სომხეთმა შეიძლება მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს, რაც ანალიტიკოსების თქმით, პირდაპირ იმის მანიშნებელი იქნება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიძლება დიდი და მასშტაბური ომი დაიწყოს.
"სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას აზერბაიჯანი რა თქმა უნდა, არ შეეგუება და, ბუნებრივია, ეს ნაბიჯი იქნება ომის დაწყების ახალი და უფრო სერიოზული საფუძველი და ეს იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბიანი ომი. როგორც ჩანს, სწორედ ამითაა ეს ინიციატივაც განპირობებული," - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება ორივე მხარეს სურს.
"სომხეთში მიიჩნევა, რომ აპრილის დასაწყისში მომხდარ ამბავში დამნაშავე სერჟ სარგსიანია და აპრილის კონფლიქტით სარგებელი ბაქომ ნახა, რადგან აზერბაიჯანმა მოახერხა და მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავა, საიდანაც ნახევარ ყარაბაღს აკონტროლებს. აზერბაიჯანში წარმატების გამო იმედმოცემულები არიან და ბევრია ომის გაგრძელების მომხრე", - მიიჩნევს არეშიძე.
ორ ქვეყანას შორის ესკალაციის დიდ საფრთხეზე ლაპარაკობენ მოსკოვშიც. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს "დესეთეს" საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს შეუძლია, ერევნის აზრით, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უფრო მეტად გაამყაროს და ამით ოფიციალური ბაქოს მხრიდან მკვეთრი უსიამოვნებები გამოიწვიოს.
"არ მინდა, წინასწარმეტყველურად გამომივიდეს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ საზღვარზე ძალადობის ესკალაციამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რაც დაუშვებელია", - აცხადებს სლუცკი.დაამტკიცებს თუ არა ერევანი ამ კანონპროექტს, ეს ჯერ არავინ იცის. მსგავსი ინიციატივით სომხეთში ოპოზიცია 2014 წელსაც გამოვიდა, მაგრამ მაშინ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აქამდე ოფიციალური ერევნის პოზიცია იყო, რომ სომხეთის მიერ ყარაბაღის აღიარება "ეუთოს" მინსკის ჯგუფის ფარგლებში არსებულ მოლაპარაკებათა პროცესს ხელს შეუშლიდა. თუმცა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2016 წლის აპრილის 5-დღიანი შეტაკებების შემდეგ სომხეთში აღნიშნული საკითხი აქტუალური გახდა.
მართალია, დღეს მხარეებს შორის ზავია დადებული, მაგრამ ლოკალური შეტაკებები ზავის დადების შემდეგაც გრძელდება და როგორც ანალატიკოსები ვარაუდობენ, საბრძოლო მოქმედებების გასაღვივებლად მცირე ნაპერწკალიც საკმარისია. ეს ნაპერწკალი კი, შესაძლოა, ყარაბაღის აღიარება გახდეს.
გუშინ სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს და განსახილველად პარლამენტში შეიტანა. პროექტის განხილვა რიგგარეშე სხდომაზე 10 მაისს უნდა მოხდეს.
"მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარება განპირობებულია სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას შორის საკითხის განხილვის შედეგებით, რეგიონში არსებული სიტუაციის, მათ შორის გარე ფაქტორებით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ კოჩარიანმა.
მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სომხეთში ყარაბაღის აღიარებას რადიკალური ჯგუფები წლებია ითხოვენ. ახლა კი სომხეთის ხელმძღვანელობაში უმეტესად ყარაბაღელები არიან და ეს კანონპროექტიც ამიტომ გახდა მხარდაჭერილი. თუმცა არიან ასევე ჯგუფები, რომლებიც ამ საქმიდან სარგებელს ვერ ხედავენ და სიტუაციის გამწვავება არ სურთ. თუმცა აპრილის შემდეგ ეს მეორე ჯგუფი უმცირესობაშია.
"სომხეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას ორი ამოცანის შესრულება უნდა. ერთი ისაა, რომ ეს კანონპროექტი აზერბაიჯანთან მომავალი მოლაპარაკებისას ერთგვარ სავაჭრო თემად აქციოს. ეს მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს, რადგან ოფიციალურ ერევანს მისი დაწყება ულტიმატუმის ენით მინსკის ჯგუფის წევრებმა - რუსეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა მოსთხოვა.
"მეორე ვარიანტი ისაა, რომ გამორიცხული არ არის სომხეთში ვიღაცას ჩაფიქრებული ჰქონდეს, ფაქტის წინაშე დააყენოს რუსეთი - თუ მოკავშირე ხარ, აღიარე მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარე და ახლა ეს დამატებითი ვაჭრობის თემა გახდება ერევანსა და მოსკოვს შორის. როგორ წავა ვაჭრობა, ამას ვნახავთ," - ამბობს არეშიძე.
მისი თქმით, საზღვარზე დღესაც დაძაბულობა და შეტაკებებია, ამიტომაც ამ აღიარებაზე საუბარი, პირველ რიგში, სწორედ მოსკოვის რეაგირებაზეა გათვლილი და ასევე დღევანდელ ხელისუფლებას სჭირდება ეს, რადგან ამით საზოგადოებრივი აზრი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს.
