საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი უნიკალური ქართული ხალხური ცეკვების დამდგმელი ქორეოგრაფებისა და შემსრულებელ-მოცეკვავეთა ძველი და ახალი თაობის ათასობით ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პიროვნებას აერთიანებს. ქართველ ქორეოგრაფთა თაობები უაღრესად მადლიერნი არიან იმ ზრუნვისა და ამაგისათვის, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება იჩენს ფოლკლორული კულტურის მოძება-შენახვისა და განვითარებისათვის.
ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ სფეროში ნამდვილად ბევრი გაკეთდა, თუმცა ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკმარისი არ არის.
თავს უფლებას მივცემთ შეგახსენოთ, რომ ჩვენში მოქმედ შემოქმედებით კავშირებს შორის ქორეოგრაფ ხელოვანთა კავშირი ერთადერთია, რომელსაც სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემული არანაირი მატერიალური სიმდიდრე არ გააჩნია. ის უმნიშვნელო მატერიალური ფასეულობა, რომელიც კავშირის ანგარიშზე დღეისათვის ირიცხება, შეძენილია მხოლოდ მისი წევრების პირადი დანაზოგებით, შემოწირულობითა და შემოქმედებითი ტიპის ღონისძიებებიდან შემოსული თანხებით.
თავისი არსებობის დღიდან კავშირის სამუშაო ოფისისათვის მუდმივად ქირაობდა გარკვეულ ფართს და დღესაც ამ მდგომარეობაში აგრძელებს საქმიანობას.
2010-2011 წლებისათვის კავშირის ოფისი მდებარეობდა დავით. აღმაშენებლის #178-ში, სადაც განთავსებული იყო "საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი". ქონებრივად აღნიშნული შენობა ეკუთვნოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს.
მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტს ჰქონდა იმის იურიდიული უფლება, რომ სპეციალური ტენდერის საფუძველზე გაექირავებინა მის ხელთ არსებული ფართი და ჩვენც, ბუნებრივია, სწორედ ამ გზით მოვხვდით აღნიშნულ შენობაში. მომდევნო ეტაპზე ჩვენი ურთიერთობა კიდევ მაღალ დონეზე ავიდა და კავშირის მიერ დაარსებული "ქართული ცეკვის სახლი" ზემოაღნიშნული ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულიც გახდა იმდენად, რამდენადაც ინსტიტუტსა და კავშირს საერთო ინტერესები გვქონდა, პედაგოგ-ქორეოგრაფთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ კავშირმა მისთვის საიჯარო წესით გაცემული ფართი გაარემონტა და სოლიდური მატერიალური დანახარჯებიც გასწია.
სამწუხაროდ, წამოწყებული კეთილი საქმე დიდხანს ვერ გაგრძელდა, რადგანაც დღეისათვის გაუგებარ წარმონაქმნად უკვე აღიარებულმა სტრუქტურამ, რომელსაც ქალაქის მერიასთან არსებული "თბილისის განვითარების ფონდი" ერქვა, მთელი ეს შენობა მიითვისა და იქიდან ინსტიტუტიც გამოაგდო და კავშირიც. დაიწყო შენობის რემონტი, რომელიც მხოლოდ ფასადის შელამაზებით დასრულდა, დანარჩენი შიდა სივრცე უბრალოდ დაინგრა, ზოგი რამ კი, რასაც მატერიალური ქონება ჰქვია, განადგურდა.
აქვე დავძენთ, რომ ინსტიტუტიდან ერთობლივი მუშაობის მოკლე პერიოდში მოხერხდა პედაგოგ-ქორეოგრაფთა რამდენიმე ჯგუფის გადამზადება სპეციალური პროგრამის მიხედვით. მსმენელებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებენ კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზე მომუშავე სპეციალისტები და გამოჩენილი პრაქტიკოს-თეორეტიკოსი ქორეოგრაფები.
აღნიშნული პრაქტიკის აღდგენა დღეისათვის სრულიად აუცილებელია და ჩვენ მხარს ვუჭერთ იდეას, რომ ზემოთ ხსენებული მატერიალური ბაზა კვლავ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. მის სივრცეში ადგილი ჩვენთვისაც მოინახება და ამით ბევრი სამომავლო პრობლემა მოგვარდება. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ვთვლით, რომ:
1. თუ სახელმწიფო მოინდომებს სამართლიანობის აღდგენას, ინსტიტუტს თავის უფლებებში დააბრუნებს და იქვე ჩვენთვისაც გამოყოფს გარკვეულ ფართს, მაშინ ამ ბაზაზე გავააქტიურებთ კავშირის საქმიანობას, შევქმნით ექსპერიმენტულ ქორეოგრაფიულ სტუდიას, ქორეოგრაფიულ სკოლას, ჩამოვაყალიბებთ შესაბამისი პროფილის ანსამბლს, რითაც კავშირის ფუნქციონირების პროცესს მყარ ფინანსურ საფუძველზე დავაყენებთ. ჩვენ ბუნებრივია გვესმის, რომ ამ ტიპის საკითხების გადაწყვეტას რთულია, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მისი მოგვარება შესაძლებელია;
2. იმ შემთხვევაში, თუკი საკითხი გადაუწყვეტელი და მოუგვარებელი დარჩება, ხოლო აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სამუდამოდ დაკარგული აღმოჩნდება საგანმათლებლო საქმიანობის სფეროსთვის, მაშინ იქნებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობეში მოიძებნოს ისეთი სივრცე, თუნდაც 5-6 ოთახის სახით, რომელიც გადაეცემოდა ქორეოგრაფთა კავშირს; აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა შემდეგი ფაქტი: მიმდინარე ეტაპზე გ. ჩუბინაშვილის ქ. #49-ში ისტორიულად არსებული ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ყოფილი სასწავლო კორპუსი ბოლომდე ათვისებულ-დატვირთული არ არის. იქნებ მოხერხდეს და აღნიშნულ სივრცეში ჩვენთვისაც გამონახონ გარკვეული ფართი;
3. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე ეტაპზე არსებული პრობლემის უკეთ გააზრებისა და გადაჭრის გზების მოსაძიებლად კარგი იქნებოდა გარკვეული სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც შევიდოდნენ სპეციალისტები, სახელისუფლებო სტრუქტურებიდან და ასევე კავშირის მხრიდან.
P.S. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ადმინისტრაცია, გამგეობა და აქტივი იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენი პროფესიული გასაჭირის ამსახველი წერილი ოდესმე მაინც მოხვდება აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე სახელმწიფოებრივად მოწოდებული მოღვაწეების სამუშაო მაგიდაზე.
რეზო ჭანიშვილი
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი
ომარ მხეიძე კავშირის საპატიო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო არტისტი
ფრიდონ სულაბერიძე კავშირის საპატიო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო არტისტი