ბატონო გიორგი, ბოლო პერიოდში და განსაკუთრებულად ბოლო დღეებში განვითარებულმა არაერთმა მოვლენამ გამოააშკარავა განათლების სისტემაში სისტემური კატასტროფების მთელი კასკადი, რამაც დაგვარწმუნა, რომ ის ქაოსი, რაც არსებობს მთლიანად განათლების ყველა დარგში, დაწყებული სკოლამდელ და ზოგად განათლებაში, პროფესიულ განათლებაში და უმაღლეს განათლებაში, მოითხოვს სასწრაფო საკადრო ცვლილებებს და ქმედითი რეფორმების განხორციელებას.
უმძიმესი ვითარებაა შექმნილი ზოგად განათლებაში და ამის დამადასტურებელია ის შედეგი, რაც დაფიქსირდა პედაგოგების გამოცდების შედეგების კუთხით, როდესაც 83%-მა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციების ზღვარი. განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები თავს იმართლებენ იმით, რომ ტესტები სათანადოდ ჩამოყალიბებული არ იყო. ეს არის მცდელობა, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებმა გაიმართლონ თავი და გადააბრალონ ტესტების შედეგები სხვა ადამიანებს. მაშ, რაში მდგომარეობს განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობა თუ ისინი არ ან ვერ აკონტროლებენ ხსენებულ პროცესებს?!
9 მარტს ჩვენ მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე ევროკავშირის ექსპერტი, არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები, პროფესიული კავშირი ერთხმად მივედით იმ დასკვნამდე, რომ პროფესიულ განათლებაში ამჟამად ფაქტობრივად ვერ ხორციელდება რეფორმა და მას სჭირდება სასწრაფო სისტემური ცვლილება. ამისათვის საქართველომ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ქვეყნისათვის მისაღები პროფესიული განათლების რეფორმა და არ გადმოიტანოს რომელიმე ევროპის ქვეყანაში წარმატებულად განხორციელებული მოდელი, მაგალითად გერმანული ან ირლანდიუ მოდელი.
ბოლო 6 დღის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები, იქ მოღვაწე პროფესურა და მეცნიერ-მუშაკები, აგრეთვე სტუდენტები. უდავოდ ჩანს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსნები არ ფლობენ იქ არსებულ სიტუაციას და ვერ მართავენ პროცესებს. ამაზევე მეტყველებს აგრეთვე 10 მარტს საქართველოს პარლამენტში ბატონ დავით უსუფაშვილის მონაწილეობით ჩატარებული კონფერენცია ზოგადი და უმაღლესი განათლების საკითხებზე, სადაც ცალსახად გამოვლინდა უამრავი ნაკლოვანება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
განათლების და მეცნიერების მინისტრმა არ შეასრულა თქვენი 15 მარტის დავალება, სადაც თქვენ გულისხმობდით თამარ სანიკიძის მისვლას სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვედრის მოწყობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სტუდენტებთან, რექტორთან, აკადემიურ საბჭოსთან, პედაგოგებთან.
ამის მაგიერ მინისტრი ძველი კომუნისტური ჩვეული დამახასიათებელი ქმედებით იბარებს სამინისტროში იმავე დღეს 2000 საათზე ე.წ. მხარეებს იმის ნაცვლად თვითონ მისულიყო სახელმწიფო უნივერსიტეტში. მასთან გამოცხადდა მხოლოდ რამოდენიმე სტუდენტი თვითმმართველობის ნაწილიდან, რექტორი ორი მოადგილით და არ გამოცხადდა 115 აუდიტორიის სტუდენტობა. ხანმოკლე მსჯელობის შემდეგ ეს შეხვედრა შეწყდა და თამარ სანიკიძე ავალებს თავის მოადგილეს, წავიდეს სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა მხარესთან შეხვედრის ჩასატარებლად. თითქმის 6-საათიანი შეხვედრის შედეგად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ვერცერთ საკითხზე, რაც ასე აწუხებს როგორც უნივერსიტეტის სტუდენტობას, ასევე მის რექტორს, აკადემურ საბჭოს და პედაგოგ-მასწავლებლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა საზოგადოების ჩართულობით უნდა შექმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეიმუშავებს მთლიანად განათლების სისტემის კონცეფციას, მის საფუძველზე შემუშავდება და მიიღება კანონი განათლების შესახებ, ხოლო ამის შემდეგ და მის საფუძველზე შემუშავდება კანონები ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების და უმაღლესი განათლების შესახებ.
მანამდე კი, ვთვლით, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ამოწურა განათლების და მეცნიერების დარგის ხელმძღვანელობის ყველანაირი ვადა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და თქვენს მიერ შერჩეულ იქნას მინისტრის პოსტზე ისეთი ადამიანი, რომელიც ღრმად არის გარკვეული განათლებაში და მეცნიერებაში, უყვარს დარგი, იქ მომუშავე ყველა პედაგოგი და მოსწავლე ახალგაზრდობა.
ბატონო გიორგი! ველოდებით ჩვენს შორის მოლაპარაკების საფუძველზე თქვენთან შეხვედრას განათლებაში და მეცნიერების დარგებში ჩასატარებელ რეფორმებზე სასაუბროდ, რისთვისაც მზად გვაქვს ჩვენს მიერ შემუშავებული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. დანართი: 24 გვერდი.
პატივისცემით, პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის თავითაშვილი