მოსაზრება
09.04.2016

პაატა კოღუაშვილი , ნიკა სანებლიძე

საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები

მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი საბჭოს და მისი თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, 1991 წლის 9 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება იქცა ეროვნული ხელისუფლების უმთავრესი მიღწევად.

ეს ხელისუფლება საქართველოს სულ ერთ წელზე ცოტა მეტ ხანს ედგა სათავეში. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაეკეთებინა საქართველოსთვის. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი შემთხვევა, როცა საქართველოში თავისუფალი არჩევნების შედეგად მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ ურთულესი შიდა და საერთაშორისო ვითარების მიუხედავად, ამომრჩეველს შეუსრულა უპირველესი წინასაარჩევნო დანაპირები - საქართველო დამოუკიდებელი და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო გახდა. ცხადია, ეს მოხერხდა უზენაეს საბჭოში წარმოდგენილ სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობით და ქართველი ხალხის მტკიცე ნების საფუძველზე.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ფუნდამენტის მომზადება მიმდინარეობდა უნძიმეს პირობებში. იმპერიალისტური ძალები თავს გვახვევდნენ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომლის რეალიზაციის შემთხვევაშიც, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და სამართლებრივი დაქუცმაცება თითქმის გარანტირებული იყო, ვინაიდან განახლებული საბჭოთა კავშირის სამართალსუბიექტები ავტონომიური წარმონაქმნებიც უნდა ყოფილიყვნენ. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად 1990 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დელეგაციამ პირველად ოფიციალურად და საჯაროდ უარი განაცხადა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის კურსის საერთაშორისო მანიფესტაციას ნიშნავდა.

სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობით იყო გამოწვეული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება 1990 წლის 11 დეკემბერს. ამ ისტორიულმა გადაწყვეტილებამ (რომელსაც ურყევი სამართლებრივი ფუნდამენტი გააჩნდა), ყოველგვარი იურიდიული საფუძველი გამოაცალა ცხინვალის ოლქში მოქმედ ოსური სეპარატისტული ძალების იმედებს, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინათ ის დიდი მხარდაჭერა, რომელსაც მათ საბჭოთა იმპერია უწევდა, როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად. საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის სისწორე თვალნათლივ დაადასტურეს 2007-2008 წლის მოვლენებმა, როცა სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენას ამ ტერიტორიებზე რუსეთის აგრესია და ამ ქვეყნის მიერ ცხინვალის რეჟიმის აღიარება მოჰყვა.

საქართველოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და საბჭოთა იმპერიიდან მომდინარე საფრთხის თავიდან ასაცილებლად 1991 წლის 17 მარტის საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმისა საპირისპიროდ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი სახემწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. რეფერენდუმმა გამოავლინა საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნება თავისუფლებისაკენ სწრაფვისა. სწორედ ამ ნების წინაშე ამაო აღმოჩნდა იმპერიულ ძალთა ყოველგვარი მცდელობა და პოლიტიკური ხრიკი. საქართველომ საჯაროდ, მთელი მსოფლიოს წინაშე, თვალნათელი გახადა საკუთარი სწრაფვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ. 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. სწორედ ამ აქტის საფუძველზე მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო აღიარებას. მოგვიანებით კი, 1992 წლის 31 ივლისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრენველსაყოფად 9 აპრილის შემდეგაც ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. საქართველოს ხელისუფლებამ დადო შეთანხმება აფხაზურ მხარესთან, რომელიც განსაზღვრავდა ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების მოქმედების საერთო წესს. ეს იყო უდიდესი პოლიტიკური მიღწევა ქვეყანაში მშვიდობისა და სამართლებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად. იმავდროულად მოხერხდა თავიდან აგვეცილებინა დაპირისპირება ქართველთა და აფხაზთა შორის, რაც უეჭველად იმპერიული ძალების უპირველესი მიზანი იყო. ამ მიზანს ისინი უფრო მოგვიანებით, ეროვნული ხელისუფლების ძალადობრივი განდევნის შემდეგ მიაღწევენ.

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არასდროს ყოფილა იოლი. ამიტომაც დრამატული აღმოჩნდა 9 აპრილის აქტის ხელმომწერთა დიდი ნაწილის ბედი. ამ ბრძოლას შეეწირა ეროვნული ხელისუფლების მეთაური, საქართველოს დამოუიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უპირველესი ლიდერი ზვიად გამსახურდია. ეს იყო შედეგი სახელმწიფო გადატრიალებისა, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მრავალი პიროვნული ტრაგედიის მიზეზი გახდა.

თუმცა ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, როცა თბილისში ქუჩის ბრძოლები დაიწყო და პარლამენტის შენობა ალყაშემორტყმული იყო, საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე აღიარეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა (თურქეთი 16.12 1991, მონღოლეთი 20.12.1991, ლიტვა 29.12.1991, ირანი 25.12.1991, კანადა 25.12.1991, აშშ 24.12.1991, ბრაზილია 26.12.1993, კუბა 26.12.1991, ტაილანდი 26.12.1991, ინდოეთი 26.12.1991, ვიეტნამი 27.12.991, ბელარუსი 27.12.1991, ეგვიპტე 27.12.1991, ალჟირი 27.12.1991, ჩინეთი 27.12.1991, სლოვენია 27.12.1991, იორდანია 28.12.1991, ხორვატია 28.12.1991, ლიბია 30.12.1991, პაკისტანი 31.12.1991).

ჩვენ მივიჩნევთ, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისდროინდელი წარმატება და მარცხი არა მხოლოდ ღრმა დაფიქრებისა და განსჯის საფუძვლად უნდა იქცეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში მოხერხდა საბჭოთა იმპერიისაგან თავის დაღწევა და ქართველმა ხალხმა თავისი ადგილი მოიპოვა სხვა ერებს შორის. ამ დიდმა საქმეებმა უნდა შეგვმატოს ძალა ქართული სახელწიფოებრიობის დამკვიდრების საშვილიშვილო საქმეში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×