რუსეთი სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ თავის სამხედრო ნაწილებს ახალი ტექნიკით აძლიერებს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ და სომხურ მედიაში გავრცელდა. დეკემბრის შუა რიცხვებში სამმა უზარმაზარმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ-78-მა სამხრეთის სამხედრო ოლქიდან ერებუნის აეროდრომზე ღრმად მოდერნიზებული 6 ერთეული მი-24 "ნიანგის" და ამდენივე საბრძოლო-სატრანსპორტო მი-8 ტიპის შვეულმფრენი გადაისროლა. მსგავსი ავიარეისი დეკემბრის პირველ რიცხვებშიც შესრულდა, რა დროსაც ერებუნში 7 მი-24 და 8 მი-8 ჩაიტანეს.
"შემაშფოთებელი" და "არამეგობრული" უწოდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის საზღვრებთან ახლოს რუსეთის ამ სამხედრო აქტივობას. აღსანიშნავია, რომ ერებუნის სამხედრო აეროდრომიდან სომხეთ-თურქეთის საზღვრამდე 20 კმ-ზე ოდნავ მეტია, გიუმრიში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზა კი საზღვრიდან სულ რაღაც 7 კილომეტრშია.
ამასთან, ერებუნის სამხედრო აეროდრომზე, 1995 წლიდან, ერევანსა და კრემლს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, განთავსებულია მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებლების ესკადრილია, 18 ერთეული თვითმფრინავით, რომლებსაც სომხეთის საჰაერო სივრცის დაცვა ევალებათ.
სომხეთ-თურქეთისა და ირანის სახელმწიფო საზღვარს კი 1994 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების მესაზღვრეები აკონტროლებენ. სომხეთისვე ტერიტორიაზეა დისლოცირებული ეს-300 და ეს-400 "ტრიუმფის" ტიპის შორი რადიუსის მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომლებსაც საჰაერო ობიექტის დაკვირვება-განადგურება 200-მდე კმ-ს რადიუსში ძალუძთ.
კრემლი ამიერკავკასიის ამ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ისედაც დიდი სამხედრო ძალით არის წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, რუსეთი დამატებითი ძალებისა და ტექნიკის გადმოყვანას არ ერიდება. ამას დაერთო ისიც, რომ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთმა ტაქტიკურ-ოპერატიული სარაკეტო კომპლექსი ისკანდერ-ემ-ები განათავსა, საიდანაც იგი თურქეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებს უქმნის საფრთხეს.
გამომდინარე აქედან, მოსკოვისა და ანკარას გართულებული ურთიერთობის ფონზე, ოფიციალურ ანკარას შეშფოთების საფუძველი აშკარად აქვს. ამასთან, სომხეთი, რომელიც კრემლის სტრატეგიული მოკავშირე და კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის წევრია, თურქეთისადმი ნეგატიურად არის განწყობილი. ადგილობრივი პოლიტიკური და სამხედრო ელიტა საკუთარ სიმპათიას რუსული მხარის მიმართ არ მალავს. ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მოსკოვს არა მარტო სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში, არამედ თურქეთთან დაპირისპირებისას.
საგულისხმოა, რომ ნოემბრის დასაწყისში სომხეთის სასაზღვრო სივრცე თურქული სამხედრო შვეულმფრენების მიერ ორჯერ იქნა დარღვეული. ორივეჯერ ოფიციალურმა ანკარამ ეს რთული მეტეოროლოგიური პირობებით ახსნა.
რუსეთის მიერ სომხეთში დამატებითი საბრძოლო ტექნიკის გადასროლამ არანაკლებ შეაშფოთა აზერბაიჯანი. მართალია, კრემლსა და ბაქოს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ რუსეთის მოკავშირე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ გადაუჭრელი სამხედრო კონფლიქტია. ამ ორი ქვეყნის სასაზღვრო ზოლზე მუდმივად დაძაბული სიტუაციაა. დროდადრო არის სროლა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი ახლავს.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერებუნის აეროდრომზე დამატებითი ძალების გადასროლაში საშიში არაფერია. მათი თქმით, ეს არის სომხეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო ბაზის გაძლიერებისაკენ მიმართული ქმედება და ის არ უკავშირდება რუსეთ-თურქეთის გართულებულ ურთიერთობას.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ რუსეთს სომხეთში მდებარე სამხედრო ბაზებზე იარაღი და ტექნიკა არა უმოკლესი გზით, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადააქვს, არამედ შემოვლითი გზით, კასპიის ზღვისა და ირანის ტერიტორიაზე გადაფრენით, რადგან საქართველოს საჰაერო სივრცე მისთვის ჩაკეტილია.
სამხედრო ანალიტიკოსის, გიორგი ინაურის თქმით, კრემლის მიერ სომხეთში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების გაძლიერება შეშფოთების საფუძველი მხოლოდ თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის როდია.
"გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა ემსახურება რუსეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში. რუსი სამხედროები, მათ შეიარაღებაში არსებული რადარებისა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მეშვეობით თითქმის მთლიანად აკონტროლებენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილის საჰაერო სივრცეს, რაც ჩვენ მეტად არასახარბიელო სიტუაციაში გვაყენებს. თავის მხრივ ეშინია აზერბაიჯანსაც, რადგანაც ბაქოში საფუძლიანად აქვთ იმის შიში, რომ საჭიროების შემთხვევაში გიუმრის სამხედრო ბაზის ტექნიკა და პირადი შემადგენლობა პირდაპირ თუ ირიბად სომხეთს დაუჭერს მხარს," - აღნიშნა ინაურმა.
მისივე თქმით, რაიმე სახის საბრძოლო კონფლიქტი ამ ეტაპზე გამორიცხულია, თუმცა მხარეები "კუნთების თამაშისა" და ცივი ომის მდგომარეობაში არიან, შესაბამისად, მსგავსი სამხედრო გადაჯგუფება გაათმაგებულ ყურადღებას იწვევს.