ეკატერინე ბასილაია
12.02.2016

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლშევიკური რუსეთის მიერ თურქეთთან 1921 წელს მოსკოვში დადებული "მეგობრობისა და ძმობის შეთანხმების" გაუქმების საკითხს სწავლობს.

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში ამ საკითხს სერიოზულად განიხილავენ, საქართველოში კი ჩნდება კითხვა - თუკი 95 წლის წინანდელი შეთანხმების დენონსირება მოხდება, აისახება თუ არა ეს რაიმე კუთხით საქართველოზე? რადგან სწორედ მოსკოვის შეთანხმების საფუძველზე, იმავე 1921 წელს დაიდო ყარსის ხელშეკრულება, რომლითაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და თურქეთს შორის საზღვარი გაივლო.

პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ხელშეკრულების გაუქმებაზე საუბარი ჩვეულებრივი მუქარაა, რომლის რეალიზების ალბათობა თითქმის ნულოვანია, თუმცა ორ დიდ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება ფრიად რეალურია, განსაკუთრებით სირიის ქალაქ ალეპოსთვის მიმდინარე ბრძოლის პრიზმაში.

თუმცა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო შეტაკების ალბათობა მაინც საკმაოდ დიდია. ერთ დროს სირიის უდიდეს ქალაქ ალეპოსთვის ბრძოლაში, შესაძლოა, მათ შორის დაპირისპირება გამწვავდეს და ამ შემთხვევაში საქართველოს "საშინელი პერსპექტივა ელოდება".

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ეს მუქარა მხოლოდ რუსული პროპაგანდაა, რომლის მიზანია თურქეთის ხელისუფლებაზე მოახდინოს ერთგვარი წნეხი, თითქოს მზადაა საზღვრების ხელახალი გადახედვა დაიწყოს და მეორეც, საქართველოში წააქეზოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც რატომღაც ილუზორული იმედები აქვს, რომ თუკი რუსეთი ხელშეკრულებას გააუქმებს, ის საქართველოს იმ ტერიტორიებსაც დაუბრუნებს, რომელიც ყარსის შეთანხმების მიხედვით თურქეთს დარჩა. ეს კი ძალიან არარეალურია.

როგორც მამუკა არეშიძე ამბობს, სინამდვილეში ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტამდე საქმე არ მივა და ამ მიმართულებით საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მისი თქმით, თუკი 1921 წლის მარტში დადებული "მეგობრობის" შეთანხმება გაუქმდება, ძალას კარგავს მის საფუძველზე 13 ოქტომბერს დადებული ყარსის შეთანხმებაც, რის მიხედვითაც თურქეთმა აჭარის ნაწილი, ქალაქი ბათუმით და ქალაქი გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, ხოლო ნაცვლად ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო. არეშიძე ამბობს, რომ რუსეთი იმ ტერიტორიების დაბრუნებას მოითხოვს, რაც ამ ხელშეკრულებით თურქეთს აქვს. ეს კი ჩვენს საზღვართან ომის გაჩაღებას ნიშნავს.

"ნებისმიერი კონფლიქტი რუსეთსა და თურქეთს შორის და, ასეთი საშიშროება ამ დოკუმენტის გაუქმების შემდეგ არსებობს, იქნება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა. ეს ნიშნავს, რომ ორ დიდ სახელმწიფოს შორის მოხვედრილი ქვეყანა ვერანაირად ვერ ასცდება დაპირისპირებას. თუ, ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიაზე არ გაჩაღდა საომარი მოქმედებები, ის მაინც მოხდება, რომ ყოველგვარი ინვესტია და ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში შეწყდება. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში," - მიიჩნევს არეშიძე.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდეს სურვილი ხელშეკრულება გააუქმოს, თუმცა მათ იციან, რეალურად რა შეუძლიათ და ამიტომაც ეს მუქარა მხოლოდ მუქარად დარჩება. ეს არის თურქეთის ხელისუფლებაზე ერთგვარი წნეხი, საქართველოს კი არაფერი არ ემუქრება.

კორნელი კაკაჩია: "1921 წლის ხელშეკრულებით საქართველო წაგებული მხარე იყო, ნაწილობრივ საქართველოს და ნაწილობრივ სომხეთის ტერიტორიების ჩამოჭრის ხარჯზე მოხდა რუსეთსა და თურქეთს შორის შეთანხმების დადება. დღეს კი როდესაც საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები სტაბილური და კეთილმეზობლურია, თანაც თურქეთი ნატო-ს საიმედო წევრია, არ მგონია, ჩვენთან დაკავშირებით რაიმე საფრთხე იქმნებოდეს.

"თუმცა რუსული პროპაგანდა მაინც მუშაობს იმ აზრის გავრცელებაზე, რომ რუსეთი და საქართველო ერთმორწმუნეა, ისტორიული მოკავშირეები, თურქეთი კი ისტორიული მტერი და რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებისას საქართველო რუსეთს უნდა ამოუდგეს მხარში. სომხეთში ეს მეტ-ნაკლებად კარგად გამოსდით. თუმცა ანტითურქული ისტერიის გაძლიერებაზე საქართველოშიც მუშაობენ. რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ძალიან აქტუალური იყო და ცხელ თავებს გაუჩნდათ იდეები იმაზე, რომ თუკი რუსეთი გადახედავს ყარსის ხელშეკრულებას, შესაძლოა, საქართველოს დაუბრუნოს არდაგანი. აქედან გამომდინარე, ტელევიზიაშიც ხშირადაა დებატები, ჩვენ ამ დაპირისპირებაში ვის მხარეს უნდა ვიყოთ. ეს არის აბსოლუტურად შემოგდებული თემა, რუსული პროპაგანდის გამოხატულება. ხელშეკრულების გაუქმება და მით უფრო საზღვრების გადახედვა არ მოხდება. ეს წარმოუდგენელია."

