გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სიტყვა ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
წერილი
05.04.2016

გერმანიის გაერთიანების არქიტექტორი, ევროპული ერთიანობის ერთ-ერთი პირველი მომხრე და სტილის შემქმნელიც კი. ჰანს-დიტრიხ გენშერს ცხოვრებაში მრავალი როლი ჰქონდა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა იგი საოცარი ადამიანი იყო.

ჰანს-დიტრიხ გენშერი სიცოცხლის ბოლომდე ორ საწერ-კალამს ინახავდა: ერთით მან ხელი მოაწერა 2%4-ხელშეკრულებას, რომელმაც გზა გაუხსნა გერმანიის გაერთიანებას. მეორეთი კი - მაასტრიხტის ხელშეკრულებას ევროკავშირის დაფუძნების შესახებ. ამ ორი ხელშეკრულების ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო გერმანიისა და ევროპისათვის. ორივეს ამშვენებს გენშერის განუმეორებელი ხელწერა. ამ ხელშეკრულებებით მან ისტორია შექმნა.

გერმანიის გაერთიანება და ევროპის ერთიანობა ჰანს-დიტრიხ გენშერისთვის განუყრელი იყო. გენშერს, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში დაიბადა და ომის საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა, ყოველთვის სურდა გაერთიანებული გერმანიის ერთიან და მშვიდობიან ევროპაში ხილვა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის საბოლოო აქტი იყო სოციალ-ლიბერალური კოალიციის გააზრებული განტვირთვის პოლიტიკის შედეგი, რომელშიც ჰანს-დიტრიხ გენშერს ვილი ბრანტთან და ეგონ ბართან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის. იგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვისა და ედუარდ შევარდნაძის გახსნილობის პოლიტიკაში გერმანიისა და ევროპის გაერთიანების შანსი დაინახა.

ჰანს-დიტრიხ გენშერმა სიცოცხლეშივე აიხდინა მისი ოცნება. რკინის ფარდის დაცემის გახსენებისას მუდამ მაგონდება პრაღაში გფრ-ის საელჩოს აივნის კადრები. "ჩვენ მოვედით, რათა გაუწყოთ, რომ თქვენი გამგზავრება..," - გენშერის შემდეგი სიტყვები ხალხის სასიხარულო შეძახილებმა გადაფარა და მისი ექო დღემდე მთელ ევროპაში ისმის. იმ დღეს ახალი ერა დაიწყო.

ჰანს-დიტრიხ გენშერი არის სიმბოლო იმ გერმანიისა, რომელმაც ნაციონალ-სოციალისტური დანაშაულებების შემდეგ ევროპასა და მსოფლიოში ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვა ნდობა - მოკრძალებითა და თავშეკავებით, დიდი სიბეჯითითა და მშვიდი შეუპოვრობით, ასევე ყოველთვის მკაფიოდ გააზრებული მიზნებით.

ჰანს-დიტრიხ გენშერს თავის ხანგრძლივ, სავსე პოლიტიკურ ცხოვრებაში მრავალი როლი ჰქონდა: იყო განტვირთვის პოლიტიკის მონაწილე, გერმანიის გაერთიანების არქიტექტორი, ევროპული ერთიანობის აქტიური მომხრე და ტრანსატლანტიკურ სამყაროში გერმანიის დამკვიდრების გარანტი.

ყვითელი ჟილეტისა და კომიქსის ფიგურის ღამურა "გენშმენის" საშუალებით ის სტილის შემქმნელადაც იქცა. მისი ჭკვიანი ხუმრობები, მისი ღრმა იუმორი და ადამიანურობა დღესაც ლეგენდად რჩება.

მაგრამ პირველ რიგში ჰანს-დიტრიხ გენშერი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. ქედს ვიხრი ამ დიდი გერმანელისა და ევროპელის წინაშე!

ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქ. 7) ოთხშაბათს, 6 აპრილს 10-დან 16 საათამდე საზოგადოებისთვის გახსნილი იქნება სამძიმრის წიგნი.

ინფორმაცია ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შესახებ: ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი (დაბ. 1956) არის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ანგელა მერკელის კაბინეტში საგარეო სქმეთა მინისტრის პოსტი უკავია. ეს პოსტი მას ასევე ეკავა 2005-2009 წლებში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×