმ ნაწილისა, რომელიც ცილისწამების ზემოხსენებულ ორ პუნქტს შეეხება, აგრეთვე მოვითხოვო კანონიერი კომპენსაცია მოყენებული მორალური ზიანისათვის და შესაბამისი თანხის მაშინათვე საპატრიარქოს რომელსამე საქველმოქმედო ფონდში გადაცემა.

მიმაჩნია, რომ პროკურატურის მიერ ამ სისხლიანი დანაშაულის გამოძიება არის დანაშაული, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს მრავალი მხრივ.

ზემოხსენებული "ნივის" პატრონი, რომელმაც აღაიანში გამიყვანა, თბილისშია და მოწმედ მისი დასახელებაც შემიძლია. კიტოვანის ზემოხსენებულ განცხადებას და ჩემს რეაგირებას მასზე რამდენიმე ათასი მოწმე ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×