მოსაზრება
21.03.2016

ვახტანგ დავითაია არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი

ინტერნეტში გამოჩნდა ცნობა: "ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი 12-ში არსებული შენობა ნაგებობების რეკონსტრუქცია. ობიექტის ფუნქციური დანიშნულება: 5-ვარსკლავიანი სასტუმრო-კომპლექსი. საპრიზო ფონდი 15 ათასი ლარი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია! კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა 31 მარტი".

ესაა მთელი საკონკურსო პირობა. ჩემი ხანგრძლივი პროფესიული ცხოვრების მანძილზე ასობით საკონკურსო პირობას გავცნობივარ, ათეულობით კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, ათეულობით კონკურსის ჟიურის წევრი ვყოფილვარ საქართველოში, რუსეთში, აშშ-ში, ბულგარეთში, არგენტინაში, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მინახავს. საიდან ასეთი გაიოლებული, პრიმიტიული წარმოდგენა არქიტექტურულ კონკურსზე. ეს "გაიოლებული" დამოკიდებულება კარგად ჩანს პრემიის ოდენობაშიც (15 ათასი ლარი), რაც ღიმილის მომგვრელია. ასეთი პრიმიტიული საკონკურსო პირობებით დამკვეთს სურს მიიღოს 5-ვარსკლავიანი სასტუმროს კომპლექსის პროექტი, თანაც ურბანული ძეგლის - რუსთაველის გამზირზე.

ასევე გაუგებარია ინტერნეტში წარმოდგენილი 12 "პროექტი". საიდან ეს პროექტები, თუ კი ჩაბარების ვადა 31 მარტია.

რაც შეეხება თავად პროექტებს, უმეტესობა ქართველი არქიტეტორები არიან. არიან უცხოელებიც. ერთ-ერთი მათგანი ჩვენთვის ცნობილი იაპონელი არქიტექტორი შინ ტაკამაცუა. თუ ფირმების დასახელებით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, კიდევ ორი პროექტი იყო უცხოელების.

"პროექტებმა", ორის გარდა, დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა. იაპონელ ტაკამაცუს (სხვათა შორის, ჩვენ ორივენი 1992 წელს მიწვეულნი ვიყავით ქ. ნარას საერთაშორისო არქიტექტურულ ტრიენალეზე გამოფენით და საავტორო გამოსვლით, გამოფენებიც გვერდიგვერდ დარბაზებში გვქონდა) არ ადარდებს, არც იცის, რა ძვირფასია საქართველოსთვის რუსთაველის გამზირი, ამიტომაც ასე თავხედურად ოპერირებს და ვარჯიშობს ჩვენს სათაყვანებელ რუსთაველზე. დარწმუნებული ვარ, ასეთ "ვარჯიშებს" ის ნარაში ან კიოტოში ვერ გაბედავდა. მაგრამ, შენ ხომ ქართველი არქიტექტორი ხარ, ქართულ მიწაზე აღზრდილი, ქართული არქიტექტურული სკოლადამთავრებული, თუ საკუთარი კულტურის და ქალაქის პატივისცემა არა გაქვს, პროფესიული ნამუსი მაინც ხომ უნდა გქონდეს. გთხოვთ ნახოთ ინტერნეტში ცცც.კგთეფმუდშთ12.სწქ და მიხვდებით ჩემი აღშფოთების მიზეზს.

ცუდი მაგალითი იოლად გადამდებია. ხომ გაუვიდათ თავხედობა და საზოგადოებრივი აზრისთვის მიფურთხება "იმელის" უკან "ცათამბჯენის" ინვესტორებს და ლობისტებს, რატომ არ უნდა გაუვიდეს ამ შენობის მეპატრონეს? მით უფრო, რომ ქალაქის და ქვეყნის მაღალ ეშალონებში სიტყვა ინვესტიციაზე ელეთ-მელეთი მოსდით.

ორად-ორი ავტორი მერაბ ჩხენკელი და ნ. სებისკვერაძე-დ. ელიკაშვილი იჩენენ სასურველ ტაქტს და რევერანსს შენობის დ გამზირის მიმართ.

