ანზორ საკანდელიძე
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
დღეს საქართველოს ეკონომიკაში მოძრაობს დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ფულის მასა. აქედან 1,5 მილიარდი ლარი დაუსაქონლებელია, რაც ზრდის ლარის ინფლაციურ რისკს. გარდა ამისა, ფულის ამ მასისა და დღევანდელი მშპ-ის შეფარდების მაჩვენებლით საქართველო 600-700%-ით ჩამორჩება ევრო-ატლანტიკური ქვეყნებისა და იაპონიის მაჩვენებლებს. ეს კი ჩვენს ქვეყანაში იწვევს ფულის მწვავე შიმშილს, საწარმოთა საბრუნავი სახსრების კატასტროფულ უკმარისობას, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მასობრივად დაქვეითებას კრიტიკულ ნიშნულამდე და მთელი სამრეწველო პოტენციალის სტაგნაციას. ამ ფინანსური კრიზისის მნიშვნელოვნად განეიტრალებისთვის 2005 წელს ხელისუფლებას ამაოდ შევთავაზეთ აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ შესწავლილი უპროცენტო ემისიური დაკრედიტების შემდეგი პროგრამა:
ინფლაციის საშიშროების გარეშე საბრუნავი სახსრების შესავსებად შეიძლება გამოვიყენოთ უპროცენტო ემისიური კრედიტების გაცემა სწრაფად რეალიზებადი პროდუქციის დამამზადებელ ისეთ საწარმოებში, რომლებიც მოახდენენ ამ კრედიტის გამოყენებით პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას კრედიტის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში ასეთი ანტიინფლაციური პირობების დაცვით: ემისიური კრედიტები ძირითადად გამოყენებული იქნება უნაღდო ანგარიშსწორებით, ემისიური კრედიტების მიღება იწარმოებს ეტაპობრივად პროდუქციის რეალიზაციის შესაბამისად და რეალიზაციიდან ამოღებული ფულის მასა მეტი იქნება მიღებულ ემისიურ კრედიტზე.
აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ამ საინტერესო პროგრამაზე საექსპერტო დასკვნის გაკეთება ვთხოვეთ საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს ლეო ჩიქავას. ბატონი ლეოს თავმჯდომარეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი აკადემიკოსების გივი გამსახურდიას, რევაზ კაკულიას, როზეტა ასათიანის, ჯემალ შათირიშვილის, გედეონ ხელაიას, ნუგზარ სანთელაძისა და საქართველოს დამსახურებული ეკონომისტის ანზორ ბაბუხადიას შემადგენლობით. ჯგუფმა ნაყოფიერად იმუშავა 2 თვის განმავლობაში და 2005 წლის დეკემბერში კენჭისყრის ჩატარებით მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. თავი შეიკავა მხოლოდ აკადემიკოსმა გედეონ ხელაიამ.
ვინაიდან სოფლის მეურნეობის სწრაფად რეალიზებადი პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები, ძირითადად, ჯდება აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ შემოთავაზებულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწონებულ პროგრამაში, ამ პროგრამის გამოყენება 2005-12 წლებში რამდენჯერმე ამაოდ შევთავაზეთ ნაციონალური ხელისუფლების სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
ამასობაში ჩვენ დავამუშავეთ და დავაპატენტეთ ასევე აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებული, "მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური რეფორმების მეგაპროგრამა", რომელიც საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ახდენს სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის კაპიტალიზაციას ახლად გახსნილი სამრეწველო საწარმოების ადგილობრივ ინვესტიციებად. ზარალის ასეთი წარმოუდგენელი ტრანსფორმაციის შედეგად საწარმოები იმუშავებენ გარანტირებულ მოგებაზე. ეს კი თანდათანობით უზრუნველყოფს დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციასა და სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული ზარალის გასტუმრებას. რაც მთავარია, ამ სამრეწველო საწარმოებში ერთი დასაქმებული არასამრეწველო ბიზნესებში დამატებით ავტომატურად შექმნის 5-6 ახალ სამუშაო ადგილს.
ამ უნიკალური მეგაპროგრამისა და ზემოთ განხილული ივერი ფრანგიშვილის უდავოდ საინტერესო პროგრამის გაერთიანების საფუძველზე დავამუშავეთ და 2012 წლის აგვისტოში დავაპატენტეთ "საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების კომპლექსური პროგრამა", რომელიც იმავე წლის დეკემბერში ოფიციალურად გავუგზავნეთ სოფლის მეურნეობის მინისტრს. მხოლოდ 3 თვის შემდეგ მაშინდელი მინისტრის მოადგილის შალვა ფიფიას ხელმოწერით მივიღეთ საპასუხო წერილი, რომელიც თავაზიანი უარის შემდეგ ამ სიტყვებით მთავრდებოდა: "სამინისტრო ყოველთვის მზად არის მიიღოს ახალი წინადადებები და პროექტები და მოწონების შემთხვევაში მოახდინოს სათანადო რეაგირება".
სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ჩვენდამი მოწერილი პასუხიდან გავიდა თითქმის 3 წელი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენი პროგრამა უფრო დახვეწილი, მოცულობითი, მრავალწახნაგოვანი, პრაქტიკულ რეალიზაციასთან მიახლოებული გავხადეთ და სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომის სტატუსით დავაპატენტეთ ასეთი სათაურით: "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა". ამ უნიკალური პროგრამის გამოყენებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს მომგებიანი ბიზნესისათვის შეგვიძლია შევუქმნათ იდეალური პირობები, როცა საბრუნავ სახსრებად მოხმარებული იქნება უფასო ემისიური კრედიტები. გადასახადები კი, ნაღდი ფულის ნაცვლად, დაიფარება სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად პარლამენტის დარგობრივ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში მიმდინარეობს ჩვენი კონცეფცია-პროგრამის განხილვა. თუკი პარლამენტი დაგვეთანხმება და დაიწყება მისი თანდათანობით ამოქმედება, პირველ ეტაპზე განსაზღვრულია 2006 წელს ნაციონალების მიერ გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონისა და ამ კანონთან ავტომატურად მიბმული "მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის" აღდგენა. ამ "ცენტრთან" კი არსებობდა მცირე საწარმოთა საინვესტიციო ფონდი.
2005 წელს ჩვენ ვითხოვდით, სწორედ ამ საინვესტიციო ფონდისთვის გამოეყოთ უპროცენტო ემისიური კრედიტები, რომლის განკარგვას აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული მკაცრი რეგლამენტირებით მოახდენდა "ცენტრის" საკოორდინაციო საბჭო. 11 წლის შემდეგ ჩვენ დღესაც ამას ვითხოვთ. იმედია, ხელისუფლება ამჟამად მაინც დაგვეთანხმება და გამოხატავს პოლიტიკურ ნებას.