სახელმწიფოს ამოძრავებს რესურსები, ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები, სტარტეგიები და გეგმები, ინფორმაცია და მონაცემები, წესები და ნორმები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ახალი პოლიტიკა და პოლიტიკური ტექნოლოგიები. აღნიშნული კი ქართული საზოგადოების მოთხოვნებითაა ინიცირებული.
თვალსაჩინოა აღინიშნოს, რომ ქართული საზოგადოების მოთხოვნები ახალი პოლიტიკის საჭიროებასა და ახალი პოლიტიკური გარემოს შექმნას გენერირებს. მოცემული გარემო ითხოვს: ახალგაზრდა ინტელექტუალებსა და მეცნიერებს, რომლებიც საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი უნარ-ჩვევებით "აღმოცენდნენ" (ნათესაური კავშირების გარეშე); მმართველობითი რესურსის საზოგადოების მოთხოვნებთან თავსებადობას (რაც გულისხმობს ქარიზმატულ და ენერგიულ მმართველებს, ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებს, სამეცნიერო რესურსის მმართველობაში ჩართვას, ახალგაზრდა ანალიტიკოსებისა და ექსპერტების სახელმწიფო მშენებლობაში ჩართვას, საქართველოს პოლიტიკურ არენაზე არსებული აქტორების ცვლილებას. იმისათვის, რომ შედეგი არ იყოს "ლოკალური იზოლაცია"; ახალ პოლიტიკურ რესურსსა და პლურალისტური საზოგადოების გაერთიანებას; პოლიტიკური სისტემის გამდიდრებას ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებითა და ანალიტიკოსებით (თაობებს შორის იდეოლოგიურ სხვაობას, ინოვაციურ და სტრატეგიულ აზროვნებას, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასეულობა გააჩნია); პოლიტიკურ გარემოში ახალი წევრების დიდ ნაკადს. (რადგან, ახალი პოლიტიკური ლიდერები ახალი წევრების მიერ იქნებიან არჩეული). ამით კი გაიზრდება საარჩევნო პასუხისმგებლობა, როგორც არსებულ პოლიტიკურ არენაზე, ისე "პოლიტიკურ კულისებშიც".
არსებითია აღინიშნოს, რომ პოლიტიკურ ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი საპარლამენტო არჩევნებია. წესით, არჩევნებმა, საქართველოს პოლიტიკაში, ახალი ხანა უნდა შექმნას. თუმცა, ახალ ხანას ახალი პოლიტიკური რესურსი ქმნის, ხოლო დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაფტი მხოლოდ ძველი პოლიტიკითა და მიკრომმართველობებითაა წარმოდგენილი.
მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურ კონფრონტაციულ გარემოში, სახელმწიფოს საერო და სასულიერო ხელისუფლებამ (უკანასკნელ 25 წელიწადში) ძალები არ დაიშურა სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, ქვეყნის ზრდა-განვითარების, პროგრესის, უსაფრთხოების, სოციალური უზრუნველყოფის, საზოგადოების კეთილდღეობის, დემოკრატიის, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგრადობის საქმეში (რა თქმა უნდა, არსებული რესურსის შესაბამისად).
დღეს, ახალი პოლიტიკური რესურსის არარსებობის გამო, პოლიტიკური გარემო უფრო მუტაციას განიცდის, ვიდრე ახალი პოლიტიკური გარემოს ფორმირებას. შესაბამისად, გლობალური და ლოკალური გამოწვევები განაპირობებს პოლიტიკური ცვლილებებისა და ახალი პოლიტიკური შესაძლებლობების მქონე რესურსის საჭიროების აუცილებლობას (აღნიშნულ რესურსს ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარები წარმოადგენს). აღნიშნული ცვლილებები, ქვეყანაში შექმნის ახალ პოლიტიკურ ეპოქას.
