მოსაზრება
19.02.2016

მერაბ ხმალაძე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში გააქტიურდა ყურადღება გენდერული პრობლემებისადმი. ფაქტია, რომ კაციობრიობის ულამაზესი ნახევარი - ქალები - მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, განიცდიან გარკვეულ დისკრიმინაციას. ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს აღირიცხა 650 მოძალადე მამაკაცი და 60 ქალი მაშინ, როდესაც მსხვერპლი აღმოჩნდა 87 მამაკაცი და 742 ქალი, ე.ი. 9-ჯერ მეტი. ქალები განიცდიან დისკრიმინაციას შრომის ანაზღაურებაშიც. მათი საშუალო ხელფასი საქართველოში შეადგენს 618 ლარს, ხოლო მამაკაცების - 980 ლარს.

გენდერული პრობლემებით დაკავებულია რიგი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მთელი საზოგადოების აქტივობა.

სტატია, როგორც სათაურიდანაც ჩანს, ეხება კაცობრიობის არანაკლებ ლამაზ მეორე ნახევარს - მამაკაცებს, რომლებშიც აღინიშნება მაღალი სიკვდილიანობა და შესაბამისად, სიცოცხლის დაბალი საშუალო ხანგრძლივობა. დედამიწაზე მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უტოლდება 69 წელს, ქალებში - 73 წელს, ე.ი. სხვაობა 4 წელია. კონტინენტების მიხედვით ეს მეტობა განსხვავებულია. მაგალითად, აფრიკაში ის შეადგენს 2 წელს, ამერიკაში - 6 წელს, ევროპაში - 7 წელს.

მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმეტესობაში ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აღემატება მამაკაცებისას, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ზომით. დღეისათვის მსოფლიოში დაფიქსირებულია სამი ქვეყანა, სადაც ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თანაბარია. ესენია აფრიკის ქვეყნები: ნიგერი (58 წელი), ნიგერია (52 წელი), მალავი (55 წელი). მსოფლიოს მხოლოდ სამ ქვეყანაშია ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცემზე ნაკლები და ისიც მხოლოდ ერთი წლით. ესაა აფრიკის ქვეყნები: მალი (55-54 წელი), ბოტსვანა (48-47 წელი), სვაზილენდი (50-49 წელი).

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? საქართველო "მოწინავეთა" რიგებშია. ბოლო მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში უტოლდება 72,9 წელს, მათ შორის, მამაკაცებში - 68,6 წელს, ქალებში - 77,2 წელს. ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისას აღემატება 8,6 წლით, ანუ თითქმის 9 წლით.

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მეტია ქალების სიცოცოხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებთან შედარებით. საქართველოს უკავია პარადოქსული მდგომარეობა. სოციალურად და ეკონომიკურად დაბალგანვითარებულ საქართველოს ახასიათებს მაღალგანვითარებული ქვეყნის დემოგრაფიული პარამეტრები, როგორც სიკვდილიანობის და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის, ისე შობადობის დონის მიხედვით. ასეთ მდგომარეობას საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში, ადგილი აქვს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან.

საქართველოს ოფიციალური სახელმწიფო სტატისტიკა მოკვდაობის მოდელირებას და მის საფუძველზე სიცოცოხლის საშუალო ხანგრძლივობის გამოთვლას იწყებს 1959 წლიდან. ამ წლის მონაცემებით, ქალების სიცოცოხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისას აღემატებოდა 6 წლით. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1959 წლიდან დღემდე. აღნიშნული სხვაობა წლიდან წლამდე იზრდებოდა და მაქსიმუმს - 9,7 წელს - მიაღწია 2008 წელს, ხოლო დღეისათვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემცირდა 8,6 წლამდე, თუმცა ესეც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

საქმე ისაა, რომ საქართველოსთან შედარებით, მსოფლიოს მხოლოდ 5 ქვეყანაშია დაფიქსირებული სქესთა სიცოცხლის ხანგრძლივობაში არსებული უფრო მაღალი სხვაობა. კერძოდ, ლატვიასა და უკრაინაში ის შეადგენს 10 წელს, ლიტვაში, ბელარუსსა და რუსეთში - 11 წელს. ხუთ ქვეყანაში - სეიშელი, სალვადორი, ყაზახეთი, თურქმენეთი და ესტონეთი - საქართველოს მსგავსად, სხვაობა 9 წელია.

