თამაზ აქუბარდია
ეს ბიბლიური შეგონება რამდენიმე მიზეზის გამო წავუმძღვარეთ ამ პუბლიკაციას.
როგორც საბანკო სფეროს მონაცემებიდან ირკვევა, გასულ წელს ბანკების მოგებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა, რაც, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ძალზე დამაფიქრებელია, საგანგაშო თუ არა. იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ბანკებმა 4,4 მილიარდი ლარის (!) სავალუტო რესურსი შემოიტანეს ქვეყანაში და 11 (?) მილიარდის გაიტანეს, და, თუ ეს მართლაც ასეა, ეს არა თუ საგანგაშოა, არამედ ეს ხელისუფლების პირდაპირი გამოწვევაა, რათა თავიდან ავიცილოთ, არ იქნება გადაჭარბებულად ნათქვამი, - დეფოლტი, რომლის მიზეზი საბანკო კოლაფსი იქნება.
საქმე იმაშია, რომ თუ გავიხსენებთ შევარდნაძის პერიოდს, ბანკებიდან ფულის გამოტანა ძალზე გართულებული იყო და სესხის ასაღებად აუცილებლად უნდა ჩაგედოთ 2-3-ჯერ მეტი ღირებულების ძვირფასეულობა. სააკაშვილის დროს ბანკიდან სესხის გამოტანა შედარებით გაიოლდა, რადგანაც გამოყენებულ იქნა მსოფლიო პრაქტიკაში დიდი ხნის წინ აპრობირებული მოსახლეობის სასესხო კაბალაში ჩათრევის პროცესი, რომელიც მოსახლეობის დაჩმორების (უკაცრავად ამ სამარცხვინო შედარებისთვის), მისი ეკონომიკური დამონების და, შედეგად, პოლიტიკურად მართვის, უმოკლესი გზაა.
ამასთან, იმის გამო, რომ ეს "ქვეყნის სირცხვილი" ბიზნესს უსინდისოდ ატერორებდა (ცხადია გამონაკლისი არც საბანკო სფერო იყო), ბანკებმა, ამ ტერორისგან თავის დასაღწევად დაიწყეს უცხო ქვეყნის ბანკებზე წილის მიყიდვა, ან საერთოდ მათზე გადაფორმება. ცხადია, შემოსულებიც ამა თუ იმ ფორმით გაიღებდნენ "ხარკს", მაგრამ ეს ხომ ყველგან ხდება, ხდებოდა და მომავალშიც მოხდება, ამდენად ეს გასაკვირი სულაც არ არის, მითუმეტეს, რომ გადახდილი "ხარკის" სანაცვლოდ მათ უფლება მიეცათ ისეთი პროცენტებით გაეცათ კრედიტები, რომ შუა საუკუნეების მევახშეებიც კი სირცხვილით დაიწვებოდნენ.
გარდა ამისა, რადგანაც კრედიტების გაცემაზე ბანკებს გარკვეული შეზღუდვები კანონით მაინც ჰქონდათ დაწესებული, რაც კლიენტის საკრედიტო ისტორიას, შემოსავლებს, ასაკს და სხვ. გულისხმობდა, სოკოებივით მომრავლდა ე.წ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სესხს უფრო "მარტივად" გასცემდნენ და სულ ახლახან ე.წ. ონლაინ სესხები, რომელთა წლიური პროცენტი სამნიშნა (?) რიცხვით გამოიხატება და, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, მათი დიდ ნაწილის უკან ბანკები დგანან.
ამას თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ბანკები 60-ზე მეტი სხვა სახეობის ბიზნესითაც იყვნენ დაკავებული, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ქვეყანაში პლუტოკრატიის, ანუ, ფინანსური წრეების ბატონობა იყო და არის.
ყველას გვახსოვს 2008 წლის ომგამოვლილი ქვეყანა როგორი ფინანსური კოლაფსის საფრთხის წინაშე იდგა, მითუმეტეს, რომ მაშინ მსოფლიო საფინანსო კრიზისი მძვინვარებდა, და ამერიკის მთავრობამ, ევროკავშირთან ერთად 4 მილიარდი დოლარის დახმარება გაგვიწია, რომლიდანაც 800 მილიონი მიიმართა ბანკების (და არა მოსახლეობის) "სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით", მაშინ როდესაც იმ პერიოდისათვის 270 ათასამდე ადამიანმა ვერ შეძლო საბანკო კრედიტების დაფარვა. არადა უცხოური ბანკების მიერ გაცემული მოკლევადიანი სესხები (გნებავთ, საკრედიტო ხაზები), რომლითაც ადგილობრივი კომერციული ბანკები მარაგდებიან, იფარება უკან, ქვეყნიდან გატანილი დოლარებით, რომლებიც, თუ ზემოთ მოყვანილ ციფრებს დავხედავთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ, სულ ცოტა 1-1,5 მილიარდი დოლარის რიგის მაინც უნდა იყოს.
ანუ, როცა ვამბობთ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულმა ბანკებმა ნახევარი მილიარდის ტოლი მოგება ნახეს, იმდენივე თანხა, ოღონდ დოლარებში, მიიღეს უცხო ქვეყნის ბანკებმა საქართველოდან გატანილი დოლარების სახით, ანუ, იმათ ჯიბეებში, ვინც ამ საკრედიტო ხაზებს ქმნიან.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ხელისუფლება, ისევე როგორც ქვეყანა, საბანკო სექტორის უცხოელი პარტნიორი ბანკების მძევალია და საცოდავი ხალხის მონური შრომით (მხედველობაში არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ გასულები მყავს) შემოტანილი დოლარები უძირო ორმოში იყრება. მთელი უბედურება იმაშია, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი დოლარის შემოტანაა საჭირო ( რასაც ობივატელის დასაბოლებლად უცხოურ ინვესტიციებს უწოდებენ), რომ მომავალ წელს უფრო მეტი იქნეს გატანილი, ანუ ბანკირთა გაუმაძღარი სული დაკმაყოფილდეს.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სრული დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება, და სამწუხაროდ ძალიან ცუდად დამთავრდება ქვეყნისათვის, თორემ ისინი წითელი ხიდისკენ გზას რომ იპოვნიან, ამის მწარე გამოცდილება უკვე გვაქვს!
რა უნდა გაკეთდეს ამ გარდაუალი ფინანსური უფსკრულიდან თავის გადასარჩენად? თავად ხელისუფლება რომ არაფრის გამკეთებელია, ეს ხომ ცხადია, და არა იმიტომ, რომ არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ ისინი მთლიანად არიან დამოკიდებულნი გარე ფაქტორებზე, მითუმეტეს, რომ წელს არჩევნებია და იმავე ძალების დახმარებით ამ წელს ნამდვილად გადააგორებენ სერიოზული ექსცესების გარეშე. მერე კი, საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო მეთოთხმეტის არ იყოს, - "ჩვენ შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა", რისი დაჯერება ნამდვილად არ მინდა, მითუმეტეს, რომ ამ უკანასკნელის მეფობისას საფრანგეთი ევროპის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო.
ერთ-ერთ პუბლიკაციაში ჩვენ შევახსენეთ ხელისუფლებას, რომ ლარის სტაბილურობისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი კანონის იმ მუხლის განუხრელი აღსრულებაა, რომლითაც ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ "საქართველოში ლარი გადახდის ერთადერთი საშუალებაა", რაც მნიშვნელოვნად შეაჩერებს ქვეყანაში დოლარიზაციის პროცესს. ვშიშობთ, რომ ამის უფლებას საბანკო სფერო მათ არ მისცემს.