ბრიტანული მედია წერს, რომ საქართველოს მკვიდრი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, სირიიდან ახლა უკვე ლიბიაში იმყოფება. ბრიტანული გამოცემა "ექსპრესი" ბათირაშვილზე ინფორმაციას იმით იწყებს, რომ ლიდერი, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რამდენჯერმე გამოაცხადა მოკლულად, ცოცხალია და ლიბიის ქალაქ სირტში "ისის"-ის ერთ-ერთ დანაყოფს მეთაურობს.
როგორც სტატიაში წერია, საქართველოს მკვიდრი ომარ ალ შიშანი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერია, მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები საინფორმაციო საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ინფორმაცია არ დადასტურდა.
ასე მაგალითად, 27 დეკემბერს გაჩნდა ცნობა, რომ ქართველი ტერორისტი აშშ-ის სპეცსამსახურებმა ერაყის პროვინცია კირკუკში აიყვანა ტყვედ. მანამდე კი ალ-შიშანის მოკვლაზე ინფორმაცია გაავრცელა ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა.
მას შემდეგ, რაც კადიროვმაც გაიგო, რომ ტერორისტი ცოცხალია და "ისის"-ის დანაყოფს ისევ მეთაურობს, მისი განადგურებისკენ საკუთარ "ბოევიკებს" მოუწოდა.
კადიროვმა აღიარა, რომ ის დარწმუნებული იყო ტერორისტის გარდაცვალებაში.
"ჩემი ხალხი მის გვამზე იდგა და ფოტოებიც გადაიღეს. თურმე ის გადარჩა. მინდა, რომ ჩემმა ხალხმა ის მოკლას," - განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა.
პანკისში მცხოვრები სალაფიტები, რომლებიც ბათირაშვილს თანაუგრძნობენ, ამბობენ, რომ თარხანი იმდენჯერ "მოკლეს", სათვალავი აერიათ, თუმცა "რეზონანსთან" საუბრისას იმასაც აღნიშნავენ, რომ მის ადგილსამყოფელზე არაფერი იციან.
"როდესაც ვიღაც ბრძოლაში კვდება, ამ ამბავს ოჯახს მალევე ატყობინებენ. თარხან ბათირაშვილს პანკისში ოჯახი ჰყავს - მამა, ბიძები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, ნათესავები და ყველა გავიგებდით. არც ტყვედ ჩავარდნის ინფორმაცია იყო სიმართლე.
"ახლა სად არის და სად იბრძვის - ეს არავინ იცის. მისი ადგილსამყოფელი რომ იცოდეს ვინმემ, უმალვე მოკლავდნენ. ყველა მაგას ეძებს მოსაკლავად და მის ადგილი მუდმივად საიდუმლოა.
"არ მინდა ამ თემაზე საერთოდ ვილაპარაკო. მისი ახლობლები ვერიდებით მასზე რაიმეს თქმას, პრობლემები გვექმნება. ბათირაშვილს საქართველოში არავისთან არ აქვს კავშირი," - ამბობს სოფელი ჯოყოლას მკვიდრი, ბათირაშვილის ახლობელი პირი, რომელიც სალაფიტია.
მისი თქმით, ბათირაშვილს მოკლავენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, პანკისიდან ახალგაზრდობა სირიაში საომრად მაინც ეცდება წასვლას, იმიტომ, რომ მათ რელიგიურად ასე სწამთ.
"ჩვენთან რელიგიაში მნიშვნელობა არ აქვს მეთაური ბათირაშვილი იქნება თუ სხვა. ბათირაშვილის გამო არ მიდიან ახალგაზრდები. ბათირაშვილი არ იქნება, იქნება სხვა. კი, ბათირაშვილს დიდი ავტორიტეტი აქვს აქაურ ახალგაზრდებში. მან სახელი თავისი განათლებით და ჭკუით გაითქვა, რადგან საქართველოს არ სჭირდებოდა და წავიდა.
"ის ტერორისტი არ არის. სადმე გინახავთ, რომ ბათირაშვილს ვინმე მოეკლას?! ვინც ბათირაშვილს იცნობს, ვერავინ დაიჯერებს, რომ ის უდანაშაულო ხალხს ხოცავს ან ტერაქტებს აწყობს.
"ის საქართველოზე უზომოდ შეყვარებულია და 2008 წელს საქართველოსთვის ომობდა კიდეც, იმიტომ, რომ ეს ჩვენი სამშობლოა. რუსებიც ხომ ხოცავენ ბავშვებს და ქალებს და ისინი რატომ არ არიან ტერორისტთა სიაში შეყვანილი? ჰო, ვიცი, ესენი მუსლიმები არიან და ამიტომ მონათლეს ტერორისტებად.
"პირადად მე სულ არ ვარ მომხრე, პანკისიდან სირიაში საბრძოლველად წავიდნენ, მაგრამ ვინც მიდის, ჩუმად იპარება, ოჯახის წევრებმაც კი არ იციან ხოლმე წინასწარ არაფერი," - დასძენს პანკისის მკვიდრი.
"ჩემთვის "ისლამური სახელმწიფო" მიუღებელია, მაგრამ ამ ბიჭს ყიველთვის ვგულშემატკივრობდი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ირძოდა. ისინი ნუ დაიღლებიან მისი შეფასებით, ვინც წითელი ხიდი და სარფი გადაირბინა 2008 წელს", - ამბობს მეორე პანკისელი.
აბუ ომარ ალ-შიშანი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" თავდაცვის მინისტრია, მას როგორ "წითურ გენერალს" ისე იცნობენ. იგი "ისის"-ს 2012 წელს შეუერთდა, მანამდე ის ქართულ არმიაში მსახურობდა და 2008 წლის ომში იღებდა მონაწილეობას.
სირიაში წასვლამდე ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა. 2014 წლის სექტემბერში ბათირაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეიყვანა.