რამაზ გახოკიძე
საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი
ღვინო, ისევე როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, რეაგირებს მუსიკაზე. ამ დროს ხდება საფუვრის უჯრედების გააქტიურება, რის გამოც უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს დუღილის პროცესი. გერმანელმა მეღვინეებმა ღვინის დაყენების პროცესში მიზანმიმართულად დაიწყეს კლასიკური მუსიკის გამოყენება. ღვინოს დუღილის პროცესში (ათი კვირა) ერთი საათის განმავლობაში ყოველდღე ასმენინებდნენ ბრამსის, ბიზეს და სხვა ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. დეგუსტატორებმა მაღალი შეფასება მისცეს ღვინოებს, რომლებიც ფერმენტაციის დროს "უსმენდნენ" კლასიკას. ავსტრიელმა მეღვინეებმა ღვინიან კასრში მოათავსეს სპეციალური დინამიკები და ჩართეს მოცარტის სიმფონია #41. ამ შემთხვევაშიც "მუსიკალური" ღვინო მნიშვნელოვნად გამოირჩეოდა ხარისხით. ასეთ ღვინოს სონორული ღვინო უწოდეს და მეთოდი დააპატენტეს.
მუსიკა უფრო ძლიერად მოქმედებს წითელი ღვინის გემოზე, ვიდრე თეთრი ღვინისაზე. ციმბირის (რუსეთი) ერთ-ერთ ლიქიორ-არყის ქარხანაში პროდუქტს ასმენინებენ მოცარტისა და ვივალდის მუსიკას. ტექნოლოგთა მტკიცებით, კლასიკური მუსიკა გავლენას ახდენს წყლისა და სპირტის სწორ სტრუქტურიზაციაზე. როგორც წინა წერილში აღვნიშნავდით, ღვინო ატარებს იმ ადგილის ინფორმაციას, სადაც იგი იშვა. სწორედ "ადგილის დედა" განსაზღვრავს მის ხარისხს და სამკურნალო თვისებებს, ამიტომაც უნდა ისმინოს ქართულმა ღვინომ საოცარი ქართული ფოლკლორი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ქართულ საგალობლებს ასმენინებენ ფირმა "ხარებას" საუცხოო ღვინოებს.
წინა წერილებში ჩვენ საუბარი გვქონდა ღვინით მკუნალობაზე, ანუ ენოთერაპიაზე, მაგრამ ღვინოს მხოლოდ მაშინ მოაქვს სარგებლობა, როცა მას ზომიერად სვამენ და იგი აგროქიმიკატებით და გარემოში არსებული შხამებით არ არის გაბინძურებული.
ვაჟა-ფშაველას აქვს არაკი: "ერთ ქართველ კაცს ძველისძველი ქვევრი ჰქონდა. ერთხელაც სავსე ქვევრი ახადა, რომ დაეჭაშნიკა და ცარიელი დახვდა. ქვევრი გახეთქილიყო და ღვინო დაღვრილიყო. გლეხმა დაუწყო ქვევრს ლანღვა-გინება, მაგრამ ქვევრი ხმას არ იღებდა. ბოლოს გაჯავრებულმა უპასუხა განრისხებილ პატრონს: "ეჰ, ჩემო პატრონო, შენ შენსას ამბობ და ჩემსას არაფერს ჰკითხულობ. კარგა დიდხანსაც ვითმინე შენი და შენი ღვინის უდიერობა; შენი წინაპრები, მამა-პაპანი, განა შენსავით შაბიამანის და გოგირდის წვენს მასხამდნენ თავ-პირზე, ისინი ნამდვილ ღვთისაგან ნაკურთხ ყურძნის წვენს ინახავდნენ ჩემში, ნამდვილ ღვთისა და კაცის საკადრისს, როგორც ცოცხლისა, ისე მკვდრისა. ეხლანდელი ღვინო განა ღვინოა? განა ის შეიძლება ზედაშედ იხმაროს კაცმა? არასდროს! მერე მე ისეთი თიხისა ვარ, რომ ჩემი ჯიში არ იგუებს