ქალების, როგორც სუსტი სქესის სტატუსი, მდგომარეობს მამაკაცებთან შედარებით მათ ნაკლებ ფიზიკურ სიძლიერეში. სიცოცხლისუნარიანობით ქალები ძლიერი სქესია და ეს სრულიად კანონზომიერია. მათ ხომ ღმერთმა და ბუნებამ კაცობრიობის მოდგმის განგრძობა დაავალა. ცნობილი დემოგრაფი, პროფესორი ბორის ურლანისი, თავის დროზე საკითხის უაღრესად დეტალური ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ქალების სიცოცხლის ბიოლოგიური ხანგრძლივობა შეადგენს 88 წელს, ხოლო მამაკაცების - 86 წელს. მეტობა 2 წელია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში არსებული 7-წლიანი მეტობა რითაა განპირობებული?

ეს მომდინარეობს მამაკაცების მაღალ სიკვდილიანობაზე ქალებთან შედარებით, რომელიც იწყება უკვე ჩანასახიდან და პრაქტიკულად, გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დადგენილია, რომ 100 მდედრობით ჩანასახზე მოდის 125-130 მამრობითი ჩანასახი. დაბადებისას აღნიშნული მეტობა მცირდება: 100 დაბადებულ გოგონაზე მოდის, საშუალოდ, 106 ბიჭი. ყოველი 1000 დაბადებული ბიჭიდან ერთი წლის განმავლობაში კვდებოდა 10, ხოლო 1000 დაბადებული გოგოდან - 9. მაჩვენებელი მაღალია მკვრად დაბადრბულ ბიჭებშიც. 2014 წელს საქართველოში 640 მკვდრად დაბადებულებიდან 56% იყო ბიჭი.

"საქსტატის" მონაცემებით, ერთი წლის შემდგომ ასაკში მოკვდაობის ასაკობრივი გენდერული კანონზომიერებები მკაფიოდ ჩანს "სტატისტიკური გამადიდებელი შუშის" გარეშეც. კერძოდ, 2014 წელს 1-9 წლის ასაკში ქალების და მამაკაცემის სიკვდილიანობა თანაბარია (ეს მონაცემი გათანაბრდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში). მომდებნო 10-19 წლის ასაკში, მამაკაცების მოკვდაობა ქალებისას აღემატება 2-ჯერ, 20-64 წლის ასაკში - 3-ჯერ, 65-74 წლის ასაკში - 2-ჯერ, 75-84 წლის ასაკში - 1,3-ჯერ, ხოლო 85 წლის შემდეგ სიკვდილიანობის დონე თანაბრდება, რამეთუ ყველა მოკვდავია. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ყველაზე დიდი სხვაობა მოდის ეკონომიკურად აქტიურ 20-64 წლის ასაკზე.

განსაკუთრებით მაღალია მამაკაცების სიკვდილიანობა სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით. მაგალითად, 2014 წელს ამ მიზეზით მამაკაცების მოკვდაობა ქალებისას აღემატებოდა: 35-44 წლის ასაკში - 5,5-ჯერ, 45-54 წლის ასაკში - 4,2-ჯერ, 55-64 წლის ასაკში - 3-ჯერ.

მამაკაცებისა და ქალების სიკდილიანობის დონეზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, რომელთაგან მოვიტანთ კიდევ ერთს - ოჯახურ მდგომარეობას. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ფრანგმა დემოგრაფებმა დაადგინეს, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაოჯახებულ მოსახლეობაში აღემატება დაუოჯახებელი მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, ხოლო დაოჯახებული ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ერთმანეთისაგან განსხვავდება მცირედით (აღნიშნულს, იმედია, ყურად იღებენ დასაოჯახებულები). სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე ოჯახური გარემოს დადებითი გავლენა საქართველოშიც დადასტურდა ჩვენი და პროფესორ ნ. ახალაიას გამოკვლევებით. ამასთან, ნ. ახალაიამ დაადგინა, რომ საქართველოში ქვრივი ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 17 წლით აღემატება მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.

ლოგიკურია კითხვა: რა განაპირობებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გენდერულ სხვაობას? მრავალი დემოგრაფიული კვლევის შედეგად ახსნილია პრობლემის ზოგიერთი ასპექტის შედეგი და არა მიზეზი. საზოგადოებას რომ გააჩნდეს ამ პრობლემის გადაწყვეტის გამზადებული რეცეპტი, მკურნალობასაც შეძლებდა.

მახსენდება ერთი შემთხვევა. ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის თემაზე მოხსენება გააკეთა დემოგრაფმა, პროფესორმა ბორის ურლანისმა. ერთ-ერთმა დამსწრემ დაუსვა და რამდენიმეჯერ გაუმეორა კითხვა თუ რატომ ცოცხლობენ ქალები დიდხანს, რადგან პასუხმა ვერ დააკმაყოფილა. ბოლოს ურლანისმა იუმორით უპასუხა: "ქალები იმიტომ ცოცხლობენ დიდხანს, რომ ქალებს არ ჰყავთ ცოლები".

