ავთანდილ კახნიაშვილი სამართლის დოქტორი
როგორც რიგითი მოქალაქე და იურისტი, დაინტერესებული ვარ, საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს და ქვეყანაში რეალური რეფორმები გატარდეს, ხოლო სასამართლო რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ხელისუფლებად იქცეს. ამ მიზნით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს არჩევისთანავე წარვუდგინე წინადადებები საქართველოში რეალური სასამართლო რეფორმის ჩასატარებლად. მოგვიანებით იგივე წინადადებები საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის მინისტრს და პრეზიდენტსაც გავუგზავნე.
კრიტიკულად ვუყურებ მიმდინარე სასამართლო რეფორმასაც. ნამდვილად არ მინდა სასამართლო ხელისუფლებაში მორიგი კოსმეტიკური ცვლილებები განხორციელდეს და ადამიანის უფლებების დაცვა ისევ არაფექტურად განხორციელდეს. ბოლო დროს იუსტიციის უმღლეს საბჭოში განვითარებულმა მოვლენებმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებმა დამარწმუნა, რომ ვითარება იმაზე მეტად საგანგაშოა (კატასტროფულია) ვიდრე მეგონა.
ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საგამოცდო საკითხების "გაჟონვა" და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის სასურველი პირების მოსამართლეებად გამწესება შევარდნაძე-სააკაშვილის მმართველობის წლებშიც ხდებოდა. როგორც ჩანს, კორუფციული გარიგებები და სხვა "ნეგატიური მოვლენები" არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის არის უცხო, რაც სისტემური რეფორმის აუცილებლობას განაპირობს. ამ მიზნით გადავწყვიტე საზოგადოებას, რიგ საკითხებზე, ჩემი თვალსაზრისი გავაცნო.
რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც სჭირდება
სასამართლოსადმი ნდობის ასამაღლებლად და ადამიანის უფლებათა ეფექტურად დასაცავად სასამართლო ხელისუფლებაში ძირეული რეფორმაა განსახორციელებელი და არა ზედაპირული. შექმნილი საგანგაშო ვითარების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ რეფორმირებას საჭიროებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოც, რომელიც დღეს ვერც მოსამართლეების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და ვერც მათ საქმიანობას აკონტროლებს ეფექტურად (მიუხედავად იმისა, რომ ათასობით საჩივარია შესული, ბოლო ორ წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა დისციპლინური დევნა). ამ მიზნით, პირველ რიგში, დროულად და გონივრულად უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ფაქტობრივად, მთელი შემადგენლობაც.
კანონმდებლობაში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებითაც შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უნდა გაეზარდოს უფლებამოსილება. გარკვეულ გარდამავალ ეტაპზე, მან, ფაქტობრივად, უნდა შეასრულოს "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის" ფუნქციაც იმ ათასობით საქმეზე, რომლებიც პარლამენტსა ან პროკურატურაშია გასაჩივრებული.
მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე 3-3 კაციან კოლეგიებში, ღია სხდომებზე, მოხდება სასამართლოების მიერ ადრე მიღებული სადავო გადაწყვეტილებების გადასინჯვაც მათი კანონიერებისა და დასაბუთებულობის თვალსაზრისით. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაკომპლექტდეს არა სახელმწიფოს პირველი პირების ახლობელი ან მმართველი პარტიისთვის სანდო "პერსპექტიული ახალგაზრდებით", როგორც ეს დღემდე ხდება, არამედ პიროვნული თვისებებით გამორჩეული და გამოცდილი პროფესიონალებით, უპირველეს ყოვლისა კი, ცნობილი და რეპუტაციაშეულახავი ადვოკატებით და მეცნიერებით ("სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტებით"). შესაბამისად, უნდა გაიზარდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატიც (ძირითადად, თანაშემწეებისა და სპეციალისტების ხარჯზე).
ვინაიდან, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მოსამართლეთა დღევანდელი კორპუსი არ სარგებლობს საზოგადოების მხრიდან ნდობით, გამართლებულად მიმაჩნია, სანამ საქართველოში შეიმნება ევროსტანდარტების შესაბამისი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას არა მოსამართლეები, არამედ ადვოკატები შეადგენდნენ.
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ სასამართლოებისადმი ნდობის ასამაღლებლად გადახედვას საჭიროებს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონიც, რომლის ბუნდოვანი ნორმები განაპირობენ არა მარტო ხარვეზებს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში და არაეფექტურ კონტროლს მოსამართლეების საქმიანობაზე, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანონის მოთხოვნათა იგნორირებით შერჩევას.
მაგ., 47-ე მუხლის შესაბამის ნორმაში აშკარა ხარვეზის გამო საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ისე დანიშნა პირი (ვახტანგ მჭედლიშვილი), რომ არ მოსთხოვა წარმომადგენლის სტატუსით სასამართლოებში საქმეების წარმოებაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ სასამართლოებში საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, თავად იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატს კი არ მოეთხოვებოდა, არამედ მის წარმდგენ იურიდიულ პირს (არადა, საქართველოს კანონმდებლობით, იურიდიული პირი ვერ იქნება წარმომადგენელი...).
ბუნებრივია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხარვეზებით (მითუმეტეს, კანონის ხელყოფით) დაკომპლექტება და პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ კონკურსთან დაკავშირებით სამივე ინსტანციის სასამართლოებში "სამართლიანობის აღდგენის" უშედეგო მცდელობა, უარყოფითად აისახება სასამართლო რეფორმის ეფექტურობაზე და კიდევ უფრო ზრდის უნდობლობას მთლიანად სასამართლო ხელისუფლებისადმი, რომელმაც, ფაქტობრივად, თვალი დახუჭა პრეზიდენტის მიერ კონკურსის პირობების აშკარა დარღვევით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნაზე.
