ანზორ საკანდელიძე "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ასოციაციის თავმჯდომარე
10 წლის განმავლობაში პრესითა და ტელევიზიით სისტემატურად ვაცხადებთ, რომ კატასტროფული საფრთხე ემუქრებოდათ 2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი 4-ბალიანი მიწისძვრით დაზიანებული 341 მაღლივი კორპუსის მობინადრეებს. მაშინიდელმა მშენებლობის სამინისტრომ ბოლო უდიდესი სამსახური გაუწია თბილისელებს, გამოიკვლია ყველა ეს დაზიანებული 341 კორპუსი, დაზიანებების შესაბამისად დაახარისხა 3 კატეგორიად და განსაზღვრა იმ გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა, რის გარეშეც ეს კორპუსები გახდებოდა ავარიული. ამის შემდეგ მალე გააუქმეს მშენებლობის სამინისტრო და მისი დატოვებული რეკომენდაციებიდან 14 წელიწადია დღემდე არაფერი შესრულებულა. ამის გამო ეს კორპუსები, ალბათ, უკვე ავარიულია და ხალხიც გამოსასახლებელია!
უფრო მეტიც, 2014 წელს სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნდა, შეიძლება ითქვას, ჩემი სენსაციური გამონათქვამები: "თბილისი უნდა დაინგრეს და ჯობს გეგმაზომიერად ჩვენ დავანგრიოთ, ვიდრე სტიქიურად დაანგრიოს 8-9-ბალიანმა მიწისძვრამ და ნანგრევებში ჩამარხოს ნახევარი საქართველო"; "სასწრაფოდ უნდა დაიცალოს თბილისი, მოხდეს მოსახლეობის დაბალანსებული განსახლება და რამდენსაც მოვასწრებთ, იმდენით მეტი მცხოვრები დარჩება საქართველოში".
რა მაძლევდა ამის თქმის უფლებას? თბილისის მერიისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმოუდგენელი გულარხეინობა, რომელიც დღემდე გრძელდება, აგრეთვე ცნობილი გეოფიზიკოსის, აკადემიკოს თამაზ ჭელიძის საჯარო განცხადება, რომ დაძრულია არაბეთის ფილაქანი ჩრდილოეთისკენ წელიწადში 15 სმ-ის სიჩქარით და როცა დაეჯახება ევრაზიის ფილაქანს, დამანგრეველი მიწისძვრები გარდაუვალია. ამ საბედისწერო ფილაქნის მოძრაობას მუდმივ რეჟიმში საქართველოს გარდა, ევრაზიის ყველა ქვეყანაში აკვირდებიან შიშით და გამალებით ემზადებიან მოსალოდნელი მიწისძვრებისათვის, რათა მათ ქვეყნებში სეისმური ნგრევა და მოსახლეობის მსხვერპლი იყოს მინიმალური. განსაკუთრებით აქტიურობენ თურქეთში, რომელმაც თავისი უდიდესი 20-მილიონიანი ქალაქ სტამბულის გადასარჩენად 10 წლის წინ მიიწვია მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილი სეისმოლოგები. საქართველოში კი მსგავსი არაფერი ხდება.
ევრაზიის ქვეყნებში განსაკუთრებული კონტროლქვეშაა მოქცეული ახალი მაღლივი საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტება-მშენებლობა და ძველი, სეისმომედეგობადაქვეითებული კორპუსებიდან მოსახლეობის მასობრივი გამოსახლება. ჩვენთან კი ასეთი სეისმომედეგობადაქვეითებული მაღლივი კორპუსებიდან ხდება მოსახლეობის არა გამოსახლება, პირიქით, შესახლება. დიახ, ბოლო 25 წლის განმავლობაში რაც უკონტროლოდ ავაშენეთ, რასაც დღეს ვაშენებთ უკონტროლოდ და რასაც ხვალ ავაშენებთ უკონტროლოდ, ასეთი ხარისხისა და სეისმომედეგობის მაღლივი კორპუსებიდან ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ხალხს მასიურად ასახლებენ და ამ კორპუსებს ანგრევენ!
თუ რა კატასტროფულ დონემდე შეიძლება მივიდეს მაღლივ მშენებლობაში უკონტროლობა და განუკითხაობა, არაპროფესიონალიზმი, საკუთარი მოქალაქეების გაწირვა და უცხოელი ინვესტორისადმი მონური მორჩილება, ამისი თვალსაჩინო მაგალითია თბილისში, ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე, უშუალოდ მოსაზღვრე 9 მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ხარჯზე მიმდინარე მშენებლობა 115 მ სიმაღლის 32-სართულიანი 8 საცხოვრებელი მეგაკორპუსისა. სად ნახავთ, რომელ ქვეყანაში, რომ უცხოელმა ინვესტორმა ისე დაიკიდოს ფეხებზე ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება, სამშენებლო ნორმები თუ სტანდარტები, საქალაქო თუ სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, როგორც ამას აკეთებს ეს მშენებელი ვაიინვესტორი?
