მერაბ ჯულაყიძე
თსუ ეკონომეტრიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი
ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მოთხოვნის შესაბამისად ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეში გათვალისწინებულია ინფორმაციის, ცოდნის, გამოცდილების, ტექნოლოგიების გამოყენების უნარი. ადამიანური კაპიტალი არის ცოდნის, სიმარჯვის, უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელიც ადამიანის და მთლიანად საზოგადოების მრავალმხრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. თავდაპირველად ადამიანური კაპიტალის ცნება განიხილებოდა როგორც ინვესტიციების ერთობლიობა ადამიანში, რომელიც მის შრომის უნარს აძლიერებდა - განათლება და პროფესიული ჩვევები. ამჟამად მასში ჩართულია სამომხმარებლო დანახარჯები - ოჯახის ხარჯი კვებაზე, ტანსაცმელზე, საცხოვრებელზე, განათლებასა და კულტურულ ღონისძიებებზე, ასევე სახელმწიფო დანახარჯები ამ მიმართულებით.
ადამიანური კაპიტალი ეკონომიკური განვითარების ინტენსიური საწარმოო ფაქტორია, საზოგადოებისა და ოჯახის განვითარების დონის საზომია, რომელიც შრომითი რესურსების განათლებულ ნაწილს მოიცავს, ცოდნაა, ინტელექტუალური და მმართველობითი შრომის ინსტრუმენტია, ცხოვრების და შრომითი საქმიანობის გარემოა, რომელიც ადამიანური კაპიტალის, როგორც განვითარების საწარმოო ფაქტორის, ეფექტურ და რაციონალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით უფრო მაღალია მოცემული საზოგადოების ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის წილი.
ადამიანური კაპიტალი საწარმოო ფაქტორების ხარისხის მიხედვით შეიძლება დავყოთ როგორც უარყოფითი (დესტრუქციული) და დადებითი (შემქმნელი). უარყოფითი ადამიანური კაპიტალი არის დაგროვილი ადამიანური კაპიტალის ნაწილი, რომელიც ჩადებულ ინვესტიციაზე სასარგებლო უკუგებას არ იძლევა: გამოუსწორებელი დამნაშავე, დაქირავებული მკვლელი დაკარგული ინვესტიციაა ოჯახისა და საზოგადოებისათვის. დადებითი ადამიანური კაპიტალი კი დაგროვილი ადამიანური კაპიტალია, რომელიც ინვესტიციებისაგან სასარგებლო უკუგებას უზრუნველყოფს, თუმცა იგი ინერციული საწარმოო ფაქტორია, რომელიც უკუგებას გარკვეული დროის შემდეგ იძლევა.
ამჟამად ადამიანური კაპიტალის თეორიისა და პრაქტიკის ბაზაზე შეიქმნა და სრულყოფილი ხდება აშშ-სა და წამყვანი ევროპული ქვეყნების განვითარების წარმატებული პარადიგმა. ამ თეორიის მიხედვით შვედეთმა მოახდინა თავისი ეკონომიკის მოდერნიზაცია და მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია დაიბრუნა. ფინეთმა კი დროის ისტორიულად მცირე მონაკვეთში მოახერხა ნედლეულის ეკონომიკიდან ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა. ამ ქვეყანამ შექმნა რა საკუთარი კონკურენტუნარიანი მაღალი ტექნოლოგიები, უარი არ უთქვამს თავისი მთავარი ბუნებრივი სიმდიდრის (ტყის) სიღრმისეულ გადამუშავებაზე. ფინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა კონკურენტუნარიანი ეკონომიკის რეიტინგის მიხედვით. უფრო მეტიც, ტყის ისეთ საქონლად გადამუშავებით მიღებული შემოსავლით, რომელშიც მაღალი დამატებული ღირებულებაა.
