მოსაზრება
18.12.2015

ანზორ საკანდელიძე თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

საქართველოს მოსახლეობაში ყოველდღიურად იზრდება უკმაყოფილება, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული პენსიების ზრდა, რაც მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩრდილს მიაყენებს "ქართული ოცნების" რეიტინგს. ამ ეტაპზე საუბარია პენსიის გაზრდაზე თვეში მაქსიმუმ 20 ლარით, რაც ელექტორატის გულის მოსაგებად აშკარად არასაკმარისია. საჭიროა ალტერნატიული გზების ძიება. ერთ-ერთ ასეთ გზაზეა საუბარი გაზეთში "რეზონანსში" გამოქვეყნებულ ჩვენს წერილში - "სოციალური გადასახადის შემოღებით შეიძლება პენსია გავხადოთ 100 აშშ დოლარი".

ეს წინადადება 2015 წლის 10 ნოემბრის #105 ოფიციალური წერილის სახით გაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. სამწუხაროდ, დღემდე არავითარი პასუხი არ მიგვიღია. არადა, წინადადება განხილვასა და მსჯელობას, ალბათ, ნამდვილად იმსახურებს. ნაკლი შეიძლება იყოს ის, რომ ამ წინადადებით იზრდება გადასახადების რაოდენობა და სოციალური გადასახადის გადახდა ეკისრება იურიდიულ პირებს, რაც მისაღები იქნება მცირე საწარმოებისთვის და არც 300-400%-იანი მოგებებით მომუშავე მსხვილ საწარმოებსა და კომპანიებს (განსაკუთრებით კი ბანკებს) შეუქმნის ფინანსურ პრობლემას. პირიქით, ერთგვარად შეამცირებს მსოფლიოში ამ უპრეცედენტო მოგებების მასშტაბებს და უზრუნველყოფს პენსიების გაზრდას 100 აშშ დოლარამდე.

პენსიების 100 დოლარამდე გასაზრდელად, რაც არ გამოიწვევს გადასახადების რაოდენობის გაზრდას, ხელისუფლებას ვთავაზობთ მეორე ალტერნატიულ წინადადებასაც, სადაც საგადასახადო ტვირთი გადატანილი იქნება არა იურიდიულ პირზე, ანუ ბიზნესზე, არამედ ფიზიკურ პირზე, ანუ ბიზნესმენზე. ეს არის ანალოგი მსოფლიოში ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნების საუკუნოვანი გამოცდილებისა, როცა შემოსავლების გაზრდასთან ერთად, ბიზნესმენ ფიზიკურ პირებს ეზრდებათ საშემოსავლო გადასახადის პროცენტი. მაგალითად, აშშ-ში 50 000 დოლარამდე შემოსავლების დროს საშემოსავლო გადასახადია 15%, 50 ათასიდან 75 ათას დოლარამდე - 25%, 75 ათასი დოლარიდან 100 ათას დოლარამდე - 34% და 100 ათასი დოლარის ზემოთ - 40%. იაპონიაში 620 ათას დოლარამდე შემოსავლისთვის გადასახადია 28% და 620 ათას დოლარზე ზევით კი - 37,5%.

საქართველოში კი მცირე, საშუალო და მსხვილი შემოსავლის მბონე ყველა მეწარმე იბეგრება ერთნაირი 20%-იანი საგადასახადო პროცენტით, რაც არის აბსურდი. იგი მოკლებულია შემოსავლების ყოველგვარ სოციალურად სამართლიან გადანაწილებით ფუნქციას და საქართველოში მდიდარს კიდევ უფრო უზომოდ ამდიდრებს და ღარიბს კიდევ უფრო აღარიბებს. რაც მთავარია, სოციალურად სამართლიანი ასეთი გადანაწილებითი საგადასახადო პრეცენდენტებისაგან აბსოლუტურად დაცლილი, თითქმის 20-წლიანი ანტიეროვნული გაუკუღმართებული საგადასახადო პოლიტიკით საქართველო დაუბრუნდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ადამ სმიტისეულ, "ველური კაპიტალიზმის" დამამკვიდრებელ საგადასახადო რეჟიმს, რომელზედაც მსოფლიომ ერთი საუკუნის წინათ თქვა უარი. შედეგიც სახეზეა - საქართველოში აყვავებულია მაფიოზურკლანური ეკონომიკა და "ველური კაპიტალიზმი".