აუცილებლობად მიმაჩნია აგრეთვე, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სარჩელები სასამართლოების ადმინისტრაციების მიმართ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შექმნილია აბსურდული ვითარება, როდესაც მაგ., თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯომარის გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე დავა იმავე სასამართლოს მოსამართლემ განიხილა (თავმჯდომარემ საჯარო ინფორმაცია არ გასცა), ხოლო უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე, თავიდან საქალაქო სასამართლომ განიხილა, მერე სააპელაციომ და ბოლოს, ცხადია, საკასაციო ინსტანციამაც (თავად "უზენაესმა") არ დააკმაყოფილა მოქალაქის სრულიად სამართლიანი მოთხოვნა...
იმ შემთხვევაში, თუ სადღეისოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმირება არ ან ვერ განხორციელდება, გონივრულად მივიჩნევ, ე. წ. მართლმსაჯულების (დამოუკიდებელი) ინსპექტორების ინსტიტუტის შემოღებასაც (შესაძლებელია, ამ ინსტიტუტისთვის სხვა დასახელებაც შეირჩეს.მაგ., "მართლმსაჯულების ან დამოუკიდებელი სპეციალისტი", "იუსტიციის (უმაღლესი საბჭოს) რწმუნებული" ან "აუდიტორი") და ამ თანამდებობაზე პიროვნული თვისებებით გამორჩეული ის "სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტები" გამწესდნენ (კონკურსის წესით), რომლებიც მოქმედი მოსამართლეების მიერ დაშვებული დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის, აგრეთვე ადრემიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და დასაბუთებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, შესაბამის საქმეებს შეისწავლიან და თუ არსებით დარღვევებს შენიშნავენ, საკმარისად დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მათი ულებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან/და პარლამენტის წინაშე დააყენებენ.
სრულიად გამართლებულად მიმაჩნია იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადასულიყო ავლაბრის ე.წ. საპრეზიდენტო რეზიდენციაში, ხოლო მეტრო "300 არაგველის" სიახლოვეს მდებარე შენობაში, რომელიც ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკავია, გონივრული იქნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-2 ადმინისტრაციული კოლეგია განთავსებულიყო, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილს მოემსახურებოდა. ამასთან, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დედაქალაქის განაპირა უბნებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ ან/და სისხლის სამართლის საქმეთა დამატებითი კოლეგიების (ან სპეციალიზებული რაიონული სასამართლოების) განთავსება, რაც გამორიცხავს სამართალდამცავთა დროისა და საბიუჯეტო სახსრების ფუჭად ფლანგვას.
ცხადია, ზემოაღნიშნული წინადადებების თაობაზე მსჯელობაა საჭირო, მაგრამ არ უნდა იყოს სადავო, რომ სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი დაწესებულების მტკვრის მეორე მხარეს, მითუმეტეს, სამების ტაძრის სიახლოვეს განთავსება, სიმბოლურადაც გაუსვამდა ხაზს მის დამოუკიდებლობას ხელისუფლების დანარჩენი შტოებისგან. ყველა შემთხვევაში, ავლაბრის რეზიდენციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (ან "ადმინიტრაციული იუსტიციის") განთავსებით სასამართლო ხელისუფლება შესამჩნევად აიმაღლებდა შელახულ ავტორიტეტს და ამ შთამბეჭდავი შენობის ფასადზე ამოკვეთილი შეგონება ("ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!") სიმბოლურ შინაარსს შეიძენდა, თორემ დღეს ნამდვილად ცინიკურად ჟღერს.
არ უნდა იყოს სადავო, რომ საქართველოში რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირებისთვის, პირველ რიგში, "პოლიტიკური ნებაა" აუცილებელი, ხოლო თუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მესვეურებს რეალურად სურთ ევროინტეგრაცია, რეალური სასამართლო რეფორმის განხორციელება და სასამართლო ხელისუფლებისთვის სახელმწიფო მექანიზმში სათანადო ადგილის მიჩენა, უპირველეს ყოვლისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლოებს უნდა გამოუყონ შესაფერისი შენობები და არა პოლიციას. ამასთან, ისუტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტი უნდა იყოს და არა, მოსამართლეთა მორჩილი კორპუსის ფორმირების და მავანთათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი.
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, სიტყვით თითქოს სამართლებრივ სახელმწიფოს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ვამკვიდრებდით (ძირითადად, "უცხოელი მეგობრების" გასაგონად...), მიღებული კანონებით და რეალური ქმედებებით კი პოლიციური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ბუტაფორიულფასადიანი სასამართლო მივიღეთ, რომელიც პრიორიტეტულად, არა მარტო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ ცალკეული საწარმოების ინტერესებს მიიჩნევს (მათ შორის, სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსებას და "ელიტური" ბანკების შემოსავლების ზრდას ...), და არა ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ დაცვას.
არცთუ იშვიათად, მოსამართლეები უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და სასამართლოს თავმჯდომარეების მითითებით მოქმედებენ და ცალკეული მაღალჩინოსნების, პოლიტიკური გაერთიანებების ან საწარმოების სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს. ფაქტია, რომ ვინაიდან თავად მოსამართლეა დაუცველი და დაშინებული, დღევანდელი სასამართლო ვერც აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობისგან იცავს მოქალაქეებს და ვერც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისას ახერხებს "სამართლიანობის აღდგენას".
ამდენად, პირველ რიგში, თავად მოსამართლეების მიმართ უნდა აღდგეს სამართლიანობა, რისთვისაც სასამართლო ხელისუფლებაში რეალური რეფორმაა გასატარებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოც გონივრულად უნდა დაკომპლექტდეს, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მისი უფლებამოსილებაც და მოსამართლეების პასუხისმგებლობის კრიტერიუმები.