ანზორ საკანდელიძე თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
თბილისის მერიამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა დააწესოს ქალაქში თვითდინებაზე მიშვებული და კატასტროფამდე მიყვანილი სატაქსო მომსახურების გაუმჯობესებისათვის გარკვეული რეგულაცია. მერიის ამ ნაბიჯმა უკვე გამოიწვია თბილისელების კმაყოფილება და მძღოლთა უკმაყოფილება. ბოლო წლებში თანდათან გაიზარდა თბილისში "სატაქსაოდ" ჩამოსულთა გეოგრაფია: მცხეთა, გორი, რუსთავი, კასპი, ხაშური, ზესტაფონი და ამასწინათ ჩემი მშობლიური ქუთაისიდანაც ჩამოსული ტაქსის მძღოლიც კი შემხვდა.
რეგულაცია ნამდვილად შემოსაღებია, მაგრამ აუცილებლად ტაქსისტების მოსაზრებების გათვალისწინებით. ამასთან დაკავშირებით გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ტელეეთერით გამოთქმულ ერთ-ერთი "ტაქსისტის" საყურადღებო წინადადებაზე: მან, ფაქტობრივად, დააყენა საგადასახადო ლიცენზიების შემოღების საკითხი, რომელიც უკრაინაში მცირე მეწარმეებისთვის განხორციელდა 20 წლის წინ და ჩვენ კი 18 წელიწადია დღემდე ხელისუფლებას ვერაფრით გადავადგმევინეთ ეს ნაბიჯი. ისტორია კი ასეთია:
1998 წელს ჩვენმა ასოციაციამ დაამუშავა და პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა საქართველოში პირველი კანონპროექტი მცირე მეწარმეობის შესახებ. ამ კანონპროექტში განსაზღვრული იყო მცირე საწარმოს სტატუსი და საგადასახადო სისტემა ბრუნვის პროცენტული ფიქსირებული გადასახადებით, რომლებიც წარმოებისთვის იყო 5%, ვაჭრობისთვის - 3% და მომსახურებისათვის - 10%. რაც მთავარია, საგადასახადო ადმინისტრირებისათვის გაძნელებული მცირე მეწარმეებისთვის შემოვიღეთ ფიქსირებული გარიგებითი გადასახადი, რომლის ავტორია ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ანზორ ბაბუხადია. მუშაობდა რა მინისტრთა საბჭოს მთავარ ეკონომიკურ მრჩევლად, მან 1993 წელს ეს გადასახადი შემოიღო ექსპერიმენტის წესით თავდაპირველად თბილისში. ექსპერიმენტმა გაამართლა და როცა ეს გადასახადი უნდა გავრცელებულიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგადასახადო მაფიამ მიაღწია მის გაუქმებას. სამაგიეროდ, ბატონი ანზორის ამ გადასახადს უკრაინელებმა მხოლოდ სახელი შეუცვალეს, დაარქვეს საგადასახადო ლიცენზია და მოგვიანებით აამოქმედეს მცირე მეწარმეებისათვის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
აი, ასეთი გადასახადის შემოღებას ითხოვდა ზემოთ ნახსენები "ტაქსისტი" და ეს მოთხოვნა სავსებით მისაღებია, როცა მძღოლი გარკვეული დროით მისთვის მისაღებ ფასად იყიდის საგადასახადო ლიცენზიას და თავისუფალი იქნება ყოველგვარი გადასახადისაგან. შემდეგში ის თვითონ გადაწყვეტს, უღირს თუ არა კვლავ იყიდოს საგადასახადო ლიცენზია. ანზორ ბაბუხადიასეული ასეთი გარიგებითი ფიქსირებული გადასახადებით, ანუ საგადასახადო ლიცენზიების ყიდვით სხვადასხვა დარგის ბევრი მცირე მეწარმე დაინტერესდება, როცა ის იყიდის რა საგადასახადო ლიცენზიას, გამოაკრავს თავისი სამუშაოს თვალსაჩინო ადგილას და დასვენებული იქნება ყოველგვარი საბუღალტრო და ფინანსური შემოწმებებისაგან და, რაც მთავარია, სალარო აპარატის გამოყენებისაგან.