კაკაჩია მიიჩნევს, რომ რუსეთის გარკვეულ წრეებში სურთ საზღვრების რევიზიის სახით პროვოკაციული განცხადებები გააკეთონ და ეს დაიწყეს კიდეც. ეს კი ძალიან სახიფათო თამაშია, რომელიც შესაძლოა თავად რუსეთს მოუბრუნდეს ბუმერანგივით, თუნდაც კურილიის კუნძულებთან ან ჩინეთთან დაკავშირებით. ამიტომ, არ ჰგონია, ამ ხელშეკრულების დენონსაცია მოსკოვის ინტერესებში შედიოდეს.

პოლიტოლოგი არც რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის გამწვავებას ელოდება, რადგან მიაჩნია, რომ რუსეთს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს - საომარი მოქმედებები უკრაინაში, სირიაში, პლუს სანქციები და ამ ფონზე კიდევ ერთი კონფლიქტი სიგიჟე იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, დაპირისპირება ისევ გაგრძელდება. შესაძლოა, შავ ზღვაზე პატარა შეხლა-შემოხლა მოხდეს, მაგალითად, კატარღა დააკავონ.

იმაზე, რომ ხელშეკრულების გაუქმება მოსალოდნელი არ არის, მამუკა არეშიძეც საუბრობს, მაგრამ კაკაჩიასგან განსხვავებით, ის რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტს არ გამორიცხავს.

ცნობისათვის, ორი დღის წინ რუსეთის დუმის დეპუტატებმა თურქეთთან მეგობრობისა და ძმობის შესახებ შეთანხმების გაუქმება მოითხოვეს. რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრებმა ვალერი რაშკინმა და სერგეი ობუხოვმა ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით წერილი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უკვე გაუგზავნეს და ამის მიზეზად თურქეთის ხელმძღვანელობის თანმიმდევრულ აგრესიულ ქმედებებს ასახელებდნენ.

წერილში ნათქვამია, რომ "თურქეთის აგრესიული, ეგოისტური პოლიტიკის გამო, ზედმეტი არ იქნებოდა, თურქეთის ხელისუფლებისათვის შეგვეხსენებინა, რომ თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1921 წლის 16 მარტს გაფორმებული შეთანხმება მეგობრობისა და ძმობის შესახებ მარადიული არ არის."

საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ ინიციატივას სწავლობენ და ყველაფერი დადგენილი წესის მიხედვით გაკეთდება.

მამუკა არეშიძე: "ეს მხოლოდ ერთგვარი გაფრთხილება იყო თურქეთის მიმართ, რაც პირველი შემთხვევა არ არის. რადგან რუსეთის ხელისუფლებას ამ დოკუმენტის გაუქმებაზე განცხადებით მანამდე რუსეთში სომხურმა დიასპორამაც მიმართა. მოსკოვის სურვილია, რომ პროცესის ინსპირირება მოახდინოს, რადგან ეს პროცესი თურქეთისთვის ძალიან ბევრი უარყოფითის მომტანია. შეთანხმების გაუქმება ნიშნავს, რომ რუსეთს გაუჩნდება პრეტენზია ყარსზე, არდაგანის ოლქზე და ზოგიერთ სხვა ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და დღეს თურქეთისაა. დავუშვათ, ეს ხელშეკრულება გაუქმდა. ეს წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ. ბუნებრივია რუსეთი ტერიტორიების უკან დაბრუნებას მოინდომებს, ამას კი თურქეთი ადვილად არ დაუშვებს, რაც ჩვენს საზღვრებთან ომს ნიშნავს," - მიიჩნევს არეშიძე.

მისი თქმით, მართალია რუსეთ-თურქეთის სამხედრო კონფლიქტის დაწყების ალბათობა 40%-ია, მაგრამ ბრძოლა შეიძლება დაიწყოს არა ჩვენს საზღვართან, არამედ ქალაქ ალეპოსთვის.

"დღეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის ჯარსა და ქურთულ შეიარაღებულ ფორმირებებს ალეპო ალყაში ჰყავთ. იქ ისლამისტებთან ერთად არიან სხვებიც, ის ძალები, რომლებსაც ზომიერ ოპოზიციას უწოდებენ და რომლებსაც თურქეთი მხარს უჭერს. ალეპოს გარეთ კი თურქმანული ტომები ცხოვრობენ. ალეპოში ასადის გამარჯვება მთელი იმ პროცესის კრახს ნიშნავს დასავლეთისთვის და თურქეთისთვის, რისთვისაც წლებია ომობენ. მე მაშფოთებს ამ დაპირისპირებამ აქეთ, ჩრდილოეთისკენ არ გადმოინაცვლოს. თუმცა რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირებისას ჩვენ მარტო ხმელეთით არ ვიჭყლიტებით ამ ორ ქვეყანას შორის, არამედ შავ ზღვაშიც. წარმოიდგნეთ მათი ფლოტების ბრძოლა შავ ზღვაში რას გამოიწვევს საქართველოსთვის? ეს ყოველგვარი ტვირთების ბრუნვას გააჩერებს და ა.შ. საქართველოს სულ რომ არ შეეხონ, ეს მაინც მოხდება. ყოველგვარი ინვესტიცია და ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში შეწყდება. საშინელი პერსპექტივა გველოდება," - აცხადებს არეშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×