ხუმრობა განზე დარჩეს და პრობლემა მეტად მწვავეა თავისი ნეგატიური შედეგებით. უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნოთ სოციალური შედეგები, რომელთაგან მთავარია მამით დაობლებული ბავშვები, რომლებსაც მოუწევთ გაზრდა უმამოდ, აქედან გამომდინარე შედეგებით; დაქვრივებული ქალები, რომლებსაც მეორედ ოჯახის შექმნის ნაკლები შანსი აქვთ მამაკაცებთან შედარებით.

არანაკლებ მნიშვნელოვანია უარყოფითი ეკონომიკური შედეგები. შრომით ასაკში მამაკაცების ზემოკვდაობის შედეგად იკარგება სიცოცხლის მრავალი წელი, რომლის წარმოებაში გამოყენებაც (მამაკაცების სიკვდილიანობის შემცირების შემთხვევაში) დამატებით მოგვცემდა არაერთი მილიარდი ლარის მთლიან შიდა პროდუქტს.

ბოლოს, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ უარყოფით დემოგრაფიულ შედეგებს, რომელიც სქესთა რაოდენობრივ დისპროპორციაში მდგომარეობს. საქართველოს მოსახლეობის 47,7% მამაკაცია. სქესობრივი დისპროპორცია განსხვავდება ასაკის მიხედვით. კერძოდ, 0-29 წლის ასაკში მამაკაცების მცირედი მეტობაა. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხულია ამ ასაკის 756,5 ათასი მამაკაცი და 706,9 ათასი ქალი, ე.ი. 49,6 ათასით ნაკლები. ყოველ 1000 მამაკაცზე მოდის ამ ასაკის 934 ქალი. მამაკაცების მეტობა ახალგაზრდა ასაკში გამოწვეულია დაბადებულებში მათი მეტობით. ყველა ერში, ყველა დროს 100 დაბადებულ გოგონაზე, საშუალოდ, მოდის 106 დაბადებული ბიჭი, თუ რამე დემოგრაფიულ ანომალიებს არ აქვს ადგილი. აღნიშნული მეტობა აწონასწორებს ქალების ბიოლოგიური ხანგრძლიობის ორი წლით მეტობას.

მამაკაცებში სიკვდილიანობის მაღალი დონის შედეგად მამაკაცების რიცხვი შემდგომ ასაკებში სწრაფად მცირდება და შემდეგ ქალების რიცხვს უთანაბრდება. მაგალითად, 5-9 წლის ასაკში ბიჭების რაოდენობა გოგონებისას აღემატება 14,2 ათასით, 25-29 წლის ასაკში კი მხოლოდ 2,5 ათასით. 30-34 წლის ასაკში მამაკაცებისა და ქალების ოდენობა თანაბრდება. 30 წლის შემდეგ გამოკვეთილია ქალების სიჭარბე, რომელიც იზრდება ასაკის ზრდის პროპორციულად. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 35-44 წლის ასაკში 1000 მამაკაცზე მოდის 1055 ქალი, 45-54 წლის ასაკში - 1153, 65-69 წლის ასაკში - 1332, 70-79 წლის ასაკში - 1632, 80-84 წლის ასაკში - 1792, 85 წლის და უფროს ასაკებში - 2410 ქალი.

აღნიშნული პრობლემა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, გაჩნდა ყყ საუკუნეში სიკვდილიანობის შემცირებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობაში მიღწეული პროგრესის შედეგად. პრობლემის სიღრმისეული შესწავლა საჭიროებს დემოგრაფების, სტატისტიკოსების, სოციოლოგების, ფსიქოლოგების, ექიმების, ბიოლოგების და სხვა მეცნიერებების ერთობლივ ძალისხმევას, ხოლო მისი გადაჭრა - სახელმწიფოს და მთელი საზოგადოების ერთიან ძალისხმევას.

ცხადია, სტატიამ საზოგადოებაში მოცემული პრობლემისადმი არ შეიძლება არ გამოიწვიოს აზრთასხვაობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა დამეთანხმება, თუ სტატიის სათაურს - "გაუფრთხილდით მამაკაცებს" - შევცვლით ახალი სათაურით - "მამაკაცებო, თავს გაუფრთხილდით". ამით, პირველ რიგში, გავუფრთხილდებით ქალებს, რადგან თუ ასე გაგრძელდა, ყოველ ქალს, საშუალოდ, 9 წელი მოუწევს უმამაკაცოდ, მარტო ცხოვრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×