ამ 18 წლის განმავლობაში ამაოდ ჩვენ მრავალჯერ შევიტანეთ პარლამენტში კანონპროექტი საგადასახადო კოდექსში მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადებისა და, მათ შორის, ფიქსირებული გარიგებითი გადასახადების, ანუ საგადასახადო ლიცენზიების შემოღებისათვის ცვლილებების შეტანის შესახებ. როგორც ცნობილია, 2010 წელს თბილისში დაიწყო ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეების მასობრივი გამოსვლები, რომლებიც ითხოვდნენ მაქსიმუმ ბრუნვის 3%-იანი ფიქსირებული გადასახადების შემოღებას. განსაკუთრებით აქტიურობდნენ დიდი სავაჭრო ბაზრობების მცირე მეწარმეები, რომლებმაც დაიწყეს გაფიცვები და ითხოვდნენ პირადად ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას. ეს შეხვედრა შედგა და ფინანსთა მინისტრი იძულებული გახდა მიეცა გაფიცულებისათვს ფიქსირებული გადასახადების შემოღების პირობა. ფინანსთა სამინისტრომ მართლაც დაიწყო მუშაობა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესატან კანონპროექტზე. როგორც ჩანს, განიხილეს ჩვენი კანონპროექტიც. სამწუხაროდ, განხილვაზე ავტორებს არც კი დაგვიძახეს და ჩვენთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ისე არაადეკვატურად გამოიყენეს მიკრო მეწარმის, კვარტალური დაბეგვრისა და, განსაკუთრებით, ფიქსირებული დაბეგვრის რეჟიმების ჩვენი ნოვაციები, რომ 2011 წლის დეკემბერში მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების 11-გვერდიანი მთელი მე-12 თავის ყველა 13-ვე მუხლი მცირე მეწარმეებისათვის აღმოჩნდა აბსოლუტურად მიუღებელი და მკვდრად შობილი.
შემდეგში ეს ცვლილებები სრულად გავითვალისწინეთ ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებულ, ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებულ "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამაში", რომელიც განთავსებულია ჩვენი ასოციაციის ფეისბუქზე. სწორედ ამ "კონცეფცია-პროგრამის" პირველ თავში, რომლის სახელწოდებაა "საგადასახადო რეფორმების პროგრამა", საფუძვლიანად არის საუბარი მცირე მეწარმეების დაბეგვრის განსხვავებული სახის, კერძოდ გარიგებითი გადასახადების, ანუ საგადასახადო ლიცენზიების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. ამჟამად ჩვენი ეს "კონცეფცია-პროგრამა" განიხილება სახელმწიფო კანცელარიის მრჩეველთა საბჭოში, პარლამენტის დარგობრივ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში და ფინანსთა სამინისტროში. იმედია, 18-წლიანი ამაო ლოდინის შემდეგ, მცირე მეწარმეები ახლა მაინც ეღირსებიან ნორმალურ საგადასახადო კოდექსს.
დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საგადასახადო ლოცენზიების შემოღების რეფორმასთან ერთად, აუცილებლად უნდა ჩავატაროთ "სატაქსაოდ" გამოყენებული მსუბუქი ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება. სასურველია ეს შემოწმებები ჩაატაროს სახელმწიფომ და მძღოლებს მისცეს საშუალება შემოწმების ხარჯები გადაიხადოს განვადებით. შეიძლება ვიფიქროთ საგადასახადო ლიცენზიების განვადებით გაყიდვაზეც, რაც ძალიან წაადგებათ ფინანსურად შეჭირვებულ ტაქსის მძღოლებს.