პაატა კოღუაშვილი
საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი
სახელმწიფოს შექმნის უპირველესი ატრიბუტია - გარკვეული ტერიტორიის ფლობა, ხოლო სახელმწიფო სიძლიერის განმსაზღვრელია ამ ტერიტორიის სიმდიდრის დეტალური შესწავლა, მისი წარმატებული მართვა და შესაბამისად, ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ეს ყველაფერი დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე და როგორ იმართება ყოველივე. აქედან გამომდინარე, მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არათუ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის და საერთოდ კაცობრიობისთვის, მაგრამ დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და გადაუდებელი ჩვენთვის შეიქნა. საქმე ეხება საქართველოს მიწის ფონდის სახელმწიფოს მიერ განკარგვას, ანუ, უფრო კონკრეტულად, მიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობას. მისული ვართ იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა.
2004 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უსაფუძვლოდ, გააუქმა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ძირითადი ფუნქციები გადაანაწილა იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს შორის. ფუნქციების ამ გადანაწილებას (გახლეჩას) შედეგი არ მოჰყოლია. მიწის აღრიცხვა და მიწის ბალანსის შედგენა დღემდე არ ხორციელდება. დღეს ვერავინ გეტყვით, თუ რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გააჩნია ქვეყანას, მათ შორის რამდენია კერძო საკუთრებაში, მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით.
2005 წლამდე ქვეყანაში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელიც შემდეგ გადაეგზავნებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს. მიწის ბალანსი განიხილებოდა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად და მტკიცდებოდა მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები.
საქართველოს ძირითადი ნივთობრივი სიმდიდრის ყოველწლიურ ბალანსში მიწა აღირიცხებოდა დანიშნულებისა და კატეგორიების, აგრეთვე საკუთრებისა და სარგებლობის ფორმების მიხედვით. მასში აისახებოდა წლის განმავლობაში მიწის კატეგორიებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში და საკუთრება-სარგებლობაში მომხდარი რაოდენობრივ-ხარისხობრივი ცვლილებები.
მიწის ყოველწლიური ბალანსის საშუალებით სახელმწიფო აკონტროლებდა მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება-კლების დინამიკას, ქალაქმშენებლობის, გზების და სხვა საჭიროებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ.
დღეს ძნელად წარმოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც მიწის ყოველწლიური ბალანსი ან მსგავსი რამ არ კეთდებოდეს, მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს და არ აანალიზებდეს, არ აკონტროლებდეს მიწის რესურსების მოძრაობას (დინამიკას), არ იცოდეს, თუ როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, რაც აქტუალური გახდა სავარგულის თითოეულ სახეობაზე გადასახადის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო, არ ახორციელებდეს ქმედით ღონისძიებებს მიწის რესურსების რაციონალური მართვის მიზნით.
სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურების ზოგიერთი ხელმძღვანელი მიწის ბალანსს ვერ ასხვავებს მიწის კადასტრისგან და აცხადებს, რა საჭიროა მიწის აღრიცხვა, როცა გვაქვს და ვაკეთებთ მიწის კადასტრს. მიწის კადასტრი არის რეგისტრაციის მომენტისათვის მიწის ფართობის ერთჯერადი დადგენა კარტოგრაფიული და იურიდიული მდგომარეობით.
მიწის ბალანსის დაზუსტება უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად, რადგან შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწა გადავიდეს არასასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიაში, სათიბი - სახნავში, საძოვარი - სათიბში, მრავალწლიანი ნარგავი - სახნავში და პირიქით. სახელმწიფო მიწები შეიძლება გახდეს კერძო ან მუნიციპალური საკუთრება. თითოეულ რაიონში ჩატარებული მიწის აღრიცხვის საფუძველზე ხდებოდა საქართველოს მიწის ყოველწლიური ბალანსის შედგენა.
საინტერესოა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც ევალება მიწის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, როგორ ადგენს ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამოქმედო გეგმას, როდესაც არ გააჩნია მიწის განვითარების ხედვა, სტრატეგია, აღრიცხვის მონაცემები და სახელმწიფო პროგრამა. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ როგორ შეიმუშავა: "სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წწ.", როდესაც არ იცის და არ აქვს დაზუსტებული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონაცემები, მათი დინამიკა კულტურებისა და საკუთრების მიხედვით.
როგორც ცნობილია, კონტროლს მიწის გამოყენებაზე უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო. მიწის ფონდის კონტროლი და მართვა მხოლოდ სახელმწიფოს განსახორციელებელია და ამისთვის შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურა ქვეყნის რაციონალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გარანტი უნდა იყოს.
არსებულმა რეალობამ, მიწის ფონდის უკონტროლობამ, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა - მოხდა მიწის პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიისა და პასუხისმგებლობის პარალიზება. მიწასთან დაკავშირებული საკითხები გადანაწილდა (გაიხლიჩა) სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებზე, რომლებსაც ხშირად საკუთარი პრიორიტეტები აქვთ და ნაკლებად არიან დაინტერესებული საერთო პრობლემური საკითხით. დარგობრივ სამინისტროებს შორის ვერ ხორციელდება კოორდინაცია და თანამშრომლობა მიწის რესურსების ეფექტურად და რაციონალურად გამოყენებისთვის, რაც იწვევს მიწასთან დაკავშირებულ საკითხებში საქმიანობის დუბლირებას (შტატების ზრდას), მონაცემთა უზუსტობას, ინფორმაციის აღრევას და შესაბამისად, მცდარი გადაწყვეტილებების მიღებას.
იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი საქმიანობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, პოლიტიკური განსჯის საგანი არ უნდა იყოს ის, თუ რომელ სამინისტროს ან ორგანიზაციას შეუძლია უკეთესად შეასრულოს მმართველის ფუნქცია - აუცილებელია შეიქმნას მიწის ადმინისტრირების მაკოორდინირებელი ორგანო (სახელს მნიშვნელობა არა აქვს, იქნება სააგენტო თუ სხვა), რომლის ამოცანა იქნება მიწის ადმინისტრირება - სახელმწიფო მმართველობა, სახელმწიფო ზედამხედველობა, მიწის გამოყენების კოორდინაცია, მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა - ცვლილებების ყოველწლიური ანგარიშის მომზადება. ანუ, მიწის ადმინისტრირების ორგანო უნდა ფლობდეს ძლიერ პოზიციას მთავრობაში - ერთიანი რესურსის ინფორმაციასა და ძალაუფლებას შორის ურთიერთკავშირის აუცილებლობის გამო.
ქვეყნის უპირველესი ეროვნული სიმდიდრის - მიწის - დაცვა და მისი რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვის მოწესრიგება მთავრობის უპირველესი მოვალეობაა.