ახალი პოლიტიკისა და ახალგაზრდა პოლიტიკური რესურსის საჭიროებაზე მეტყველებს: გლობალური კონფრონტაციული გარემოს გამოწვევები; შეუწყვეტელი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები, შენელებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები და მასშტაბები; დაბალი ეკონომიკური და პოლიტიკური ოპტიმიზმი; ადგილობრივი საკადრო და ორგანიზაციული რესურსების ათვისების ნაცვლად აქცენტების გადატანა უცხოურ საკადრო რესურსზე; ტენდერებში ქართული ორგანიზაციების უპირატესობის მინიჭების მექანიზმების არარსებობა; სახელმწიფო მმართველობაში ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარების როლის უგულებელყოფა; სახელმწიფო პოლიტიკის საკვანძო საკითხებსა და ვექტორებზე შიდა კონსესუსის მზაობის არარსებობა; უმაღლესი მმართველობითი რგოლის განახლების საჭიროება; ეროვნული ვალუტის ლარის ისეთივე გაუფასურება, როგორც არსებული პოლიტიკური გარემოს განვითარება; წარმოდგენილი "მიკრომმართველობები"; მაღალი იდეოლოგიური განსხვავებები და საზოგადოებრივი პრეტენზიების ტონი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიმართ; საარჩევნო კლიმატს ქმნის ის ძველი პოლიტიკური გარემო, რომლის ფესვები ღრმაა, თუმცა უნაყოფო; დაბალი საარჩევნო ბარიერის გამო, ძველი პოლიტიკის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია (ხოლო იმ პოლიტიკური ჯგუფის გამარჯვების შანსი, ვინც ბურთს გუნდში არ თამაშობს, ფაქტობრივად, ნულის ტოლია); ჯამში, ახალი პოლიტიკა ზრდის ახალ ეკონომიკურ პერპექტივებსა და მასშტაბებს; ყველასათვის ცნობილია, რომ ერთგვარ "კოზირს" წარმოადგენს სახელისუფლებო სივრცეში ყოფნა.
შესაბამისად, პოლიტიკური პოლუსიც სწორედ ძველ პოლიტიკასა და აქტორებზე გადის. აღნიშნული გზას არ უხსნის ახალ პოლიტიკურ მოთამაშეებსა და რესურსს, ვერ უზრუნველყოფს ახალი პოლიტიკური შესაძლებლობების წარმოჩენას.
ძველი პოლიტიკა გავლენას ვერ ახდენს საზოგადოების ინტეგრირების, მეცნიერ-მკლევარების მმართველობაში ჩართულობის, სახელმწიფოს მიერ სამეცნიერო რესურსის გამოყენების, პოლიტიკური რეფორმირებისა და პოლიტიკური ეკოსისტემის განვითარების პროცესზე.
არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუ აღვნიშნავთ, რომ არსებული პოლიტიკური მიდგომები უფრო "მტაცებლურია," ვიდრე ინოვაციური, რადგან არ მოიცავს: ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციურ მიდგომებსა და პოლიტიკურ მექანიზმებს; ახალი საკადრო რესურსების, ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებისა და ენერგიული ინტელექტუალების ათვისების პოლიტიკას; ახალ სტრატეგიულ მიდგომებსა და ვექტორებს; იდეოლოგიასა და სახელმწიფო მარკეტინგულ კამპანიას; ქარიზმატულ სულისკვეთებასა და შემართებას; ჯამში, ძველი პოლიტიკა "ამბობს არაფერს, ძველი წესებით" (ძველი წესები ახალს არ ქმნის).
კვლევები ადასტურებს, რომ ახალი პოლიტიკის ფუნდამენტს ქმნის საზოგადოების მოთხოვნები და მოლოდინი, როგორიცაა: ახალი პოლიტიკური ჯგუფის აღმოცენება, რომელიც ახალი რესურსებითა და მეცნიერ-მკლევარებით იქნება დაკომპლექტებული; პრივილეგირებული პოლიტიკური ჯგუფი და ახალი პოლიტიკური ურთიერთობები; სოციალური სტრატიფიკაციის შემცირება და ინტელექტუალური საზოგადოების გაძლიერება; ეკონომიკის ზრდა, დასაქმებისა და ხელფასების ზრდა, ბიზნესსუბიექტების რაოდენობისა და ბრუნვის ზრდა, მწარმოებლურობისა და მოგების ზრდა, ეკონომიკაში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობისა და წილის ზრდა, საზოგადოების მიერ უძრავ-მოძრავი ქონების წვდომისა და პერმანენტული განვითარების შესაძლებლობების ზრდა.