რუსთაველის გამზირი ურბანულ-არქიტექტურული ძეგლია, როგორც მცხეთა, სიღნაღი, ძველი თბილისი და სხვა, თავისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული შენობებითა და არა მნიშვნელოვანით. ეს უნდა ესმოდეს ინვესტორს, მაგრამ პრაქტიკამ დაგვანახა, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება კაპიტალს, ფულს, "სინდისი", "ნამუსი", "მორალი" ძალიან მყიფეა და საზოგადოების ინტერესი უნდა დაიცვას კანონმა, ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა. როდესაც სახელმწიფოს ესა თუ ის ობიექტი გააქვს გასაყიდად (სახალხო ქონება), უნდა იზრუნოს მის მომავალ ბედზეც.

ხელშეკრულებაში ხაზგასით უნდა იყოს ჩაწერილი შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის გაფართოების საზღვრები, ასევე მისი არქიტექტურული სახის შეცვლა არ შეცვლა, თუ დანგრევა არ დანგრევის შესაძლებლობა.

მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა იმაზე, რომ კონკურსი საუკეთესო პროექტების გამოვლენის ერთ-ერთი სანდო საშუალებაა. იმავდროულად, კონკურსი უაღრესად მგრძნობიარე საქმეა და თუ ყველაფერი ბოლომდე არ არის გააზრებული, მას უკუშედეგი მოჰყვება ხოლმე. საკითხთა კომპლექსში უპირველესია საკონკურსო პირობების ანუ მიზნის სიცხადე და კონკრეტულობა. პირობებს კი განაპირობებს ქალაქის და დამკვეთის ინტერესების თანხმობა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც მერიის არქიტექტურის სამსახურს, არც საქართველოს არქიტექტორთა კავშირს საკონკურსო პირობების შედგენაში მონაწილეობა არ მიუღიათ. როგორ შეიძლება ასეთი კონკურსი შედეგიანი და ლეგიტიმური იყოს. ეს ხომ წყალში გადაყრილი დრო და სახსრებია. საკონკურსო პირობები იურიდიული დოკუმენტია, რომელიც თანაბრად უნდა იცავდეს დამკვეთის და შემსრულებლის უფლებებს.

კონკურსი იმავდროულად საზოგადოების ფართო წრის ჩართულობას გულისხმობს. როგორც წესი, მთელი საკონკურსო მასალა ჟიურის გადაწყვეტილებამდე იფინება საზოგადოებრივ სივრცეში და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გაცნობის და აზრის გამოთქმის, რაც განაპირობებს საზოგადოებრივ კონსენსუსს და გამორიცხავს პროტესტს, მიტინგებს, მანიფისტაციებს, პიკეტირებას და დაპირისპირების სხვა ფორმებს, რომელიც დღეს ხდება საქართველოს რეალობაში.

კონკურსის შედეგიანობას 4 ფაქტორი განაპირობებს: კონკურსის პირობების სიცხადე, პრემიების ოდენობა და რაოდენობა, ჟიურის პროფესიული რენომე და გონივრული საკონკურსო ვადები. დიდად სამწუხაროდ, ეს აღიარებული ჭეშმარიტებები ირღვევა არა მხოლოდ დამკვეთის, არამედ ოფიციალური სამთავრობო უწყებების მიერ, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ამ პირობების მკაცრად დაცვა.

არა მხოლოდ სინანული, არამედ პროტესტი მინდა გამოვხატო ბოლო პერიოდის "აღმოჩენაზე", რაც გამოიხატება ცოცხალი ჟიურის, პროფესიონალთა განსჯის, დიალოგის და შეჯერებული გადაწყვეტის მიღების წესის ელექტრონული ჟიურით ჩანაცვლებაში. ამის შესახებ არაერთხელ ითქვა და დაიწერა, მაგრამ ვინც უნდა გაიგოს, მან ვერ გაიგო, რის გამოც უშედეგო გამოდგა "ქ. თბილისში ბარათაშვილის 23-ის და ჩახრუხაძის #29-ის კვეთაზე მდებარე შენობის ნაცვლად სასტუმროს ახალი შენობის ესკიზური პროექტის ღია არქიტექტურული კონკურსი" (მაპატიეთ ასეთი გრძელი დასახელების გამო, რას ვიზამთ, ასე იყო გამოცხადებული). არც ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კუთხეში მრავალფუნქციური შენობის კონკურსმა მოგვცა კონკრეტული შედეგი.