საინტერესოა, აშშ ყველაფერში ეტალონად მიგვაჩნია, რატომ ვამბობთ უარს ამერიკული მოდელის შესაბამის საშემოსავლო გადასახადზე? უპრიანია შემოვიღოთ ზემოთაღნიშნული ამერიკული მოდელის შესაბამისი გადანაწილებითი საშემოსავლო გადასახადი და შესაძლებელი გახდება პენსიების გაზრდა არა 10, 20 თუ 30 ლარით, არამედ 100 დოლარამდე და შეიძლება უფრო მეტადაც. ეს მოხდება ძალიან სწრაფად, როცა ხელისუფლება გამოხატავს პოლიტიკურ ნებას და დაიწყებს ჩვენთან თანამშრომლობას.

თუ ამას დროზე გავაკეთებთ, სავსებით შესაძლებელია კანონპროექტი ერთობლივად მოვამზადოთ და ავამოქმედოთ 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ან უკიდურეს შემთხვევაში 2016 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, რაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ არნახულად გაზრდის "ქართული ოცნების" რეიტინგს. ხელისუფლება ამაზე დიდ საარჩევნო საჩუქარს ქართველ ხალხს ვერ გაუკეთებს!

თუ რეალურად დაიწყება ასეთი თანამშრომლობა, ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, რომ სოციალური და სამართლიანობის აღდგენის კუთხით მათ წინ ელოდებათ უფრო დიდი და სასიამოვნო სიურპრიზები, რომელთა შესახებ მრავალჯერ ხმამაღლა გაგვიცხადებია როგორც ჩვენს მიერ გაგზავნილ ოფიციალურ სამთავრობო წერილებში, ისე პრესითა (განსაკუთრებით გაზეთ "რეზონანსით") და ტელევიზიით საჯარო გამოსვლებში. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ საუბარია ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებულ, ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებულ, 57-გვერდიან სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომში "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია/პროგრამა" ("საქპატენტის" მოწმობა #6333), რომელიც განთავსებულია ჩვენი ასოციაციის "ფეისბუქზე".

ბუნებრივად გვებადება ერთი ასეთი უხერხული კითხვა: ხელისუფლება უცბად რომ აიტაცებს და ამტკიცებს ამერიკელების მიერ შემოთავაზებული გაუკუღმართებული ეკონომიკისა და გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირების დამცავ კანონებს, რატომ ამბობს უარს ჩვენ მიერ შემოთავაზებული არაგაუკუღმართებული ეკონომიკური კანონების მიღებაზე? იმედია, ამჟამად მაინც ხელისუფლება უარს არ იტყვის ჩვენ მიერ შეთავაზებულ ეკონომიკურ რეფორმაზე და შემოიღებს ამერიკული მოდელის შესაბამის, სოციალურად სამართლიან, გადანაწილებითი ფუნქციის მატარებელ პენსიების 100 აშშ დოლარამდე გამზრდელ საშემოსავლო გადასახადს და დაიწყებს უკუღმართი ნოღაიდელის მიერ 1997 წელს მიღებული გაუკუღმართებული საგადასახადო კოდექსის გაკეთილშობილებას.

გაზეთის ფუცლებიდან მრავალჯერ გვისაუბრია, რომ ამ მართლაც დამაქცეველმა საგადასახადო კოდექსმა ქართველ ხალხს თუ რა უდიდესი ეკონომიკური და სოციალური უბედურება მოუტანა და მოაქვს დღესაც. ახლო მომავალში პრესის საშუალებით ჩვენ ერთხელ კიდევ გავშიფრავთ ამჟამინდელი საგადასახადო კოდექსის ანატომიას და მოვიყვანთ ისეთ გამაოგნებელ ციფრებსა თუ ფაქტებს, რომელიც მკითხველს საგონებელში ჩააგდებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×