თამაზ ბაქრაძე ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2004 წელსვე შეცვალა და თავის თავზე მოირგო საქართველოს საგადასახადო კოდექსი. მაგალითად, მათ გააუქმეს პროგრესული ფორმის საშემოსავლო გადასახადი, რომლის საგადასახადო განაკვეთები იზრდებოდა საგადასახადო ბაზის, ანუ ფიზიკურ პირთა შემოსავლის გაზრდასთან ერთად - 12-დან 15, 17 და 20%-მდე. ამის მაგიერ შემოიღეს პროპორციული ფორმის საშემოსავლო გადასახადი, რომლის მიხედვითაც ყველა ფიზიკურ პირს, როგორც მაღალშემოსავლიან მდიდრებს (ანუ ნაცმოძრაობის ელიტას), ისე დაბალშემოსავლიან ღარიბებს (ანუ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს) საშემოსავლო გადასახადის გადახდა დაეკისრათ ერთი და იგივე ფიქსირებული 12-პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით. მაშინ ნაციონალებმა ატეხეს უზარმაზარი ხმაური და პიარი, რომ მათ მნიშვნელოვნად შეამცირეს საშემოსავლო გადასახადი მშრომელი ხალხისათვის. სინამდვილეში კი მათ მხოლოდ თავის თავს შეუმცირეს საშემოსავლო გადასახადი, თორემ მოსახლეობის ღარიბი ფენებისათვის საგადასახადო განაკვეთი 12 პროცენტი დარჩა იგივე.
შემდგომში დაეპატრონენ და წილებში ჩაუსხდნენ რა ყველა ბიზნესს, მაშინდელმა ხელისუფლებამ მეპატრონეებისათვის, ანუ დამსაქმებლებისათვის განკუთვნილი სოცდაზღვევის გადასახადი შეიყვანეს საშემოსავლო გადასახადში, საგადასახადო განაკვეთი ასწიეს 20%-მდე და მთელი ეს საგადასახადო ტვირთი აჰკიდეს დასაქმებულებს, ანუ მშრომელ ხალხს, რაც დღემდე გრძელდება.
დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ სააკაშვილის მთავრობის მიერ გადადგმული როგორც აღნიშნული, ისე სხვა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები არ შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევით ან უცოდინრობით დაშვებულ შეცდომებად. პირიქით, მათი ყველა ნაბიჯი იყო გააზრებული, მიზანმიმართული და მორგებული მმართველი ელიტისა და ერთი მუჭა მაღალჩინოსნების უსაზღვროდ გამდირებასა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი მსხვილი მონოპოლიური ბიზნესის ინტერესებზე.
სამწუხაროდ, უკვე მეოთხე წელია "ქართულ ოცნებაში" მრავლად ჩაბუდებულ მედროვეთა ზეგავლენით ქვეყნის მთავრობა და მისი ეკონომიკური გუნდი არც კი ფიქრობენ ნამოძრაობისგან მემკვიდრეობით მიღებული ზემოაღნიშნული და სხვა ანტიეროვნული ნამოქმედარების გამოსწორებასა და სამართლიანობის აღდგენაზე. მათ არ უნდათ გაიგონ, რომ საერთაშორისო პრაქტიკისა და მსოფლიო გამოცდილების მიხედვით საშემოსავლო გადასახადის პროგრესული ფორმა უფრო სამართლიანი, ჰუმანური, სოციალურ გამოთანაბრებაზე ორიენტირებული და ეფექტიანია სხვა ფორმებთან შედარებით. მათ არც ის უნდათ დაინახონ, რომ თანამედროვე ცივილიზებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოთა დიდ უმრავლესობაში და მათ შორის ევროგაერთიანების უკლებლივ ყველა ქვეყანაში გამოიყენება სწორედ პროგრესული საშემოსავლო გადასახადები ზღვრულ საგადასახადო სარგოებს შორის ფართო დიაპაზონით.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მოქმედი პროგრესული საშემოსავლო გადასახადის ზღვრულ საგადასახადო განაკვეთებს შორის დაწესებული ინტერვალის საერთო დიაპაზონი 0-დან 50%-მდეა, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 10-დან 35%-მდე, გერმანიაში - 14-დან 45%-მდე, საფრანგეთში - 10,5-დან 47%-მდე, ესპანეთში - 24-დან 43%-მდე, პორტუგალიაში - 0-დან 43%-მდე, იტალიაში - 23-დან 43%-მდე, დანიაში - 38-დან 59%-მდე, ბელგიაში - 25-დან 50%-მდე, ნიდერლანდებში - 0-დან 52%-მდე, ავსტრიაში - 21-დან 59%-მდე, ნორვეგიაში - 28-დან 51%-მდე, შვედეთში - 0-დან 56%-მდე, ირლანდიაში - 20-დან 41%-მდე, ისრაელში - 10-დან 47%-მდე, სინგაპურში - 3,5-დან 20%-მდე, იაპონიაში - 5-დან 40%-მდე და ა. შ. უფრო მეტიც, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს დროებით შემოღებული აქვს 75-პროცენტიანი გადასახადი ფიზიკური პირების მიერ წელიწადში 1 მილიონი ევროს ზევით მიღებულ შემოსავალზე, რითაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, სავსებით სამართლიანად დაკისრებული აქვს მოსახლეობის მდიდარ ფენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ მრცხვენია იმ ეგოისტი ვაი-ექსპერტების გამო, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პროგრესული ფორმის საშემოსავლო გადასახადის პირობებში თურმე ირღვევა ადამიანთა თანასწორუფლებიანობა და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. მათი ლოგიკით გამოდის, რომ ევროკავშირში შემავალ ყველა ქვეყანასა და მსოფლიოს წამყვან ცივილიზებულ სახელმწიფოებში პროგრესული საშემოსავლო გადასახადების გამოყენების გამო გამეფებულია ადამიანთა დისკრიმინაცია და ფეხქვეშ ითელება მათი უფლებები, რაც სრული აბსურდია. სინამდვილეში კი ზემოაღნიშნულ მაღალგანვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში უპირველესი ყურადღება ექცევა იმ დისკრეციული თანხის მოცულობას, რომელიც რჩება სხვადასხვა შემოსავლის მქონე ფიზიკური პირების ხელში მათი დაბეგვრის შემდეგ და იმას, თუ რამდენადაა დაცული ჰუმანურობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპები.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობის შემადგენლობაში მყოფი ფულს დახარბებული მაღალჩინოსნების ნაწილს მთლად დაკარგული აქვს სოლიდარობის გრძნობა ქვეყნის შედარებით დაბალშემოსავლიან მოსახლეობასთან მიმართებაში და ხელმძღვანელობენ ცნობილი ქართული ანდაზით - "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი". მათ გადაწყვიტეს ჭეშმარიტებად ჩათვალონ ზემოაღნიშნული ვაიექსპერტების მცდარი შეხედულებები, უცვლელად შეინარჩუნონ თავიანთი მაღალი შემოსავლები და გააგრძელონ უზრუნველი ცხოვრება სააკაშვილის დროინდელი პროპორციული საშემოსავლო გადასახადის პირობებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ დამყარდეს საგადასახადო სამართლიანობა საქართველოში და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა სასწრაფოდ აღადგინოს პროგრესული საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში. ეს წინადადება მარტივად რეალიზებადია და მისი განხორციელება მრავალ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის მცირე შემოსავლიან ნაწილს მნიშვნელოვნად შეუმცირდება საშემოსავლო გადასახადი, რაც მათ მისცემს გარკვეულ ფინანსურ შვებას და შეამცირებს მოსახლეობის სოციალური დაძაბულობის საფრთხეს. გარდა ამისა, თუ პროგრესული საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვრული სარგო გაუტოლდება 56%-ს, როგორც ეს შვედეთშია ან 59%-ს, როგორც ეს არის ავსტრიასა და დანიაში, მაშინ მნიშვნელოვნად გაიზრდება შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის მთავრობას სხვადასხვა ჰუმანური და სოციალური პროექტების განსახორციელებლად. ამასთან ერთად, პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღება საჯარო და კერძო სამართლის იურდიულ პირ ორგანიზაცია-დაწესებულებების ხელმძღვანელობას, აგრეთვე სამთავრობო სტრუქტურებში მოკალათებულ ზოგიერთ გაზულუქებულ, მაღალშემოსავლიან მუშაკებს მნიშვნელოვნად გაუნელებს სწრაფვას დაინიშნონ მაღალი დანამატები ხელფასზე და გამოიწერონ გაბერილი პრემიები.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია აგრეთვე, რომ სოციალური გადასახადი გამოეყოს საშემოსავლო გადასახადს და მისი გადახდა კვლავ დაეკისროს იურდიულ პირებს, ანუ დამსაქმებლებს, რომლებიც არ შეიძლება არ იყვნენ პასუხისმგებელნი და დაინტერესებულნი მათ მიერ დასაქმებული მუშაკების სოციალური მდგომარეობით. ძალზე ჰუმანური იქნებოდა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარებას გააუმჯობესებდა საარსებო მინიმუმთან გატოლებული დაუბეგრავი მინიმუმისა და მისი ინდექსაციის შემოღება ქვეყანაში, გარკვეული საგადასახადო შეღავათების ამოქმედება იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ოჯახები, თავიანთ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილები, პენსიონერი მშობლები, ინვალიდები და ოჯახის სხვა უნარშეზღუდული წევრები, როგორც ეს არის საფრანგეთში, იტალიასა და სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში.
ზემოაღნიშნული წინადადებების განხორციელებით ქართველ ხალხში გავაღვიძებთ და გავაღვივებთ სოლიდარობის, თანადგომისა და სამშობლოზე ზრუნვის გრძნობას..