არასდროს შაბიამანის და გოგირდის წვენს, რითაც ვენახებს წამლავენ". "შე კაი კაცო, თავიდანვე გეთქვა, თუ ასეთი ხასიათი გქონდა", - მიუგო ქვევრის პატრონმა. "მეგონა მივეჩვეოდი, მაგრამ ჩემმა ბუნებამ ვეღარ მოითმინა", - უპასუხა ქვევრმა. იქვე შორიახლოს წამოჭიმულმა კასრმა ქვევრს მიმართა: "სულ ერთ ალაგას ხარ გაუნძრევლად, არ იცი რა ამბავია ქვეყნიერებაზე... მე შენთან შედარებით ბევრად ბედნიერი ვარ; გამდებენ აქედან ურემზე, გადამატარებენ გომბორზე მთელ კახეთს და გარეკახეთს, იორს, ალაზანს... ჩავალ ქალაქში, შავყვები მტკვარს... მცხეთაში. დამაჭაშნიკებენ და, რასაც ღვინოს ამოიღებენ ჩემიდან, იმდენსავე არაგვიდან, რადგან მტკვარი მღვრივეა, წმინდა წყალს ამოიტანენ და ჩამოასხამენ, რომ ღვინო არ ჭანჭყარობდეს. იქიდან გავწევ არგვის პირ-პირ, გავივლი დუშეთზე, ჩავალ ანანურში... შევივლი ფასანაურზე... ჩავალ ყაზბეგში... კავკავში რომ ჩავალ, სწორედ ორი წილი ღვინო ვარ და მესამედი წყალი, ისეთს ყოფაში ჩამაგდებს ჩემი მზიდველი. მე ხმა-კრინტსაც არ დავძრავ, რა მსჯის, თუნდა წყალი ჩამასხან, თუნდ ნავთი". "მე შენთან საერთო არაფერი მაქვს, მე მაგას ვერ ვიკისრებ, ვინაიდგან ჩემი გული წმინდაა, ჩემი გრძნობა სპეტაკია", - გულმტკივნეულად წარმოსთქვა ქვევრმა".
დღეს მსოფლიოში დიდ რეკლამას უწევენ ე.წ. ბიოღვინოს, რომელიც მზადდება პესტიციდებისა და ქიმიური სასუქების გარეშე მოყვანილი ყურძნისგან და ძვირიც ღირს, რადგან ამ შემთხვევაში მოსავლიანობა ბევრად დაბალია და იგი მოითოვს ხელით შრომის ფართოდ გამოყენებას, ბუნებრივ სასუქს. მართალია, ბიოღვინის დასამზადებლად არც სპილენძს იყენებენ და არც გოგირდს, თუმცა მის წარმოებაში გამოიყენება სულფიტები. სულფიტები (უ220-უ229) ტოქსიკური ნივთიერებებია. ერთ ლიტრ წყალში გახსნილ ნახევარ მილიგრამსაც შეუძლია გამოიწვიოს თევზების დაღუპვა. ღვინოში მოხვედრილ სულფიტებს შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები - თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები, ოსტეოპოროზი. სულფიტების სისტემატურ მიღებას, შესაძლოა, მოჰყვეს კუჭ-ნაწლავის და ნერვული აშლილობანი, ასთმის დაავადების შემთხვევებში - ანაფილაქტური შოკი.
რაც შეეხება ორგანულ და ბუნებრივ სასუქებს, მათი სისტემატური გამოყენებაც გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. მაგალითად, შარდოვანა (კარბამიდი), დიდი რაოდენობით თუ მოხვდა ორგანიზმში, იშლება ამიაკად, რომელიც სწრაფად შეიწოვება სისხლში და იწვევს მოწამვლას - აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ვითარდება ჰიპოქსია, ტოქსიკოზი და პარენქიმატოზური ორგანოების დისტროფია. ასევე სარისკოა ნაკელის სისტემატური გამოყენება, რადგან იგი წარმოადგენს ხელსაყრელ გარემოს დაავადების (მაგალითად, სალმონელოზის) გამომწვევი მიკროორგანიზმების გასამრავლებლად.
მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე ჩვენ მიერ შესწავლილია ცოცხალი უჯრედის მართვის გზები და შექმნილია ახალი თაობის რეგულატორები - ბიოენერგოაქტივატორები (ბიორაგი, ემატონი, რაგოცინი, რაგილი, იმუნორაგი), რომლებიც გარემოს გაბინძურების გარეშე ბიოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. ისინი აძლიერებენ დაავადებებისა და გარემოს არახელსაყრელი პირობების (გვალვა, ყინვა) მიმართ მცენარეთა გამძლეობას, რაც წარმოადგენს ბიოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღების საშუალებას ნიადაგების შხამებით გაბინძურების გარეშე. ისინი იჭრებიან მცენარეთა უჯრედში, ასრულებენ ზოგადი არასპეციფიკური გამძლეობის ინდუქტორების როლს და სარეზერვო მექანიზმების გააქტიურებით აძლიერებენ მცენარეთა დაცვით ფუნქციას.
ბიოენერგოაქტივატორების საშუალებით მცენარე ივითარებს მძლავრ, გრძელ და დატოტვილ ფესვთა სისტემას. მკვეთრად ძლიერდება ნიადაგიდან წყლისა და საკვები ნივთიერებების შეთვისებაც. უფრო მეტიც, ისინი აძლიერებენ ნიადაგის მიკრობიოლოგიურ ინტენსივობას და ნიადაგის ქვედა ფენებიდან მინერალური და ორგანული საკვები ნივთიერებების ბიოგენურ მიგრაციას, რის გამოც მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგი არათუ იფიტება, არამედ ნოყიერდება კიდეც. ამგვარად ბიოენერგოაქტივატორების ხანგრძლივმა გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ნიადაგის გაკულტურება.
ბიორაგი ბიოენერგოაქტივატორების ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში როგორც ჩვენთან, ისე უცხოეთში გაიარა ტოქსიკურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და სამეურნეო გამოცდები. დადგენილია მისი სრული უვნებლობა. უფრო მეტიც, გამოვლინდა მისი მაღალი ანტიმუტაგენური აქტივობა და პროფილაქტიკურ-სამკურნალო თვისებები, რის გამოც რეკომენდებულია ბიორაგის გამოყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე მედიცინასა და კვების მრეწველობაში.
ბიორაგის გავლენით "იზაბელას" ჯიშის ყურძნის შაქრიანობამ გადააჭარბა 24%-ს, პარალელურად იზრდება მჟავიანობაც. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში მკვლევართა ჯგუფის (ნ.ჩხარტიშვილი, პ.ნასყიდაშვილი, ნ.ფხალაძე, ლ.უჯმაჯურიძე, ლ.ვაშაკიძე) მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ბიორაგის საშუალებით შესაძლებელია ვაზის პირველხარისხოვანი, გენეტიკურად სტაბილური ნამყენი ნერგის მაღალი გამოსავლიანობით წარმოება. ბიორაგი ხელს უწყობს სამყნობი კომპონენტების თანაბრად შეხორცებას, აჩქარებს საძირეზე ფესვების წარმოქმნას. ბიორაგის მოქმედებით სწრაფად და ენერგიულად იწყებს აღმოცენებას როგორც ნამყენები, ისე დასაფესვიანებლად დარგული სანამყენეები და საძირეები, რის შედეგადაც ხანმოკლე პერიოდში ხდება მათი სრული აღმოცენება. ნამყენები და დასაფესვიანებელი კალმები სანერგეში დარგვის შემდეგ სწრაფად იწყებს დაფესვიანებას და კვირტის განვითარებას. ბიორაგი ეფექტიანობით მნიშვნელოვნად აღემატება ცნობილ სტიმულატორებს (ჰეტეროაუქსინი, ალექსინი). მისი ზემოქმედებით მკვეთრად იზრდება ფოთლის საასიმილაციო ზედაპირი და ფოთოლში ქლოროფილის შემცველობა, რაც განაპირობებს ფოტოსინთეზის აქტიურობის მნიშვმელოვნად გადიდებას. ასევე იზრდება ყინვა და გვალვაგამძლეობა.