აღნიშნული იმპერატივებით ყველა ზემოაღნიშნული საკითხი გადაფარულია; პრაგმატული პოლიტიკური ინიციატივები, რომელიც ქართველ ერს (საქართველოს მოსახლეობას) ემსახურება ყველა დონეზე; ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებისა და ანალიტიკოსთა რესურსი; უკვე შექმნილი სტრატეგიები და განვითარების კონკრეტული პროგრამები; ნაციონალური და გლობალური პოლიტიკის ახალი პარადიგმა; პოლიტიკური პროცესი წარმოადგენს კონკურენციის შესაძლებლობის მომცემს, იმისათვის, რომ მოხდეს იდეებისა და გადაწყვეტილებების გენერირება.
ჯამში, ქართული პოლიტიკური ცვლილების დროებაში, ხდება პოლიტიკური პარტიების იდენტიფიცირება წარმოებული პრაგმატული პოლიტიკის, მიღწეული შედეგების, შესრულებული გეგმების, საზოგადოების ნდობის, პოლიტიკური ავტორიტეტის, "პოლიტიკური ცხოვრების სახის" მიხედვით.
რთულია წინასწარ შეაფასო, არჩევნებში მონაწილე კონკრეტული პირი კერძო მიზნებით ერთვება პოლიტიკაში, თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობის იდეალებით. თუმცა, ფაქტი ერთია, რომ სახელმწიფო მართვის, ნაციონალური პასუხისმგებლობისა და პრაგმატული პოლიტიკის მიუღწევლობის სამართლებრივად გამკაცრების პირობებში, ქვეყანაში "აღმოცენდება" ახალი პოლიტიკური ლიდერები და ფორმირებული იქნება ახალი პოლიტიკური კულტურა.
გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკა არასდროსაა სტატიკური, ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე პოლიტიკური გარემოს ხედვა (აუცილებლად) არ წარმოადგენს მომავლის მოდელს. აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის პირობებში, არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებელია ხალხი და არა არჩევნებში მონაწილე პარტიები და პირები. თუმცა, საქართველოში, დემოკრატიის ფორმირების პირობებში, არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს აკისრია. არჩვენების შედეგები არის პოლიტიკური პარტიების საქმიანობის ერთგვარი "სკრინინგის პროცესი".
დღეს, საზოგადოება გრძნობს, რომ პოლიტიკური პროცესები გავლენას ვერ ახდენს პოლიტიკურ ეკოსისტემაზე (სურვილის მიუხედავად). შედეგად, ქვეყანაში, ფორმირდება ერთგვარი "მიკრომმართველობა". შესაბამისად, ახალმა პოლიტიკამ ახალი პოლიტიკური ჯგუფებით უნდა შეძლოს ერის პოლიტიკური მობილიზაცია, შეცვალოს "დინასტიური ფესვების პოლიტიკა" და შექმნას მძლავრი სახელმწიფო სისტემა.
გლობალურ კონფრონტაციულ გარემოში, საქართველომ პოლიტიკურ ვექტორებზე მაღლა უნდა დააყენოს მყისიერი შედეგები და მიღწევები, რეგიონული ლიდერობა და გავლენა, სახელმწიფო სისტემის ძლიერება და საზოგადოების პოლიტიკური კოორდინირება.
ჩვენ, სულის სიღრმეში გვჯერა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური რესურსი (ძველიც და ახალიც) მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მშენებლობის სურვილით, მაგრამ რამდენად ქმნის პრაგმატულ პოლიტიკას, მეტყველებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ამყარებს ჩვენს ჯანმრთელ სკეპტიციზმს და ავლენს ახალი პოლიტიკური რესურსის საჭიროებას. აღნიშნულ რესურსს კი ახალგაზრდა მეცნიერ-მკლევარები უნდა წარმოადგენდეს.
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძე