თურქები სირიაში ასადის მომხრეებთან საბრძოლველად სახმელეთო ოპერაციას იწყებენ, რუსული ნაწილები კი უკვე რამდენიმე თვეა, ასადის მხარეს იბრძვიან
ნინო ქეთელაური
15.02.2016

საუდის არაბეთი და თურქეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებისათვის ემზადებიან. მათი მთავარი სამიზნე პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერები და "ისლამური სახელმწიფოა". ამავდროულად სირიაში მყოფი რუსული სამხედრო ნაწილები ღიად უჭერენ მხარს ასადს და მისადმი ოპოზიციურად განწყობილ ყველა ძალას ებრძვინ, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოსაც".

რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით, ექსპერტთა შეფასებით, ეს კიდევ უფრო ზრდის რუსულ-თურქული შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს, რომელიც მთელ რეგიონზე და საქართველოზეც აისახება. საკმარისია სირიიის ტერიტორიაზე ერთი თუნდაც შემთხვევითი შეტაკება თურქ და რუს სამხედროებს შორის, რომ მოვლენები უკვე უკონტროლო გახდეს.

ქართველი ექსპერტები ასეთი საფრთხის არსებობაზე საუბრობენ, თუმცა დაძაბულობა თურქეთ-რუსეთის ომში გადაიზრდება თუ არა, ამაზე ვერ თანხმდებიან. ნაწილი თვლის, რომ ხმაური უფრო მეტია, ვიდრე რეალური ომის საფრთხე. ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ გარკვეული ინციდენტები საქართველოშიცაა მოსალოდნელია.

რუსეთის რეაქცია სირიაში თურქეთის ჯარის შეყვანაზე

სამხდრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ თურქეთის ჯარის შეყვანით იმის ალბათობა, რომ დაძაბულობა შეზღუდულ კონფლიქტში გადაიზარდოს, საკმაოდ დიდია.

"ეს იქნება კოალიციური დაპირისპირება, სადაც შედიან სირიელი ქურთების მომხრე სამხედრო დაჯგუფებები, ასადის რეჟიმის სამხედრო ფორმირებები, ირანის რეგულარული არმიისა და განსაკუთრებით "ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის" ნაწილები, ასევე, რუსეთის შეზღუდული კონტინგენტი, როგორც საჰაერო კოსმოსური ძალების, ისე სახმელეთო სპეცდანიშნულების ნაწილების შენაერთები.

"საუდის არაბეთმა უკვე დაიწყო და თურქეთიც სულ მალე შეუერთდება ამ ოპერაციებს. უკვე განსაზღვრულია შეიარაღებული ძალების ის ნაწილები, რომლებიც უნდა გახდნენ მთავარი ბირთვი ამ ოპერაციის შესასრულებლად და ეს უკვე ღებულობს შეზღუდული, დაბალი ინტენსიური სამხედრო კონფლიქტის სახეს.

"შემდეგ უკვე ამ ბრძოლის მასშტაბები სადამდე გაიზრდება, რთული სათქმელია. თუმცა, ეს ყველაფერი რუსეთსა და თურქეთს შორის შეზღუდულ კონფლიქტში რომ გადაიზარდოს, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია", - ამბობს ვახტანგ მაისაია "მთელ კვირასთან" საუბრისას.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რომ ომის საფრთხე მხოლოდ თეორიულად არსებობს, სინამდვილეში არცერთი მხარე სხვის ტერიტორიაზე ომს არ დაიწყებს.

"ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია თურქეთს არ დაუწყია. გარდა ამისა, ზონაში, სადაც რუსეთის ავიაცია მუშაობს, თურქეთი ჯარს არ შეიყვანს. ჩავუშოღლუს (თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) ოფიციალური განცხადების მიხედვით, ჯარის შეყვანას არც ამბობენ ისინი, მათი თქმით, ეს არის საზღვრის დაცვის ოპერაცია.

"თუმცა, თვითნ პროცესი, რასაკვირველია, დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. უფრო კონკრეტულად, თუ მოვლენები ყველაზე პესიმისტური სცენარით განვითარდა, ეს რისკი არის დიდი ომი.

"თუმცა, ამაზე წამსვლელი არავინაა. დაძაბულობა მატულობს, საფრთხეები იქმნება, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს წითელი ხაზი, ვსაუბრობ ბირთვულ იარაღზე, მე ამ წითელი ხაზის გადამლახავი არავინ მეგულება. ვინც ამ წითელი ხაზის გადმლახავი შეიძლება ყოფილიყო, ჯერჯერობით მათ ეს ბომბი არ აქვთ. ერთი პაკისტანს აქვს ეს იარაღი და ისიც ამერიკის კონტროლის ქვეშ არის.

"რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაძაბოს სიტუაცია, მაგრამ კრიტიკულ ზღვარს რომ მიუახლოვდება, შეჩერდება. ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე რუსეთის, კონკრეტულად კი პუტინის პირობებზე", - ამბობს სოსო ცინცაძე.

რუსეთ-თურქეთის შესაძლო დაპირისპირება და საქართველო

"თუ სირიაში შეტაკებების სერია განხორციელდა, ეს შეიძლება განხორციელდეს კავკასიის რეგიონშიც", - ამბობს სამხედრო ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, მხედველობაში უნდა მივიღოთ ირანსა და თურქეთს შორის არსებული მდგომარეობა და ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველანაირად საბძოლო მზადყოფნაშია.

"ამასთანავე, აფხაზეთსა და ცხინვალში დაიწყო ინტენსიური სამხედრო წვრთნები, რომელიც სწორედ ამ სცენარით განვითარებას ითვალისწინებს და ამ შემთხვევაში რუსები გამოიყენებენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით მოახდინონ თავიანთი დაჯგუფების გაძლერება სომხეთის ტერიტორიაზე, რათა თურქეთის შესაბამისი მოქმედებები აღიკვეთოს.

"მე ფიქრობ, ასევე, შემთხვევითი არ იყო ნატოს სამხედრო ხომალდების შემოსვლა საქართველოში", - ამბობს მაისაია.

საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეულ ინციდენტებს არც სოსო ცინცაძე გამორიცხავს. თუმცა განმარტავს, რომ ეს საქართველოს მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

"არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს ტერიტორიაზეც რაღაც უსიამოვნო ინციდენტები იყოს. მე არ ვგულისხმობ ომს. საქართველოს უკან არავინ დგას, მხოლოდ ბრიუსელის არაფრისმომცემი განცხადებები. საქართველო არის ალბათ უნიკალური ქვეყანა იმ მხრივ, რომ ჯერ ერთი, არცერთ მეზობელთან აღიარებული საზღვარი არ აქვს, თურქეთთანაც არ არის აღიარებული, იმიტომ, რომ თურქული საზოგადოება არ ცნობს ამ საზღვარს, გარდა ამისა, არც მოკავშირე არ ჰყავს. თითქოს მთელი დასავლეთი ჩვენი მოკავშირეა, მაგრამ ერთი დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც სამართლებრივად დაავალდებულებს რომელიმე ქვეყანას, რომ ჩვენი კონფლიქტის პირობებში გვერდით დაგვიდგეს.

"ამის გათვალისწინებით საფრთხე არის, მაგრამ ჯერჯერობით თეორიული. ნუ შევეცდებით, რომ ცეცხლზე ნავთი დავასხათ, ჩვენს შეშინებულ საზოგადოებას ეყოფა იმაზე ფიქრი ხვალ რა ჭამოს და უმუშევრობას რა უშველოს. ახლა იმაზე ფიქრს ნუ დავაწყებინებთ, რომ ხვალ თურქეთი შემოვარდება თბილისში, რუსეთი დაიწყებს მათ დაბომბვას და ა.შ. ეს ასე არ არის", - ამბობს სოსო ცინცაძე.

რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი და ნატო-ს მე-5 მუხლი

ვახტანგ მაისაიას თქმით, საუდის არაბეთი და თურქეთი არიან აშშ-ის ენერგიული მოკავშირეები და ამის გათვალისწინებით, შესაძლოა აშშ-ც ჩაებას სახმელეთო ოპერაციაში.

"რა თქმა უნდა, ამერიკა განზე ვერ დადგება. წესით, ამერიკა საუდის არაბეთისა და თურქეთის მხარეს დადგება. შესაძლოა ამანაც მიიღოს შეზღუდული კონფლიქტის სახე არა მხოლოდ აღმოსავლეთში, არამედ შავი ზღვისპირეთის აუზის ფარლებშიც კი. ამის განვითარების ტენდენციები სავსებით შესაძლებელია.

"თუმცა, იმედია, რომ თუ თურქეთსა და რუსეთს შორის დაიწყება შეზღუდული შეტაკებები, საერთაშორისო საზოგადოება მიიღებს ყველა ზომას, მათ შორის გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ეს კონფლიქტი არ განვითარდეს და არ გადავიდეს უფრო ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში, როგორიც არის ლოკალური და რეგიონალური ომი, რომელმაც ფაქტობრივად შესაძლოა მოხდინოს მსოფლიო დონეზე გარკვეულ ძალთა ბალანსის სხვანაირი კუთხით გადანაწილება. თუ ამან განვითარება ჰპოვა, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება მთელი მსოფლიოსთვის", - აცხადებს ვახტანგ მაისაია "მთელ კვირასთან" საუბრისას.

"სხვის ტერიტორიაზე ომში ნატო არ ჩაერევა", - ამბობს სოსო ცინცაძე და ის ნატოს მეხუთე მუხლს განმარტავს, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ალიანსი, მხოლოდ წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში ერევა.

"ბრიუსელში უკვე გაკეთდა არაოფიციალური განცხადება, რომ თუ სირიის ტერიტორიაზე რუსეთსა და თურქეთს შორის ომი დაიწყო, ნატო არ ჩაერევა იმიტომ, რომ თუ ნატოს წევრი სადღაც სხვაგან ომში ჩაება მესამე ქვეყანასთან, ნატო არ არის ვალდებული თვითონაც ჩაებას ომში. ახლა რუსეთი თუ დაბომბავს სტამბულს და ანკარას, ნატოს მეტი გზა არ ექნება - უნდა ჩაებას, მაგრამ რუსეთი ამას არ გააკეთებს. აქ ხმაური მეტია, ვიდრე საფრთხე.

"ამერიკელებიც ხედავენ, რომ პუტინმა ისინი უკვე მერამდენედ მოატყუა. ასადი ამბობს, სულ მალე აღვადგენ ტერიტორიულ მთლიანობასო. რისი იმედით? - რა თქმა უნდა რუსეთის იმედით. თუ სირიაში ასადის რეჟიმი განმტკიცდება, შემდეგ უკვე არ არის გამორიცხული, რომ ასადის რეჟიმმა გარკვეული საერთო ენა გამოძებნოს "ისლამურ სახელმწიფოსთან", მათ შორს დაპირისპირება აღარ იყოს და ამერიკელები იძულებულები იქნებიან სახმელეთო ოპერაცია ჩაატარონ, ვინაიდან ეს საჰაერო ოპერაციები ეფექტურია მხოლოდ ისე, როგორც რუსეთი ბომბავს - განურჩევლად ბომბავს საავადმყოფოს თუ საბავშვო ბაღს. ამერიკელები ამაზე ვერასდროს წავლენ და იძულებულები იქნებიან სახმელეთო ოპერაცია წამოიწყონ. სხვანაირად იქ რაიმეს მიღწევა შეუძლებელია", - ამბობს სოსო ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×