აღიარებული ჭეშმარიტებაა - კონკურსის შედეგიანობას განაპირობებს არა მონაწილეთა რაოდენობა, არამედ მონაწილეთა ხარისხი. "ხარისხიანთა" ჩართვა შესაძლებელია საერთაშორისო წესებსა და კონიუნქტურას დაფუძნებული საკონკურსო პირობებით და, რა თქმა უნდა, პრემიალური ფონდით. ამას დიდი ხანია მიხვდნენ შოუ ბიზნესისა და სპორტის მესვეურნი. ამ მხრივ სამშენებლო ბიზნესში ქვის ხანაა.

კიდევ ერთი საკითხი, უაღრესად დელიკატური.

რუსთაველის გამზირზე #12 შენობის (ყოფილი ფოსტა) ფასადის, რომელიც ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითად ითვლება, ავტორი გახლავთ გამოჩენილი ქართველი ხუროთმოძღვარი და საზოგადო მოღვაწე ივანე ჩხენკელი, რომელიც 18 წელი საქართველოს არქიტექტორთა კავშირს ხელმძღვანელობდა და 12 წელი გახლდათ თბილისის მთავარი არქიტექტორი. ეს სულაც არ არის მეორეხარისხოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ მის შემოქმედებას მოვეპყრათ განსაკუთრებული მოწიწებით.

როდესაც ლე კორბუზიეს "ვილა სავოი" გაიყიდა (შეიძინეს ადგილის გამო) და მეპატრონემ მოისურვა მისი დანგრევა, შენობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მინიჭებული კულტურის ძეგლის სტატუსი, მხოლოდ იმიტომ, რომ საფრანგეთის კანონმდებლობა კრძალავდა ცოცხალი ავტორის ნაწარმოების ძეგლად აყვანას, საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ჟორჟ ანრე მარლომ დაარღვია კანონი და საგანგებო წესით, შენობას მიანიჭა საფრანგეთის კულტურის ძეგლის სტატუსი. ასე გადარჩა "ფუნქციონალიზმის" ქრესტომატიად აღიარებული, ამჟამად ტურისტული მექა "ვილა სავოი". კორბუზიე იმჟამად ინდოეთში, პენჯაბის შტატის ახალი დედაქალაქის ჩანდიგარჰის მშენებლობაზე იმყოფებოდა და ყველაფერი ეს იქედან დაბრუნებულმა გაიგო.

რას ვაკეთებთ ჩვენ. რა დავმართეთ იმელს, ოთარ კალანდარიშვილის მთელს შემოქმედებას, შოთა ბოსტანაშვილის "პოეზიის სახლს" ამაღლების ქუჩაზე, მერაბ ბერძენიშვილის და ოთარ კალანდარიშვილის "დიდების მემორიალს" ქუთაისში, ვახტანგ ონიანის "ამირანს" სიღნაღში, გულდა კალაძის ულამაზეს ბარელიეფს "ივერიის" ფრიზზე, ნიკოლაძის და აბაკელიას რელიეფებს იმელის ფასადზე, უნიკალურ ისტორიულ მემკვიდრეობას მესტიაში, რიყის და სპორტის სასახლის არეალს.

31 მარტი სულ მალე დადგება. ვნახოთ, რა პროექტები შემოვა. ქართული საზოგადოება კომპრომისზე არ წავა. არქიტექტურულ-ურბანული კომპრომისების ლიმიტი ამოწურულია.

ზყთყ არ ვიცი, როგორია ბიზნესის მორალი, მაგრამ ჩვენთვის, არქიტექტურული საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობა, ის ფაქტი, რომ ბატონი ივანე ჩხენკელის მემკვიდრე მერაბ ჩხენკელი არქიტექტორია, მაღალი კვალიფიკაციის და უმწიკვლო რეპუტაციის პიროვნება, არქიტექტორია შვილიშვილიც, რომელიც ამჟამად უცხოეთში მოღვაწეობს. ლოგიკურია, მათ გააგრძელონ დიდი მამისა და ბაბუას საქმე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×