დაპროექტებისა და მიმდინარე მშენებლობის სასიკვდილო რისკით ეს მშენებლობა ერთი ერთში ჰგავს მდინარე ვერეს ხეობაში განხორციელებული "სიკვდილის ტრასის" მშენებლობას იმ განსხვავებით, რომ თუ "სიკვდილის ტრასის" ექსპლოატაციამ შეიწირა 20 ადამიანის სიცოცხლე, ამ "სიკვდილის მეგაკორპუსების" ექსპლოატაცია შეიწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. ამას გრძნობს ეს ვაიინვესტორიც და ამიტომ მერიის მხარდაჭერით, რაც სასამართლომაც დაადასტურა, პროექტს ადევს გრიფი "საიდუმლო". ამ მეგათაღლითობით ვაიინვესტორს სურს კანონის გვერდის ავლით კანონიერი 12-სართულიანის ნაცვლად ააშენოს უკანონო 32-სართულიანი მეგაკორპუსები. იმედია, მერია ახსნის საიდუმლო გრიფს, როცა უზენაესი სასამართლო არ დააკმაყოფილებს ვაიინვესტორის უკანონო სარჩელს და ძალაში დატოვებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სამართლიან გადაწყვეტილებებს.
საჭიროა ცენტრალური ხელისუფლების სასწრაფოდ ჩარევა, რადგან ასეთი უკანონო მშენებლობები თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც დაიწყეს - განსაკუთრებული ინტენსივობით ბათუმში. არნახულმა, გაუგონარმა უკონტროლობამ და განუკითხაობამ მიგვიყვანა იმ უდიდეს საფრთხეებამდე, რომ 8-ბალიან სეისმურ ზონაში მდებარე თბილისსა და სხვა ქალაქებში ე.წ. ურიგელო ტიპის რკინაბეტონის კანონიერი 5-სართულიანი კორპუსების ნაცვლად, მასიურად აშენებენ უკანონო 20 და მეტ სართულიან კორპუსებს, ხოლო კარკასული ტიპის რკინაბეტონის კანონიერი 12-სართულიანი კორპუსების ნაცვლად, 32-სართულიან კორპუსებს. გამკითხავი, მომკითხავი, პასუხის გამცემი და პასუხისმგებელი კი არავინაა!
აქედან გამომდინარე, დროებით სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს 5- სართულიანზე უფრო მაღალი რკინაბეტონის კორპუსების დაპროექტება და მშენებლობა, რათა პროცესი მოვიდეს შესაბამისობაში კანონთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შეჩერდება დიდ მოგებებზე დაგეშილი ვაიინვესტორების ძალადობა სახელმწიფოზე, მოსახლეობაზე, კანონზე და "სიკვდილის კორპუსების" სართულიანობა არათუ შემცირდება, კიდევ უფრო გაიზრდება და, შესაბამისად, მომავალში მოსახლეობის მსხვერპლიც მოიმატებს. საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს პროკურატურაც და დაიწყოს გამოძიება იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს კანონი და მოსახლეობა სასიკვდილოდ გაწირეს.
გვჭირს მეორე დიდი უბედურებაც. საქართველოში სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვა აბსოლუტურად იგნორირებულია და ვართ გინესის წიგნში შესატანი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც დღემდე არც ერთი საცხოვრებელი ბინა არ არის შემოწმებული სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ამ დროს იმ ევროკავშირში, სადაც თავქუდმოგლეჯილი უკანმოუხედავად მივრბივართ, სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე წინასწარი შემოწმების გარეშე თავიანთი ქვეყნების საცხოვრებლებში ადამიანებს კი არა, შინაურ ცხოველებს, ფრინველებსა და პირუტყვს არ აცხოვრებენ. ეს კონტროლი აუცილებელია იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში გარდაცვლილი ადამიანების ნახევარზე მეტი იღუპება სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გამოწვეული დაავადებებისაგან. ჩვენი ტრაგედია კი ის არის, რომ საქართველოში ასეთი საბედისწერო ნორმების დამუშავებაზე, დაკანონებაზე, მიღებაზე და გაკონტროლებაზე მუშაობა არც კი დაწყებულა. სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ ვცხოვრობთ არა ეკოლოგიურად უსაფრთხო ბინებში, არამედ შეუმოწმებელი, ფალსიფიცირებული, ეკოლოგიურად დაბინძურებული სამშენებლო-სარემონტო მასალებიდან ამოფრქვეული მომწამლავი აირებითა და მომაკვდინებელი რადიოაქტიური გამოსხივებებით გაჯერებული გაზის კამერებში. როდემდე?
12 წელიწადია ამაოდ ვიბრძვით მთელ მსოფლიოში სეისმური და სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების მთავარ გარანტად აღიარებული მშენებლობის სამინისტროს აღსადგენად. ეს სამინისტრო ყველა ქვეყანაში არსებობს და არ არსებობს მხოლოდ საქართველოში. ეს სირცხვილიცაა და დამღუპველიც. ამ 12 წლის განმავლობაში, ალბათ, 12-ჯერ გაიზარდა სეისმური და სამშენებლო ეკოლოგიური რისკით გამოწვეული მოსალოდნელ მსხვერპლთა რიცხვი. გაზეთმა "რეზონანსმა" თავისი სტატიებით, როგორც იქნა, გამოგვაღვიძა. აღარ უნდა დავიძინოთ და ყურად ვიღოთ პოეტ ვაჟა ოთარაშვილის სიტყვები: "გაიღვიძეთ, ვიღუპებით, გონს მოეგეთ, ქართველებო!