მოსაზრება
29.01.2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში ჩემი მონაწილეობის გამო აბსოლუტურად გასაგებია უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, საზოგადოებრიობის ინტერესი როგორც ჩემი პროფესიული, ისე საზოგადოებრივი საქმიანობის, ფასეულობებისადმი ორიენტაციისა და მსოფლმხედველობრივი პოზიციის მიმართ.

ეს ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა თსუ აკადემიური საბჭოს მიერ ჩემი კონცეფციის განხილვის, შეფასებისა და გამოტანილი გადაწყვეტილების ფონზე.

შესაბამისი ინფორმაციის სიმწირისა და საჯარო პოლიტიკისადმი რამდენადმე ჩრდილში ყოფნის გამო, მომეტებული ინტერესი გამოიწვია ჩემმა დამოკიდებულებამ ევრაზიის ინსტიტუტისადმი და პოლიტიკურმა ორიენტაციამ. ამის თაობაზე კითხვები დაისვა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებთან გასაუბრების დროსაც.

მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობამ კონკურსში მონაწილეთაგან უპირატესობა მომანიჭა მე, თავს ვალდებულად ვთვლი, ბოლომდე განვმარტო საკითხი, რომელიც განსაკუთრებული განსჯის საგანი გახდა როგორც საბჭოს წევრთა შორის, ისე (რამდენადაც მე მომდის ინფორმაცია) ზოგადად უნივერსიტეტში და მის ფარგლებს გარეთაც. ამიტომ მინდა, საბოლოოდ დავუსვა წერტილი ყველა ხსენებულ საკითხს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვიძლევი ოფიციალურ განმარტებას:

ბოლო წლებში მონაწილეობა მაქვს მიღებული ევრაზიის ინსტიტუტის ორგანიზებულ რამდენიმე ღონისძიებაში. ყოველი ასეთი მონაწილეობა უკავშირდებოდა მხოლოდ ჩემს სამეცნიერო-აკადემიურ სტატუსს და საექსპერტო საქმიანობას. კერძოდ, 2014 წლის ივლისში კონფერენციაზე წარვდექი მოხსენებით "საქართველოს მოსახლეობის ეროვნული და კონფესიური განაწილების ზოგიერთი ასპექტის შესახებ" http://geurasia.org/panel/uploads/Ambasadori-Religia/---.pdf; rusulad: http://geurasia.org/panel/uploads/Ambasadori-Religia/Konfessii-Gruzija.pdf), მოგვიანებით, 2014 წლის დეკემბერში, ინსტიტუტის ხელმძღვანელის თხოვნით დავწერე და გამოვაქვეყნე დასკვნა და შენიშვნები ამ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე (http://geurasia.org/geo/1565/saqartvelos-mosaxleobis-pasuxi-kitxvaze---dasavleti-tu.html#); და ბოლოს, 2015 წლის სექტემბერში, მივიღე მონაწილეობა ჩინეთის საზოგადოებრივ აკადემიასთან არსებული რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრაში, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც ევრაზიის ინსტიტუტი იყო (http://geurasia.org/geo/1623/chinetis-delegaciis-viziti-saqartveloshi.html). ამ შეხვედრაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში სხვა მონაწილეებთან ერთად მოხსენიებული ვარ "ევრაზიის ინსტიტუტის პარტნიორად", რაც შეხვედრაში ჩემს ფაქტობრივ მონაწილეობას უსვამს ხაზს და არა რამე ორგანიზაციულ კავშირს აღნიშნულ ინსტიტუტთან.

ვიმეორებ, რამე სხვა ფორმით მონაწილეობა ამ ინსტიტუტის მუშაობაში, მის ორგანიზაციულ თუ პოლიტიკურ ღონისძიებებში არ მიმიღია.

ამავე დროს, ვმონაწილეობდი მრავალი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და მრგვალ მაგიდებში; მარტო 2010 წლის შემდეგ გამოქვეყნებული მაქვს 5 წიგნი და 60-მდე სტატია, ვიყავი რამდენიმე დოქტორანტის, მათ შორის, თსუ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე აკადემიური საბჭოს წევრთაგან მიღებული ხმებით მეორე ადგილზე გასული კონკურსანტის სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური შემფასებელი (ოპონენტი).

ამასთან ერთად, მინდა ღიად დავაფიქსირო საკუთარი პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი პრიორიტეტები: დემოკრატია, ევროპა, სოციალური სოლიდარობა და სამართლიანობა, ანუ ის პრინციპები და ფასეულობები, რაზეც დგას ევროკავშირი და თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია.

ვარ აფხაზეთიდან, სოხუმელი, იქ დარჩა ჩვენი ოჯახის ბინა, ახლობლების საფლავები... ამიტომ, ალბათ, გასაგები უნდა იყოს ჩემი შეურიგებელი და უკომპრომისო დამოკიდებულება იმ ძალებისადმი, რომლებმაც საქართველოს ჩამოაგლიჯეს მისი ისტორიული მიწა-წყლის მეხუთედი. რუსული იმპერიალისტური პოლიტიკისადმი ჩემი შეუვალი პოზიცია წარმოჩენილი მაქვს ჩემს პუბლიცისტურ კრებულებში: "თუ დაგივიწყო, აფხაზეთო!" (2004 წ) და "როგორ ხალხს იმსახურებს ხელისუფლება?" (2014 წ). ბრალდება ან ეჭვი, რომ თითქოს რუსეთუმე ვარ, ჩემთვის შეურაცხმყოფელია, რამეთუ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებით და ქმედებით, პუბლიცისტიკით, ამის საპირისპიროს ვამტკიცებ.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ გაუგებრობის შედეგია და არაფერი აქვს საერთო ქართულ ნიადაგზე მაკარტიზმის ამა თუ იმ ფორმით რეანიმაციასა ან მისი ქართული რიმეიკის შექმნის მცდელობასთან.

თსუ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა არის აბსოლუტურად აპოლიტიკური თანამდებობა და მისი დაკავების შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ, რომ უნივერსიტეტის მთელი რესურსი მიმართული იყოს სასწავლო-აკადემიური პროცესის ეფექტურობის ასამაღლებლად, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სასწავლო და ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად. ამავე დროს და ამასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უნივერსიტეტში სუფევდეს საუნივერსიტეტო, საგანმანათლებლო იდეა და იგი არ იქცეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და სიმპათიის მატარებელი ძალების დაპირისპირების პოლიგონად. ამასთან, ყოველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისადმი იქნება თანაბრად კორექტული, მიუკერძოებული დამოკიდებულება, ყოველგვარი პრეფერენციისა ან დისკრიმინაციის გარეშე, მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.

იოსებ არჩვაძე 2016 წლის 28 იანვარი

ზ.თ. დაინტერესებულ მკითხველს ასევე შეუძლია გაეცნოს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის განმარტებას პროფ. ი. არჩვაძის სტატუსის შესახებ (http://geurasia.org/geo/about/personali).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×