ყველა ქართველმა ერთად თუ არ ვიზრუნეთ თბილისზე, თბილისში მცხოვრები მომავალი თაობა თბილისის გარეშე დარჩება!
დღეს თუ ჩვენს დედაქალაქს მხატვრის თვალით შევხედავთ, ფიროსმანის მიერ ტილოზე დახატული ულამაზესი თბილისის ნაცვლად თანამედროვეობის მიერ უნიჭოდ შესრულებულ არქიტექტურულ აბსტრაქციას დავინახავთ!
მივესალმები ქვეყნის აღმშენებლობას, მაგრამ არა მისი დანგრევის ხარჯზე!
უნდა შეწყდეს, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ქალაქის ძველ, ისტორიულ უბნებში მრავალსართულიანი სიმახინჯეების, ეგრეთ წოდებული, მონსტრების მშენებლობას!
ასევე, ყოვლად დაუშვებელია ქალაქის გარეუბნებში ქაოსურად მიმდინარე მასივური მშენებლობა!
ჩემი აზრით, ერთი ხელით ახალი თბილისის ხატვით დაკავებული არ უნდა ვშლიდეთ მეორე ხელით ძველ თბილისს!
მთავარი უბედურება ის გახლავთ, რომ ჩვენი მშენებლების დიდი ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეს ამ ულამაზეს ქვეყანაზე, ერთმანეთს ცამდე უსულო რკინაბეტონის კედლების შენებაში ეჯიბრება, შემდეგ ამ აშენებულ კედლებს ფანჯრებს ახატავენ და სახელად სახლებს არქმევენ!
ეს არის სახლები მზიან ქალაქში, მზის გარეშე!
დღეს სამშენებლო ბიზნესი ჯიბის მშენებლობაზეა ორიენტირებული და არა ქვეყნის სწორ, ხარისხიან აღმშენებლობაზე!
მე ამ ყველაფერს ქვეყნის განაშენიანებას კი არა, ქვეყნის გადაშენებას დავარქმევდი!
ძველ თბილისში, იქ, სადაც მიწას ოქროს ფასი აქვს და უფრო მეტიც, თბილისელებისათვის ოქროზე ძვირფასიცაა, უცხოელი თუ ადგილობრივი ინვესტორები ყაჩაღებივით არიან შემოსეული, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა ჩაიგდონ ხელში, რათა შემდეგ აქ საკუთარი ცათამბჯენები აშენონ და უკეთ მიებჯინონ თავთავიანთი ბიზნესინტერესებით ქართულ ცას!
ძვირფას ცას!
სწორედ ამ ცათამბჯენებს ეწირება ხედები მთაწმინდაზე, ეკლესიებზე, ნარიყალაზე, მტკვარსა და ქალაქის უამრავ ღირსშესანიშნავ ადგილზე!
დღეს მშენებლობებისას ნადგურდება ქალაქში არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი, დღისით, მზისით იჭრება უნიკალური ხეები, ნადგურდება საბავშვო გასართობი ბაღები, სკვერები, სპორტული მოედნები.
ჩვენდა საუბედუროდ, ქალაქში ხეებზე მეტი სანაგვე ურნა დგას!
ქალაქი კი დღითი დღე მანქანებით გამძღარ პარკინგს ემსგავსება!
ვინ იცის, მალე რას დაემსგავსება!
ქართველები თუ არ გავუფრთხილდით საქართველოს, სხვა ვინ გაუფრთხილდება?!
ჩვენი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება კი მიგვიყვანს სრულ კატასტროფამდე!
თბილისი მთელ მსოფლიოში ულამაზესი და უძვირფასესია, თითოეულმა ჩვენგანმა ის კიდევ უფრო ლამაზად და ძვირფასად უნდა ვაქციოთ, სხვა უფლება ქართველებს არ გაგვაჩნია!
არავის უნდა მივცეთ ჩვენს ქალაქში აგურზე აგურის ცუდად დადების უფლება!
აქ ყველა შენობა დახატულია, თითქოსდა ჩვენი ქალაქი არა მშენებლების, არამედ მხატვრების მიერ არის აშენებული და ერთადერთია მთელ ქვეყანაზე.
დღეს კი ჩვენ ვაშენებთ იმას, რაც ხვალ შეიძლება თავზე დაგვენგრეს.