თამაზ აქუბარდია
ორი ათასზე მეტი წლის წინ დიდი რომაელის, გაიუს ტულიუს ციცერონის მიერ ნათქვამი ეს ამაღლებული სიტყვები, - "მე ჩემს ღირსებას ფულზე არ ვყიდი", - კაპიტალიზმია, მისთვის დამახასიათებელი პრაგმატიზმით, ლაფში ამოსვარა და შეცვალა ცინიზმამდე მისული, სარკაზმით სავსე სიტყვებით, - რაც შეიძლება სარფიანად გავყიდო ჩემი ღირსება! თუმცა ეს სიტყვები ვაი პოლიტიკოსებს უფრო შეეხება, მაინც ვიტყვით, რომ, - ვშიშობთ, რომ ვინც ამას ამბობს, მას ღირსება არ გააჩნია და იმის გარკვევა, თუ მაშინ რაღას ყიდის, მკითხველისათვის მიგვინდია.
უკანასკნელ პერიოდში, ალბათ ბევრი თქვენთაგანი შეამჩნევდა, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ბევრ ადგილას გამოფენილია წარწერა - "იყიდება", "ქირავდება"!
ბევრი ამას დღევანდელი ხელისუფლების უნიათობით ხსნის, ხელისუფლება - რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, ექსპერტები - ლარის კურსის გაუფასურებით და ა.შ.
ცხადია, თითოეულ ამ ბრალდებაში სიმართლის საკმაოდ დიდი მარცვალია, მაგრამ, თუ ამ ამ საკითხს წმინდა ეკონომიკური კუთხით შევხედავთ, იგი სულ ორი სიტყვით, ძალიან ლაკონიურად შეიძლება დავახასიათოთ, - ბაზარი გაჯერდა! ანუ,მიმდინარე პროცესების უმთავრესი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მომსახურების, წარმოების(!), თუ ვაჭრობის ის სფეროები, რომლითაც მოფენილია მთელი ქალაქი და საერთოდაც, მთელი ქვეყანა, და დღეს, ქვეყნის ეკონომიკის უმთავრეს მიმართულებებს წარმოადგენენ, გაჯერდა და იწყება კაპიტალისტური ურთიერთობების ფორმირების ის ფაზა, რომელსაც საბაზრო ეკონომიკის თეორეტიკოსები თავიანთ სახელმძღვანელოებში პრაქტიკულად არ ახსენებენ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან, - ბაზრიდან ზედმეტი მოთამაშეების გაძევების პროცესი. ანუ, გასაგები ენით რომ ვთქვათ, ბაზარზე რჩება იმდენი მონაწილე, რამდენის ათვისებაც ბაზარს შეუძლია.
თავი დავანებოთ ამ პროცესების უკან მდგარ ზნეობრივ მხარეს, რომლის მიმართაც ბაზარი სრულიად გულგრილია, რაც, წმინდა ეკონომიკური კუთხით გასაგებია (ვითომ? რად მინდა ისეთი ეკონომიკა, რომელიც ადამიანს უპოვარს გახდის), მაგრამ სოციალურად საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანი. რით პასუხობს ამას ქალაქის ხელისუფლება? თუ დააკვირდებით, უკანასკნელ პერიოდში გარე ვაჭრობამ არნახული მასშტაბები მიიღო. ვაჭრობენ ყველგან და ყველაფრით. დაბეჯითებით ვერ გეტყვით, დღეს როგორ არის საქმე, მაგრამ შევარდნაძიდან დაწყებული და მიშათი დამთავრებული, გარე ვაჭრობა ჩინოვნიკების (და არა მარტო ჩინოვნიკების) შემოსავლის საკმაოდ მნიშვნელოვანი არალეგალური წყარო იყო.
