"მკვლელობის კადრები რომ ვნახეთ, ბიჭებს სიმწრის ცრემლები წამოგვივიდა და გადავწყვიტეთ, სწორედ ასე გადაგვეხადა სამაგიერო ოკუპანტებისათვის"
ვახტანგ შამუგია
17.06.2016

 უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მებრძოლმა ქართველებმა პრორუსი სეპარატისტების პიზიციების სიღრმეში დივერსიული სპეცოპერაცია ჩაატარეს და მოწინაარმდეგეს დიდი ზიანი მიაყენეს. ეს ოპერაცია ქართველმა ლეგიონერმა სოფელ ხურჩასთან "აფხაზი მესაზღვრის" მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიუძღვნეს.

ამის შესახებ "რეზონანსს" ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ესაუბრა. მისივე თქმით, ერთგვარი სიმშვიდე, რომელიც ამ ეტაპზე კონფლიქტის ზონაში შეინიშნება, მოჩვენებითა ქარიშხლის წინ ჩამოვარდნილ სიჩუმეს ჰგავს.

"სეპარატისტები 120 და 82 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნებით სისტემატურად ბომბავენ ჩვენს პოზიციებს და ცდილობენ ჩვენს პროვოცირებას. მაქსიმალურად ვცდილობთ პროვოკაციას არ წამოვეგოთ, არის სიტუაცია, როდესაც, ასე ვთქვათ, ზედმეტი მოსდით, რა დროსაც ჩვენ წერტილოვანი დარტყმებით ვპასუხობთ", - უთხრა მამულაშვილმა "რეზონანსს".მისი თქმით, 12 ივნისს "ქართული ლეგიონის" მიერ მოწინააღმდეგის ზურგში განხორციელებულ დივერსიას, საერთო ჯამში, 12 მეამბოხე შეეწირა, 10 კი დაიჭრა. სროლების შედეგად მსუბუქი დაზიანება ლეგიონის ორმა წევრმა მიიღო. ორივე მათგანი ამ ეტაპზე კიევში სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ლეგიონის მეთაურის თქმით, ისინი თანამებრძოლებს მალე დაუბრუნდებიან.

"ამ სპეცოპერაციის დაგეგმვა გიგა ოთხოზორიას არაკაცურმა და მუხანათურმა მკვლელობამ გადაგვაწყვეტინა. ეს მის ხსოვნას მივუძღვენით. მკვლელობის კადრები რომ ვნახეთ, ბიჭებს სიმწრის ცრემლები წამოგვივიდა და გადავწყვიტეთ, სწორედ ასე გადაგვეხადა სამაგიერო ოკუპანტებისათვის.

"ჩვენი ბიჭები, ექვსკაციანი ჯგუფი შევიდა მოწინააღმდეგის ზურგში და მათ ცეცხლი ყუმბარმტყორცნებიდან და ხელის ტყვიამფრქვევებიდან გაუხსნა. მანამდე კი კოორდინატები უკრაინელ არტილერისტებს გადასცეს და ცეცხლის კორექტირებაც მოახდინეს. შედეგად, დაიღუპა რუსული არმიის 12 ჯარისკაცი, დაახლოებით ამდენი დაიჭრა, საარტილერიო ცეცხლმა კი 40 სეპარატისტი გაანადგურა. დანაკარგი ავტოტექნიკაშიც ჰქონდათ.

"ჩვენ ორი ბიჭი დაგვეჭრა, ერთი მუცლის, მეორე კი ხელისა და მუცლის არეში, მაგრამ არაუშავს, კარგად არიან და მალე დაგვიბრუნდებიან", - უთხრა მამულაშვილმა "რეზონანსს".

"ქართული ლეგიონი" ამ ეტაპზე 25-ე ცალკეული ბატალიონის შემადგენლობაშია და ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში წინა ხაზზეა. ქართველები არიან ერთადერთი უცხოელები, რომლებიც უკრაინის არმიის შემადგენლობაში ოფიციალურად ირიცხებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არცერთ მათგანს არ უთქვამს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ისინი 2014 წლის ოქტომბრიდან მონაწილეობენ. ამ დრომდე მათ, საერთო ჯამში, 6 მებრძოლი დაკარგეს. თუმცა, თავის მხრივ, მათ საბრძოლო ანგარშზე არაერთი წარმატებული ოპერაციაა.

საგულისხმოა, რომ ამ სპეცოპერაციამ რუსული მედიის ყურადღება მიიქცია. ტელეკომპანია "რასსია 24"-ის ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, "უკრაინელი რადიკალების პროვოკაციას დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ათზე მეტი მებრძოლი შეეწირა".

მამუკა მამულაშვილის თქმით, "ქართული ლეგიონის" წევრობის სურვილი საქართველოს ბევრ მოქალაქეს აქვს და ის არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მათ რიგებს ახალი პირები დაემატებიან, თუმცა "რეზონანსთან" საუბრისას ის ხაზს უსვამს, რომ შერჩევის პროცესი იქნება ძალიან მკაცრი და არჩევანი მხოლოდ გამოცდილ, პატიოსან და დისციპლინირებულ პირებზე შეჩერდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×