საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
ბატონებო, მოგმართავთ დიდი პატივისცემითა და მორიდებით ორივე თქვენგანს. მე არ მაქვს არც საფუძველი და არც სურვილი სხაგვარად თქვენთან მომართვისა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ პრეზიდენტს ხუთჯერ მივმართე განცხადებით და არცერთზე პასუხი არ გამცა. მე ამ ფაქტს ვხსნი იმით, რომ ბატონი გიორგი მარგველაშვილი შეზღუდული იყო პრემიერის ქმედებებით და იმედი მაქვს, ასეთს ადგილი აღარ ექნება.
ისე კი, საქართველოს თავისუფლების მოპოვების შემდეგ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია თავზე ბალზაკისეული ფილოსოფია შაგრენის ტყავი, როცა მის პატრონს შაგრენის ტყავი ებოძა ხანგრძლივი და ღირსეული სიცოცხლისათვის მისი ნორმალურად გამოყენების პირობებში, თუმცა პირობა იყო ასეთი - რაც მეტ ფუფუნებასა და უზომო განცხრომას მიეცემოდა, შესაბამისად ილეოდა შაგრენის ტყავი და მასთან ერთად პატრონის სიცოცხლეც.
სწორედ დღეს, როცა ხელისუფლებას მოცემული გაქვთ ვალდებულება ემსახუროთ ხალხს და არა საკუთარ თავს, იმისდა მიხედვით, რა დოზით დაარღვიეთ თქვენი მოვალეობის აღსრულება, ილევა თქვენი შაგრენის ტყავი. ყველა თქვენი წინამორბედი ხელისუფლება ნაადრევად წავიდა პოლიტიკურ საფლავში, ნუ გახდებით თქვენც მსგავსი დასასრულის მსხვერპლი. ეს ჩემი, თუ მიწყენთ და, არა მტრული ან ქილიკით ნათქვამია, არამედ მამაშვილური კეთილი სურვილები.
ვარ 85 წელს მიტანებული, 47-წლიანი შრომის სტაჟით, | ჯგ. უსინათლო და სმენაჩლუნგი ინვალიდი, დავრდომილი, ხეიბარი, უმწეოთა რეიტინგში 54 990 მატარებელი, მარტოხელა (უპატრონო) კაცი. ეს არის ჩემი ხვედრი და ამაში არავის არ ვამუნათებ.
1992 წელს შევიძინე ამ ხელისუფლების ობლიგაციები იმისთვის, რომ სიბერე მქონოდა გარანტირებული. 1990 წელს კი შეძენილი მქონდა მიზნობრივი ობლიგაციები, მანქანა "ტავრია", მაცივარი და ტელევიზორი. როცა გამიჭირდა, მანქანა "ტავრია" 150 დოლარად ჩავაბარე ვალუტის ჯიხურში, ეს ცალკე კვლევის საგანია - ვის სჭირდებოდა მასიურად მანქანების და სასოფლო ტექნიკის უკან დარუნება, ერთ-ერთი მეთოდი ქვეყნის დაყაჩაღებისა.
2002 წელს უნდა განაღდებულიყო არგათამაშებული ობლიგაციები. სააკაშვილმა 2003 წელს თავის ფავორიტებზე გასცა ეს თანხები. ერთ-ერთზე დოკუმენტიც მოპოვებული მაქვს და ამ დოკუმენტმა ადგილი მოინახა ყველა უმაღლეს ინსტანციაში. პირობა იყო ასეთი, რომ პირველ რიგში უნდა გაცემულიყო მოხუცებზე, | ჯგ. ინვალიდებზე, შეჭირვებულებზე და დამსახურებულ ადამიანებზე. აბსოლუტურად ყველა ამ პირობას ვაკმაყოფილებ მე, ქართლოს ზაქარეიშვილი.
10 წელია ვიბრძვი ჩემი საკუთარი თანხის უკან დაბრუნებისათვის და ვღებულობ ხელისუფლებისაგან დაცინვასა და დამცირებას. ჩემი საქმე სტრასბურგშიც იყო, ელოდა განხილვას, ჩემი რიგი მოდიოდა 2013-2014 წლებში, მაგრამ 2011 წლის აპრილში სააკაშვილი რომ ჩავიდა სტრასბურგში, საკუთარი ხელით გამოაგდო ჩემი საქმე სტრასბურგიდან ვინმე განმწესი მოსამართლე ხაინდრავას დახმარებით.
2012 წლის არჩევნების წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ პირობა დადო, რომ აღადგენდა სამართლიანობას, დაუბრუნებდა ხალხს წართმეულ ქონებას და ეს მოხდებოდა პირველ რიგში იმ ქონებაზე, რომელიც პირდაპირ ხელისუფლების განკარგვაში იყო, მაგრამ ეს დღესაც გაუცემელია.
2005 წელს სააკაშვილმა იმ იმედით, რომ მისი მთავრობა მუდმივად იქნებოდა, გამოსცა 108-ე ბრძანებულება, რომლითაც შექმნა ბლეფი სამთავრობო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა ამ დარჩენილი არგაცემული თანხების გაცემის მექანიზმს. მას შემდეგ ყოველ წელს უვადდება ამ არასებულ კომისიას უფლებამოსილება და ასე გააგრძელა ახალმა ხელისუფლებამაც, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან ამ კომისიის არსებობისა თუ არარსებობის შესახებ.
სააკაშვილმა ამ ბრძანებულების პარალელურად გამოსცა ორგანული კანონი ეროვნული ბანკისადმი, რომელითაც დაადგინა ვალის გადახდის ბოლო ვადად 2030 წელი - ამ დროისთვის აღარც ვირი და აღარც ვირის პატრონი ცოცხალი აღარ იქნება, თუმცა, მასში შეიტანა ისეთი პუნქტები, რომლითაც ხდებოდა ნაწილობრივ განაღდება ვალდებულებებისა შერჩევით ბენეფიციარებზე. მაგალითად, 2016 წლის ბიუჯეტშიც შეტანილია 130 მლნ ლარი ამ შიდა ვალების დასაფარად, მაგრამ ხელისუფლება მეუბნება - ეს შენ არ გეხებაო.
ჩემს საკუთრებას იცავს კონსტიტუციის 21-ე და 42-ე მუხლები. განვიხილოთ პუნქტობრივად ეს მუხლები:
მუხლი #21 ა) პუნქტი იცავს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო 2 მუხლი ითავლისწინებს შეზღუდვებს (მაგრამ რა პირობებში?)
ვ) პუნქტი - ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად (სად არის ეს კანონი?), სასამართლოს გადაწყვეტილებით (სად არის ეს სასამართლოს გადაწყვეტილება?), სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობებით.
ორგანული კანონი ეროვნული ბანკის მიმართ, მუხლი 69.
... "საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და ... სავალო ვალდებულებები) (როგორ, სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ობლიგაციები არ არის მიღებული კრედიტები?) ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან".
ამიხსენით რას ნიშნავს ღია ბაზრის ოპერაციებისათვის და შემდეგ 2016 წელს გამოყოფილი 130 მლნ ლარი ამ ვალების დასაფარად, სად მიდის ეს თანხები ქვედა დინებებით, რომლის შესახებაც ამომრჩეველმა, დამქირავებელმა, მოქალაქემ არაფერი იცის, მაშინ, როცა ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებებით "ქვეყნის მთავარი კაპიტალი - ადამიანი" დაყაჩაღებულია და გამოწერილი აქვს ნაგვის ურნაში ძრომიალი.
აი, სწორედ ეს არის ბალზაკის შაგრენის ტყავი ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით დაკიდებული.
დამიბრუნეთ ჩემი ვალი 30 634 აშშ დოლარი, ან მისი ადეკვატური ლარებში, ან კომპენსაცია უძრავი ქონების სახით.
თუ მე, ქართლოს ზაქარეიშვილი ამ საქმეში უბრალოდ ვაჭარბებ და ვამუქებ მოვლენებს, ან ჩავდივარ რაიმე სამართლებრივ ან მორალურ გადაცდომებს, ან მცირედით ვარღვევ კაცურ ნორმებს, მზად ვარ მივიღო უმკაცრესი სამართლებრივი და მორალური სასჯელი და უარს ვამბობ ყველა მოთხოვნაზე, რასაც ვუყენებ ხელისუფლებას.
უდავო პატივისცემითა და მოკრძალებით,
ქართლოს ზაქარეიშვილი