რა განაპირობებს ბაზრიდან ე.წ. "ზედმეტი მოთამაშეების" გაძევებას? ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ ბაზრის გაჯერების გამო თითოეულ ეკონომიკურ აგენტზე მოსული შემოსავლების მოცულობა იმდენად მცირდება, რომ ხალხი ბაზრობებზე დაწესებულ გადასახადებს ვეღარ იხდის, ხოლო ფართის მფლობელები პლუს კიდევ ქირის გადასახდელს. ხელისუფლება კი ხედავს, რომ არ დაუშვას გარე ვაჭრობა, ამას შესაძლოა მოჰყვეს სოციალური აფეთქება. ეს უკანასკნელი კი ბაზრობების მესაკუთრეებს მძიმე მდგომარეობაში აგდებს და შესაძლოა ისინიც იძულებულები გახდნენ იფიქრონ ბაზრობების გაყიდვაზე, რასაც ჩასაფრებული ნადირივით ელოდებიან დეველოპერები.
თუმცა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ხელისუფლება თვალს ხუჭავს გარე ვაჭრობაზე. საქმე იმაშია, რომ სუპერმარკეტების, უფრო მეტიც, - ჰიპერმარკეტების რიცხვმა იმდენად ფართო მასშტაბები მიიღო, რომ მან სერიოზული გავლენა მოახდინა ბაზრის კონიუნქტურაზე და ბევრი მყიდველი თავისკენ გადაიბირა, რისთვისაც, ე.წ. "სავაჭრო დათმობამ" ჯერ, 20 პროცენტის ნაცვლად 12-15 პროცენტამდე დაიწია, და შემდეგ, რიგ შემთხვევაში 9-10 პროცენტამდეც კი. ანუ, მსხვილი ბიზნესი, სანამ კონკურენტებს გააძევებენ ბაზრიდან, 9 პროცენტიან მოგების მარჟაზეც თანახმაა. ამან კი ძალიან შეავიწროვა ბაზრობებზე მომუშავენი და თავად ბაზრობის მფლობელები.
დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ გასაქირავებელ ობიექტებს იმ ქვეყნის მოქალაქეები წაიღებენ, რომელთა ხელისუფლების სტრატეგია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ექსპანსიაა, აქედან გამომდინარე ყველა ნეგატივით და, ამის პარალელურად, დაქირავების ნაცვლად, ამ ობიექტებს ისინი აამუშავებენ, რომლებიც ფართს კი არ იქირავებენ, არამედ შეიძენენ.
ასეთ მიდგომას ის უპირატესობა აქვს, რომ, ჯერ ერთი, უძრავი ქონების ფასი, როგორც წესი, გრძელვადიან პერიოდში მატულობს და, ამდენად, მასში გადახდილი ფული გარკვეული ინვესტიციაა და, მეორეც, პროდუქციის რეალიზებისას ის, ვინც ფართს ქირაობს, სარეალიზაციო პროდუქტის ფასში ქირის თანხასაც დებს, რაც ფასს მნიშვნელოვნად ზრდის, ხოლო ფართის შეძენისას, თუ აღებული სესხის პროცენტი ქირის ფასზე ნაკლები იქნება (და იქნება კიდეც, რადგანაც ბანკები საკრედიტო რესურსების მშვენიერ წყაროს პოულობენ), მაშინ მთლიანი ფასი დაიწევს.
რაც შეეხება ბაზრიდან გაძევებულებს, გარდა წმინდა პოლიტიკური მიზეზებისა, ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და ეკონომიკურადაც უაღრესად მნიშვნელოვანია, ხალხი სოფელს დაუბრუნდეს და, სულ ცოტა, ერთი მილიარდი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც თურქეთიდან შემოდის და რითაც, პრაქტიკულად ყოველწლიურად თურქეთის სოფლის მეურნეობას ვაფინანსებთ, ადგილობრივით ჩაანაცვლოს. ამით სავალუტო რეზერვებიც მნიშვნელოვნად დაიზოგება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციასაც მივიღებთ და ხალხსაც შემოსავლები გაუჩნდება.