უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, უკრაინის მოქალაქე, 32 წლის ირაკლი ქუთელია დაიღუპა - მის სამხედრო აქტივობაში იყო ალყიდან გარღვევა, ტყვეობა, მოწინააღმდეგისათვის წართმეული ტანკი, თანამებრძოლთა გადარჩენილი სიცოცხლე და გმირობისა და სიმამაცის არაერთი მაგალითი.
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში 2014 წლის შემოდგომიდან იმყოფებოდა, რა დროსაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში. ის ქვეითთა საბრძოლო მანქანის, ბმპ-2-ის მძღოლ-მექანიკოსი იყო. ირაკლი ქუთელია უკრაინული არმიის 93-ე ბრიგადაში მსახურობდა.
სირიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა და "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერების მიერ განხორციელებულმა სისხლიანმა ტერაქტებმა უკრაინის სამხრეთ რეგიონებში არსებული ვითარება უკანა პლანზე გადაწია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდისტების მტკიცებით დონბასში მშვიდობამ დაისადგურა და ადგილობრივი სეპარატისტები მთლიანად არაღიარებული რესპუბლიკების აღმშენებლობით სამუშაოებში ჩაერთვნენ, ფაქტია, რომ უკრაინული არმიის ქვედანაყოფებში ხშირია საბრძოლო დანაკარგების შემთხვევები.
"რეზონანსთან" საუბრისას ირაკლი ქუთელიას თანამებრძოლები მას ახასიათებენ როგორც სამაგალითო, პატრიოტ და გმირ მებრძოლს.
"ირაკლი, მართალია ეთნიკურად ქართველი იყო, მაგრამ ბევრ ეთნიკურ უკრაინელზე მეტად უყვარდა ეს ქვეყანა, რაც არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით არაერთხელ დაამტკიცა. მასაც შეეძლო დამალულიყო, არ ეომა, ან ერთი-ორი თვის შემდეგ სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ არა, იგი ბოლომდე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა.
"სამწუხაროა, რომ ასეთი პატრიოტი დაიღუპა. ის პირველივე დღეებიდან თავდაუზოგავად ებრძოდა სეპარატისტებს. სულ ამაყობდა იმით, რომ ქართველი იყო და სულ იმას ამბობდა, რომ უკრაინასა და საქართველოს ერთი და იგივე მტერი ჰყავდა, რომელიც მათ იდენტური მეთოდებით ებრძოდა", - უთხრა "რეზონანსს" 93-ე ბრიგადის ყოფილმა მებრძოლმა, დიმიტრი შპაკმა.
იგი ირაკლი ქუთელიას გარდაცვალების დეტალებსაც იხსენებს: "9 დეკემბერს, დღის 16-17 საათისთვის, სეპარატისტებმა ჩვენი არმიის პოზიციაზე, რომელიც დონეცკის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს, იერიში მიიტანეს. მათ ჩვენი მიმართულებით რამდენიმე ჭურვი ისროლეს. გახსნეს ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან.
"სიტუაციის გასარკვევად და მებრძოლებისთვის დახმარების აღმოსაჩენად გაიგზავნა ბმპ-2 და 9 ჯარისკაცი, თუმცა სამწუხაროდ დანიშნულების ადგილზე მათ ვერ მიაღწიეს. სოფელ ოპიტნოესთან ისინი პრორუსი დივერსანტების მიერ დადებულ ნაღმზე აფეთქდნენ. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჯავშანმანქანა აღდგენას აღარ ექვემდებარება. ირაკლი და ეკიპაჟის მეორე წევრი, ალექსანდრე ბოლდირევი ადგილზევე დაიღუპნენ. დანარჩენი შვიდი კი მძიმედ დაშავდა", - იხსენებს შპაკი, საძახისით "პულია".
ქუთელიას თანამებრძოლის აზრით, ეს იყო წინასწარ გამიზნული სპეცოპერაცია, რადგანაც სეპარატისტებმა იცოდნენ, რომ დამხმარე ძალა სწორედ ამ გზაზე გაივლიდა, სწორედ ამიტომაც დანაღმეს ის.
"მართალია, ამ ბოლო დროს მასმედია ნაკლებად აშუქებს დონბასში არსებულ ვითარებას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ მშვიდობაა. იქ კვლავ ისვრიან, იქ კვლავ იღუპება ხალხი. სეპარატისტები გზავნიან დივერსანტებს, არც სნაიპერები არიან უსაქმოდ და არც არტილერია და მძიმე ტექნიკაა სრულად გაყვანილი." - თქვა "რეზონანსთან" საუბრისას შპაკმა.
ირაკლი ქუთელიას კიდევ ერთი თანამებრძოლი, ანდრეი ნოვაკი, იგივე "შტორმი" "რეზონანსთან" საუბრისას იხსენებს იმას, თუ როგორ შეძლო ქართველმა მებრძოლმა პრორუსი სეპარატისტებისათვის ტ-72 ტიპის ტანკის წართმევა და მისი ბაზაზე მოყვანა.
"ეს 2014 წლის ნოემბერში მოხდა. როდესაც რუსული პროპაგანდა იფიცებოდა, რომ დონბასელები ლამის ქვებითა და ცულებით ებრძოდნენ სამთავრობო ჯარებს, სინამდვილეში კი საქმე კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ მებრძოლებთან გვქონდა.
"დონბასის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ბრძოლისას, მოწინააღმდეგის ქვეითების დასაზღვევად ტანკი გამოვიდა. ირაკლიმ, რომელსაც მაშინ ყუმბარმტყორცნი ჰქონდა, შეძლო მისთვის სავალი ნაწილის დაზიანება. ეკიპაჟმა მანქანა ნეიტრალურ ხაზზე დატოვა.
"მიუხედავად საშიშროებისა, ღამით ირაკლი მარტო მიეპარა ტანკს, შეძლო მისი ამუშავება და თავისი სვლით მოიყვანა ბაზაზე. ეს ტანკი დღემდე ერთგულად გვემსახურება", - თქვა "შტორმმა".
მისივე თქმით, ირაკლი 2014 წლის აგვისტოს ბოლოს სეპარატისტების ტყვეობაში აღმოჩნდა, სადაც თავი ღირსეულად ეკავა.
"ის და კიდევ თორმეტი სხვა მებრძოლი მთელი ორი კვირა სეპარატისტებს ტყვედ ჰყავდათ. იყო ცემა, შიმშილი, ცუდი მოპყრობა, მაგრამ მას თავი ღირსეულად ეკავა და ტყვეობიდან დაბრუნებული არათუ მორალურად გატყდა, არამედ პირიქით, უფრო დიდი მონდომებით დაიწყო ბრძოლა მტრის წინააღმდეგ. მან სამშობლოს წინაშე ვალი მოიხადა", - თქვა ნოვაკმა.
ირაკლი ქუთელია ბებიამ გაზარდა. მშობლები მან ადრეულ ასაკში დაკარგა. იგი უკრაინაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და სამი თვის ქალიშვილი დარჩა. უახლოეს დღეებში მას მშობლიურ ხარკოვის ოლქში, იზიუმსკის რაიონში გადაასვენებენ და დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს საქართველოს 100-მდე მოქალაქე. ირაკლი ქუთელია მეშვიდე ქართველი მოხალისეა, რომელიც პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლას შეეწირა.