1 დოლარი მალე 100 რუბლი გახდება, 2016 წლის განმავლობაში კი შეიძლება 140-იან ნიშნულზეც ავარდეს
ელზა წიკლაური
21.01.2016

 რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და 1998 წლის მაჩვენებელს მიუახლოვდა. გუშინ მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ერთმა დოლარმა 80 რუბლს, ევრომ კი 88 რუბლს გადააჭარბა. ნავთობის ფასის ვარდნის პარალელურად, უცხოელი ანალიტიკოსები რუბლის კიდევ უფრო გაუარესებას ვარაუდობენ. ამერიკული ბანკის "მერილი ლინჩის" პროგნოზით კი, გამორიცხული არ არის, წელს რუსული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 210 რუბლამდეც კი დაეცეს.

რუბლი, შარშანდელის ანალოგიურად, წელსაც ყოველდღიურად უფასურდება. თუკი 2015 წელს ამის მიზეზი დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციები გახდა, რასაც ნავთობის ფასის შემცირებაც დაემატა, წელს რუბლის გაუფასურება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრმა კლებამ გამოიწვია. ბოლო რამდენიმე დღეა, "ბრენტის" ტიპის საწვავი 30 დოლარს ჩამოცდა, რაც, თავისთავად, ნავთობის ფასზე დამოკიდებულ რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა.

შავ ოთხშაბათს მოსკოვის ბანკთაშორისო სავალუტო ბირჟაზე დოლარმა რეკორდულ მაჩვენებელს - 80 რუბლს გადააჭარბა, ევრომ კი - 88 რუბლს. რუსული მედიის ცნობით, გუშინ რუბლი 2014 წლის დეკემბრის მინიმუმზე მეტად გაუფასურდა, როდესაც რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა კურსი 6.5 საპროცენტო პუნქტით გაეზარდა. 2016 წლის დასაწყისიდან აშშ დოლართან მიმართებაში რუბლი 9.6%-ით დაეცა.

"2015 წლის პირველ ნახევარში რუსული ვალუტა 30% გაუფასურდა, როდესაც დოლარმა და ნავთობმა თავისი პოზიციები შეინარჩუნეს. თუმცა გარკვეული დროს შემდეგ, რუბლმა და ნავთობის ფასმა ვარდნა კვლავ განაგრძეს. რუსული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2015 წლის მაისიდან 62%-ით გაუფასურდა, ხოლო "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი იგივე პერიოდში 60%-ით შემცირდა", - წერს რუსული მედია.

ამერიკული ბანკის "მერილი ლიჩის" ანალიტიკოსების პროგნოზით, 1 ბარელი ნავთობის 25 დოლარამდე გაიაფების შემთხვევაში, რუსეთის ბიუჯეტში რომ დეფიციტი აღმოიფხვრას, ერთი დოლარი 210 რუბლი უნდა ღირდეს. ბიუჯეტი 3%-იანი დეფიციტით შესრულების შემთხვევაში კი, რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში 140-ის ნიშნულზე უნდა დაბალანსდეს.

 "ბლუმბერგის" ანალიტიკოსების პროგნოზით კი იმ შემთხვევაში, თუ დოლარის კურსი 90 რუბლს მიუახლოვდება, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სასწრაფო ღონისძიებები უნდა გაატაროს და სავალუტო ინტერვენციებთან ერთად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც უნდა გაამკაცროს. ეს არის ის ღონისძიებები, რომლებიც ცენტრალურმა ბანკმა რუბლის მხარდაჭერისთვის უნდა გაატაროს.

სავალუტო ინტერვენციების განცხორციელებაზე საუბრობენ "სბერბანკის" ანალიტიკოსებიც, თუმცა, მათი აზრით, ასეთი ღონისძიება ცენტრალურმა ბანკმა მხოლოდ მაშინ უნდა გაატაროს, თუკი ნავთობის ფასი 25 დოლარს ჩამოცდება.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ფონზე რუბლის გაუფასურებას ჩვეულებრივი მოვლენას უწოდებენ რუსი ეკონომისტები, თუმცა მათი ნაწილი მაინც იმედოვნებს, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში ერთი დოლარის ღირებულება 100 რუბლს არ გადააჭარბებს.

"რუბლის კურსი დინამიკაშია ნავთობის ფასთან და შესაბამისად, ადვილია იმის პროგნოზი, მომავალში დაეცემა თუ გამყარდება ეროვნული ვალუტა. ჩემი ვარაუდით, უახლოეს მომავალში ნავთობი ისევ გაძვირდება, რასაც რუბლის გამყარება მოჰყვება. იმ შემთხვევაში თუ შავი ოქროს ფასი ისევ იგივე დარჩა ან კიდევ შემცირდა, ერთი დოლარის ღირებულება 80-85 რუბლს მაინც არ გასცდება", - განუცხადა რუსულ მედიას ეკონომისტმა დიმიტრი პოლევოიმ.

კიდევ ერთი ეკონომისტი ოლეგ ვიუგინი აცხადებს, რომ რუბლის კურსთან მიმართებაში ახალი არაფერი ხდება და რომ არა ინფლაციის ზრდა, კურსის ასეთ ცვლილებას მოსახლეობა ვერ იგრძნობდა.

"რუსული რუბლის კურსთან მიმართებაში ახალი და საინტერესო არაფერია, იაფდება ნავთობი, ეცემა რუბლის კურსი. რომ არა ინფლაცია, ფასების ზრდა როგორც პროდუქტებზე, ასევე ტანსაცმელსა და მომსახურებაზე, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას ეს საკითხი საერთოდაც არ შეეხებოდა. სამწუხაროდ, დოლარის გამყარება გაძვირების პროცესს იწვევს.

თუ ჩვენს მოქალაქეებს სჯერათ, რომ ნავთობის ფასი კიდევ დაეცემა, მათ შეუძლიათ საკუთარი დანაზოგი უცხოურ ვალუტაში გადაიტანონ. ეს მათი გადასაწყვიტია. სხვას მე მოსახლეობას ვერაფერს ვურჩევ", - დასძინა ვიუგინიმ.

კიდევ ერთი ეკონომისტის ოლეგ შიბანოვის პროგნოზით კი, წელს ერთი დოლარის ღირებულება 100 რუბლს მიაღწევს. "იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსეთში ცხოვრობს, მნიშვნელოვანია არა დოლარის კურსი, არამედ ინფლაციის მაჩვენებელი. მათ ის კი არ აინტერესებთ რა ღირს დოლარი, არამედ ის, თუ რამდენ რუბლად  შეუძლიათ ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვა. მართალია, ინფლაცია დამოკიდებულია დოლარის კურსზე, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს დამოკიდებულებაც ძალიან შესუსტდა. იმედია, საგანგაშო არაფერი მოხდება თუ დოლარის კურსი 80 რუბლის ფარგლებში იქნება და არც იმ შემთხვევაში, თუ კურსი 100 რუბლს მიაღწევს", - დასძინა ოლეგ შიბანოვმა.

აღსანიშნავია, რომ რუსული რუბლის მერყეობა შარშან მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოქტომბერში რუბლი 60-ის ნიშნულზე გამყარდა, თუმცა როგორც ჩანს გამყარება დროებითი აღმოჩნდა და გაუფასურების ტენდენცია ისევ გაგრძელდა. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ერთი დოლარის ღირებულება 2016 წელს 90 რუბლამდე დაეცემოდა.

თუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობი არ გაძვირდა, გამორიცხული არ არის, რომ "ბლუმბერგის" ანალიტიკოსების პროგნოზი გამართლდეს და მალე კურსმა 90 რუბლს მიაღწიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×