მოლიერი ამბობდა: "ძალიან გაუმართლდა მას, ვისაც აქვს კარგი ღვინო, კარგი წიგნი და კარგი მეგობარიც ჰყავს". ამ მხრივ, ქართველებს ნამდვილად გაგვიმართლდა - ღვინოც კარგი გვაქვს და წიგნიც, მეგობრის არჩევა კი ჩვენზეა დამოკიდებული. მადლი ქართული ღვინისა ვეფხისტყაოსანთან ერთად გადმოდიოდა თაობიდან თაობაში. პოეტის თქმისა არ იყოს, "ვითარცა ღვინო - ქვევრიდან ხაპში - ხაპიდან დოქში - დოქიდან ჯამში - ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში".
რედაქციისგან: ცნობილმა ფერმერმა და ეკონომისტმა ჟორა გაბრიჭიძემ წერილობით გვაცნობა შემდეგი: "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიან ეზოში (ოთხ კედელშუა) "ადესის" ჯიშის ერთი ხანდაზმული ვაზის ხე იდგა, რომლის ჩრდილში ჯერ კიდევ 1967 წლის აგვისტოს პაპანაქებაში ვიდექი და უნივერსიტეტში ჩარიცხულთა სიას ვუცდიდი. როგორც ამბობდნენ, ვაზი სულმნათი ივანე ჯავახიშვილის დარგული ყოფილა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ოქტომბრის დასაწყისში, თითქმის 8 ათეულ წელს გადაცილებული ვაზი მოვინახულე და იგი შუა მწიფობაში დამხვდა. ამის მიზეზი კი ბიორაგი ყოფილა, რომლის ერთი ლიტრი ხსნარი ვაზისთვის აპრილის დასაწყისში ჩაუსხიათ და პირველი მოსავალი სექტემბრის დასაწყისში დაუკრეფიათ. მითხრეს, ეგ მეორე მოსავალიაო... ყველა რქას ნამხრევები ამოეღო, ნამხრევებს ყურძენი დაესხა და სწორედ ის მწიფდებოდა მეორე მოსავლად. ყველა მევენახემ იცის, რომ მეორე მოსავალს მხოლოდ განსაკუთრებული სიძლიერის მქონე ვაზები იძლევიან...
შემდეგი წლის შუა აპრილში კვლავ მოვინახულე უნივერსიტეტის ეზოში ის ტალავერი. სამწუხაროდ, ვაზი არავის გაუსხლავს და ყველა კვირტი გაღვიძებოდა. რადგანაც გასხვლის არავითარი შანსი არ იყო, ჩვენ ბიორაგით გადავწყვიტეთ ვაზის დახმარება და კვლავ ჩავუსხით ნახევარი ლიტრი ბიორაგის ხსნარი. მალე კვირტიც გაიშალა და ყველა მათგანიდან 4-5 მტევნიანი რქა წამოვიდა. 8-16-ჯერ მეტი ყურძენი დაისხა და მარცვლის განვითარებით ორ კვირაზე მეტი დროით გაუსწრო ქალაქში არსებულ ანალოგიური ჯიშის ვაზებს. დეკემბერში მოვკრიფეთ 2,5 ტონა ყურძენი, რომელიც შაქრიანობის დიდი მაჩვენებლით (24%) გამოირჩეოდა. აღნიშნული ვაზი, სამწუხაროდ, უნივერსიტეტში მიმდინარე რემონტის გამო მოჭრეს (!).
ჩემი მონათხრობი ზღაპარი რომ არ არის, ამას ყველა დაადასტურებს, ვინც მაშინ ეს სასწაული ნახა. როცა მწერალმა ოტია იოსელანმა ასფალტში ამოზრდილი ეს საოცრება იხილა, აღფრთოვანება ვერ დაფარა და ბრძანა: "ეს რომ კახეთის ველზე მომხდარიყო, დავიჯერებდი, მაგრამ აქ, სადაც ვაზს არავითარი პირობა არა აქვს, რაც ვენახს სჭირდება (ყვავიც ჩრდილავს ვაზს), არც დილას ადგება მზე და არც საღამოს, ფოთლები ბრწყინავს და ვაზი ნაყოფით დატვირთულია... ეს ვენახი ათჯერ მეტ მოსავალს მოგვცემს, ამ მიწის პატრონს როგორ უნდა უჭირდეს? სასწაული სწორედ ეს არის".