ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა. (ვაჟა-ფშაველა)
არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკურ ძალებში ვნებათაღელვა მატულობს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 4 წელი გავიდა. ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიებისათვის ანალიზი გაეკეთებინათ და მომზადებულიყვნენ. ცხადია, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურება, პოპულისტური გამოსვლები და პროვოკაციები შედეგს ვერ მოიტანს.
ამჯერად იერიში მაჟორიტარულ სისტემაზეა მიტანილი. როგორც ჩანს, თავიანთი რესურსებიდან გამომდინარე, ამ სისტემით პარლამენტის წევრად არჩევაზე ოცნებაც კი ვერ წარმოუდგენიათ. არც დაუმალავთ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მათმა წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, მაჟორიტარების უმრავლესობას "ქართული ოცნება" გაიყვანსო. ამით დაადასტურა, რომ ამ უკანასკნელს გაცილებით უკეთესი პიროვნული რესურსი გააჩნია.
პიროვნული შეფასებების დროს ხალხი არ ცდება-ამომრჩეველი ხმას აძლევს უფრო ღირსეულსა და აქტიურს. მაჟორიტარების ნაწილი ამ მისიას წარმატებით უმკლავდება, ზოგიც - ვერა. აქ ალბათ საკანონმდებლო რეგულაციები წაადგებოდა საქმეს - ამომრჩეველთა უმრავლესობას უნდა ჰქონდეს საშუალება ამ უკანასკნელთა გამოწვევის თაობაზე.
ქვეყნის დღევანდელობიდან გამომდინარე, მაჟორიტარში ხედავენ ხიდს ხელისუფლებასთან, მათი მეშვეობით წყვეტენ მრავალ საკითხს. ახლა უნდათ ეს ხიდიც მოშალონ. პარტიების უმეტესობა კი მხოლოდ არჩევნების გამოცხადებიდან მის დამთავრებამდე არსებობს, მათი ლიდერები დედაქალაქიდან მოძღვრავენ ხალხს. რომელი მათგანი მისულა მოსახლეობასთან რაიონებში, სოფლებში და მათი ბედით დაინტერესებულა?
რატომ უნდა ვაიძულოთ ამომრჩეველი, ხმა მისცეს პარტიულ სიებს ამოფარებული მედროვეების პარლამენტში მოსვლას? მაჟორიტარული სისტემით არჩევნების გაუქმება დიდი შეცდომა იქნება არამარტო 2016 წლის, არამედ შემდეგომი არჩევნების დროსაც.
ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ხალხის ნების რეფერენდუმის, ან გამოკითხვის ცივილური მეთოდებით გამოვლენა და გათვალისწინება. არავინ დგას მოსახლეობაზე უფრო მაღლა, არავის აქვს მათი სახელით ლაპარაკისა და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხებით მანიპულირების უფლება. საშუალებები განა ყოველთვის ამართლებს მიზანს, განსაკუთრებით, როცა საქმე ქვეყნის ბედსა და მომავალს ეხება.
"ხელისუფლებას ვუთხარით, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს და წარვადგინეთ მაჟორიტარული სისტემის სამხარეო-პროპორციული სისტემაო." სამხარეო ადმინისტრაციულ ტერიტორიულ მოწყობას საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, ქვეყნის ისტორიული წარსულიდან გამომდინარე მისი შემოღება კი, პოლიტიკური ამბიციების გამო ქვეყნის ბედის სასწორზე დაყენება იქნება.
ეს ვარიანტი ვერ გავა და გერმანული მოდელი შემოვიღოთო "კერძოდ, თუ 150 წევრიან პარლამენტში კონკრეტულმა პარტიამ მიიღო 40% და მოიგო მაჟორიტართა 73 ოლქიდან - დავუშვათ 40. ეს იმას ნიშნავს, რომ 40% დაახლოებით 30 მანდატს გულისხმობს, გერმანული მოდელის თანახმად ამ მანდატებს პირველ რიგში ავსებენ გამარჯვებული მაჟორიტარები, ხოლო შემდგომ 60 მანდატამდე ივსება პროპორციული სიით, ანუ პროპორციულიდან გადმოდის არა 30 მანდატი, როგორც ეს ხდება დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით, არამედ მხოლოდ 20... ანუ 10 მანდატით უფრო ნაკლებიო."
მაგრამ, ამომრჩეველთა 40%-მა ხმა რომ მივეცით პარტიულ სიას (სიას, რადგან პირველ რიგში იმას ვნახულობთ, ვინ არის მასში შეყვანილი, რამეთუ პარლამენტში პიროვნებები შედიან, პარტიები კი მარტივ მამრავლებად იშლებიან და მეორეც, დარეგისტრირებული პარტიებიდან უმეტესობის დასახელებაც კი უცხოა, არათუ მათი პოლიტიკური პლატფორმა) და დავიმსახურეთ 30 მანდატი, რა უფლებით გვართმევ მას?! გვაყაჩაღებ თუ გვემათხოვრები-მეც დამითმეთო?!
ვთქვათ და მოყვანილ შემთხვევაში რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ 60-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში მოიგო არჩევნები (ამის პრეცედენტებიც გვქონდა). ამ შემთხვევაში, პარტიული სიით მიღებულ მანდატებს რომ თავი დავანებოთ, სად წავიყვანოთ 61-ე, 62-ე და ა.შ. მაჟორიტარი, იქნებ "ორცვლიანი პარლამენტის" შემოღებას ფიქრობთ?
საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლში ცალსახადაა განმარტებული, რომ "...საქართველოს პარლამენტი შედგება...პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან." კავშირი "და" ორივე სისტემის თანასწორუფლებიანობაზე მიანიშნებს. ამდენად, პროპორციული სისტემით მიღებული მანდატების რაოდენობა 77-დან უნდა გამომდინარეობდეს და არა 150-დან.
ყურადღებას არავინ აქცევს ამავე მუხლის დასაწყისს, რომ ეს ნორმა მოქმედებს "საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე". (რომლის შემდეგ "მუხლი 4. 1.... საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. 2.რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. 3. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან...)
საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის რამე სახით სახეცვლილება ხომ არ გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის ავისმოსურნეთათვის დამატებითი პროვოკაციებისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის საფუძვლებს? ღირს კი საკუთარი ამბიციებისა და პარლამენტში სკამის დაკავებისათვის ქვეყნის ინტერესების სასწორზე დადება?
ამ საკითხებს სერიოზული გააზრება და ანალიზი სჭირდება. საქართველოს პარლამენტში არის საღად მოაზროვნე უმრავლესობა, რომელთა პოზიციასაც ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კოდექსის ნებისმიერი სერიოზული ცვლილება დისონანსს შეიტანს ამ კამპანიაში, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის, თვით პოლიტიკური ძალებისა და ამომრჩეველთა დაბნეულობას გამოიწვევს.
ცხადია, პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ ძალას ეკისრება, მან უნდა უზრუნველყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალ დონეზე, მშვიდ და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარება.
მერაბ ნავაძე, (ქუთაისი, მაისი, 2016 წ.)