"სომხური საზოგადოება აპრილის დასაწყისში მომხდარ ამბავში დამნაშავედ სერჟ სარგსიანს თვლის და მიიჩნევა, რომ აპრილის კონფლიქტით სარგებელი ბაქომ ნახა. აზერბაიჯანშიც ომის მომხრე უფრო მეტია, ვიდრე დარეგულირების. მათ წარმატების გემო იგრძნეს და სურთ ეს გაგრძელდეს.
"ბაქომ მოახერხა დაებრუნებინა მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმაღლე და სოფელი ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში. სოფელი ხიზული აზერბაიჯანისაა და წლების განმავლობაში მუდმივი დარტყმის ქვეშ იყო, ახლა კი ეს საფრთხე არ არსებობს. აზერბაიჯანის არტილერიისთვის დღეს ყარაბაღის სივრცის ნახევარი გახსნილია, მათ შორის სტეპანაკერტიც," - აღნიშნავს არეშიძე, რომელიც თვლის, რომ ომის გაგრძელება ორივე მხარე სურს, თუმცა ამბობს, რომ "მთავარი არა ერევნისა და ბაქოს პოზიციები, არამედ გეოპოლიტიკური მსხვილი მოთამაშეების პოზიციებია, რომლებსაც თუ სურთ, ყარაბაღში ომი არ გაჩერდება და ამაშია სიტუაციის პარადოქსულობა".
ვახტანგ მაისაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი ფაქტობრივად არ სრულდება, რეგიონულ დონეზე ეს ზავი მშვიდობის რაღაც ნაპერწკალს მაინც წარმოაჩენს და თუ ახლა სომხეთმა მთიანი ყარაბაღი აღიარა, ეს ორივე მხრიდან ომის განახლებას გაცილებით უფრო რთულ, ძლიერ და აგრესიულ ფორმაში გამოიწვევს.
"ამან შესაძლოა ომი არა მარტო ყარაბაღის ტერიტრიაზე, არამედ ორ სახელმწიფოს შორის გამოიწვიოს," - აცხადებს მაისაია.
მისი თქმით, როგორც ჩანს, სომხები მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციების ისევ განახლებას პროგნოზირებენ და ეს აღიარება ერთგვარ თავის დაზღვევად მიიჩნევა, რომ ასე უფრო თავისუფლად და მომზადებულად დაიცვან ყარაბაღის უსაფრთხოება.
"ეს ერთგვარი თავის დაზღვევაა. წლევანდელი აპრილის და ასევე გასული წლის აგვისტოს სერიოზულმა შეტაკებებმა, როგორც ჩანს, დააფიქრა სომხური მხარე და ოპტიმალურ გამოსავალად მიიჩნიეს აღიარება, რომ შემდეგ უფრო თავისუფლად დაიცვან ტერიტორია.
"როგორც ჩანს, სომხეთი ნაკლებად ენდობა რუსეთს, როგორც მოკავშირეს და ამ აღიარებით გათვლაა, მოკავშირე რუსეთი ფაქტის წინაშე დააყენონ, რომ მან სამოკავშირეო ვალდებულება აღასრულოს და სომხეთის მიერ აღიარებული ტერიტორიის დასაცავად ჩაერთოს.
"ორივე მხრიდან რამდენიმე რთულ კომბინაციას აქვს ადგილი, მაგრამ სომხეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა აზერბაიჯანისთვის ფაქტობრივად ღია ომის გამოცხადებაა," - ამბობს მაისაია.
მისი თვალსაზრისით, რთულია იმის თქმა, ვინ რა მოიგო აპრილის სამხედრო მოქმედებებით. თუმცა ამ ომიდან არც აზერბაიჯანის პოლიტიკური მმართველი რეჟიმი დარჩა წაგებაში და არც სომხეთის მმართველი ძალა. ორივემ ეს შიდაპოლიტიკური იმიჯის გაუმჯობესებისათვის გამოიყენა. ორივე ქვეყანაში კარსაა მომდგარი არჩევნები, სომხეთში - საპარლამენტო და აზერბაიჯანში - საპრეზიდენტო და ამ ომმა მათ რეიტინგი მოუმატა.
მიუხედავად ამ შიდაპოლიტიკური საიმიჯო წარმატებისა, მაისაია აცხადებს, რომ ამ კონფრონტაციის საერთო ფონი სარისკოა არა მარტო ამ ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
თვლის, რომ ასევე არიან ძალები, ვისაც ეს ომი ხელს აძლევს.
"თუ გავითვალისწინებთ, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის უკიდურესად დაძაბული ვითარებაა და არა მარტო ცივი ომი, ცხელი ომის საფრთხეცაა, ამ ფონზე რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონში პოზიციების კიდევ უფრო გამყარება, მათ შორის სამხედრო პოტენციალის გამოყენებით. ასეთ პოტენციალად რუსები ყოველთვის აყენებდნენ სამხედრო ოპერაციების დაწყებას მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რომ ამით ჰქონდათ პირდაპირი ბერკეტი აზერბაიჯანზე გავლენის მოსახდენად.
"ამ ეტაპზე ვის რა აწყობს, მალე გამოჩნდება. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ საქმე აღიარებამდე არ მივა და ფართომასშტაბიანი ომის საფრთხეს ავიცილებთ," - დასძენს მაისაია.