ეკონომიკის ინოვაციური სექტორი, ელიტის კრეატიული ნაწილი, საზოგადოება და სახელმწიფო საერთო ჯამში მაღალხარისხიანი დაგროვების წყაროებია ადამიანური კაპიტალისათვის, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს მისი განვითარების მიმართულებას და ზრდის ტემპს. სწორედ ქვეყნის ელიტა საზღვრავს მისი განვითარების მიმართულების ვექტორს. ინვესტიციები კოლექტიურ სამოქალაქო ინტელექტს ქმნიან, რომელიც შენებაზეა მიმართული. განვითარებად ქვეყნებში არ არის საკმარისი რესურსი, რათა მასობრივად შეიქმნას კონკურენტუნარიანი კომფორტული პირობები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისათვის. ამიტომ იქმნება სპეციალური ეკონომიკური ზონები, ტექნოპოლისები და ტექნოპარკები.
ეროვნული ადამიანური კაპიტალი არის ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ნაწილი. ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე მოიცავს ფიზიკურ, ადამიანურ, ფინანსურ და ბუნებრივ კაპიტალს; ეროვნული ადამიანური კაპიტალი კი სოციალურ, პოლიტიკურ კაპიტალს, ეროვნულ ინტელექტუალურ პრიორიტეტებს, ეროვნულ კონკურენტულ უპირატესობებს და ქვეყნის ბუნებრივ პოტენციალს. ადამიანური კაპიტალის შემადგენელი ნაწილების შეფასება მოხდა ეკონომეტრიკული გამოკვლევების საფუძველზე, კერძოდ, სახელმწიფოს, საოჯახო მეურნეობების, მეწარმეთა და სხვადასხვა ფონდების დანახარჯების მიხედვით. მათი საშუალებით შეიძლება განისაზღვროს საზოგადოების მიმდინარე ყოველწლიური დანახარჯები ადამიანური კაპიტალის კვლავწარმოებაზე. შექმნილი მოდელის მიხედვით მიღებულია შედეგები, რომელიც თანხვედრაშია ცნობილი ეკონომისტების ექსპერტულ შეფასებებთან.
2010 წელს აშშ-ის ადამიანური კაპიტალის ღირებულებამ 95 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის 77%-ია. მსოფლიო ადამიანური კაპიტალის 26% მოდის აშშ-ზე (მსოფლიო ეკონომიკაში მისი წილი ნაკლებია და 20%-ს შეადგენს), რუსეთზე - 8%, ჩინეთზე - 7%, ბრაზილიასა და ინდოეთზე - 2-2%, ევროკავშირის ქვეყნების წილი კი 57%-ია. მსოფლიო ადამიანური კაპიტალი შეადგენს მსოფლიო სიმდიდრის 67%-ს. ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის შეადგენს 30%-ს, რუსეთისთვის - 50%-ს. უმეტესი ქვეყნებისათვის ადამიანური კაპიტალი აღემატება ეროვნული სიმდიდრის ნახევარს (გარდა ოპეკ-ის ქვეყნებისა).
ადამიანური კაპიტალის პროცენტულ წილზე არსებითად მოქმედებს ბუნებრივი რესურსების ღირებულება. კერძოდ, რუსეთში ბუნებრივი რესურსების ღირებულება შედარებით დიდია, რაც ადამიანური კაპიტალის წილს ამცირებს. მსოფლიო ადამიანური კაპიტალის ძირითადი ნაწილი განვითარებულ ქვეყნებშია თავმოყრილი, სადაც ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე ინვესტიციები ფიზიკურ კაპიტალში.
საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის შედარებით დაბალი წილი შეიძლება აიხსნას არა ბუნებრივი რესურსების სიუხვით, არამედ ეკონომიკაში შექმნილი სირთულეებით და ყველაზე კვალიფიციური და რეპროდუქციული უნარის მქონე სამუშაო ძალის ქვეყნიდან ინტენსიური გადინებით. მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში საქართველოს ეროვნული სიმდიდრე 40%-ით შემცირდა, ხოლო ადამიანური კაპიტალის წილმა 46-დან 30%-მდე იკლო (ჩვენი გათვლებით, ამჟამად საქართველოს ეროვნული სიმდიდრე შეადგენს 450 მილიარდ დოლარს, რომელიც ასეა განაწილებული: 45% - ადამიანური კაპიტალი, 35% - ბუნებრივი კაპიტალი, 20% - კვლავწარმოებითი კაპიტალი). ამ პერიოდში ფართო ხასიათი მიიღო ეკონომიკურმა მიგრაციამ. საქართველოდან გასულთა არანაკლებ 2/3 შრომითი მიგრანტი იყო. ასეთთა შორის მაღალი იყო როგორც განათლების საერთო დონე, ისე შრომითი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია. უმაღლესი განათლების მქონეთა წილი შრომით მიგრანტებში ერთნახევარჯერ, ხოლო 20-50-წლიანი მიგრანტებისა ორჯერ აღემატებოდა შესაბამისი ცენზის მქონეთა წილს საქართველოს მოსახლეობაში. ამასთან, ბოლო 15 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდისა და შედარებითი სტაბილურობის კვალობაზე შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია: ადამიანური კაპიტალის მოცულობა 30%-ით გაიზარდა.
დღის წესრიგში დგას ეროვნული სიმდიდრის კვლავწარმოების ციკლის ხანგრძლივობის განსაზღვრის ახლებურად დადგენის საკითხი, რომელიც აქამდე ძირითადი კაპიტალის კვლავწარმოების ციკლით განისაზღვრება. შრომითი აქტიურობის ერთი თაობის მანძილზე სამუშაო ძალა რამდენჯერმე ასწრებს თვისებრივ განახლებას, რაც პირდაპირ აისახება მის ღირებულებაზე და ადამიანურ კაპიტალზე, როგორც ერთობლივი სამუშაო ძალის კაპიტალიზაციის ინტეგრირებულ მაჩვენებელზე.
მსოფლიო ადამიანური კაპიტალი ეროვნული სიმდიდრის 2/3-ს შეადგენს, საქართველოში კი აშკარად იკვეთება მისი წინსწრები ზრდა სიმდიდრის სხვა ელემენტებთან შედარებით. ამიტომ ეროვნული სიმდიდრის სასიცოცხლო ციკლის განსაზღვრას საფუძვლად უნდა დაედოს მისი სწრაფად მზარდი და მაღალი წილის მქონე ადამიანური კაპიტალის სასიცოცხლო ციკლი, ფაქტობრივად, მოსახლეობის, საზოგადოების თაობათა კვლავწარმოების პერიოდი. საქართველოში დაბადებულ ბავშვთა დედების საშუალო ასაკი 25 წელია, ამიტომ საკმაოდ მაღალი ალბათობით შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში თაობათა კვლავწარმოების პერიოდი დაახლოებით 25 წელია. რაც ნიშნავს პირველი 25 წელი ადამიანის საკუთრივი პერიოდია, მეორე 25 წელი შვილებთან ერთად ყოფნას ითვალისწინებს, ხოლო მესამე 25 წელი - ასევე შვილიშვილებთან ერთად ყოფნას. საერთო ჯამში, ეს არის 75 წელი, რაც საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხარგრძლივობაა.
ამრიგად ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია ფართო შესაძლებლობას იძლევა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იყოს საბაზო, უმაღლესი და დიპლომისშემდგომი უწყვეტი განათლების ერთიანი მწყობრი სისტემის შესაქმნელად. ეს კი პროგრესული ნაწილის - ადამიანური კაპიტალის - წილს კიდევ უფრო გაზრდის ეროვნულ სიმდიდრეში. შედარებით მწირი ბუნებრივი რესურსების პირობებში მეცნიერებათტევადი წარმოების განვითარება საშური საქმეა როგორც ადგილობრივი ინტელექტუალური ძალების, ასევე უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეების დაბრუნების ხარჯზე, რომელთაც უკვე ათვისებული აქვთ პროფესიული უნარ-ჩვევები და თანამედროვე შრომის კულტურა.